(თეატრი და მისი ორეული, თავი IX, გალიმარი, 1938)
პირველი წერილი
პარიზი, 13 სექტემბერი 1932
ჟ. პ.-ს[1]
ძვირფასო მეგობარო,
მე ვერ მოგცემთ დაზუსტებებს ჩემს „მანიფესტზე“, რადგან ეს მას ელფერს დაუკარგავს. შემიძლია, მხოლოდ, ზოგადად განვმარტო ჩემი სათაური – „სისასტიკის თეატრი“ და ავხსნა, თუ რატომ ავირჩიე იგი.
ამ „სისასტიკეში“ არ იგულისხმება არც სადიზმი, არც სისხლი, ყოველ შემთხვევაში – არა მხოლოდ ეს.
მე არ ვნერგავ მუდმივად საშინელებას. სიტყვა „სისასტიკე“ უნდა განვიხილოთ ფართო მნიშვნელობით და არა მატერიალური და მტაცებლური გაგებით, რომელსაც მას ჩვეულებრივ მიაწერენ. ამგვარად, მე მოვითხოვ უფლებას, განზე მოვისროლო ენის ჩვეული გაგება, ერთხელ და სამუდამოდ გავტეხო ნაჭუჭი, დავამსხვრიო ბორკილი და, ბოლოს და ბოლოს, დავუბრუნდე ენის ეტიმოლოგიურ საწყისებს, რომლებშიც განყენებული ცნებების გასწვრივ, ყოველთვის კონკრეტული მნიშვნელობა მოიაზრება.
მშვენივრად შეიძლება, წარმოვიდგინოთ წმინდად სისასტიკე, ხორციელი რღვევის გარეშე. სხვათაშორის, ფილოსოფიური თვალსაზრისით, რა არის სისასტიკე? რაციონალური კუთხით, სისასტიკე ნიშნავს განუხრელობას, გადაწყვეტილების განხორციელების ულმობლობას, სრულ, შეუქცევად დეტერმინიზმს.
ჩვეულებრივი ფილოსოფიური დეტერმინიზმი, ჩვენი არსებობის გადმოსახედიდან, სისასტიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
ამაოდ ანიჭებენ სიტყვა „სისასტიკეს“ სისხლიანი განუხრელობის, სხეულებრივი ტკივილის მიყენებისკენ უმიზეზო და თავდაუზოგავი სწრაფვის მნიშვნელობას. როცა ეთიოპელი რასა დამარცხებულ მთავრებს უღელში აბამს და საკუთარ მონებად აქცევს, ის ამას არ აკეთებს სისხლისღვრისადმი უპირობო სიყვარულით. დიახ, სისასტიკე არ არის დაღვრილი სისხლის, წამებული სხეულის, ჯვარცმული მტრის სინონიმი. სისასტიკის გაიგივება ტანჯვა-წამებასთან საკითხის მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენს. განხორციელებულ სისასტიკეში არის ერთგვარი აღმატებული დეტერმინიზმი, რომელსაც თავად წამების განმახორციელებელი ჯალათიც ექვემდებარება და რომელიც მან, მოცემულ მომენტში, თავადაც უნდა აიტანოს. სისასტიკე, უპირველეს ყოვლისა, მკაფიოა, იგი ერთგვარი უდრეკი მიმართულებაა, აუცილებლობისადმი დაქვემდებარება. არ არსებობს სისასტიკე ცნობიერების გარეშე, ერთგვარი გამოყენებითი ცნობიერების გარეშე. სწორედ ცნობიერება აძლევს თითოეული ცხოვრებისეული ქმედების განხორციელებას სისხლისფერს, სისასტიკის ელფერს, ვინაიდან ცნობილია, რომ სიცოცხლე ყოველთვის ვინმეს სიკვდილია.
მეორე წერილი
პარიზი, 14 ნოემბერი 1932
ჟ. პ.-ს
ძვირფასო მეგობარო,
სისასტიკე არ არის ჩემი ნააზრევის დანამატი, იგი ყოველთვის მასში იყო, უბრალოდ, მე ეს უნდა გამეცნობიერებინა. სიტყვა „სისასტიკეს“ მე ვიყენებ სიცოცხლის წყურვილის, კოსმოსური განუხრელობისა და ულმობელი აუცილებლობის გაგებით, წყვდიადის შთანმთქმელი ცხოვრებისეული მორევის გნოსტიკური გაგებით, გარდაუვალი აუცილებლობის მიღმა არსებული იმ ტკივილის გაგებით, რომლის გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებდა. სიკეთე ნებაყოფლობითია, რადგან იგი ქმედების შედეგია. ბოროტება კი მუდმივია. როცა უჩინარი ღმერთი ქმნის, იგი ემორჩილება შემოქმედებითობის სასტიკ აუცილებლობას, რომელიც თავად მასზეა დაწესებული და მას არ შეუძლია, არ შექმნას, ანუ – არ დაუშვას სიკეთის ნებაყოფლობითი მორევის ცენტრში ბოროტების მარცვალი, რომელიც უფრო და უფრო მცირდება და ინავლება. თეატრიც, როგორც უწყვეტი შემოქმედებითობა და ერთიანი მაგიური ქმედება, ამ აუცილებლობას ემორჩილება. პიესა, რომელშიც არ არის ეს ნება, სიცოცხლის ეს ბრმა წყურვილი, ყოველგვარი წინააღმდეგობის დამძლევი, თითოეულ ჟესტში, თითოეულ მოძრაობასა და მოქმედების ტრანსცენდენტურ ასპექტში რომ ვლინდება, უსარგებლო და შეუმდგარი პიესაა.
