რატომ უელბეკი?

რატომ უელბეკი?

, , ,

წლების წინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მიწვეულ ფრანგ დიპლომატს წამყვანმა ჰკითხა, ვინ დარჩება თანამედროვე ფრანგი მწერლებიდან ფრანგული ლიტერატურის ისტორიაშიო. ელჩმა დაასახელა მხოლოდ ერთი მწერალი: მიშელ უელბეკი. ბუნებრივია, იბადება შეკითხვა – რატომ უელბეკი?

ფრანგი მწერალი წერს საზოგადოებაზე, რომელმაც კულტურა, სულიერება და სიყვარული დაკარგა. თანამედროვე ადამიანმა საზრისი ჩაანაცვლა კეთილდღეობით და ვიტალურობის ბოლო ინსტინქტებთან ერთად კეთილდღეობასაც კარგავს. ოსვალდ შპენგლერი ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ბედნიერი იქნებოდა პროგნოზის გამართლებით. ევროპა სულ უფრო ემსგავსება მესამე სამყაროს, რომლის კოლონიზაციასაც თავად ახდენდა წინა საუკუნეებში.

უელბეკი, ისევე როგორც ლუი ფერდინანდ სელინი, კაპიტალიზმს აკრიტიკებს უკიდურესად მარჯვნიდან. მკითხველი, რომელიც მიჩვეულია კაპიტალის მემარცხენე ინფანტილურ კრიტიკას, უელბეკის პოზიციას ვერ აღიქვამს. უმეტესობა ხედავს მხოლოდ ნაწილს, მხოლოდ პროექციას. ფრაგმენტებში კი არ ჩანს მთელის შინაარსი.

მთელს ხედავს მხოლოდ ის, ვინც საკუთარი ინდივიდუაციით არის ჩართული იმ ეგზისტენციალურ ვითარებაში, რომელსაც უელბეკი აღწერს.

ეს უიმედობის სამყაროა. უელბეკი წერს მათთვის, ვისაც, მარტინ ჰაიდეგერს თუ დავესესხებით, არ ეშინია და არ გაურბის „ნიჰილიზმის მძიმე ცოდნას“. ევროპა ჰაიდეგერისთვის საღამოს ქვეყანაა. იხილო პირველმა დაისი, რჩეულთა ხვედრია. მოდერნის კარტეზიანული სიჯიუტე, თეორიული ადამიანის გენეზისი, მოყოლებული სოკრატედან დღემდე, ყოფიერების დავიწყებით დამთავრდა. ტოტალურ რაციონალიზმს სქემატიზაციის ტერორი მოჰყვა. სხეული სულზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ზომბის სახით განაგრძო არსებობა.

პოსტადამიანის სხეულს არ სჭირდება ეგზისტენციისა და ინდივიდუაციის აქტის განხორციელება, რადგან მას არ აქვს დროში არსებობის შემოსაზღვრულობის შეგრძნება. ის ვერ აყალიბებს შეკითხვას ყოფიერებაზე; ცხოვრობს ისე, თითქოს სიკვდილი არ არსებობს; კვდება ისე, თითქოს არც უცხოვრია. ჰაიდეგერმა ომის შემდგომი გერმანია არ მიიღო; ყველაფერს განერიდა და სოფელში დასახლდა. ფონ ვაიცზეკერი (გერმანელი ფიზიკოსი, ატომბირთვის მოდელის ავტორი) იხსენებს ერთ  ეპიზოდს ჰაიდეგერის ბიოგრაფიიდან. ფილოსოფოსმა მას შესთავაზა გასეირნება ტყეში. მოულოდნელად ბილიკი დამთავრდა. ჰაიდეგერმა გაკვირვებულ თანამგზავრს აუხსნა, რომ ეს იყო თემშარა, რომელიც მთავრდება და არ უერთდება სხვა ბილიკს ან გზას. ყველაფერს, რაც მთავრდება, მივყავართ სათავესთან. მიშელ უელბეკიც მსგავს მოგზაურობაში გვეპატიჟება პოსტადამიანების სამყაროში. ეპიზოდი ჰაიდეგერის ბიოგრაფიიდან უელბეკთან („რუკა და ტერიტორია“) ირონიული ალუზიის წყარო ხდება:

