„სადაა დასაწყისი იმ დასასრულისა,
რითაც მთავრდება დასაწყისი?“
უილიამ თეკერეი
ისე მოხდა, რომ ისტორიულად, ფერწერამ ლამის თავიდან ბოლომდე მოახდინა მხატვრის ფიგურის აპროპრიაცია. უფრო გასაგებად: ფერმწერებმა „მიითვისეს“ ტრადიციული წარმოდგენები მხატვარსა და მხატვრობაზე.
სხვათა შორის, ამ თავისებურ კაზუსს ბორის ვიპერმა მიაქცია ყურადღება. და საერთოდ, მხატვრობა, ეს კრებსითი ცნება, დროგამოშვებით გვიბიძგებს, დავფიქრდეთ მის ბედსა თუ უბედობაზე.
ნებისმიერი წარმავალი კულტურული ინსტიტუციის მსგავსად, ფერწერასაც უდგება დაისის ჟამი და გვინდა, თუ არა, მანაც უნდა გაიზიაროს ბედი იმ ისტორიულ-კულტურული როლისა, თავისი ფუნქციის შესრულების უნარი რომ დაუკარგავს;
ასე იბადება ინსტალაცია ფერწერის სულიდან…
ახლა „ფერწერის სიკვდილის შემდგომ ფერწერაზეც“ ბევრს ბჭობენ. ფერწერის პოსტმორტალური სტატუსის გამომხატველი არაერთი ოპუსიც იქმნება… მათი „ფერწერულობა“ მარტოოდენ იმით აღიქმება, რომ ზეთის საღებავებითაა დაწერილი…
ასეთი სურათების დაბნეული ავტორებს უკვირთ, რა ასეთი ახირებაა ფერწერის სიკვდილი არტკრიტიკოსების მხრიდან. ვერ იჯერებენ, რომ მათი ფერწერა მკვდარია და, იქნებ, გარკვეული გაგებით, მართალნიც არიან – ფერწერის ხელოვნება კი არ მოკვდა, დასრულდა; დასრულდა, როგორც კულტურული კონსტრუქტი;
რეალურად, ფერწერამ მიიძინა და გაცილებით სამართლიანი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ მოკვდა არა ფერწერის ხელოვნება, არამედ მისი კულტურული სუბტიტუტი.
ამიტომაა საგულისხმო იმ მხატვართა თავგამოდება, რომლებიც ფერწერისათვის კულტურული სუბტიტუტის დაბრუნებას ლამობენ.
ერთი მათგანი პიერ სულაჟია, აგერ ახლახან – 2022 წლის 25 ოქტომბერს რომ მიიცვალა საფრანგეთში 103 წლისა.
რა აღარ ნახა მისმა 103 წლის თვალმა…
რას აღარ შეესწრო ამ შავ-თეთრ დედამიწაზე…
შავის მხატვარსაც შემთხვევით არ ეძახდნენ…
არადა, მალევიჩის „შავი კვადრატის“ მერე ამ ფერთან თამაში როგორი სახიფათო იყო… გადარჩა.
ფერწერა სულაჟთან სულაც არ დასრულებულა!
იქნებ, ეს უფრო დასასრულის დასაწყისი იყო?!
მთავარია, დასასრული არ დააკანონა; იცოდა, ფერწერისა და მისი სიკვდილი ცოტას მოიცდიდა; და საერთოდ, სიკვდილი ხომ მოცდაა; მოცდა და გადავადება?!
მაგრამ, აქ მარტოოდენ ფერწერის დასასრულზე არაა ლაპარაკი. საქმე ეხება ზოგადად „დასასრულის დასასრულს“.
ჟაკ დერიდას ეს ფორმულა, საბოლოო ჯამში, თამაშის იმგვარი, ისტორიულად განპირობებული წესის რეპრეზენტაციას გულისხმობს, სადაც „დასასრულის“ მანიფესტაცია სულაც არაა საბოლოო ვერდიქტი; ანუ, ესაა განაჩენი, გასაჩივრების საკასაციო წესით განხილვას რომ ემორჩილება.
