ასე შემოგვადნა 2025 –
ახლა ის დროა, გალაკტიონივით, რომ უნდა შემოვძახოთ:
„მრავალ ახალ წელს,
მრავალ ახალ წელს“.
მაგრამ წლების გამრავლებამდე ცალი თვალით უკანაც უნდა გამოვიხედოთ და რაკი ეს ჩვენი დალოცვილი თეატრია „შკოლა“ ცხოვრებისა, იქაც შევიხედოთ…
„რა გითხრათ? რით გაგახაროთ“?
დარბაზები, იქნებ, სავსეცაა, მაგრამ, ვაი, იმ „სისავსეს“…
მინავლულ წელსაც ბევრი პრემიერა შედგა, ბევრი ვერნისაჟი, ბევრი ფესტივალი, ბევრი წიგნის პრეზენტაცია…
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა ერთხელ – „ადამიანებს ესთეტიკური წყურვილი კლავთ და ხშირად მღვრიე წყალსაც ეტანებიანო“.
ამიტომაცაა, ხარისხს მნიშვნელობა რომ არ აქვს!
მთავარი ინტენსიურობის შეგრძნებაა.
მოკლედ, ხელოვნება ჩვენშიც ლაიფსტაილის ნაწილი გახდა. ეს სულაც არაა საბაზრო ლეგიტიმაცია. ანდა, იქნებ, ლეგიტიმაციაა, ოღონდ სოციალური სტრატიფიკაციის გავლით…
ქართულად რომ ვთქვათ, მარაქაში გარევის წესია!
„Шумим, братец, шумим!“ – გრიბოედოვის რეპეტილოვი რომ იძახის, ეგაა!
მთავარია, ვიხმაუროთ!
მთავარია, დროულად და ეფექტურად ავტეხოთ ღრიანცელი… მოვლენის კვაზიაურა შევქმნათ და მერე ყველაფერი თავისით წავა…
ესეც შენი ლაიფსტაილი!
ან რა იმედი გვაქვს მომავალი წლისა?
რა შეიცვლება?
არასდროს რომ არ ცდებოდა ის ცხონებული გალაკტიონი –
„დავასამარეთ ფუჭი ოცნება,
მოწყენილობა დარჩა უცვლელი“.
მოგვადგა კარს ახალი 2026!
დასრულდა კარგა ხანია ორტეგა ი გასეტის მიერ მონათლული „მასათა ამბოხი“.
ახლა „მანქანათა ამბოხის“ დროა! ყბადაღებული ხელოვნური ინტელექტის დრო!
და კიდევ იმ გაუგებარი ქოუჩების, პაულო კოელიოსავით რომ გვარიგებენ უნიჭოდ ჭკუას!
იქნებ, უკეთესიცაა!
ავუწყოთ ფეხი (პოსტ)პოსტთანამედროვეობას!
ახალ 2026-სს!









