დავით ანდრიაძის ესე

(დემა)გოგის თოთო ბაძვა

, , ,

(ციკლიდან – მამელუქნი სოცრეალიზმისა)

ამთავითვე ვტკბები ჩემი ოპუსის სათაურით. დღეს ხომ სათაური თავად იქცა ლიტერატურად. ისე, ველურ მკითხველს ვერც სათაურის დაგემოვნებას მოსთხოვ და ვერც  ლიტერატურული ინტრიგისას…

და მაინც, სათაურის მიგნება ტექსტის ნახევარია.

სათაურმა ახალი ლიტერატურული განზომილება რომანტიზმში შეიძინა.

სწორედ რომანტიკოსებმა აღმოაჩინეს სათაურში ტექსტი; და რამდენადაც მათი ნაწერების საფუძველი აისთეზისი იყო, ამდენადვე დაინახეს, რომ საკუთრივ სათაური ლიტერატურული ტექსტია, წაკითხვას რომ ექვემდებარება და ისიც უნდა ფლობდეს იმავე თვისებებს, რასაც საერთოდ ფლობს ტექსტი: სათაური უნდა ჟღერდეს, უნდა „გამოიყურებოდეს“ ქაღალდის ფურცელზე.  სათაური ერთგვარი მეტატექსტია, ლიტერატურული ნაწარმოების პროგრამას ანდა პრეამბულას რომ წარმოგვიდგენს და მისი გაგების გასაღებსაც გვაწვდის.

მოკლედ, სათაური თავისი ცხოვრებით იწყებს არსებობას… ნოვალისის ფრაგმენტებში ხშირად შეხვდებით ამგვარი ტიპის მსჯელობას: „რა უნდა იყოს სათაური – ორგანული, ინდივიდუალური სიტყვა, გენეტიკური განსაზღვრება, თუ ერთ სიტყვაში გამოხატული საერთო პლანი – ზოგადი ფორმულა? მაგრამ იგი მეტსაც შეიძლება აღნიშნავდეს“.

ასეა, სათაური ძირითადი ტექსტისათვის უვერტიურაა. წამძღვარეული უვერტიურა. მას ამბივალენტური როლი აკისრია; შეძლება, გამოცანაც იყოს, პროვოკაციაც, ინტრიგაც.

მოგეხსენებათ, როცა საჭიროა, ჩემი ამჟამინდელი პერსონაჟისა არ იყოს, მე „ინტრიგანიც“ ვარ. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის „შიშველია“, მე კი ლიტერატურულად კოსტიუმირებული… მაშ, ასე…

ინტრიგა №1

მიცვალებულთა დასმენა

ლეონიდ ლეონოვს ჰქონდა ერთი ასეთი სოცრეალისტური რომანი – „Русский лес“. მისი ერთ-ერთი პროტაგონისტი – ვიხროვი – ასეთი სიტყვებით მიმართავს სტუდენტებს – „Умейте терпеливо слушать мертвых“.

ჩემი გმირიც – ქართული სოცაკადემიზმის ყოფილი პენსიონერი, ალბათ, დაახლოებით ასე მოძღვრავდა თავის სტუდენტებს: „იცოდეთ მიცვალებულთა მოთმინებით შესმენა“… რად გინდა, ვინ იყო და ვინ არის შემსმენი?!

ლიტერატურული თამაშის წესებში კონვენცია მჩვევია, ამიტომ წინასწარ შევთანხმდეთ:  ჩვენს უკვე აწ გარდაცვლილ პროფესორს სწორედ იმიტომ ვირჩევ პროტაგონისტად, ანგაჟირებულ სოციალისტად ანდა სოცრეალისტური ისტებლიშმენტის აგენტად რომ ვერ ივარგა სიცოცხლეში, თორემ სოცრეალისტი რატომ იყავიო, ამას მხატვარს როგორ წამოვაძახებ?! ვცდილობ მიცვალებულის მოთმინებით შესმენას…