ასეა, ინტელექტუალური და მხატვრული კულტურის შენარჩუნებისთვის უნდა ამოვიდეთ მისი დასასრულის აღიარებიდან…
დიახ, უნდა ვაღიაროთ დასასრული და… მერე ისევ დავიწყოთ…
პიერ სულაჟმაც აღიარა ფერწერის დასასრული და… ისევ დაიწყო ფერწერა!
რაც დრო გადის, პირადად ჩემში, სულ უფრო და უფრო მეტ იმპონირებას იწვევს ამ მხატვრის ჯიუტად რაციონალური (თუ რაციონალიზებული) ესთეტიზმი… მისი ყოველი შავით ინსტრუმენტირებული ოპუსი მყარად აგებული არტისტული კონსტრუქციების გამაგრებაცაა და უკვე „აშენებულის“ რეკონსტრუქციაც; ესაა ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან, მერე კი – პირიქით…
რაც მთავარია, სულაჟი გამუდმებით უტრიალებდა დასასრულის დასაწყისს; და, იქნებ, დასასრულის დასასრულსაც…
ეს არაა მხატვარი, ვისი სურათებიც სადაც იწყება, იქვე სრულდება.
არა, სულაჟის ოპუსები სადაც სრულდება, იქვე იწყება, ანდა, როდესაც სრულდება, სწორედ მაშინ იწყება!
რაც შეეხება ამ სურათების ნარატივს, ისინი მუდამ დასაწყისის – ცხოვრების დაბადების შესახებ მოგვითხრობენ; ფერმწერი ექსპრესიულად „გვიყვება“, როგორ იკრებს ძალას განკითხვისათვის განწირული სამყარო, ცოდვილი სამყარო…
ასე იწყება „ახალი ცხოვრება“, ანუ ნოსტალგიური განახლება… მთელ რიგ სურათებშიც, სწორედაც აისის, გამოღვიძების შავი სინათლეა გამეფებული; და ესაა გამოხატულება იმ საწყისისა, ამჟამად წარსულში რომ „იმყოფება“; ამასთან, ესაა მსოფლჭვრეტა, პირველ-საწყისისაგან განშორებას და ამ განშორების რეფლექსიას რომ გვიმხელს და პრინციპულად „ცივ“ ხელოვნებას გვაზიარებს: ანათებს, ოღონდ არ გვათბობს…
სულაჟს მუდამ ჰყოფნის თვითრეფლექსიის საწვავი; ის არ ელოდება ყბადაღებულ შთაგონებას; და არც სისხლსავსე ფერწერულ დისკურსს ელტვის; მეტიც, მისი ფერწერა, სულ უფრო ანემიური, პრინციპულად ცივსისხლიანი ხდება…
მოკლედ, თითქოსდა, ერთი ფერისგან „შორს“ ვეღარ მიდის, თუმცა ზეცაზე, ანდა ქვესკნელზე „შორი“ რაღა შეიძლება იყოს?!
ზესკნელიცა და ქვესკნელიც ერთგვარი ჩიხია; ესაა უკანასკნელი თვალის შევლება სივრცეზე. და რაღა რჩება?
რჩება დრო, ქრონოსი, სადაც უსასრულოდ შეიძლება იხეტიალო შავ ხვრელებსა და მისი ღრიჭოებიდან დაბლანდულ შუქებში… და იქნებ, სწორედ ესაა ნამდვილი გზა; გზა და გზის უსასრულო ქრონოტოპი, გზა უტოპიისაკენ, რომელიც პირველ მსხვერპლად ბრავურულსა და
თვალისმომჭრელ ფერწერულ ენას ირჩევს; სისხლს ითხოვს მსხვერპლად, თეთრ სისხლს – ალაგ-ალაგ, რომ „გამოჰყოლია“ მასტეხინს…
სწორედ ეს „ენა“ ამჟღავნებს „ჩიხის ფილოსოფიას“, რომელიც, ლამისაა, ყოველ ნაბიჯზე აცლის ნიადაგს მხატვარს; სულაჟიც იძულებულია, „შემთხვევითად აუცილებელი“ ტაქტებით იაროს გზაზე, რომელიც ყოველ ნაბიჯზე დანაღმულია…
სულაჟი არასდროს დადიოდა „თამამად“… იცოდა, რომ „ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე“… ის პირველ რიგში პოეტი მხატვარი იყო და ეგებ, ამიტომაც ირჩევდა მუდამ თვითფრუსტრირებულ ნაბიჯებს; შებოჭილად თავისუფლად დარჩა ბოლომდე მისი 103 წლის დაუშრეტელი თვალი.
