დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , , ,

„იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, სანტიაგო ნასარი დილის ექვსის ნახევარზე ადგა, რათა გემით მომავალ ეპისკოპოსს დახვედროდა ნავსადგურში. დაესიზმრა, ვითომ ლეღვის ხეების ტევრში მიაბიჯებდა, სასიამოვნოდ ცრიდა და სულ რაღაც ერთი წამით ბედნიერი იყო“…

ასე იწყება გაბრიელ გარსია მარკესის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები“… წიგნი ბიჭზე, რომელიც ბოლომდე გაურკვეველია, ვისა და რას შესწირეს… რაში იყო მისი დანაშაული… რას ედავებოდნენ… იქნებ, იმას, რომ მუდამ ჩიტები ესიზმრებოდა?..

ვერავინ შეაჩერა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები…

ვერავინ შეძლო სანტიაგო ნასარის დაცვა…

ვინ იცის, იქნებ, არც ისაა შემთხვევითი, ბიჭი რომ გემით მომავალ ეპისკოპოსს ელოდა იმ დილით…

ვერც ამან უშველა…

იქნებ, არც ის სიზმრად ნანახი ლეღვის ხეა შემთხვევითი და იუდაზეა მინიშნება?

მთელი ეს თვეა სწორედ სანტიაგო ნასარი ამეკვიატა… უდანაშაულო სანტიაგო ნასარი –

გული რომ ცუდს უგრძნობდა და ვერ კი ხვდებოდა, რატომ?

ახლაც სანტიაგო ნასარის ისტორიას ვუყურებთ თითქოს –

პირდაპირ ეთერში თვალს ვადევნებთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკებს –

ასობით ბავშვი, ქალი და მეომარი სანგიაგო ნასარის სიკვდილს…

ვიცით და ვერ (ან არ) ვაჩერებთ…

ვიცით და მხოლოდ ცრემლებით შემოვიფარგლებით..

ერთგვარი სადისტური სიამოვნებით ვუყურებთ თითქოს სულისშემძვრელად ატირებულ პატარა სანტიაგოს, რომელსაც არ ესმის, რატომ დარჩა მარტო და რად უნდა ცელოფანში ჩაკეცილი რამდენიმე ხელი ტანისამოსი…

რაღად უნდა?

რაღაში სჭირდება?..

დღეს უფრო დაცულია და უფრო ცოდო ყველა ასაკის უკრაინელი სანტიაგო – ყველამ ვიცით და ყველა განვიცდით…

ყველა ვშფოთავთ და ყველა კარს ვაღებთ ან ვკეტავთ…

სანტიაგოს კი მაინც არ ესმის, ასეთი რა დააშავა?

ან ესმის, მაგრამ საკუთარი უდანაშაულობა კლავს…

ასე მიდის ეკრანებზე გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები…

ასეთი სასტიკი(ც) გახდა ადამიანი…

მაგრამ სანტიაგომ არ იცის, რომ მისი ქვეყანა დღეს უკვე არ (და ვერ) გაიზიარებს მისსავე ბედს…

მის ქვეყანაში ისევ იქნება ლურჯი ცა და ყვითელი თავთავები…

თუმცა, რამ უნდა მოგვასვენოს მაინც ჩვენ – ამ ომის რიგითი მაყურებლები… რა ვუთხრათ იმ პატარა, ცოცხლად დარჩენილ  სანტიაგოს, ის რომ არ იცის, სად წაიღოს თავისი გადარჩენილი სიცოცხლე და ის ორიოდ ხელი ტანისამოსი?

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…