მადლობა ღმერთს, დღეს უკვე გარკვეულია, რომ სოციალისტური რეალიზმი დიადი სტილი იყო, ნეოკლასიცისტური სტილი, რომელსაც სოცრეალობის თოთო ბაძვა კი არა, უტოპიური იდეების მხატვრული დამეხება უხდებოდა. დიახაც, სოცრეალობა იყო უტოპია;  უტოპია კი – რეპრეზენტაციული ტექსტი. ამგვარ ტექსტებს დემაგოგები ქმნიდნენ. ჩემი პერსონაჟი ყოფაში იყო დემაგოგი. სოცრეალისტი მხატვრის ჟესტი კი არტისტული დემაგოგიაა, რომანტიკული ობერტონებით გაჟღენთილი არტისტული დემაგოგია. ო, რარიგ შვენოდათ იგი სოცრეალისტური რიტორიკის მაესტროებს, სოცრეალისტური ფილიპიკების უებრო მთხზველებს, ქართულ სინამდვილეში – უჩა ჯაფარიძესა და აპოლონ ქუთათელაძეს. ისინი ხომ კოლორისტები თუ არა, კოლორიტული პიროვნებები მაინც იყვნენ, სოცრეალურად მომხიბლავი პიროვნებები, ანუ კასტრირებული რომანტიკოსები?!

თუმცა, სჯობს, ფეხდაფეხ მივყვეთ საბჭოთა იმპერიის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ფსიქოდიაქრონოლოგიკას და ასე დავწეროთ მისი პორტრეტი.

გოგი თოთიბაძე სიცოცხლეში ქრისტიანობასთან მწყრალად კი გახლდათ, მაგრამ მის ფსიქოტიპსაც, გინდა არ გინდა, ქრისტიანული სარჩული ამშვენებს – კენოზისი.

ახლა იწყება თავდავიწყება:

რელიგიურ-მოწამებრივი ქცევა სუბლიმირებული მაზოხიზმია. ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში ქრისტიანული კენოზისის პროცესში დაფიქსირებული სუბიექტი, თავდაპირველი შინაარსი რომ არ დაუკარგავს, შეუმჩნეველი ყოფით კმაყოფილდება. მეტიც, ამგვარი ყოფნა თვითმიზანია, დასახული თვითმიზანი. რაც შეეხება მაზოხისტურ კენოტიპს, იგი შემდეგნაირად მანიფესტირდება: „მე“ – ხატის დაკარგვა სპეციფიკურ ქცევაში მჟღავნდება. შედეგი? პიროვნების დეიდენტიფიკაციის იგნორირება. ფორმულა ასე გამოისახება:

„თუკი არა-მე“ = „მეს“, მაშინ „არა-მედ“ გახდომა =  „მეს შენახვას“.

სოცრეალისტიც ხსხენებული ფორმულის შესატყვისად ინახავდა თავის „მეს“, პარტიის სახელით აცხადებდა უარს საკუთარ თავზე და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამით ინარჩუნებდა თავის სოცრეალისტურ მეობას.

აი, სოცრეალისტური უსახურობის ნიღაბი!

ინტრიგა №2

ბედნიერების აგიტატორი

პერესტროიკის ლიბერალური პოლიტიკით ფრთაშესხმულმა გერმანიამ კასელის „დოკუმენტას“ არქივისათვის ერთი ასეთი საგამოფენო პროექტი განახორციელა: „Агитация за счастье: советское искусство сталинской эпохи“.

„ბედნიერების აგიტაცია“ – მართლაც ზუსტი სათაურია! არადა, ბედნიერებას რა აგიტაცია სჭირდებოდა?! სჭირდებოდა, სჭირდებოდა…

ეს აგიტირებული ბედნიერება სოცრეალიზმში ისევ და ისევ მაზოხიზმით მიიღწეოდა. როგორ? სანამ ამ კითხვაზე ვუპასუხებდეთ, ჯერ ის ვიკითხოთ, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქრისტიანული კენოტიპი და სოცრეალისტური მაზოხიზმი.

ქრისტიანი (სახელდობრ, პირველი ქრისტიანი) ორჰიპოსტასიანი არსებაა – თანაბრად მიეკუთვნება როგორც მიწიერ, ასევე ტრანსცენდენტურ სამყაროს და ნებაყოფლობითი მარტვილობით საერო იდენტობაზე უარს საკრალურის სასარგებლოდ აცხადებს. მოკლედ, მარტვილი საკუთარი პიროვნების ერთი ნახევრით თვითგვემას ეძლევა, მეორეთი კი სულს აზეიმებს. რაც შეეხება მაზოხისტურ ხასიათს, იგი ერთპლანიანია. ნეგატიურობის გარდა არაფერს ფლობს, ისე ტკბება ტანჯვით, როგორც ერთი და იგივე პირი.