გზა, რომელსაც სულაჟი ადგა, გაცილებით საიმედო იყო და ხანგრძლივი; ვიტყოდი – მუდმივიც…
ამას მისი დექრომატიზებული ოპუსებიც ადასტურებს…
ძე-ხორციელი არასდროს ჩანს სულაჟთან…. თითქოს ადამიანი სამყაროსთვის ზედმეტია ან შავ-თეთრმა ჩრდილებმა „შეჭამა“… იქნებ, „შთანთქა“ და მოინელა კიდეც… თვითკმარი სიცოცხლის ჩქამი კი საიდანღაც მაინც მოისმის; სწორედაც ჩქამი, და არა ექსტატიურად ორკესტრირებული ფერწერული მუსიკა; ტემბრი, რომელიც ადამიანს მრუმე უფსკრულში დანთქმას უქადის და მარადიულობით მსჭვალავს… სულაჟს შეეძლო, შავ-თეთრი ფერებით მიეღო კოლორისტულ ფუგათა აკუსტიკური ველი, რომელიც ადამიანის მეოცნებე ნებელობის საპირისპიროა.
მხატვარი არაამქვეყნიური რიტმული აკორდების გადაძახილებით, ყრუდ „მოგუგუნე“ ლაქების ჰარმონიით ქმნიდა კონტრაპუნქტული ფერწერული ხილვის ილუზიას; ნახევარტონებით გვაზიარებდა საბედისწერო აბსტრაქტულობით გაჯერებულ ტრანსფიგურაციათა ორაზროვნებას.
სულაჟი ბოლომდე ინარჩუნებდა ტილოზე პირველი შეხების სიცხოველესა თუ სიველურეს… ადამიანის მიერ ხელქმნილსა და შემოღობილ სინამდვილეს გვიხატავდა და გვაზიარებდა (დიახაც, გვაზიარებდა!) თვითდატყვევებულ შინაგან რეალობას – ანუ ნებაყოფლობით „შინაპატიმრობას“, როგორც მეტარეალობას…
სულაჟისეული გისოსები თვითდატყვევებაა – ანუ აბსოლუტური თავისუფლებაა! და თავად გისოსიც ხომ, როზალინდა კრაუსისეული ფორმულით, ერთგვარი „ავანგარდული მითია“.
აქ ყველაფერს გააჩნია თავისი გეგმა, პროექტი, კონსტრუქცია… შავი ფერიც ფარული პოეტური ინჟინერიითაა გათვლილი. როგორც ლატენტური ვიბრაციების ფერ-მწერალს, ხელეწიფებოდა, სათანადოდ მოემზადებინა მაყურებელი; მშვიდად, დაუძაბავად, აუღელვებლად, ფეხაკრეფით გადაჰყავდა შავიდან თეთრში და არასდროს – პირიქით.
სულაჟთან ფერწერული ტექსტი მინიმალურ გეოკონსტრუქციებზეა აგებული და რეფერენტი არ გააჩნია – აბსოლუტური წარმოსახვის ნაყოფი უფროა! ის ჯერ ფერ-მწერია და მერეა კონსტრუქტორი, შავ-თეთრად რომ აშენებს „ფუტკრის ფიჭებს“… ჟორჟ დიუბიმ სულაჟის ტილოების თხზვა შეადარა „ცისტერციანულ ნაგებობათა“ შენებას; და ამ ამ ფერწერის სტრუქტურული კომბინატორიკა აქრომატულად ინსპირირებული ხატებითაა ნაკარნახევი… აქ შავი ფერი, უწინარეს ყოვლისა, ლირიკული ნარატივის ცოცხალი ანაბეჭდია და არა წინასწარშემზადებული, კოგნიტურად მოცემული სქემის ყალიბში „ჩასასხმელი“ შინაარსი.
