ჯეიმს ტიერე და კომპანია ანეტონი
ჯეიმს ტიერე – ცნობილი შვეიცარიელი მსახიობი და რეჟისორი; კინორეჟისორ ჩარლი ჩაპლინისა და ნობელის პრემიის ლაურეატ ევგენი ო’ ნილის შთამომავალი
ავინიონი
რეკავს საათი!
ავინიონო, ავინიონო!
სად წახვედი, ჩემო ქალაქო?
ავინიონო, ავინიონო!
წამგვარე სული, ციხე-ქალაქო!
შენი კანი, შენი ძვლები, ჩემი ტკივილი…
ფეხის გაფხაჭნა… ცხვირი მეწვის…
დარაბების რახარუხი გადახერგილ ხევებს ახარებს.
ამაოდ გიხმობს დახუჭული ჩემი თვალები,
ამაოდ ვეძებ ღვთაებრივ ბილიკს.
ქალაქო…
კედელო ჩემში მძიმე ლოდების,
დავიწყებისგან რომ მოიწყინეს,
დიახ!
მათარა…
იქ ჩვენ ოდესღაც ღამღამობით მწკრივში ვცეკვავდით
და შენი სასა სტვენა-სტვენით უშვებდა ჩვენკენ
მარტოსულ გზავნილს!
გამოჩნდი, ადგილსამყოფელო!
ავინიონო!
ჩემთვის გახსენი კარიბჭეები,
გალავნები და დარაბები, ჩემთვის, ბურჟუავ!
გთხოვ, კიდევ ერთხელ იღიღინე
წუხანდელი შენი სიმღერა!
ავინიონო, ავინიონო!
მოჩვენებად გამომეცხადე.
ავინიონო, ავინიონო!
წამგვარე სული, ციხე-ქალაქო!
გადმომიშალე შენი წარსული,
როგორ გაცეცხლდი კარმელიტებში,
როგორ აფრქვიე გლოვის ზარი შავ ბურთულებად!
გულის გადმოშლის თქვი სონეტები.
ამოალაგე ქუჩები და დაასუფთავე!
ამოალაგე ქუჩები და… დაასუფთავე!
კვლავ აანთე ის კოცონები,
ის ენები, შენ რომ გლოკავდნენ,
შენ რომ გწვავდნენ და ითხოვდნენ შენგან სამართალს!
დიახ! მე ვიცი და მე ვიცვლი
და მე მოვიცლი ამ საღამოს!
ავინიონო!
როცა მფეთქავი სარდაფები,
მიცვალებულთა დროის მიღმა,
შენს წიაღში გაიღვიძებენ.
და ახლა ისევ რეკავს საათი!
რეკავს საათი!
ავინიონო, ავინიონო!
სად წახვედი, ჩემო ქალაქო?
ავინიონო, ავინიონო!
დამიფრთხე სული, ციხე-ქალაქო!
მე ამ საღამოს, შენი კაბის ღრმულების გავლით,
უცხოეთში მივემგზავრები.
და შენი მწიფე ნაყოფები
ძარღვებს მიხსნის და მიმხურვალებს…
მითუხთუხებს მწველი ნაღვერდლით.
დამტოვე, სულო, თუ გიყვარვარ,
სულო, დამტოვე!
ავინიონო…
შენს ხიდქვეშ
შენი შინიონი
შთანთქავს, ისრუტავს
ჩემს ფათერაკებს.
ბახუსით სავსე, ვჩუმდები და წყალში ვვარდები,
და ხარბად ვყვინთავ!
მოდი, ჩაყვინთე ჩემთან ერთად, ციხე-ქალაქო!
მოდი, ჩაყვინთე,
ავინიონო!
მოჩვენებად გამომეცხადე.
ავინიონო, ავინიონო!
წამგვარე სული, ლამაზ-ქალაქო!
ამოალაგე ქუჩები და დაასუფთავე!
