როსტომ ჩხეიძე - სტატია

საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა

, , ,

(რომანტიკული დრამიდან ფარსამდე)

სენტენციად ჩამოაყალიბებდა ოთარ ჩხეიძე რომანში – „ბერმუდის სამკუთხედი“  თავისუფლებისა და მორჩილების შედარებით ხატს:

თავისუფლება ბუნებაა, ფეთქვაა ბუნებისა და ბუნებას მიჰყოლიან ბუნებისანიო.

მონობა გონების ნაყოფი ყოფილა და გონებას გონებისანი მიჰყოლიანო.

ზოგნი რომ გაყოფილიყვნენ?

აქაც ყოფილიყვნენ და… იქაც ყოფილიყვნენ?

ანუ ისე მომხდარიყო, რომ:

დამორჩილებოდნენ ორივე ძალას.

თუნდ ალექსანდრე ჭავჭავაძე:

სიჭაბუკისას 1804 წლის მთიულეთის აჯანყების მონაწილე ისღა რომ შემორჩებოდა ლტოლვილ ფარნაოზ ბატონიშვილს და მასთან ერთად შეიპყრობდნენ.

დავაჟკაცებული 1812 წლის კახეთის აჯანყებისას იმპერიული ხელისუფლების მხარეს რომ იბრძოლებდა, რუსის გენერალიც შეიქნებოდა და რუსის სიმამრიც, იმ ალექსანდრ გრიბოედოვისა, ქართველთა აყრა-გადასახლების გეგმით რომ ჩამოსულიყო ჩვენს ქვეყანაში.

და მაინც კვლავ რომ მოთქვამდა ალექსანდრე ჭავჭავაძე:

წყეულ არს ის დრო, როს სამკვიდრო დავკარგეთ კრულნიო!..

და გრიგოლ ორბელიანიც ასევე არ გაყოფილიყო?

გაჰყვებოდა ბუნებასაც.

და გონებასაც გაჰყვებოდა.

ამ ორი სახელის ერთად ხსენებას რომანში გამოიწვევდა არა პირადი მეგობრობა თუ ერთი მიმდინარეობის პოეტური ხილვები, არამედ:

მშვენიერ ნინოს ალექსანდრე ჭავჭავაძე გრიბოედოვს რომ გააყოლებდა და არა გრიგოლ ორბელიანს, არად ჩააგდებდა გრიგოლის სიყვარულს ნინოსადმი, მართლაც ჭეშმარიტ სიყვარულს, სხვას რომ აღარავის შეიყვარებდა და გადაეგებოდა უცოლოდ და უძეოდ.

და დასძენდა ოთარ ჩხეიძე:

სიუჟეტია რომანტიკული დრამისაო!…

და ძალდაუტანებლად რომ წამოაგონდებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის გმინვით აღსავსე სტრიქონი:

ვახ, დრონი, დრონიო!..

ის განცდაც გაუჩნდებოდა:

დრო გასვლია, ახლა ფარსისთვის თუ გამოდგებაო.

შემთხვევით არ წამოცდებოდა ოთარ ჩხეიძეს, გრიგოლ ორბელიანის უნუგეშო ტრფობის ამბავი ნინო ჭავჭავაძისადმი რომანტიკული დრამის სიუჟეტად მიმზიდველი მასალა, სულაც მისწრება რომ გახლდათ.

თვითონვე ფიქრობდა ამ სიუჟეტის დრამატურგიულ დამუშავებას და… სანანურად ექნებოდა, ესეც და კიდევ რამდენიმე სიუჟეტური ქარგა თუ თემა – ზოგი ტრაგედია და ზოგიც კომედია – დაუწერელი რომ რჩებოდა. რომანებზე გადაერთვებოდა და… ამდენს ვეღარ აუვიდოდა.

საგულისხმოა ის დაკვირვებაც:

ახალი დროის პირობებში ამ სიუჟეტს ფარსი რომ მოუხდებოდა, სცენისთვის ის უფრო ხელსაყრელი რომ აღმოჩნდებოდა და რეჟისორებსაც ეს ჟანრობრივი გარდასახვა უფრო დააინტერესებდათ.

