ციკლიდან: ლიტერატურული ოკუპაციის მუზეუმი
გუშაგის სიკვდილი
ჯერ კიდევ როლან ბარტმა შემოგვთავაზა, ლიტერატურა განგვეხილა ორმაგი გზავნილის პლანში; მათი შესწავლისას კი, შესაბამისად, ორი დისციპლინა გამოგვეყენებინა.
პირველ შემთხვევაში, ობიექტი ლიტერატურული ინსტიტუციაა, ხოლო მეორეში – ლიტერატურული კრეატივი.
რაც შეეხება მეთოდს, ესაა ფსიქოლოგიური გამოკვლევა.
ორივე დისციპლინა იოლად ემორჩილება ინტეპრეტაციას, როგორც კონკურენტული ბრძოლის ველურ სტრატეგიას.
ეს „ველურიც“ ამბივალენტურად ჟღერს!
სოცრეალისტური ტექსტების სტატუსიც, ნაციონალური (რესპ. ინტერნაციონალური) ლიტერატურის ველის შიგნით დგინდება, რაც სავსებით შეესაბამება გადანაწილებადი სოციალური თუ სიმბოლური კაპიტალის მოცულობას.
და ყოველივე ეს, პიერ ბურდიეს თეზისს თუ მივმართავთ, ერთდროულად ინსტრუმენტადაც გვევლინება და ხსენებულ ველში წარმოებული კონკურენტული ბრძოლის საზღაურადაც…
ეს ტექსტები თითქმის არასოდეს გამოდის სოციალური სივრცის საზღვრებიდან; და ამდენადვე, მათი სოციალური ანალიზიც რატომ უნდა ატარებდეს არაკორექტიულობის ნიშნებს?!
ყველა სიტუაციაში ტექსტის განხილვა ორი განზომილების სივრცეშია უპრიანი.
ერთი დიმენსია შეიძლება აღნიშნოს, როგორც ლიტერატურული ფუნქციების ინოვაციურობა, ანუ წერის ისტორია. მეორე დიმენსია კი აღიწერება, როგორც ფსიქოისტორიული ანუ ანთროპოლოგიური ინოვაციურობა.
სტალინურ კულტურაში, საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურის მზარდ ტრანსფორმაციასთან (თუ ტრანსმუტაციასთან) ანთროპოლოგიურში;
და საერთოდ, მთელ რიგ კულტურებში ადამიანის ანთროპოლოგიური „გადაკეთების“ პათოსი ერთგვარ საიდუმლოდ გვევლინება, თუმცა, გარკვეულ მომენტებში, ხსენებული პათოსი მაქსიმალურად არტიკულირდება.
ამ მხრივ, სიმპტომატურია ტროცკის ცნობილი განცხადება:
„Мы можем провести через всю Сахару железную дорогу, построить Эйфелеву башню и разговаривать с Нью-Йорком без проволоки. А человека улучшить неужели не сможем? Нет, сможем! Выпустить новое, “Улучшенное издание” человека — это и есть дальнейшая задача Коммунизма“.
აი, რა მიზნებს ისახავდა „ძველი საბჭოთა მწერლობა“ – ადამიანის გაუმჯობესებული ჯიშის შექმნას!
ასეთი გაუმჯობესეული „ადამიანის“ ტიპს ხატავს კარლო კილაძე პოემაში „უჩარდიონი“.
ესაა კომკავშირელი გულდა (მერე პოეტმა ეს სახელი ერთადერთ ვაჟს დაარქვა!), კულაკთა ბრბოს რომ ეწირება, ჩადრმოხდილი ხატიჯე, მისი ძმა – წითელ ჯარში წასული ჰასანი, ღვიძლ დას, აწ უკვე ჩაის განთქმულ მკრეფავად გარდასახულს რომ მიმართავს:
„ჯავრი და წარსული, დაო, გულზე ხომ არ გატყვია, ხომ გესმის – დიდებას უმღერიან აჭარელ ქალს! ჯარში ვარ, თვალმოკრულ წერტილშივე ჩავაჯენ ტყვიას და შენი მშრომელი გულის მცველად მიგულე – ჰასან“.