სულაჟი მუდამ ერიდებოდა სწორხაზოვან აზროვნებას, რადგან გრძნობდა, რომ ცალმხრივობას მუდამ ცრუ შედეგი მოსდევს.
***
შუასაუკუნეების ბერებს ერთი ანდაზა მიეწერებათ: „ეშმაკი ლოგიკოსია“.
ერთი ასეთი იგავის გახსენებაც შეიძლება: ადამიანმა ჭეშმარიტების ნაჭერი იპოვა. ეშმაკი გაბრაზდა, თუმცა, მერე თქვა: არაფერია, ის კაცი შეეცდება, ჭეშმარიტება სისტემაში მოაქციოს და ისევ ჩემთან მოვაო…
მგონი, არც სულაჟი აკითხავდა სიცოცხლეში ეშმაკს… ახლა, ვინ იცის… ვინღა გაგვიმხელს… ჰადესთან, საბედნიეროდ, კავშირი არა გვაქვს…
სულაჟს კი სიცოცხლეშივე ჰქონდა… ფერწერული მელოსის მიჩუმათება უფრო იზიდავდა, ვიდრე მისი გახმოვანება; მზამზარეულად არ ეგულებოდა ფერწერული კონსონანსების რეცეპტი. ჰარმონიაც მუდამ ცვალებადი იყო მასთან; მხატვარი შეუმცდარად გრძნობდა გამჭოლ აქრომატულ ინტონაციას, ინტონაციათა ლაბილურ მონაცვლეობას, აღმავალი და დაღმავალი ტონალობების „ლანდშაფტს“… ბურუსში მოვლენილი მისი პარადიგმული ფერწერული წყვილი ძირითადად შავი და თეთრია, შიგადაშიგ „შემოპარული“ „ცისა ფერით“… მით უფრო, რომ ლურჯი ფერი გენეტიკურად „შავის“ დერივატს წარმოადგენს.
სულაჟისეული შავი ფერი „შავის სიშავეს“ ანუ შავის აბსოლუტურობას კი არ გულისხმობს, არამედ სხვა ფერებთან მის შეფარდებას; გვიბიძგებს, ეს „არაფერი“ ფერად აღვიქვათ და დანაწევრებულად გან-ვიხილოთ; ხოლო იმისათვის, რომ რაიმე დანაწევრებულად იქნეს გან-ხილული, აუცილებელია, „საქმე გავი-ჩინოთ მასთან“.
სულაჟიც საქმეს იჩენდა ობიექტთან და მერე გვიბიძგებდა…
ხედვა რომ გაგაჩნდეს, ნამუშევარი უნდა გაქრესო – ამბობდა პიტ მონდრეანი და სულაჟიც ასევე აქრობს საკუთარ ნამუშევრებს; აქრობს და… ხელახლა ბადებს…
სულაჟის ფერწერა „კონტრაპუნქტულია“ და მისი „აქრომატული ქრომატიზმი“ – ეს ოქსიმორონი – ანიჭებს მის ოპუსებს საოცარ სიმყარეს, სამყაროულობას, ზედროულობასა და უფერობის გასაოგნებელ ფერს. ხანგრძლივი ჭვრეტის პარტიტურებზე აიგება ეს ოპუსები და რაღაც ემინენტურ ხიბლსაც ამიტომ გვაზიარებს; ესაა მომაჯადოებელი ეფექტი, როდესაც მოქმედების მიზეზი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მოქმედება. და ასეცაა! მოქმედების ფერწერის ერთ-ერთი ფარული მოტივია.
