დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , , ,

რამდენი ბაყაყი მოუნელებია და რამდენის მონელება მოუწევს კიდევ მომავალში თეატრს…

მსოფლიო თეატრს, ცხადია… თორემ ქართული თეატრი რაღა სახსენებელია? არადა, რა გახდა ერთი არისტოფანე დედამიწისთვის; „კომედიის მამად“ წოდებული ძველი ბერძენი დრამატურგი, ცოტა ირონიული და იქედნური ღიმილით რომ შესძახებდა დაგლახაკების გზაზე შემდგარ ბერძნულ თეატრს  – „არ არსებობს უფრო კეთილშობილური ფუნქცია, ვიდრე ღვთისაგან შთაგონებული გუნდი, რომელიც ქალაქს გალობით ასწავლის“… ეჰ, არისტოფანე, ახლა უნდა გადმოგახედოს ჰადესმა დედამიწაზე, რომ  „ბაყაყებშემოსეული“ თეატრები ნახო… ახალმა დრომ იმერსიული გახადა სცენა – მაყურებელი „გაამსახიობა“ და მსახიობი – „გაამაყურებლა“. არა, „დიდებიც“ გამოერევიან შიგა და შიგ, ცხადია; ანათებენ. ასხივებენ ამ საცოდავ დედამიწას, მაგრამ უნდა ნახო, „ბაყაყები“ მათ როგორ უტევენ და მარხავენ ცოცხლად. ძირითადად კი სადღაა დღეს თეატრში გალობა და სწავლა-განათლება? გართობა და მდაბიო სანახაობა – „რამდენიც გინდა“… ახლა ისე „გვიჭირს“, თეატრზე უფრო საინტერესო თეატრის თეორია და თეორემები გახდა… ისე, სულ ტყუილად ვწუწუნებ; რეალურად დღეს დადგა ჩვენი დრო, არისტოფანე! ვკვებოთ თეორიებით ეს ყბადაღებული არტი. იქნება, მოხდეს სასწაული და კი შეისმინოს რამე ადრე თუ გვიან! შენ კიდევ რა გიჭირდა? რა განერვიულებდა? ევრიპიდესა და ესქილეს საიქიო ჭიდილზე წერდი… იმ მაღალ მატერიალებს უტრიალებდი, დღეს სულაც რომ არ ითვლება კარგ ტონად – „გოიმურიაო“ – ამბობენ… ეჰ, დღეს რაღა არ არის „გოიმური“? ან გუნდი სადღაა, ან ღმერთი და ან ქალაქი, იმ გუნდმა რომ გალობით უნდა გაანათლოს (მადლობა ღმერთს, გალობის უნივერსიტეტი მაინც გვამშვენებს!)… ასეა, არისტოფანე, დღეს „სხვა გალობებით“ ნათლდება, უპირატესად, 21-ე საუკუნის ქალაქელი – ჩვენი უმეტესი  თეატრივით ყაყანა, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, ამბიციური და უკეთეს შემთხვევაში, საშუალოდ განათლებული. არადა, არაფერი მძულს და მაშინებს ისე, როგორც ეს დაწყევლილი „საშუალოობა“, ასე რომ მოსდებია „ჭირივით“ უმეტეს ქართულ თეატრს… მაგრამ, ჩემო არისტოფანე, 21-ე საუკუნე ისედაცაა, ჯერჯერობით, „საშუალოობის“ საუკუნე – ცოტა უკულტურო, ცოტა მოსულელო, ცოტა „ჭკვას ამცდარი“ საუკუნე… თეატრსაც ეპატიება ამიტომ. მხატვრობასაც მიეტევება, ალბათ, ოდესმე…  მუსიკასაც. მწერლობასაც… თუ არადა, ბოლოს და ბოლოს, იძულებულნი გავხდებით, გამოვიხმოთ შენი ნეტარი სული. ისე, აგერ, ზუსტად 50 წლის წინ – 1974 წელს კი „გამოგიხმო“   სტივენ სონდჰაიმმა; მიუზიკლი „ბაყაყები“ დადგა იელის უნივერსიტეტის საცურაო აუზში; ეს აუზის იდეა როგორ მოეწონა შენნაირ კონსერვატორ კაცს, არ ვიცი… ან ის ამბავი როგორ მიიღე, შენი ევრიპიდე და ესქილე ბერდარდ შოუთი და უილიამ შექსპირით რომ ჩაანაცვლეს, მაგრამ რომ მოეწონათ ეს ყველაფერი „ქალაქელებს“, ცხადია; იქნება, ჩვენს მუხრანსაც დაუჯერეს –

„ყურს დაუგდებ მუხრანს თუკი,

უნდა გითხრა, უილიამ,

შენისთანა დრამატურგი…

ტყუილია!“

ეჰ, ჩემო არისტოფანე, შენ მშვიდად რა დაგაძინებს? იქნება, ჩააცხრო ბაყაყთა ყიყინი და „ზეფირით თმებაწეწილი“ ქალაქელების „გალობით განათლება“…

განათლდეს შენი სული, არისტოფანე! დალოცე თეატრი – მოაბრუნე ღმერთი და სწავლული მის კედლებში…  აი, ისეთი სწავლული, „ძველი წიგნებიდან“ რომ განათლდნენ…

„განაქრე“ ქალაქიდან ბაყაყთა ყიყინი!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…