რომ არა „მატიანე ქართლისაის“ 24-რომანიანი ციკლის მოთავების წადილი, შესაძლოა, ოთარ ჩხეიძეს სიყვარულის ეს ტრაგედია ორივე ჟანრად გაეაზრებინა და ორი პიესაც შეექმნა:

ერთი – რომანტიკული დრამა

და

მეორე – ფარსი.

და ორივეც დადგმულიყო სხვადასხვა თეატრში, ყოველ შემთხვევაში, სხვადასხვა რეჟისორის მიერ.

საგულისხმო კი იქნებოდა ამგვარი ექსპერიმენტი!..

ერთი სიუჟეტური ქარგის დამუშავება ერთი შემოქმედის მიერ სრულიად განსხვავებული, სრულიად საპირისპირო სტილისტიკით!..

რამდენგვარი ექსპერიმენტი იცის დრამატურგიამაც და სცენამაც, მაგრამ… ასეთი?

და ბარემ ესეც მოისინჯებოდა.

ოდესმე შესაძლოა, გამოჩნდეს ისეთი დრამატურგი, ერთნაირად რომ ემარჯვებოდეს ტრაგედიაცა და კომედიაც, რომანტიკული დრამაცა და ფარსიც, რეალისტური პიესაცა და აბსურდის სტილისტიკის დრამაც, ჯერჯერობით კი ამ სიუჟეტურ ქარგაზე ვინ რომანტიკულ დრამას შექმნის და ვინ – ფარსს.

ისე… ამგვარ ექსპერიმენტს ხომ მაინც შეიძლება მოებას თავი:

ამ სიუჟეტზე რომანტიკული დრამა შექმნას ლაშა თაბუკაშვილმა.

და სცენური სიცოცხლე მიანიჭოს რობერტ სტურუამ, რომელიც ამ პიესას ფარსად აქცევს.

განმეორდეს ის, რაც ერთხელ უკვე მოხდებოდა მათი შემოქმედებითი თანამშრომლობისას:

ლაშა თაბუკაშვილის რომანტიკული დრამა „სადღაც… ცისარტყელას მიღმა!“ რობერტ სტურუას ხელთ ფარსად რომ იქცეოდა ანუ განიცდიდა სწორედ იმგვარ ჟანრობრივ ცვლილებას, ისეთ მკვეთრსა და საპირისპიროს, რაც მოსალოდნელია, რომ მოჰყვეს გრიგოლ ორბელიანის ტრაგიკული სიყვარულის ამბავს…

ესეც გარდაუვალი ყოფილა, სიყვარულის აღქმის ამგვარი მეტამორფოზა!..

გრიგოლ ორბელიანი მხოლოდ ჰეროიკული სულის წარმოსახვის გამო არ აღფრთოვანებულა ალექსანდრე ყაზბეგის მხატვრული სამყაროთი, უაღრესი სულიერი სიახლოვე უნდა ეგრძნო მის სიყვარულით გათანგულ პერსონაჟებთანაც, ყაზბეგის გმირები ამ მხრივაც რუსთველურ სიმაღლეზე რომ ადიან – სიყვარულის უზენაესობის განცდითაც და აღმაფრენითაც უტოლდებიან „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს.

თითქოს გრიგოლ ორბელიანის ამაღლებულ და ტრაგიკულ სიყვარულზე წერდა ალექსანდრე ყაზბეგი, ღვთიურობამდე აღზევებულზე.

მის ამ უკიდურესობამდე მისულ გრძნობას რომ ვაცნობიერებთ, აღარ გვიკვირს, რას გადაჰგებოდა და შესწირვოდა გრიგოლ ორბელიანი, რისთვის გაემეტებინა თავი.

მაგრამ ნინო ჭავჭავაძე რაღას გადაეგებოდა და შეეწირებოდა, როგორ გინდა გაიგო, იმას რიღასთვის გაემეტებინა თავი… მედეასავით მაინცდამაინც მისი სამშობლოს დაქცევის მოსურნეს რომ ემსხვერპლებოდა…

***

თავისუფლებას ბუნებისანი მიჰყვებიან.

მორჩილებას მიჰყვებიან გონებისანი.

და სიცოცხლის აზრიცა და წყურვილიც ეს ყოფილა, რომ:

დიდ არს ძალა ბუნებისა და ბუნების ფეთქვისა!..

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…