სიბორეა

სიბორეა

, , ,

ბურუსი. მინდორი ორი ზვინით. შორს გამხმარი, დიდი ხის ტოტები მოჩანს. სიბორეა, დედა იუდასი, თიბავს. შუბლს იწმენდს და თიბვას აგრძელებს. გუმანით გრძნობს, ვიღაც რომ  უახლოვდება; მიმოიხედავს და ისევ თიბვას აგრძელებს. დარბაზიდან სცენაზე ამოდის ახალგაზრდა მამაკაცი და მაყურებელს მიმართავს.

მწერალი – ბუნებით მოგზაური ვარ, მიყვარს მოგზაურობა ადამიანთა სულებში; იქ ვეძებ ოაზისებს, ვივსები და ისევ ვაგრძელებ მოგზაურობას. კოსმიური გონის წვდომის საკითხში დესპანი ჩემი ინტუიციაა. მით უფრო მჭირდება ფრთები. თუ მკითხავთ, აქვს თუ არაადამიანს ფრთები? გიპასუხებთ დიახ! წარმოსახვა, ფანტაზია, ინტუიცია ასრულებს ფრთების ფუნქციას. ისინი ეხმარებიან ჩვენს აზრებს, გასცდნენ ტრადიციულ ბილიკებს, წავიდნენ წინ და სხვებიც გაიყოლონ. სამყარო მთლიანია, ადამიანი კი სამყაროს ნაწილი. ეპოქა,  რომელშიც ცხოვრება გვიხდება, რთული თვისებებით ხასიათდება. დარღვეულია ხალხთა თანაცხოვრების ელემენტარული წესები – დაუნდობლობა, უსამართლობა, სიძულვილი, ტერორია გაბატონებული. ადამიანი დაბნეულია. დამეთანხმებით, ძალის კატეგორია უნდა გაუფასურდეს და აზრის გაგების უძლიერესმა სურვილმა უნდა სძლიოს ძალისმიერებას.

ხალილ ჯიბრანთან კარგა ხანია  ვმეგობრობ. სიბორეაზე, იუდას დედაზეც, მისგან გავიგე. გამომყევით ოცი საუკუნით უკან.

მწერალი ნელი ნაბიჯით სიბორეას უახლოვდება და ბურუსიც თანდათან იფანტება. სიბორეა მკაცრად მიმართავს სტუმარს და თიბვას აგრძელებს.   

სიბორეა წადი, სხვა ქალს ჰკითხე, იუდას დედაზე  უფრო პატივსაცემს!

მწერალი  ვიკითხავ,  არ გამიჭირდება, მაგრამ…

სიბორეა რა არ გასვენებს?!

მწერალი    არ გიცნობენ იუდას დედას! უფრო მეტიც, გაგონილიც კი არა აქვთ შენი სახელი!

სიბორე მიდი იესოს დედასთან; ის გეტყვის ჩემზე და შენც ყველაფერს უკეთ  გაიგებ!

მწერალი იესოს დედა,  წმინდა მარიამი,  ჩემი ქვეყნის მფარველი გახლავს!

სიბორეა მფარველი? საიდან მოსულხარ, მარიამმა თავისი კალთა რომ გადაგაფარათ?

მწერალი შორიდან, იბერიას ეძახიან  ჩემს  მხარეს!

სიბორეა მარიამს, ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, ვიდრე იოსებს, ხითხუროს მისთხოვდებოდა. მაშინ მეც გაუთხოვარი ვიყავი!

მწერალი სოსანა  ნაზარეთიდან ამბობს, მარიამი ბრინჯაოსაგან  ჩამოსხმულს ჰგავდაო, თელასავით  აშოლტილი იყოო. ზეცასავით  ღრმა, ფართოდ  გახელილ  თვალებში გაბედულება ჩანდაო!

სიბორეა „არა გვიშავდა“  გოგოები ვიყავით. ჩემგან რა გინდა?!

მწერალი არ ვიცი, შეიძლება არც უნდა მოვსულიყავი, გაუბედაობას არ ვუჩივი. თანაც, ოცი საუკუნე გვაშორებს!

სიბორეა აგრძელებს  თიბვას.

სიბორეა ჰოდა, გეტყვი ჩემს შვილზე. კეთილი და სათუთი, ყურადღებიანი იყო დედის მიმართ, უყვარდა ნათესავები, თანამემამულენი. დაწყევლილი რომაელები კი, არც ძაფს ართავენ და არც საქსოვ დაზგასთან  სხედან, ისინი მკიან და ჭირნახულს მოიწევენ  იქ, სადაც არ უხნავთ და არც უთესავთ!

მწერალი ოცი საუკუნის წინაც ასე ყოფილა  და დღესაც ასეა. ჩვენში ამბობენ, „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო“!

სიბორეა  ჩვიდმეტი წლისა იყო ჩემი იუდა, როცა რომაელ  ლეგიონერებს ისრები დაუშინა, ჩვენს ვენახებთან რომ ჩაიარეს!

მწერალი იუდას  სიძულვილი მესმის დამპყრობლის მიმართ, ჩემი ქვეყნის მიწებიც მტრისგან მიტაცებულია. როგორც ჩანს, იუდამ ზღვარგადასული სიძულვილი იცოდა!

სიბორეა სიყვარულიცა და ერთგულებაც კარგად იცოდა ჩემმა შვილმა!

მწერალი დედებს უჭირდათ და დღესაც უჭირთ, აღიარონ შვილების დანაშაული!

სიბორეა რა ბრძანე?