„ჟასლინი მარტინ ჰაიდეგერის იმ ქუჩას გაუყვა, რომელიც სოფლის უცნობი უბნისკენ მიემართებოდა. მიდიოდა ჟასლინი და ფიქრობდა მერიის ჩინოვნიკების თავნებობაზე, ასე დაუფიქრებლად რომ არქმევენ ქუჩებს სახელებს. ლაიბნიცის ჩიხთან შეჩერდა და პარმენიდეს მოედნისკენ განაგრძო სვლა. დაინახა ავტოსადგომი გადახდის ელექტრონული სისტემით. სამხრეთით სოფელი იმანუელ კანტის შესახვევით მთავრდებოდა. ესთეტიკური თვალსაზრისით, ეს მკაცრი, ურბანისტული ქმნილება წარმოადგენდა უზადო, რუხი ფერის ჩაკეტილ მოედანს, რომელსაც არანაირი გამოსასვლელი არ ჰქონდა“.

„რუკა და ტერიტორია“ მიშელ უელბეკის ყველაზე ინტერტექსტუალური რომანია. მასში შეხვდებით როგორც XIX საუკუნის ფრანგული კრიტიკული რეალიზმის სიუჟეტს (კარიერისტი ალფონსის პერსონაჟი: ზოლა, ფლობერი, მოპასანი), ასევე ფსიქოლოგიური რუსული რომანის (ჯედ მარტენისა და მამის ურთიერთობა წააგავს არკადი დოლგორუკისა და ვერსილოვის ურთიერთობას) ელემენტებს, ფრანგული დეტექტივის (სიმენონი) სტილიზაციას და აშკარა პარალელს ოსკარ უაილდის რომანთან – „დორიან გრეის პორტრეტი“. სიუჟეტი ვითარდება იმ კონტემპორარი არტის ირგვლივ, რომელიც უელბეკს თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ ინფერნალურ მოვლენად და სიმახინჯედ მიაჩნია.

სულის გარეშე დარჩენილი სხეული ასოცირდება ლპობასთან, წარმავლობასთან, ფიზიოლოგიზმთან, დეტერმინირებული დასასრულის მოლოდინთან, კიბოსთან და კანცეროფობიასთან, „ხელოვნურ ანუსთან“, რომლისგანაც ვერ გიხსნის ფინანსური და სოციალური წარმატება. ჯედ მარტენის მამას კიბო აქვს; ექიმები ახალ ტექნოლოგიურ მიღწევას – „ხელოვნური ანუსის“ იმპლანტაციას სთავაზობენ, ის კი ევთანაზიას ირჩევს.

ჯედ მარტენი, ახალგაზრდა მხატვარი, რუკებით არის დაკავებული; თუმცა საკუთარი სამუშაო ინტერესსა და სიამოვნებას არ ანიჭებს. რუკა ტერიტორიის ის სიმულაკრია, რომელმაც პრაქტიკულად უკვე ჩაანაცვლა ორიგინალი. ახლად გაცნობილი გალერეის დირექტორი ჯედ მარტენს ურჩევს, ფერწერას დაუბრუნდეს. წარმატებისთვის რეცენზია არის საჭირო. რეცენზენტის კანდიდატურაც შეირჩა: ცნობილი მწერალი – მიშელ უელბეკი (უელბეკი საკუთარი რომანის გმირია). ჯედ მარტენი მწერალს ირლანდიაში ჩააკითხავს და რეცენზიის დაწერაზე დაითანხმებს.