ვისი სახელით მარტვილობდა სოცრეალობის თოთო მბაძველი? ვისი და კოლექტიური „არა-მეს“ სახელით. იმ „არა-მესი“, რომელიც ჩამოვიდა მთიდან და სამგორის „ახალ მიწაზე“ დაიდო ბინა, იმ „არა-მესი“, ოლიმპიადის წინ ტაშისცემით რომ იტყავებდა ხელისგულებს, იმ „არა-მესი“, მწვანე ოქროს საკრეფად რომ მიეშურებოდა პლანტაციებში, ხოლო შემდეგ ნესტიან ბუჩქებში გარჯით დაავადებული, შვილებს ვეღარ აჩენდა, იმ „არა-მესი“, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში „ტრუბებს“ რომ ამზადებდა დიადი საბჭოეთისთვის… წეღან მადლიერების გრძნობით გავიხსენე სურათი „ოლიმპიადის მზადება“. მისი ავტორიც ბავშვობიდანვე ემზადებოდა „ოლიმპიადისთვის“, მაგრამ ოლიმპიადა აღარ შედგა – ყველაფერი წყალში ჩაეყარა.

ის იმთავით ჩაწვდა, რომ საბჭოთა კავშირში ხელოვნების მუშაკთა (საყვარელი გამოთქმაა!) მაღალ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგომა გულუხვად ჯილდოვდებოდა, ოღონდ ამ ჯილდოსთვის ოფიციოზისთვის „წმინდა ვალუტით“ – სინდისით უნდა გადაგეხადა.

და ისიც „იხდიდა“. საჯაროდ „იხდიდა“!

სხვათაშორის, იყვნენ ისეთებიც, ვინც „მოფარებულში იხდიდა“ – სამხატვრო კომბინატის დაკვეთით ჩუმ-ჩუმად ხატავდნენ ლენინის პორტრეტებს; თავიანთთვის კი (ჩუმ-ჩუმადვე) აბსტრაქციებს ხატავდნენ.

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ქართულ ფერწერაში კოლორისტული ჯანყი მზადდებოდა. ის კი, ვითომ არაფერი, ისევ გიგო გაბაშვილის ენით ლუღლუღებდა. ცოტა მოგვიანებით სოცრეალობის თოთო მბაძველიც „აჯანყდება“. გურულების 1841 წლის ამბოხებას დაასურათებს. არც ეს „პროექტი“გამოუვა.მეამბოხე უნდა იყო, ასეთი სურათი რომ დაწერო. ისე,გამოვტყდები და, მეამბოხე მე ვარ მხოლოდ .

პასტერნაკი მახხსენდება: „Он был мятежник, значит, деспот“. რა ვქნა, ევგენი ონეგინს რომ ზრდიდა გუვერნიორი, მეც ისე მზრდიდნენ: „Учил его всему шутя,/ Не докучал моралью строгой/ Слегка на шалости бронил/ И в лесний сад гулять возил“.

 მშრალ ხიდთან რომ ბაღია, იქ მასეირნებდნენ. ერთ დროს ამ ბაღში სტალინის სილოვან კაკაბაძისეული ძეგლი იდგა თურმე. აი, „ჩვენს ევგენის“ (ტოეს, ანგელინას) არასოდეს გამოუჩენია თავი სტალინის ხატვით – პიროვნების კულტის მხილებამ სულზე მოუსწრო. ამიტომაც მიჰყო ხელი მიზანსცენირებული კოლექტიური „ფართრეთების“ ხატვას, რომლებსაც,კაცმა რომ თქვას, ნატურმორტები უფრო ეთქმით. თავადაც ნატურმორტი იყო!