სხვათაშორის, ეს „ავტორი“ 30-იან წლებში ლირიკულ ტექსტებსაც თხზავს, მათ შორის – ლექსს,
„შემოღამება მთაწმიდაზე“ (sic).
ასე რომ, ქართულ პოეზიას „შემოღამების“ ორი ტექსტი მოეპოვება: ერთი ბარათაშვილისა, მეორე – კარლო კალაძისაა.
არის მესამე „შემოღამებაც“… სიმონ ჩიქოვანის ლექსში – „შემოღამება ხახმატში“ ახალი ადამიანის დაბადებაა მანიფესტირებული.
ამ „ახლის დაბადების“ ნიშან-სიმბოლოებია შოფერი და ავტომობილი; ამ ფონზე კი, მოხუცი ხეთისოსა და ახალგაზრდა ხევსურის – უდია ალუდარურის პაექრობაა დახატული, ძველისა და ახლის ყბადაღებული ბრძოლა (ბრძოლა, სულ ბრძოლა!) ახლის გამარჯვებით რომ მთავრდება: „ხევით მდინარე ოხვრას გზავნიდა, თითქოს განზრახვას მიხვდა კაცისას, დავიღალეთ და დაწოლა გვსურდა, თვლემას იწყებდა მთელი სოფელი, და ჩუმად გვითხრა ალუდაურმა მე მაინც „მე მინდა, გავხდე შოფერი“.
გახდებოდა კიდეც – წინ რა დაუდგებოდა?!
1938 წელს პირველ პოეტურ კრებულს ბეჭდავს გრიგოლ აბაშიძე.
ამავე წელს იწერება პოემა „შავი ქალაქის გაზაფხული“ – ჭიათურაში ბოლშევიკური არალეგალური კრებების „პოეტური ისტორია“: “მიდოდნენ ბნელი ტყისკენ, შუქი ნახეს შიგ ჩამდგარი, უღრან ტყეში ჯუღაშვილი იდგა როგორც ჩირაღდანი“.
24 წლის პოეტი თავისი ტექსტის ლიროეპიკური „გაკეთილშობილებისათვის“ გვთავაზობს სტალინის პირით მოთხრობილ ზღაპარს, რომლის სამი აქტანტი – ვაჟკაცი, დევი და დედაბერი განასახიერებენ ხალხს, მეფესა და მენშევიკებს…
ამასობაში „ძველი ქართული“ მირაჟებისა და სიმბოლური იმაგინაციების ოსტატი – ვალერიან გაფრინდაშვილი თავად შეეცდება ტრანსმუტაციას:
„ბევრი მგოსანი ჰგავს ყრუ ბეთჰოვენს, რომელიც გრიგალს უსმენდა შორით. ცაში ხეტიალს გამოვეთხოვეთ და მივაშურეთ მიწას ამბორით, ჩვენ გავიჭერით ქუჩაში მარდად, სადაც ახალი გაჩაღდა კერა. ზაჰესთან ერთად ჩვენ აღვიზარდეთ, მან გამოსჭედა ჩვენი სიმღერა“.
და ყოველივე ამის გვერდით ვალერიან გაფრინდაშვილი წერს მშვენიერ ლირიკულ ტექსტს: „ძველი პოეტები“, სადაც რეალისტური ნარატივი სიმბოლური ინვესტიციებითაა შევსებული და გამდიდრებული:
„საზამთრო პალტო შავი ფოლაქებით დეზერტირკაზე ვიყიდე ერთხელ, მას მოვაცილე დიდი ლაქები ნაფტალინი მთლად გადმოვფერთხე. მე ახლა პალტო მაცვია სხვისი, ამეკვიატა კითხვა გვიანი: წინათ ვინ იყო პატრონი მისი – მოხუცი, მკვლელი თუ ავზნიანი? თითქოს ვატარებ სხვის ცოდვებს ტანზე და უცხო გრძნობებს დღეს ვიზიარებ. მე ვიხედები ქუჩაში განზე და ველოდები ქურდულ იარებს. აღშფოთებული მუდამ ვრწმუნდები – პალტო ჩემს ბედზე ახდენს გავლენას, სახლში ღამითაც აღარ ვბრუნდები და ბოროტ ღამეს მივაპყრობ სმენას, დამებადება სურვილი ხშირად, რომ გავათიო ხიდის ქვეშ ღამე, ვიხეტიალო ველურ ნადირად და ყაჩაღობის ვნახო სიამე“.