უელბეკი იუმორით აღწერს საკუთარ პორტრეტს: ნევროტიკი მწერალი, რომლის მთავარი მიზანი ყოველდღე რამენაირად საღამომდე მიღწევაა. ამ მიზნის მიღწევაში მას ორი რამე ეხმარება: ღვინო და ირლანდიის კლიმატი.

ირლანდიაში უფრო მალე ღამდება და მწერალს ნაკლები ძალისხმევა სჭირდება ცხოვრებისთვის. ამიტომ გადასახლდა ჩრდილოეთში. გაბურძგნილი და დაუბანელი (დეპრესიის გამო ხშირად ტანს არ იბანს) ფულის სანაცვლოდ თანხმდება რეცენზიის დაწერას. თუმცა მალე საკუთარი ნიჭის მსხვერპლი ხდება. მადლიერი ჯედი უელბეკისთვის პორტრეტს ხატავს და ჩუქნის. უელბეკის რეცენზიის წყალობით ჯედ მარტენი ცნობილი და მდიდარი მხატვარი ხდება. დორიან გრეისაგან განსხვავებით, უელბეკი სულ უფრო მეტად ბერდება და მახინჯდება. მისი პორტრეტის ფასი კი იზრდება და მილიონებს აღწევს. მაღალი ფასის გამო პორტრეტით კრიმინალები ინტერესდებიან. ისინი კლავენ უელბეკს და პორტრეტს იტაცებენ.

ჯერ კიდევ დოსტოევსკი აღნიშნავდა (რომანი „ყმაწვილი“), რომ თვითმკვლელი ესთეტები ყოველთვის წინასწარ ფიქრობენ საკუთარ გვამებზე. მცირე დეტალებსაც გეგმავენ, რადგან მერე რამის გამოსწორება და წესრიგში მოყვანა უკვე შეუძლებელია. უელბეკიც არ ტოვებს უყურადღებოდ საკუთარ გვამს. კრიმინალისტური ექსპერტიზის შედეგებს დეტალურად აღწერს. მწერალი აღნიშნავს, რომ ყოველთვის უკმაყოფილო იყო საკუთარი ხორცით და  ამაყობდა საკუთარი ჩონჩხით.

უელბეკი არ არის პირველი – ვენედიქტ ეროფეევიც თავისი ნაწარმოების ის პერსონაჟია, რომელსაც ფინალში ყაჩაღები კლავენ. თუმცა, ეროფეევი ახალი აღქმის საკუთარ ვერსიას წერდა (პაველ პავლიკოვსკის ფილმი – „მოსკოვი პეტუშკები“ სახარებასთან ანალოგიის თემაზე. ჯვარცმის სცენები გამოსაფხიზლებელში). უელბეკთან არ არის მესიანიზმი. მას არც სურვილი და არც ამბიცია არა აქვს, იყოს ჯვარცმული.

ეროფეევთან ტანჯვა სულიერების წყაროა, უელბეკთან კი – აბსურდის.

უელბეკის მკვლელობის გამომძიებელი პოლიციელი კომისარ მეგრეს პროტოტიპია, ოღონდ – ბებერი მეგრეს. მალე პენსიაზე გადის; მემკვიდრე არ ჰყავს. ნაშვილები ძაღლიც კი უნაყოფო აღმოჩნდა. კომისარი პენსიაზე ლეკვებთან თამაშით ვერ გაერთობა. რამე სხვა უნდა მოიფიქროს. მანამდე კი საშიშროებაა, რომ უელბეკის საქმე გაუხსნელი დარჩება.

