(გორის თეატრი ახალი სეზონის წინაშე)
„არტანუჯი“ კიდევ ერთ კარგ სერიას რომ წამოიწყებდა წლების წინათ: „თანამედროვე დრამატურგია“ – თანადროულ ირანულ დრამატურგიასაც დაეთმობოდა ერთი წიგნი, გიორგი ლობჟანიძე ჩვეული ხელოვნებით რომ აქცევდა ქართული მწერლობის კუთვნილებად.
და ამ კრებულის გაცნობა მათქმევინებდა ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერიდან, დილის გადაცემის ლიტერატურულ მიმოხილვაში:
ისე როგორ იქნება, ადრე თუ გვიან რომელიმე რეჟისორმა რომ ხელი არ მოჰკიდოს რომელიმე ნიმუშს – მეთქი.
და, აი, ნიკო ჰაინე-შველიძეს უნდა მიენიჭებინა სცენური სიცოცხლე ამირ დეჟაქამის პიესისათვის – „დაუძახე, ბროწეულო, პურის თავთავო!“
და ეს უნდა მომხდარიყო გორის თეატრის კედლებში, თეატრისა, რომლის არსებობაც 177 წელს უკვე მოითვლის და ისეთი დიდებული სახელებითაც დამშვენებულა ეს ისტორია, ქართული კულტურის საგანძური უიმათოდ წარმოუდგენელი რომ გახლავთ:
გიორგი ერისთავი თუ ივანე მაჩაბელი, ნიკო ლომოური თუ სოფრომ მგალობლიშვილი, ვასილ ყუშიტაშვილი თუ ლილი იოსელიანი…
უამრავი შესანიშნავი დადგმა ახსოვს გორს, რომლის მაყურებელიც ყოველთვის განთქმულიყო თავისი გემოვნებითა და დახვეწილობით და სწორედ მათი არსებობა განსაზღვრავდა ამ თეატრის მაღალ დონეს, ქალაქის კულტურულსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე სასიკეთო ზეგავლენას რომ ახდენდა.
ეს არის მართლაც დიდი ისტორია, რომელსაც უსათუოდ გამოუჩნდება თავისი შესაფერისი მემატიანე, მარცვალ-მარცვალ და ნაბიჯ-ნაბიჯ რომ აღნუსხავს გორის თეატრის სულიერ მონაპოვარს, რომელსაც კვლავდაკვლავაც მიემატება მნიშვნელოვანი სპექტაკლები, ხოლო ამა წლის 2 ოქტომბერს 178-ე სეზონის გახსნა ამირ დეჟაქამის პიესას უნდა ედო თავს, და მსახიობებს: გიორგი გოგუაძესა და კახა ბერიძეს – ასე ცოცხლად, ასე ექსპრესიულად უნდა მოეტანათ მაყურებლამდე სინათლისაკენ გამყივარი ძახილი მარტოდშთენილი ადამიანისა, რომელიც არ ურიგდება ტრაგიკულ რეალობას და მისგან გაღწევას ლამობს.
და კიდევ ერთხელ უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ:
თეატრი მარტოოდენ გარეგნული სანახაობა არ არის და სიტყვას უნდა ენიჭებოდეს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა, სიტყვა უნდა იყოლიებდეს მაყურებელს, სიტყვა უნდა ეღვრებოდეს სულის ამაფორიაქებლადაც და სიცილის მომგვრელადაც, სიტყვა უნდა წვდებოდეს გულისგულში და ამახსოვრებინებდეს თავს.
თავანკარა, მადლიანი, მუხლადი და ბედაური სიტყვა!
ეს სიტყვა მოსდგამს გორსა და ქართლს, ეს სიტყვა მოსდგამს ქსნის, ლიახვისა და ფრონეს ხეობებს.
და გიორგი ლობჟანიძეს ფრონეს ხეობიდან რომ გამოჰყოლია ეს მადლი სიტყვისა, ირანელ დრამატურგსაც ისეთი შთამბეჭდავი ქართულით აალაპარაკებდა, შეგეხარბება!..