მერედა, როგორი ენთუზიაზმით ემზადებოდა ყოველი ასეთი „ნატურმორტის“ სახატავად, ანუ ბედნიერების აგიტაციისათვის?! საგანგებოდ აკეთებდა ჩანახატებს, კროკებს, ეტიუდებს, ექსკურსიებს მართავდა ხევსურეთში, გურიაში, კახეთში… ხატავდა, არა, კი არ ხატავდა, იხატავდა ადგილობრივ მოსახლეობას, ხელოვნურად აჯგუფებდა… და მაინც, ამ შეკოწიწებულ კომპოზიციებში მწვავედ იგრძნობა საერთო-სახალხო ავიტამინოზი. ესეც თოთო მონტაჟი იყო. თოთო და არა – რომანტიკული. სოცრეალიზმს დიახაც რომანტიკული მონტაჟი უხდებოდა. რომანტიკულიცა და უტოპიურიც; სოცრეალობა ხომ სწორედ უტოპიურ ჰორიზონტზე განიხილებოდა და ეს იყო კლასიკური სოცრეალიზმის ტიპური მაღალი ჰორიზონტი. ამგვარ ჰორიზონტს მის სურათებში დაბალი ჰორიზონტი ენაცვლება. ეს „სიმდაბლე“ მხატვარმა ვერა და ვერ დაძლია. საჭირო იყო პლატფორმა, რითაც ეს მხატვარ-ჩინოვნიკი  მოახდენდა თავისი „მოქალაქეობრივი პათოსის“, ანუ თავდავიწყების დეკლარირებას.

XX საუკუნის 60-იან წლებში მასაც წასძლევს სული, გემო გაუსინჯოს უცხო ხილს. ასე იწერება „სტუდენტები“ –  ე.წ. „პასიურ დიაგონალზე“ აგებული კომპოზიცია; სხვათაშორის, ამგვარ დიაგონალს ნ. ტრაბუკინი „გამოუსავლობის დიაგონალსაც“ უწოდებს, რაც თოთო ბაძვის კონტექსტში ერთობ სიმბოლურ დატვირთვასაც იძენს. სხვისი არ ვიცი და ეს მივიწყებული სურათიც მისი თავდავიწყებული ავტორის კოლექტიურ Alter ego-დ მესახება. ბატონი პროფესორი ხომ სიცოცხლის ბოლომდე სტუდენტად დარჩა, მარადიულ „შტუდენტად“, სოცრეალობის უგერგილო მონტიორად – ვერ იქნა და ვერ შეძლო შკოლარული დისკურსიისაგან ემანსიპაცია. პლატფორმა არ აძლევდა უფლებას და იმიტომ. ამ ჩემს გულს რა ვუთხარი, თორემ მოუკიბავად ვიტყოდი, ნიჭი არა ჰქონდა-მეთქი. მაგრამ რისი ნიჭი? მხატველის ნიჭი თითქოს აკვნიდანვე მოსდგამდა, მაგრამ „მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება: პოეზია“ –  აი, რა აკლდა მუდამ. მას ხომ პოეზიის გვერდით ერთი ღამეც არ გაუთევია (მუსიკის გვერდით? ამას ვერ გეტყვით). ეჰ, სიყვარული აკლდა მუდამ და ი-მიტ-ომ! არა, მოგვიანებით პასტელში დაწერილი თავისი „სანტუცას“ პორტრეტებს თითქოს ატყვია „სიყვარულის ნექტარი“, მაგრამ…

ეტყობა, მაინც სოცრეალისტური „სოფლის ღირსების“ დაცვა იყო მისი საქმე.

მოკლედ, ჩემი პერსონაჟი ფერმწერლად ვერ შედგა და არა მხოლოდ ი-მიტომ, რომ კოლორისტად ვერ ივარგა, ი-მიტომაც, რომ არ შეეძლო შავ-თეთრი დიალექტიკის ბინარიზმებისაგან დისტანცირება, „სამყაროს“ საბჭოურ-იდეოლოგიური სურათის სიგნიფიკატთა რედუცირება (რა ამბავია ამდენი უცხო სიტყვა?), გადაგვარებული ტოტალიტარული კულტურის სიწმინდეებისა თუ რწმენის სიმბოლოების შენახვაც ვერ შეძლო. სად ეცალა? საკუთარი პერსონის გადარჩენით იყო დაკავებული; მაინც ვერ გადარჩა!