აი, როგორ განცდებს აღძრავს პოეტში 30-იანი წლების „სექენდ ჰენდში“ ნაყიდი პალტო – „პალტო ცბიერი“…
გრიგოლ რობაქიძე წერდა: „ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს, როგორც გველი უცქერის საკუთარ პერანგს – „გახდილსა და გადაგდებულს“ – ეს „ძველი პერანგი“ ერთგვარად ეხმიანება ძველ პალტოს, როგორც გასახდელ წარსულს…
„ძველ პალტოს“ გალაკტიონიც ძნელად ელევა; თუმცა, იძულებულია, ირონიაშეფერილი „პათოსით“ შეგვაპაროს პოლიტკორექტ(ირებ)ული ნარატივი:
„რწმენით იარ! რწმენით იარ! მტკიცე გქონდეს ნაბიჯი! ყოველ ნიჭზე ძლიერია ქვეყნის დაცვის ნიჭი!.. ერთხელ, ღამით, ცეცხლის ალზე მივდიოდით ტოლნი, მივდიოდით და, ჰა, თვალწინ აღიმართა სმოლნი! სმოლნი, სმოლნი! აქ – იმ დროის მახვილი და ბრძმედი – ქუხდა რწმენით მსოფლიოსი, ერთი მეექვსედი. ის, ტიტანი, ვინ თქვა სახლად, მრავალ ღამენათევს სწევს იდეა მაღლა-მაღლა, ზრუნვა ტვირთად ადევს… და, როდესაც თვალს ატყუებს ლულა ტყვიამფრქვევის, გუშაგის ხმას: თქვენ ვის ეძებთ? ვუპასუხე: – ლენინს!!!“…
30-იან წლებში იოსებ გრიშაშვილს გრიგოლ ორბელიანი კომკავშირის ხეივანში ეზმანება, ალ. აბაშელი კი, თოთხმეტი წლის შემდეგ მისტირის ლენინს:
„ეს მეთოთხმეტე წელი გავიდა – ნეტავ, იმ დღემდე შენ მოგვყოლოდი, ჩვენ შენს სიყვარულს ვიწყებთ თავიდან და შენს სახელთან ვრჩებით ბოლომდე… ისე გაგვშორდი და გაგვეყარე ცრემლის შეშრობა ვერ მოვასწარით, ელვით და გრგვინვით მიჰქრის ქვეყანა შენ რომ ოქტომბრის ღამეს დასძარი…“
ესაა ლენინის „მეორე სივდილი“; თუმცა, ეს სიკვდილი ყველას როდი სჯერა, მაგალითად, გიორგი ლეონიძეს… ლექსში -„ლენინის მავზოლეუმში“ რომ აღმოხდება: „შენ ერთადერთმა არ იცი, სიკვდილი, კუბო, ლოდები“…
სხვათაშორის, ლეონიძის ერთ „ლირიკულ გმირს“ არც იმის დაჯერება უნდა, რომ ლენინი საქართველოში არა ყოფილა:
„ეჰეი, მართლაც რა საწყენია, ჩვენში ლენინი თუ არ ყოფილა?“
თუმცა, გამოსავალს მაინც პოულობს და; „- მერე ვინ გითხრა, ვინ დაგიჯერებს, არ ყოფილაო ჩვენში ლენინი!“ – მოხუცი კახა – სკოლის დარაჯი ეტყვის პირწყრომით ალადენილი. მე შევესწარი! მე ვარ დამხდური! მე მინახია… ჩვენში ყოფილა! განა, ის ყველას ქოხში არ იყო, როცა ხალხს ბნელი დაამხობინა?“
და, „მართალიცაა“ პოეტი!