სეზანის ორი მონასმი უკვე ფერწერააო – მგონი, ამბრუაზ ვოლარს უთქვამს; პიერ სულაჟის იმპრიმატურაც კი უკვე ატარებს ფერწერის წინასწარ გაგებას; მისი სურათების ფენომენოლოგიურ პლანში მუდამაა ჩაკერებული რაღაც გრძნობად-მატერიალური სარჩული და ასეთი ჰილეტიური მეხსიერება ქმნის მხატვრის ვიზიონებს – ესოდენ ნამდვილს, აუთენტურს, სანდოს… ერთი შეხედვით, გულგრილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს; არადა, რაც უფრო გულგრილები ვართ, ეტყობა, მით უფრო თავისუფლებიც ვხდებით…
სულაჟის მეტაფერწერული ტექსტები, თავისი სტიგმატებით, ფერწერის შეუძლებლობის მანიფესტაციის აქტებიცაა და ამ აქტებში მხატვარს შევყავართ რაღაც უცნაური ზღურბლით; ესაა ზღურბლი, რომელსაც სუპერიმპოზიციაც შეიძლება დავარქვათ – ანდა, მულტიექსპოზიცია; და ესაა მისი ლიმინარული სამყაროს დანაღმული ველი, რომლითაც მხატვარი მეტაოპტიკური ეფექტებით თამაშობს.
ესეც სულაჟის მოუხელთებელი ა-ქრომატული ალეატორიკა, რომელიც დამატებით ხმოვან შეტყობინებებს გვიტოვებს.
***
უძველეს ტექსტებში განსხვავებულ ფერთა აღსანიშნავად, არც თუ იშვიათად, ერთსა და იმავე გამოთქმას იყენებდნენ. მაგ: ვირგილიუსი იტყვის: „ცვივა თეთრი ლიგუსტები, ვით შავი ჰიაცინტები“…
თითქოსდა, სულაჟიც ერთსა და იმავე ფერს მოიხმობს სხვადასხვა ფერის საგანთა აღსანიშნავად; რაც მთავარია, თითოეულ ამ „საგანს“ ეფემერული რეფერენტი ახლავს, ანდა, საერთოდ არ გააჩნია ის.
ერთი ძველი ინდოელი ფილოსოფოსი კითხულობს: რა მიზეზია, რომ ცა შავი ფერისაა? იქნებ, ის, რომ შავი თვალების ფერი ეძლევა აღქმულ ცას…
როგორც ჩანს, სულაჟსაც საკმაოდ „შავი თვალები“ ჰქონდა საიმისოდ, რომ პირწმინდად „შავად“ აღექვა ცა; მით უფრო, რომ ეს „შავი ცაც“ ქვესკნელში ჩაჰქონდა… მისი შუადღეც მუდამ შავი იყო. ის შუადღის მხატვრადაც დარჩა… სულაჟის „ეკოლოგიურად სუფთა“ ფერწერულ გარემოში, უფრო ზუსტად, ატმოსფეროში, მზე, თავისი პლენერული ცხოველმყოფელობით, არასოდეს გამოკრთებოდა, თუმცაღა, მაინც მოიაზრებოდა; მხატვარი ქვეცნობიერების უსიერ ტევრში მიჩქმალულის გამომზეურებისაკენ მიილტვოდა და მასში ეთიკური კონოტაციებიც იყო ჩაკირული.
სულაჟისეული დედამიწა მძინარეა; დაახლოებით ისეთი, ნაბოკოვი რომ აღწერს თავის რომანში – „მიპატიჟება სიკვდილზე“: „ოდესღაც, ბავშვობაში, მცხუნვარე შუადღით მოვხვდი მძინარე ქალაქში. იგი იმდენად მძინარე იყო, რომ როდესაც შეთეთრებული კედლის ძირას მთვლემარე კაცი, ბოლოს და ბოლოს, წამოდგა ჩემ გასაცილებლად, მისი ლურჯი ჩრდილი კედელზე შეყოვნდა… ეს წამი, ეს სინკოპა დროის ის იშვიათი სახეობაა, რომელშიც ვცხოვრობ, – პაუზა, წყვეტა,- როდესაც გული ბუმბულივით მსუბუქია“.