ინტრიგა №3

ცოცხალთა დასკვნა

წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: სამხატვრო აკადემიის რომელიმე სახელოსნოში, თუნდაც რექტორატში, ზის ორი ძველი მეგობარი სოცრეალისტი. საუბრობენ, „კამათობენ“ (ჭეშმარიტება კამათში იბადება) და… ორივეს უთუთქავს ჯიბეს, აბა, თუ მიხვდებით, რა? „ანანიმკა“, ხო-ხო, „ანანიმკა“! ხომ კარგი სიუჟეტია? რას იზამ, სოცაკადემისტი „ლიტერატორიც“ უნდა ყოფილიყო. ოღონდ, ანონიმი ლიტერატორი. „ანანიმკების“ წერაც საკუთარ „მე-სთან“ დეიდენტიფიკაცია იყო, კენოტიპური თავდავიწყება. ეს „მავნე“ ჩვევა წინა თაობის – XX საუკუნის 30-40-იანი წლების სოცრეალისტთა იმიჯის განუყოფელი ნაწილი იყო. რა კარგი თაობა იყო! მათი „შემოქმედება“ ფსიქოდრამაა, რომელიც ობსესიასაც გულისხმობს და მაზოხიზმსაც. ობსესია – ობიექტის უქონლობის კომპენსაციაა, მაზოხიზმი კი – სუბიექტის უქონლობისა. ობსესიური პიროვნება ავტორიტეტს ემონება, რათა რაიმე საგანს დაეუფლოს, მაზოხისტი კი არაფერს საკუთარს არ ფლობს და თუ ეუფლება, არა თავისთვის, არამედ სხვისთვის (მეც ეგრე არა ვარ?). მოკლედ, ინსტრუმენტია, ინსტრუმენტი ავტორიტეტის ხელში; მისი მუდმივი თანაშემწე…

და მაინც, სოცრეალობის თოთო მბაძველისათვის იდეოლოგია ვეღარ მნიშვნელობს, როგორც აბსოლუტი; მაშასადამე, იდეოლოგია აღარც უტოპიური აღმზრდელობითი სტრატეგიის ველია, აღარც მაგიური სარკე – დაიჭერდი (sic!) საბჭოთა კავშირის წინ და დაინახავდი… სტალინს – მამა-მარჩენალს, ბელადს, მასწავლებელს, ანდა დაინახავდი სოციალისტურ-მეზოზოურ სიურეალობას. ეს – მოგვიანებით. რაღა დარჩა? ისევ და ისევ პირადი გადარჩენის სტრატეგია, თვითშენახვის ოსტატობა… ინსტრუმენტი? ცოცხალთა დასმენა.

ყველაზე უცნაური, თითქმის დაუჯერებელი კი ისაა, როცა არა მარტო მხატვარ-დისიდენტებს, თვით სოცრეალისტებსაც ჯაშუშობ. არადა, XX საუკუნის 60-იანი წლების ქართულ მხატვრობას მართლა ჰყავდა, მაგალითად, მექსიკური ხელოვნების ჯაშუშები. თავის მხრივ, მექსიკელი მხატვრებიც ჯაშუშები იყვნენ. დევიდ ალფარო  სიკეიროსი არ იყო, ტროცკის  მისაკლავების ოპერაციაში რომ მონაწილეობდა? ვენაცვალე მექსიკელებს !(?)

ხრუშჩოვისეული ოტტეპელის ხანაში მაზოხისტი სოცრეალისტი ახალ ვირეშმაკობას სწავლობს. ვითომ პარტიის ერთგული თანაშემწეა ისევ… მგონი, უცებ ახსენდება საკუთარი თავი, მაგრამ გვიანია! პოიესისურ იმპოტენციას არაფერი შველის, ანდა უნებურ სულიერ მუსიკას, მხატვრის არსებაში სურათის ჩასახვას რომ უნდა უსწრებდეს…

ვის დაესესხები,ანდა ვის ჩაეზიარები?! „ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის“. თუმცა, არც ისე უსაშველოდაა საქმე; მეტიც, პოიესისი ერთგვარი „პარვააა“: „მე მას ვუგალობ, ვისაც განგებამ/ მშვენიერება უსხივცისკარა,/ ვინც ვარდს ელფერი, იას სინაზე/ და ბულბულს ენა ერთად მოპარა“, იტყვის ღვთაებრივი აკაკი. გაივლის  ხანი და გალაკტიონი პოიესისის ამგვარ „ფორმულას“ მოგვაშველებს: „სულში გენიით ატეხილი მღერის ლერწამი!“

ო, რა სანთლით საძებარი ყოფილა ეგეთი ატეხილობა!