სტილურ-ენობრივი დახვეწილობისა და ექსპრესიისათვის თუნდ ეს პასაჟი რომ გავიხსენოთ:
„ვხედავ, ვიწვები, ფარფლებს ვაფართხალებ, ვიტანჯები, მაგრამ არ მჯერა, რომ ის ასეთი უსიყვარულო იყოს. არა, ის ძალიან სიყვარულიანია! როგორც ჩანს, მე ვერ გავიგე! ჩემი ცხოვრების ორმოცი წლის განმავლობაში მრუდედ არ მივლია, მრუდედ არ დავმჯდარვარ, მრუდედ არაფერი მითქვამს. რაც იყო, ყველაფერი ასეთი იყო (ხელისგულს უჩვენებს). ამიტომაც ძალიან გავწვალდი! მამასხარავებდნენ. გასაგებია, რომ ასეთი კაცი მარტო რჩება! მესნევიებს დავეწაფე. ყველა წავიკითხე. მათ შორის მხოლოდ ერთი იყო ჩემსავით მარტოსული. ისე, თითქოს, ყველამ, რაც კი დაწერა, მარტოობის სევდაში დაწერა. იცი, ყველა მარტოა. არ ვიცი, ეგებ ადამიანის ხვედრი მარტოობაა და არ კი ესმის. რომ ესმოდეს, დამშვიდდებოდა მაინც.“
ან კიდევ ეს:
„შენ ცხედარი გწადია! კარგი! დაბალი და მაღალი რითი განსხვავდება? ქალი და კაცი რითი განსხვავდება? მსუქანი და გამხდარი? ვინმე უნდა მოკვდეს? ის ვინმე მე ვიქნები! რა განსხვავებაა! გაუშვი, ის წავიდეს! ოცი და კიდევ რამდენიმე წელი ქალისთვის ცოტაა. ორმოცი წელი ჩემთვის საკმარისია. დანარჩენი აღარ მწადია! ზუსტად ვიცი, სამოცი წელი დამრჩა, ყველა შენი იყოს. გაუშვი, ვიზარალო, ამ ორმოცი წლისაგან რა ხეირი მინახავს, რომ სამოცს დაველოდო? შენთან გარიგება ყოველთვის ჩვენი ზარალით მთავრდებოდა. ყველას ყოფა გვიტირე! აღარ გახსოვს, ერთი ცხვირსახოცის გამო კეისარია ცეცხლს როგორ მიეცი? ბოლოს და ბოლოს ერთი თავთავი და ამდენი გასაჭირი. მამაჩვენი კარდაკარ დაძრწოდა ერთადერთი თავთავის მიზეზით. როცა მამაჩვენს ასე მოექეცი, ჩვენი ხვედრი სავსებით ნათელია!“
და ეს მადლია, მსახიობები ასე ბუნებრივად, ასე ძალდაუტანებლად რომ გადმოღვრიდნენ სცენიდან და ამ ახალი სეზონის სულისკვეთებასაც ამთავითვე მიგვანიშნებდნენ.
სიტყვის ძალისა და განსაკუთრებულობის შეგრძნებაა, მთავარ რეჟისორს ლიტერატურის პოპულარიზაციაც რომ განუზრახავს და სპექტაკლამდე რამდენიმე პროექტის ზოგად შინაარსს გააცნობდნენ მაყურებელს, პოეზიის თეატრის დაფუძნებასაც რომ აპირებენ და ბავშვებისთვისაც კიდევ ცალკე ამზადებენ სტუდიასა და დადგმებს…
ამ ყოველივეს ხორცშესხმის მხილველნი თანდათან უნდა გავხდეთ, და ნიშანდობლივია, რომ:
ნიკო ჰაინე-შველიძე გიორგი ლობჟანიძესაც ამოიყენებდა გვერდით, როგორც სალიტერატურო ნაწილის გამგეს, რომელიც უკვე ისე მოერგებოდა და გაუშინაურდებოდა იქაურობასაც და ქალაქსაც, რომ სიტყვით გამოსვლისას იმასაც იტყოდა:
ჩვენ, გორელებიო…
თუმც… რამ გაყო ნაბახტევი, ხაშური და გორი, როგორც არ გაიყოფა ფრონესა და ლიახვის ხეობები.
***
ადამიანის ძახილი კი ვითომ უმწეოა და ამაოდ იკარგება გულგრილ სივრცეში?
ეს გარეგნულად, თორემ სპექტაკლი სწორედ საპირისპიროს შეგაგონებს, თუკი მის სიღრმეს ჯეროვნად ჩასწვდები და გამჭვირვალე ქვეტექსტებსაც მიუხვდები.
შენ დაუძახე და… კიდეც ამოიზიდება:
ბროწეული, პურის თავთავი!.. დაუძახე, შენ ოღონდ დაუძახე…
Leave a Reply