დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , ,

ზის მოხუცი ნაცარქექია და დარდობს. ინანიებს.

ინანიებს, მაგრამ ვერ გამოსდის. ვერაა გულწრფელი.

ეჭვებიც ღრღნის.

შიგა და შიგ სტანისლავსკის აჩრდილიც წამოეწევა – “не верю”-ო, – რომ ბუზღუნებდა.

ასეა, მამის აჩრდილი დაღუპავს ყველას;

მამის ჩრდილიც, სხვათა შორის – სხვების ჩრდილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

პასკალ ბრუკნერს ერთი წიგნი აქვს  –  „მონანიების ტირანია“. ასეთი თეზაც აქვს – ადამიანები ინანიებენ წარსულში ჩადენილ ცოდვებს, რათა ახალი ცოდვებისაკენ გაიკვალონ გზა; ახალი ტირანია შექმნან.

მონანიება მართლაც რომ საშიშია! მონანიების მარადიული ტირანია!

მოხუცი ნაცარქექია ახლაც ამის დასტურია და ახალგაზრდობაშიც ზედმიწევნით „ერგებოდა“ ბრუკნერის თეორიებს.

უნდა ვაღიაროთ, თეატრს უყვარს არტისტული მონანიება;

(ქართულ კინოსაც).

უყვარს ვიშვიში.

გულწრფელის იმიჯი.

არარსებული ტვირთის თრევა.

ისეთი ეშმაკობა, კინაღამ ვირეშმაკობაში რომ გადადის.

იმიჯის მორგებაც უყვარს!

იმიჯი გენიოსისა.

თუმცა,  ნაცარქექია იყო გენიოსი, აბა, რა?

სადაც ძალა არ სჭრიდა, გონს აშველებდა….

სადაც ქვას ვერ ადენინებდა წყალს, ჭყინტ ყველს აშველებდა;

ისე, რომელ იმერელს არ უყვარს ჭყინტი ყველი და “კბილის გაკრაჭუნება”, ნაცარქექიას რომ არ უყვარდეს?

ესეც უყვარს!

მაგრამ მონანიება უჭირს.

უჭირს, რადგან თან ინანიებს და თან ყველა მტყუანია მასთან!

მართალი (კინაღამ სიცოცხლეშივე წმინდანად შერაცხილი) ნაცარქექიაა!

თვით ჭეშმარიტებაა!

ჭეშმარიტება სამყაროს არტისტისა!

დიდ არტისტად არის შერაცხილი ნაცარქექია!

ნამეტნავად დიდად და ამ სიდიდისგანაც შეშინდა, ალბათ; საკუთარი აჩრდილითაც შეძრწუნდა.

ამიტომ ისევ ითამაშოს.

ისევ ინანიებს.

ისევ მოინანიებს.

ისევ განიძარცვება (რაც ყველაზე მეტად აშფოთებს).

თუმცა, რაც მეტი მოუვა, მით უკეთესი, მაგრამ მაინც რა ჯანდაბა გვჭირს ამ ქართველებს, რომ მონანიება არასდროს გამოგვდის?

ვერაფრით ვისწავლეთ!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…