ლენინი ჰეტეროტოპიურ ფენომენად იყო შერაცხული და მისი ადგილიც, ამდენადვე, არ შეიძლებოდა ყოფილიყო ლოკალიზებული.
ლენინი, როგორც აქრონულ-ატოპიური „ღირებულება“, როგორც „წმინდა ეიდოსი“ მუდმივად დამსწრედ, მუდმივად მუნ-ყოფიერ არსებულად რეპრეზენტირდებოდა, ვისი დასწრებაც დაუსწრებლობა იყო; და პირიქით – დაუსწრებლობა – დასწრება!
რაც შეეხება ლენინის „მეორედ სიკვდილს“:
საბჭოთა პოეზიაში ლენინისადმი მიძღვნილი „ხმით ნატირლები“ ბელადის სიკვდილს სწორად მაშინ გვახსენებენ, როცა ლენინის კულტი სულ უფრო უთმობს ადგილს სტალინის კულტს; ასეთი ტექსტების „მოვლინებით“ აღინიშნება ტრანსფორმაციული პროცესის დასასრული, 1929 წლის გაზაფხულზე რომ დაიწყო გრანიტის მავზოლეუმის მშენებლობით და თავის კულმინაციას მიაღწია ლენინის „მეორე დატირებისას“ – 1930-იანი წლების შუა პერიოდში…
ასე აღინიშნება გადასვლა ცოცხალი ლენინის კულტიდან მკვდარი ბელადის კულტზე…
სხვათაშორის, მუდმივი (რომ არა ვთქვათ, მარადიული!) მავზოლეუმის აშენება სწორედ იმ დროს ემთხვევა, როცა ლენინის კულტი თანდათანობით ტრანფორმაციას განიცდის სტალინური რუსეთისა და თავად სტალინის კულტში.
ქვის მონოლითური ნაგებობა ლენინური კულტის დაისს აღბეჭდავს.
სტალინის ხელისუფლების დროს ლენინის კულტი ისეთივე ცივი და უსიცოცხლო ხდება, როგორც თავად მავზოლეუმი.
ერთ დროს ხის თბილი, ადამიანური მავზოლეუმი…
სტალინი აღმერთებს უკვე არა ცოცხალ, არამედ მკვდარ ლენინს.
სტალინმა, მართლაც რომ „გაყინა“ ლენინი.
და ამ „უკვდავ ლენინს“ ამიერიდან აღარ ძალუძს აღდგომა, სანამ არ მოკვდება მისი გუშაგი.
ახლა უკვე ეს გუშაგიც მკვდარია!
ნეოანთროპოსი
ოქტომბრის რევოლუციის მნიშვნელობა მსოფლიო კულტურისათვის იმით განისაზღვრება, რომ მან ცხადყო შესაძლებლობა, ინტერპრეტირებულყო არა მხოლოდ როგორც სოციალური ექსპერიმენტი, არამედ როგორც – ანთროპოლოგიური რევოლუცია.
ჯონ რიდი უკუაგდებს რევოლუციის, როგორც „ავანტიურის“ სკეპტიკურ დეფინიციას და აქცენტს რევოლუციის ანთროპოლოგიურ მნიშვნელობაზე აკეთებს.
დიახ, ეს იყო ერთი განსაკუთრებული ავანტიურთაგანი, რომელიც კი გაბედა კაცობრიობამ.
ამიტომაც წერდა რ. ბლოკი: „Да, скифи — мы! Да, азиаты — мы…“
მაიაკოვსკი კი ასე იტყვის: „Довольно жить законом, данным Адамом и Евой, клячу истории загоним. Левой!“
ახლა, ხლებნიკოვი: „Снова мы первые дни человечества! Адам за Адамом проходят толпой;“
ანდა, მანდელშტამი გავიხსენოთ: „Ну что ж, попробуем: огромный, неуклюжий, скрипучий поворот руля“… და მერე, „Я вижу человека: он волков пугает головнями“.
