(დალი მუმლაძე)
60-იანების თბილისი სულ სხვა იქნებოდა მის გარეშე, ალბათ…
ღიმილიც კი სხვანაირი ჰქონდა –
სხვანაირად დახვეწილი… სხვანაირად სევდიანი… სხვანაირად ირონიული…
ლაპარაკობდა ცოტას და ზუსტად…
ეშინოდათ (თუ ერიდებოდათ) მისი და მაინც ცდილობდნენ, მის გარემოცვაში ყოფილიყვნენ…
მისთვის ესმინათ…
მისით ეცხოვრათ…
ბევრს არც უყვარდა…
ან როგორ უნდა ყვარებოდა ყველას თბილისის 60-იანელების ერთ-ერთი ყველაზე ლაღი, ყველაზე ესთეტი, ყველაზე განათლებული, ერთდოულად მკაცრი და თბილი, ყველაზე გონებაგამჭრიახი, ზუსტი შემფასებელი იმ თეატრისა, მართლა რომ თეატრობდა მაშინ…
ხმაური არ უყვარდა.
მაგრამ ვერც ჩრდილი იტევდა მის აურას…
არასდროს ილტვოდა ცენტრისკენ და ცენტრი ყოველთვის იკვრებოდა მაინც მის ირგვლივ…
როგორც იცხოვრა, ისე წავიდა…
ჩუმად…
არც გაგვიმხილა თითქოს…
მხოლოდ დალი მუმლაძე შეეძლო, ასე წასულიყო…
არავინ მივეკარებინეთ ახლოს იმ გარდასვლისას…
არავის გვენახა მისი ფერისცვალება…
ვერ გავაცილეთ…
ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე უსიტყვოდ გაგვეცლებოდა…
ორიოდ წლის წინ ვნახე ბოლოს…
რუსუდან თიკანაძის სახლში ვისხედით ერთად…
ცოტ-ცოტა კონიაკსა და სიგარეტსაც ეპარებოდა…
უშლიდნენ მეგობრები…
ის კი მაინც იღიმებოდა და აგრძელებდა…
ისეთი ენერგია მოდიოდა…
ისევ ისეთი იყო – პიკანტური და ამოვარდნილი ჩარჩოებიდან… ნამდვილი 60-იანელი…
სხვანაირი იყო მისი გულწრფელობაც… სხვანაირი იყო მისი ამბებიც – მასავით დახვეწილი და იუმორით სავსე…
ბევრს არ ლაპარაკობდა.
ერთი კია, ისეთი ყურადღებით დუმდა, რომ… ყურადღებით მდუმარება – ესეც როგორ უხდებოდა… როგორ შვენოდა…
„გაგვეპარა“…
წავიდა…
იქნებ, ვინმეზე ან რამეზე გულდაწყვეტილიც…
იქნებ, შეწუხებულიც ბევრი რამით… თეატრითაც, სადაც ბოლო წლებში პრინციპულად აღარ დადიოდა…
ასეთი პროტესტიც შეეძლო – მხოლოდ სრულყოფილებას აღიარებდა…. არაფერს იღებდა და ირევდა სხვას…
ახლა თბილისი ჩვეულებრივი ვეღარ იქნება…
ახლა ვერც თეატრი იქნება ჩვეულებრივი (არადა, ის რომ პარტერში იჯდა, ყველას ეშინოდა -რეჟისორიდან კაპელდინერამდე)…
არც არაფერი იქნება ძველებურად.
არადა, სულ ორი წიგნი დაგვიტოვა…
მაგრამ როგორი ორი წიგნი…
როგორ წერდა დიმიტრი ალექსიძეზე, არჩილ ჩხარტიშვილზე, მიხეილ თუმანიშვილზე…
გოდოც „მოინადირა“ მეორე წიგნში…
და პირველად ვნახე (ალბათ, უკანასკნელადაც), ინტელექტუალ ქალს, რომელიც თეატრის კრიტიკოსზე მეტი იყო მუდამ, სიზარმაცე ასე უხდებოდეს…
ყოველდღიურობამ ვერ გაცვითა და არც ყოველდღიურობის მუშაკობა იკადრა…
თეატრის არისტოკრატ კრიტიკოსად, თეატრალურ მწერლად და ევროპული აზროვნების ანალიტიკოსად დარჩა ბოლომდე…
თავისუფლად შეეძლო ქცეულიყო ქართველ ანი იუბერსფილდად, ანდა – ერიკა ფიშერად….
მაინც დალი მუმლაძედ დარჩა!
შეუდარებელ, გამორჩეულ და ერთადერთ დალი მუმლაძედ!