ინტრიგა №4

ისევ მაზოხიზმი!

და რა ძნელია ყოველივე ამის შემდეგ მაზოხიზმს მიუბრუნდე კაცი, მაგრამ რას ვიზამ – მეც ხომ მაზოხისტი ვარ – „სხვისი“ ნების ხორცშემსხმელი, მუდამ დავალებით, ბრძანებით, „უსტავებით“ მოქმედი მწერალი, იმთავითვე ჩემზე უფრო ძლიერს რომ ვუთმობდი, უმრავლესობის აზრს რომ ვეთანხმებოდი. მოკლედ, მიცვალებულთა მოთმინებით შემსმენი მეც ვიყავი. ახლა კი, ახლა რა ვარ?!

ამ მორიგმა მისტიფიკაციამ არ შეგაცდინოთ – ტექსტში გავითამაშე მაზოხისტის როლი!

ნატურალური სოცრეალისტი მაზოხისტი სულ სხვაა.

აი, ვინაა შემსრულებელი! განა შემთხვევითია, რომ სოცრეალისტურ კულტურაში პრიორიტეტული საშემსრულებლო ხელოვნება (თუ ხელოსნობა) იყო. ეს ერთი; მეორე – ეს იყო „სხვისი“ ჩანაფიქრის დეკოდირება. ამიტომაც ენიჭებოდა უპირატესობა ინსცენირებას, ილუსტრაციას, ზეპირი მოთხრობების ლიტერატურულ გადამუშავებას, მთარგმნელობით ოსტატობას, ფოლკლორის ბელეტრიზაციას… დღეს სოცრეალიზმის უსიტყვო მხატვარ-შემსრულებლები იქცნენ პერსონაჟებად – ლიტერატურულ პერსონაჟებად. თავად სოციალისტური ლიტერატურული პერსონაჟები კი იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ „აგენსები“, უნდა გადაცმულიყვნენ „პასიენსებად“. მოდით, ახლა ამ სიტუაციის ილუსტრირებაც ვცადოთ.

ინტრიგა №5

აგენტის სიკვდილი, ანუ ტრავესტია ქალის ფეხსაცმელში

კასელის გამოფენა, წეღან რომ ვახსენე, ვერა მუხინას „Рабочий и колхозница“-თი იხსნებოდა. ეს მონუმენტი დაუვიწყარ 1937 წელს დაიბადა. ამ სოცრეალისტური შედევრის სოცარტული ტრავესტია 1990 წელს წარმოგვიდგინა აფრიკამ. ეს სერგეი ბუგაევის ფსევდონიმია. მის შელკოგრაფიულ ოპუსს „აგენტის დაბადება“ ჰქვია სახელად.

აფრიკას „ნამუშევარში“ მუხინას ქანდაკების ფოტოგრაფიის ფონზე „საკეისრო კვეთის“ ნახატია. საბჭოური გენდერული უნიფიკაციის პარადიგმის, კერძოდ კი, მისი მუხინასეული ვარიანტის დასასრულის (თუ აღსასრულის) დეკლარირებაა იგი. და რატომ მაინც და მაინც „საკეისრო“? იმიტომ, ჩემო კარგებო, რომ ესაა გან-სხვავებათა დისკურსის მტანჯველი მშობიარობის მეტაფორა, იმ გან-სხვავებებისა, რომლებიც უნდა აზეიმო და არ უნდა დათრგუნო.

ქალი რაოდენ დიდი ძალა იყო საბჭოთა სახელმწიფოში. ლენინის ლოზუნგი გავიხსენოთ: „Каждая кухарка должна уметь управлять государством“ (ამ ლოზუნგში განცხადებული მითის მსხვრევა ოლეგ ვასილევის ლითოგრაფიებშია წარმოდგენილი). რაც შეეხება კოლმეურნე ქალს, ისიც ხომ აგენტი იყო, კოლექტივში შეგზავნილი აგენტი. სოცრეალისტური საგაზეთო (თუ საჟურნალო) პლაკატები მამაკაცისა და ქალის თანასწორობის რეპრეზენტაციაა, თანაც – ქალის სასარგებლოდ… ერთი ამერიკელი არტკრიტიკოსისა არ იყოს, როცა ქალს სთავაზობენ, მონაწილეობა მიიღოს ამგვარ რეპრეზენტაციაში, ცხადია, იმასაც სთავაზობენ, მამაკაცური ნდომის (და ნდობის) რეპრეზენტაციაც გაინაწილოს.