მესამე წერილი
პარიზი, 16 ნოემბერი 1932
ბ-ნ რ. დე რ.-ს[2]
ძვირფასო მეგობარო,
გამოგიტყდებით, რომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია შენიშვნები, რომლებიც ჩემი სათაურის მიმართ გამოითქვა. რადგან მგონია, რომ შემოქმედებითობა და თავად სიცოცხლე განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული განუხრელობით, ანუ იმ ძირეული სისასტიკით, ყოველივეს რომ ნებისმიერ ფასად გარდაუვალი დასასრულისკენ მიაქანებს.
ძალისხმევა სისასტიკეა, ძალისხმევით არსებობა სისასტიკეა. როცა ბრაჰმა სიმშვიდიდან გამოდის და ყოფიერებამდე განივრცობა, მას იპყრობს ტანჯვა, რომელიც შეიძლება სიხარულის ჰარმონიკებს გამოსცემს, მაგრამ მრუდის უკიდურეს ზღვარზე, შემზარავ დაქუცმაცებაშიღა გამოიხატება.
ცხოვრების ქარცეცხლში, სიცოცხლის წყურვილში, სიცოცხლისკენ უსაფუძვლო სწრაფვაში არის რაღაც პირველყოფილი სიბოროტის მსგავსი: ეროსის ლტოლვა სისასტიკეა, რადგან იგი ანადგურებს შემთხვევითობებს; სიკვდილი სისასტიკეა, აღდგომა სისასტიკეა, ფერისცვალება სისასტიკეა, რამდენადაც არსად ამ დახშულ და წრიულ სამყაროში არ მოიძებნება ადგილი ნამდვილი სიკვდილისთვის; ამაღლება რღვევაა, დახშული სივრცე სიცოცხლეებით იკვებება, ყოველი ძლიერი სიცოცხლე სუსტს სძლევს, ანუ შთანთქავს მას იმ ხოცვა-ჟლეტაში, ფერისცვალებასა და სიკეთეს რომ უწოდებენ. აღქმად სამყაროში, მეტაფიზიკური თვალსაზრისით, მუდმივად ბოროტება კანონობს, ხოლო რასაც სიკეთეს ვუწოდებთ, ეს ძალისხმევაა და შესაბამისად – ერთ სისასტიკეს დამატებული მეორე სისასტიკე.
ამის არგაგება ნიშნავს მეტაფიზიკის იდეების არგაგებას. და ყოველივე ამის შემდეგ, დაე, ნუ მეტყვიან, რომ ჩემი სათაური შეზღუდულია. სწორედ სისასტიკით მკვრივდება საგნები და ხორცს ისხამს ყოფიერების გეგმა. სიკეთე ყოველთვის ზედაპირზეა, წიაღი კი ბოროტებაა; ბოროტება, რომელიც ბოლოს შემცირდება, მაგრამ – მხოლოდ იმ უზენაეს წამს, როცა ყოველივე, რასაც ხორცი ესხა, მზად იქნება ქაოსში დასაბრუნებლად.
ფრანგულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ
Antonin Artaud
Letters about Cruelty
The magazine has started publishing the collection of letters:“Letters about Cruelty” by French writer, poet, dramatist, theater critic, and painter- Antonin Artaud. The author talks about rational and irrational forms of “cruelty” and says: “I don’t inoculate permanent horror. The word “cruelty” needs to be examined in a larger context and not with material and raptorial understanding, which are usually ascribed to it. Therefore, I demand the right to throw away the usual way of understanding language, once and for all break the shell, break the chain and finally return to it’s etymological origins, where concrete meaning is always considered along with the abstract concepts”.
Translated from French and notes by Bachana Chabradze
[1] ჟ. პ. – ჟან პოლანი (Jean Paulhan, 1884-1968), ფრანგი მწერალი, კრიტიკოსი და გამომცემელი, „ახალი ფრანგული ჟურნალის“ (NRF) მთავარი რედაქტორი.
[2] ბ-ნი რ. დე რ. – ანდრე როლან დე რენევილი (André Rolland de Renéville, 1903-1962), ფრანგი პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი, ლიტერატურული ჟურნალის „ჰერმესის დღიურების“ (Les Cahiers d’Hermès) დამფუძნებელი და არტურ რემბოს ნაწარმოებების პირველი სრული გამოცემის ხელმძღვანელი „პლეადის ბიბლიოთეკის“ სერიით.