ასე იქმნება ახალი ანთროპოლოგიური ტიპი, ინოვაციური კულტურული პროექტი, სახელწოდებით „სოცრეალიზმი“, საკუთარ თავში რომ მოიცავს რეპრესიებისა და სახელმწიფოებრივი ექსპანსიის დასაბამს, პოლ დე მანისეული შენელებული წაკითხვის ალგორითმებს რომ გულისხმობს.
სოცრეალისტური ტექსტი გვევლინება ახალი საბჭოთა ადამიანის არქეტიპის ყოვლისმომცველ ჯგუფურ რეპრეზენტაციად, რომელიც უკვე გათავისუფლებულია ცივილიზაციის პირობითობათაგან, თანაც, მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიის სახელით…
„ძველ ქართულ საბჭოურ“ ლიტერატურული ტექსტებიც სერიოზული ლიტერატურული „ნაგავია“.
და მაინც, მოიძებნება რამდენიმე ხასიათი, რომელიც ტიპურად გამოხატავს ზოგადად სოცრეალისტური ტექსტისთვის ნიშანდობლივ დისკურსს.
თუნდაც, ლეო ქიაჩელისეული „გვადი ბიგვა“, როგორც ახალი ანთროპოლოგიური ფსიქოტიპის რეპრეზენტაცია…
ამ ხასიათში შეისხა ხორცი ახალი ანთროპოლოგიური ტიპის ანდა ნეოანთროპოსის ისეთმა „ნიშან-თვისებებმა“, როგორიცაა სტიქიურობა, სპონტანური ინსტინქტური სწრაფვა ელემენტარული სამართლიანობისადმი, ბავშვური ვირეშმაკობა, გულგრილობა, სწორხაზოვნება, ხეპრეობა, კოლექტივიზმი…
ასე იხატება „ველური ბავშვის“ პორტრეტი ანუ ხატი ხელახლა შობილისა…
ტოტალიტარიზმი, იგ. სმირნოვისამებრ, ადამიანს, დიახაც, საწყის პოზიციაში აყენებდა; პოზიციაში, რომელიც საშუალებას მისცემდა, ამ ნახევრადველურ „გმირს“ – თავისებურ მაუგლის, ხელახლა დაეწყო ადამიანური ისტორია; ტოტალიტარული კულტურის არსი იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ ნიცშეანური იდეების განმეორებით ზეკაცი შეექმნა, არამედ იმაში, რომ ადამიანი წინარეადამიანურ სინამდვილეში დაებრუნებინა.
ესაა „საწყისი პოზიცია“, ყველაფრის თავიდან დაწყების ნებას რომ რთავს ამ „პროტოადამიანს“ და, თავის მხრივ, წარმოადგენს კაცობრიობის ბავშვობას. ხოლო მცდელობა, შექმნას ადამიანი «დიფერენცირებული ნიშნების“ გარეშე, ადამიანის, როგორც ასეთის, ინფანტილიზაციის სინონიმურია.
ასეთი „ადამიანია“ კონსტანტინე ლორთქიფანიძისეული მექი ვაშაკიძე – „კოლხეთის ცისკრის“ (პირველ ვარიანტში – „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“) გმირი…
აი, პროტაგონისტი, რომელიც, ქიაჩელისეული გვადის მსგავსად, არ ამოვარდნილა ნაციონალური ლიტერატურის ველიდან; მეტიც, ეს სახეები ბოლომდე, ვერც საბჭოურ-ტოტალიტარული ლიტერატურული ველის სპეციფიკურ ინსტიტუციონალურ სტრუქტურაში ეწერებიან და თვით სტალინური ლიტერატურული დისკურსის მასშტაბითაც კი „არაკონვერტირებადნი“ არიან; თუმცა, ორი თვისება 1930-1950-იანი წლების ლიტერატურული პრაქტიკისა მაინც მოსდგამთ…
ესაა პროვინციალიზმი და ინფანტალიზმი.