ნივთმტკიცება არ არსებობს. ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის შესწავლამ აჩვენა, რომ მწერალს პრაქტიკულად არავისთან ჰქონდა ურთიერთობა; მხოლოდ გამომცემლებთან აწარმოებდა საქმიან მიმოწერას. ინტერნეტ ბრაუზერის ისტორიაც კი ცარიელი აღმოჩნდა. ჯედ მარტენი ხვდება, რომ უელბეკის სული მასში ჩასახლდა. ახლა მან უნდა გაიაროს იგივე გზა, იცხოვროს მსგავსი ცხოვრებით. ჯედი მამას შვეიცარიაში ჩააკითხავს. ევთანაზიის ბიზნესი წარმატებულად ფუნქციონირებს, ვითარდება და ბიუჯეტში იხდის სოლიდურ გადასახადს. უკეთ იხდის,  ვიდრე გვერდით შენობაში განთავსებული ბორდელი (თანატოსმა დაამარცხა ეროსი). ფირმის თანამშრომლები მუყაითად საქმიანობენ; კუბოებს მანქანაში ტვირთავენ და კრემატორიუმში მიაქვთ. ფერფლი შვეიცარიის ტბებში იფანტება, რასაც ადგილობრივი ეკოლოგები აპროტესტებენ. ლათინური ამერიკიდან შემოყვანილი თევზისთვის ევროპელი ბიურგერების ფერფლი ნოყიერი საკვები გამოდგა. მიგრანტი თევზები ძლიერ გამრავლდნენ და პრაქტიკულად განდევნეს ადგილობრივი ჯიშები (იუმორი პოლიტიკური ქვეტექსტით). ჯედს ფირმის მდივანი უყვება, რომ მამამისთან დაკავშირებით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სანერვიულო არაფერია; ფერფლი უკვე უტილიზირებულია. ჯედი ხვდება, რომ ოდესმე მასაც მოუწევს ანალოგიური სერვისით სარგებლობა.

რომანის ცენტრალური ეპიზოდი ჯედ მარტენის მამასთან დიალოგია. ევთანაზიის წინ მშობელს სტუმრობს. ჯედის მამა, ცნობილი და შეძლებული არქიტექტორი, ახალგაზრდობაში იმედისმომცემი ხელოვანი იყო და „თვით ჟილ დელიოზმაც კი მოიხსენია სტატიაში“.  პრაგმატიზმმა, ფუნქციონალიზმმა და კორბუზიეს უტილიტარულმა იდეებმა მისი ნიჭისგან არაფერი დატოვა. დასასვენებელ სანატორიუმებსა და ტიპურ საცხოვრებელ კორპუსებს კეთილდღეობა მოჰყვა. კორბუზიე იდიოტი იყო და სწორედ ამიტომ გაიმარჯვა მისმა ტოტალიტარულმა, ლიბერალურმა, მარქსისტულმა იდეებმა ესთეტიკის სფეროში. ადამიანის შრომის მთავარი მოტივი ღმერთის სიყვარული იყო მანამ, სანამ  კაპიტალიზმმა არ ჩაანაცვლა გამდიდრების სურვილით.  

მარქსიზმმა ადამიანს გამდიდრების მოტივიც წაართვა, ამიტომ ეკონომიკურად წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ვულგარულობისა და პრიმიტიულობის გამო დაიპყრო მთელი ჰუმანიტარული და სახელოვნებო სივრცე.

უილიამ მორისი პრერაფაელიტების სკოლის მთავარი ფიგურაა; პოეტი და ხელოვანი. პრერაფაელიტებმა პირველებმა დაინახეს საფრთხე, რომელსაც ხელოვნებაში ინდუსტრიული შრომა შეიცავს. უელბეკი თვლის, რომ ევროპული ხელოვნების კვდომა აღორძინების ეპოქაში დაიწყო. ლეონარდო, ბოტიჩელი, რემბრანტი არაფრით განსხვავდებიან ჯეფ კუნსისა თუ დემიან ჰერსტისგან. დაქირავებული მუშახელი, სპონსორები და პიარი, წარმოების ქარხნულ ინდუსტრიულ წესს განასახიერებენ.