აი, „Ленин и колхозница“! ბელადის რიტორიკა ამ პლაკატში მამაკაცური თვალსაზრისის პრივილეგირებულობის მოწმობაა. გავა დრო და  სტალინური ხუთწლედების ეპოქაში ქალები ისევ გაინაწილებენ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის სტალინურ-მასკულინური ნების რეპრეზენტაციას. გუსტავ კლუცისისა და ნატალია პინუსის პლაკატში – „Женшины в колхозах- большая сыла“ (1933) წარმოდგენილია ორი კოლმეურნე ქალი (ერთი მათგანი ტრაქტორზე ზის), რომელთაც მამაშვილურად შესცქერის ამხანაგი სტალინი (რა დიდი იყო და მაინც – ამხანაგი!). აქ ლიდერი-მამრი წარმოგვიდგება ინსტანციად, რომელიც გამრჯე ქალთა (თუ დედაკაცთა) შრომით ენერგიას საიმისოდ აფასებს, რომ მათგან „ყველაზე ღირსეულს“ მისცეს უპირატესობა. ასე იძენს ბელადის წამახალისებელი ჟესტი-მზერა რელიგიურ კონოტაციას, როდესაც ერთგვარ „ქრისტეს სასძლოს“ სტატუსთან ათანაბრებს თავის „რჩეულს“.

აი, სოცრეალისტური „სიმართლე“! მიშელ ფუკოს თანახმად, ის, რაც „სიმართლეში“ იგულისხმება, იმაზეა დამოკიდებული, ვინც ახდენს დისკურსის კონტროლს. იმ ნოსტალგიურ 30-იან წლებში, საბჭოური კულტურის დისკურსში, სტალინის, როგორც აღმნიშვნელის მეუფებამ ქალები აიძულა, სიმართლის მაძიებლობის მამაკაცურ კანონებს დამორჩილებოდნენ. სოცრეალიზმში ამგვარი ხატები (იკონოგრაფიის სხვა ელემენტების დარად) მკაცრ კონტროლსა და სტერეოტიპიზაციას ემორჩილებოდნენ. ქალები გმირებად იყვნენ დასახულნი; გმირებად, კოლექტივის ინტერესებით რომ მოქმედებდნენ; ანდა იდეალიზებულ დედებად, მუშებად… მოკლედ, მათი არსებობის პოეტური იმპლიკაცია იყო: „ბედნიერება არის რამხელა!“

არავითარი ქალური სისუსტე! არავითარი ორაზროვნება! „მშვენიერი სქესის“ წარმომადგენლები ემოციური არასტაბილურობის მდგომარეობაში მხოლოდ მაშინ გამოისახებოდნენ, როცა ელოდნენ ომში წასული ვაჟიშვილების დაბრუნებას; და კიდევ, ქალს მღელვარება ეპატიებოდა მხოლოდ ერთ სიტუაციაში… ბელადთან შეხვედრისას.

ასე მიიყვანა ფალოცენტრიზმის საბჭოურმა ვარიანტმა სოცრეალიზმი სამყაროს მონოლითური სურათის შექმნამდე.

ოტტეპელის დროს როგორც ოფიციალურმა, ისე არაოფიციალურმა მხატვარმა ქალებმა ერთგვარი „პატრიარქალური არაცნობიერი“ იმემკვიდრევეს. მათ ეჩვენებოდათ (და არც თუ, სხვათაშორის), რომ იმისათვის,რათა ყოფილიყვნენ „მიღებულნი“ – სახელდობრ, „მიღებულნი“ კულტურასა და პოლიტიკაში – თავად უნდა მიეღოთ მამაკაცური პოზიცია. ამის გამოხატულება იყო მხატვარ ქალთა მასკულინური ჟესტი.

პირიქითაც ხდებოდა, როდესაც მამაკაცები ახდენდნენ ქალის ტრავესტირებას.

