ზუსტად 107 წლის წინ მოხდა ეს ამბავი –
1918 წლის სექტემბერი იდგა – ენკენისთვე.
სულ რაღაც 4 თვეს ითვლიდა საქართველოს დამოუკიდებლობა. არ ადგა კარგი დღე ახალშეღერებულ ქვეყანას.
როგორც სჩვევია მოულოდნელსა და მძაფრ პოლიტიკურ გარდატეხებს, საქართველოც დაბნეული ჩანდა – საიდან დაეწყო დამოუკიდებლობა და რისთვის მიეხედა, ვერ ხვდებოდა.
ბოლოს გამოჩნდნენ ღვთიან-მადლიანები და 1918 წლის 22 ენკენისთვეს „თეატრი და ცხოვრება“ უცნაურად საინტერესო ამბავს იუწყებოდა –
„საქართველოს უმთავრესი საზრუნავი აქვს მეცნიერებასა და ხელოვნებაზე. ამ ორ ბურჯზედ, რომელზედაც დაყრდნობილია კულტურული ერის, სახელმწიფოს ცხოვრება.“
არ იყო ურიგო და უჭკუო ხალხი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, თურმე.
აგერ, მიმხვდარან, განათლებასა და კულტურაზე რომ დგას უწინარესად სახელმწიფოს „ცხოვრება“ და გაჩანაგებული, დასუსტებული თეატრისა და ახალფეხადგმული უნივერსიტეტის დასახმარებლად ლატარია წამოუწყიათ.
ლატარია თავისთავად ერთგვარი ნდობაცაა. მეტიც, იღბლიანებზე უფრო უიღბლოებს იზიდავს, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა გაძვალტყავებულ მთავრობას?
არანაირი!
და იღბლის ანკესიც ისროლა.
„საჭიროა, რომ მთელი ქართველობა გამოეხმაუროს ამ საქმეს, შეიძინოს ლატარიის ბილეთები და ამით შემოკრბეს განზრახული თანხა – ხუთი მილიონი.“
უხმობდნენ კერძო პირებს, ბანკებს, კოოპერატივებს, მოკლედ, ყველას, სადაც ფულის სუნი იდგა…
კაცმა არ იცის, რა შეიკრიბა ლატარიით. რით მიეშველნენ თავისუფლების გარიჟრაჟზე უნივერსიტეტსა და თეატრს. რამდენი შეიკრიბა და როგორ.
აქ მთავარი მაინც სხვა რამეა!
სახელმწიფო, თავად უსახსრო და უძლური, მაინც რომ განათლებასა და კულტურაზე ზრუნავდა.
დარდობდა.
ფიქრობდა.
„მსახიობთა კავშირის თავმჯდომარე“ – შალვა დადიანიც ჩართულა პროცესებში (არადა, ვინ ოხერმა მიანდო დადიანს ლატარიის საქმე?).
ლატარიის საბჭოს მთლად ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა; გამგეობას კი – განათლების მინისტრი – გიორგი ლასხიშვილი.
ცხადია, ამ ამბით ბევრი არაფერი წაადგებოდა და მიემატებოდა ქართულ კულტურას, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდანაც როგორი შესაშურია, ასეთი დარდი და ფიქრი რომ აწუხებდათ მაშინდელებს…
ვინ თქვა, რომ ლატარია იღბლიანთა და უიღბლოთა თავშესაფარია მხოლოდ?
თურმე, კულტურისა და განათლების მესაჭეობაც შესძლებია.
ოღონდ ეს მაშინ – იმ დროსა და იმ რეალობაში.
აბა, ახლა, იქნებ, ფულიცაა, მაგრამ სადღაა ან ივანე ჯავახიშვილი, ან გაძვალტყავებულ კულტურასა და განათლებაზე დადარდიანებული ხალხი?
ღრმად დაფიქრებული, იცოცხლე-თქო!