აღორძინების ეპოქაში ხელოვნება კომერციულ სფეროდ გადაიქცა; გაწყვიტა კავშირი შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელ სულიერებასა და ავთენტურობასთან. საბოლოო ჯამში, ამას მოჰყვა ვალტერ გროპიუსი, ბაუჰაუზი, მოდერნ და კონტემპორარი არტი.

უილიამ მორისი, ისევე როგორც იოზეფ ბოისი, თვლიდა, რომ სილამაზის წარმოების უფლება ყველას აქვს. ბაუჰაუზის მანიფესტიც ფორმალურად არ განსხვავდება ამ წარმოდგენისგან. თუმცა ბოისისგან განსხვავებით, პრერაფაელიტებს ესმოდათ ინდუსტრიული შრომის საფრთხე. უილიამ მორისი თვლიდა, რომ ყველაფერი, მათ შორის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები, ხელოვნების ნიმუშივით უნდა იქმნებოდეს; ლე კორბუზიემ კი ისინი აქცია ხელოვნების ნაწარმოებად.

მანამ, სანამ ადამიანი ხელით მუშაობდა, თითოეული დეტალი ორიგინალი იყო და აღარ მეორდებოდა. ჩარხთან ერთად, მატერიალურსა და შემდგომ სულიერ წარმოებაში, გაჩნდა სიმულაკრი ანუ ასლი – გამეორების უსასრულო ციკლი, რომელსაც ორიგინალი უკვე აღარ მოეპოვებოდა. პრერაფაელიტები ჩარხებიდან ისევ ხელით შრომაზე გადასვლას მოითხოვდნენ. რასაკვირველია, არაფერი მსგავსი პრაქტიკაში არ განხორციელდა. ქარხნული წარმოება უფრო ეფექტურია, ვიდრე – მანუფაქტურა. კაპიტალის დიალექტიკა სწორედ მის ეფექტურობაშია. სიყალბის წარმოება ეკონომიკურად ყოველთვის უფრო მომგებიანი და რენტაბელურია. გაუცხოებას თავად შრომისა  და წარმოების ბუნება ქმნის და არა პროდუქტის განაწილებაში უთანასწორობა, როგორც მარქსს ეგონა (მარქსიზმის ბოდრიარისეული კრიტიკა ამ ფაქტს ეფუძნება). შუა საუკუნეების ხელოვანები ხელოვნების ორიგინალურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ. აღორძინების ეპოქაში იწყება ორიგინალიდან ასლის წარმოება; ჩნდება მოდა. მოდერნ და კონტემპორარი არტში იწყება პირუკუ პროცესი. ასლისგან ორიგინალის წარმოება. ლეონარდოს ან მიქელანჯელოს ფერწერული ტილოები საგამოფენო სივრციდან გარეთ რომ გაიტანონ, მაინც შეინარჩუნებენ ღირებულებას. თუ მარსელ დიუშანის  „პისუარს“ საგამოფენო სივრციდან გარეთ გაიტანთ, ის ჩვეულებრივ, დამტვრეულ და გამოუსადეგარ სანტექნიკად იქცევა იმიტომ, რომ სინამდვილეში ასლისგან შექმნილი ორიგინალია (ეს ფაქტი ხშირად მოჰყავს საილუსტრაციოდ ბორის გროისს).

უელბეკი პრერაფაელიტებს რომანის დიდ ნაწილს უთმობს. მისი ინტერესი არ არის შემთხვევითი. თანამედროვე საზოგადოების, კულტურისა  და ხელოვნების რადიკალური მიუღებლობა უელბეკის მთავარი თემაა. ესთეტიკური და პოლიტიკური შეხედულებებით ფრანგი მწერალი ახლოს დგას გერმანელ ეგზისტენციალისტებთან და რუს ევრაზიელებთან.

უელბეკი წარსულში იყურება და იდეალს შუასაუკუნეებში ხედავს.

მას შეიძლება, კონსერვატორი რევოლუციონერიც ვუწოდოთ, თუმცა ეს ცალკე განხილვის თემაა.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…