სულაჟის „მხატვრობაც“ კედლიდან „დაიწყო“.. 12-13 წლისამ თავისი ფანჯრიდან გუდრონის დიდი, შავი ლაქა დაინახა მოპირდაპირე მხარეს და იმ დღიდან იქცა (ალბათ) „შავის“ მხატვრად…
სულაჟის დედამიწაზე თითქოსდა დრო უქმდება; უქმდება და იკუმშება; იკუმშება და აღწევს იმგვარ კონდიციას, რომლის საზრისსაც უფსკრულის მითოლოგემამდეც კი შეიძლება ჩავუღრმავდეთ. უფსკრული და უფსკრულობა ორ კონტრასტულ ფენომენს მოასწავებს. ესაა არა ტოპოლოგიური, არამედ ტემპორალური უფსკრული. ამგვარ უფსკრულშია დანთქმული (თუ ჩანთქმული) პოსტმოდერნული ადამიანიც. იგი არა მხოლოდ „ჩავარდნილი“ და გაუჩინარებულია უფსკრულში (ანუ, არა მხოლოდ განწირულია დასაღუპად), არამედ პრინციპულად მოიცავს მასზე ამაღლების, ახალ სიმაღლეზე „ავარდნის“ პოტენციას; ეს არის ეპისტემოლოგიური აფექტი.
ამგვარი დროითი მეტამორფოზა წილნაყარია არა მხოლოდ ხაზობრივ დროსთან (ქრონოსთან), არამედ კაიროსთან (ანუ საზრისულად შემკვრივებულ ტემპორალობასთან), რომლის „დადგომასაც“ ამზადებს მანამდე არსებული დროითი ციკლი.
„შუადღეც“ დედამიწაზე კაიროსის ტიპის ტემპორალურ მეტაფორად შეიძლება წარმოვიდგინოთ; ანუ დროდ, რომელსაც ჩვენ სამართლიანად ვიმსახურებთ…
ეტყობა, პოლ ვალერი „შუადღის მზეს“ შემთხვევით არ უწოდებდა სამართლიანს; და სწორედ ასეთი „სამართლიანი მზეა“ სულაჟთანაც, ჩრდილ-სინათლის პარტიტურით გათამაშებულ წყვდიადის არსს რომ გვიცხადებს და სიზმარ-ცხადის „ცეზურაში“ გვამწყვდევს.
„შუადღის მზე“, გარკვეულწილად, დასასრულის მეტაფორაცაა; ჟან ბოდრიარისა არ იყოს, საბოლოოდ, არაფერი, თვით ღმერთიც კი არ ქრება, როცა ის აღწევს თავის „დასასრულს“ – ანუ „სიკვდილს“.
გაქრობა გამრავლების გამო (და გამოისობით) ხდება; ესეც ერთგვარი გადანაცვლების რიტუალია; ის ლიმინარულ-ტრანზიტული მიჯნაა მეორად, სიმულირებულ არსებობაში გადასვლას რომ მოასწავებს.
***
სულაჟი წერდა – „დედამიწა მიყვარს… მიყვარს დაჟანგული ლითონი, რომელიც ჯერ კიდევ არ ქცეულა სხვა მასალად. რკინა, რომელიც აღარ გვევლინება რკინად, მაგრამ ჟანგადაც ჯერ არ ქცეულა. არ მიყვარს ბროლი. მიყვარს მხოლოდ ის საგნები, რომელიც ცოცხლობს… ამიტომაც უყვარდა, ალბათ, დედამიწაც, რომელიც ცოცხლობს და ბერდება…
ამიტომაც აქვს დედამიწას თავისი მიზიდულობის კანონიც.
ფიზიკური კანონი…
ეტყობა, ზეცის მიზიდულობის კანონიც უნდა არსებობდეს; მეტაფიზიკური კანონი…
ამ „კანონს“ შინაგანად ერთგულებდა სულაჟიც, იმიტომ, რომ პოეტი იყო.
შეეძლო, თავისი 103 წლის თვალებით ზეცა შუა ოთახში აეტანა, ოთახის კედლები კი ზეცაში გამოეკიდა…
კედლებში ჩაკირულ ზეცასა და ზეცაში ჩაკირულ კედლებს კიდებდა კედლებზე. ამითაც ჩაგვაფიქრა იმ პარადოქსზე, რომ კედელს არა მარტო ყურები, თვალებიც აქვს.
სულაჟის 103 წლის დაუშრეტელმა თვალებმა ესეც დაინახა…