ახლა ილუსტრაცია სოცრეალისტური პროზიდან…

კიდევ ერთი „სურათი“ წარმოვიდგინოთ:  მამაკაცმა უნდა შეასრულოს მამრული როლი; და რასა იქმს? რას და, ქალური როლის იმიტაციას  მიმართავს. მაგალითად, ტომრებით გადატენილ ვაგონში ადგილის დასაკავებლად პავლე კორჩაგინი რიტა უსტინოვას ქურთუკს გადაიცვამს; „უზკოკოლეიკას“ მშენებლობაზეც ქალის ტანისამოსით სჩადის შრომითი ჰეროიზმის „სასწაულებს“…

ჰეროიკული მამრის მდედრთან მიმსგავსებას სოცრეალიზმში სხეულებრივი კონოტაციაც ახლდა ხოლმე. აი, როგორ აღწერს ვ. ნეკრასოვი დაზვერვის უფროსს – „ექსმატროს“ ჩუმაკს („Окопы Сталинграда“): „Зад у него плотно обтянуто и слегка оттопырен“. მერმე… აფასებს რა თავის დაუსწრებლობას დასწრებად, მაზოხისტი საკუთარ სქესს იქ პოულობს, სადაც არ იმყოფება (ანტიკასტრატი!). კერძოდ, მამაკაცი მით უფროა მამრი, რაც უფრო ასკეტურადაა განწყობილი საპირისპირო სქესისადმი. ესაა საქმე?

ქალის ტანისამოსში „ტრავესტირებული“ სოცრეალისტური ეთოსის რემოდელირება მართლაც აზარტული საქმეა! ტანისამოსში კი ფეხსაცმელიც იგულისხმება. ფეხიც ხომ ტანის ნაწილია?! მაგალითად, მამაკაცი ატარებს ქალის პლატფორმებს. როცა ამგვარი ფეხსაცმელი მოდაშია, გასაგებია, მაგრამ მოდიდან გასვლის შემდეგაც პლატფორმებზე დგომა ყოველდღიურობაში გატარებული სოცრეალისტური ტრავესტიის ინერციაა.

ინტრიგა №6

„ახალ მიწაზე“ დაბრუნება

ისევ პავკა მინდა გავიხსენო – კორჩაგინი, საღვთო წერილის ერთ-ერთ გაკვეთილზე კითხვას რომ სვამს დედამიწის „ასაკის“ გამო რელიგიურ და გეოლოგიურ თვალსაზრისთა უთანხმოების შესახებ. არადა, რა საკითხავი ეგ იყო, როგორ არ იცოდა ბრიყვმა, რომ პარტია თავად განსაზღვრავს მიწის „ასაკს“, თავად იცის, რომელი მიწაა „ძველი“ და რომელი – „ახალი“.

თოთო ბაძვის მიწა „ახალი მიწაა“. „ძველი მიწა“ დრომოჭმული მიწაა; ყოველივე დრომოჭმულს კი უნდა ვებრძოლოთ – ამას გვასწავლიდა პარტია.

ვ. აჟაევის რომანის – „Далеко от Москвы“ – გმირიც მინდა გავიხსენო – Ковшов! აი, რას ბრძანებს იგი: „Сколко диких чащоб, куда люди еще не промыкали. Это  действительно, враждебная нам  сила, и я рад, на мою долю выпала активная борьба с ней“.

სამგორის ქალწულებრივი ბუნების ათვისება და ამ „ახალ მიწასთან“ პირველი ღამის უფლების მოპოვება არანაკლები სიამოვნება იყო, ვიდრე ყამირის გატეხვით მოგვრილი ნეტარება. თუმცა, დიპლომანტ ყმაწვილს ამ მიწასთან პირველს ვინ დააწვენდა? დიპლომანტობიდან ფერწერის აკადემიკოსობის კანდიდატობამდე ბევრი იარა…შემოაცვდა სოცრეალისტური პლატფორმა… საბოლოოდ მაინც დაწვა; დაწვა და ჩაწვა…

სამუდამოდაც ჩაწვა დიდუბის ძველსა და იდუმალ მიწაში…

David Andriadze

Infant imitation of (Dema)gogue (From the collectionMamelukes of Socialist Realism)

Post-critical essay, that’s lead character is already forgotten Georgian academist  painter – Gogi Totobadze, tragi-comic portrait of the Mameluke of Socialist Realism is painted with psychodyachronological method. Essay presents Soviet- Imperial painter’s 

iconic texts and an attempt of deconstructing within engraved contaminated discourses.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…