გამოიღვიძე, გეუბნები!
გამოიღვიძე!
შენთან ერთად გამომაღვიძე!
შენი კანი, შენი ძვლები, ჩემი ტკივილი…
შეხვედრა
შენი შეხვედრა როცა თავად მოვა შენამდე,
დავარცხნილი და სწორედ ისეთი,
კალენდარზე რომ მიუთითე,
ერთადერთი მიზნით – დასრულდეს…
ერთადერთი მიზნით – დასრულდეს…
ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება გული გახურდეს
და მის ნაკვალევს აედევნო,
უკან გაბრუნდე.
რატომ არ იღებ ჩემგან ბოდიშებს?
მეტს ვეღარ ვუძლებ, დავალ ქუჩებში…
და მოვსრიალებ, როგორც ლაქია,
როცა მეტიჩრობ,
მე ვყირავდები
და ვიწონებ შენს პროცედურას,
ნაგვიანევს,
და შენს კოცნას ჩემს მოსათაფლად,
გრძნობას ახლობელს,
გულის ჯიბით რომ დაატარებ.
შენი მაჯებით გარშემორტყმულს,
შენი დაშნებით ნაკაწრ-ნასერს,
კვლავ მომეჩვენე,
მომეჩვენე ისევ ხანგრძლივად!
ისევ შეხვედრა და კვლავ შეხვედრა…
შენი შეხვედრა როცა თავად მოვა შენამდე,
ერთადერთი მიზნით – დასრულდეს…
ერთადერთი მიზნით – დასრულდეს…
და წესების გარეშე ბრძოლით,
გულმოწყალებით უკან დაიხევს,
სანამ ცეცხლის ალში გაახვევს
აწეულ ფარდებს
და ორპირ ქარში ააალებს
იდუმალ თვალებს,
ერთადერთი მიზნით – დასრულდეს…
შენს ელიფსურ ყელს შეუძლია, შარფში მიმალულს,
რომლის ჯებირთან მიახლება მანაცარტუტებს,
ბურთულებივით მოისროლოს ირგვლივ ყოველი,
როცა ჩემს თმებში
გრძნობს გულგრილად მქროლავ ნიავქარს,
დროის აღმა მქროლავ ნიავქარს,
სადაც გაისმის ჩემი სახელი…
მოჩვენების გადაძახილი…
არ დაგავიწყდეს, როგორ იხილე
მორახრახე რუხი ვარხვები…
ჩვენი შეხვედრა… ჩვენი შეხვედრა…
ჩვენი შეხვედრა… ჩვენი შეხვედრა…
ერთადერთი მიზნით – დასრულდეს!
მალე დასრულდეს…
მალე დასრულდეს…
I WOULD LIKE
TO EXPRESS
MY
SYMPATHIES
მინდა… მინდა… მინდა,
უზარმაზარი იმედი გაგიზიაროთ,
მინდა, გამოვხატო… დავადასტურო,
ძალიან მინდა, მინდა, გაგიმხილოთ
ჩემი სიმპათია,
ჩემი პატივისცემა…
მინდა!
ო, მადლობა აღმაფრენას,
შეუპოვრობას და სიმტკიცეს…
მინდა, გამოვაცხადო,
გაგიზიაროთ,
მრავალი კუთხით,
იმ გალავნების გასწვრივ,
ჩვენ რომ გვაშორიშორებს.
დიახ, მინდა! იმედი მინდა!
რადგან ამაღამ დაგვატყდება
საუცხოო ჭექა-ქუხილი…
სიფრთხილე გვმართებს, ჰორიზონტზე
ქარიშხალი გრგვინავს და გმინავს,
აქვე, სულ ახლოს…
მოვარდება და თან წაგვიღებს!
თან წაგვიღებს, ქარიშხალი გასაოცარი,
დატრიალდება ურაგანი
მეხდამცემი, დამათრობელი!
და თან წაგვიღებს!
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