მწერალი სიძულვილი ანგრევს ადამიანებს, ბევრი მინახავს დღეს ჩემ ირგვლივ, სიძულვილს რომ ჰყავს ატაცებული. გამომეტყველებაც კი შეცვლილი აქვთ. სიყვარულს კი რიდი აქვს მშვენიერების და მაინც, მარად ეძებს მშვენიერებას!

სიბორეა ეჰ, გულს ესმის ის, რასაც  ენა ვერ იტყვის და ყური ვერ გაიგონებს!

მწერალი ორი ათასწლეულია ენა ამბობს,  იუდამ იესო გასცაო!

სიბორე იმ საღამოს ქარიშხალი მძვინვარებდა, ვიღაც კაცი იერუსალიმის შემოგარენიდან მიამბობდა მე უბედურს, იმ პარასკევ საღამოს, მაგრად დაუბრახუნებია, თურმე, მის კარზე. სახე  ჩანაცრებული ჰქონია. ხელები ქარში აცახცახებულ ხმელ ტოტებს მიუგავდაო. სამოსი ისე დასველებოდა, თითქოს, ეს-ესაა გამოეღწია მორევიდან. თვალები ჩასისხლიანებული ჰქონია. უთქვამს მისთვის, მე მივეცი იესო ნაზარეველი მის მტრებსა და ჩემს მტრებსო.

მწერალი  მე რამდენადაც ვიცი, იუდა საკუთარი სურვილით დამოწაფებია იესოს და მის ნაკვალევს გაჰყოლია!

სიბორე ასეა სწორედ, ჩემ თვალწინ იზრდებოდნენ. მარიამი და მე ვმეგობრობდით. იუდა მეუბნებოდა, რომ იესო დაძლევდა თავის ყველა მტერს და ორგულს მისი ხალხისას. ჩემმა შვილმა ირწმუნა მისი!

მწერალი და რა მოხდა?

სიბორეა იესო დაჰპირდა მიმდევართ, ძლიერსა და ძლევამოსილ  სამეფოს დავაფუძნებო. სხვებიც ჩემი შვილივით ელოდნენ მისგან საპატიო ადგილს ამ სამეფოში!

მწერალი რა ნაცნობია… მთავრებად თავი წარმოიდგინეს!

სიბორეა ჩემს შვილს იმედი ჰქონდა, რომ ლაშქრის მხედართმთავარი  იქნებოდა!

მწერალი იმ სამეფოსი, რომელსაც იესო  არ ეძიებდა?

სიბორეა სამწუხაროდ,  რომაელთაგან  ჩვენს დახსნაზეც  არ  უფიქრია!

მწერალი აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული. სადღაც ამოვიკითხე   „იესოს  სამეფო იყო გული კაცისა“. იუდას გული უსივდებოდა, იბოღმებოდა და არ სიამოვნებდა,  როცა იესო  ესაუბრებოდა ადამიანებს სიყვარულზე, წყალობაზე, მიტევებაზე!

სიბორეა ჩემი შვილისთვის მეუფე იუდეველთა გადაიქცა მაწანწალათა და ბოგანოთა შემაქცევრად,  მათი გულის მოსაგებად სალამურის დამკვრელად!

მწერალი და… იუდამ  შეიძულა იესო?

სიბორეა იესო იყო იმედი არა მარტო ჩვენი. იმედი გაგვიცრუა, მიგვაჩნდა რომის უღლისაგან  ჩვენ დამხსნელად,  მაგრამ  სიტყვა არ დასცდენია და ხელი არ გაუნძრევია ამისთვის!

მწერალი არ  აპატიეს, რომ კეისარს აღუთქვამდა იმას, რაც კეისრისა იყო!

სიბორეა დიახ, იყო სასოწარკვეთა… ჩაკვდა იმედი!

მწერალი ოცი საუკუნის მერეც ასე ვამბობთ „კეისარს კეისრისაო!“

გაღიზიანებული  სიბორეა სიძულვილით გახედავს მწერალს.

სიბორეა იმედი ჩემი და მოლოდინი ჩემი უფრო ძვირფასია,  ვიდრე სიცოცხლე რომელიმე კაცისა!

მწერალი რას ამბობთ, ვიდრე სიცოცხლე  რომელიმე კაცისა?

სიბორეა დიახ! და იმ დაწყევლილ ღამეს უთქვამს ჩემს შვილს იმ ვიღაც კაცისთვის, იერუსალიმის შემოგარენიდან, ის, ვინც კლავს ჩემს იმედს,  უნდა მოკვდეს.

მწერალი იუდაც ასე ფიქრობდა,  როგორც თქვენ, იმედი ჩემი და მოლოდინი ჩემი უფრო ძვირფასია.

სიბორე დიახ, ვიდრე სიცოცხლე რომელიმე კაცისა!

მწერალი მეც გეტყვით ჩემსას:  როცა იესო ჯვარს აცვეს, მოკვდა ჯვარზე, მოკვდა მეფურად!

სიბორეა ბობოქარ ქარიშხალში!

მწერალი მეფურად სიკვდილიც რჩეულთა ხვედრია. მხსნელები ასე იხოცებიან და მაინც, ცოცხლობენ სუდარისა და საფლავის ლოდის მიღმა!

სიბორეა წადი, გამშორდი!

მწერალი ვერ გაგშორდები.  ამ ამბებმა ოცი საუკუნე გამოიარა და ჩვენამდეც მოაღწია.

სიბორეა ისე ამბობ, თითქოს, იუდამ აღსარება ჩაგაბარა, გამშორდი!

მწერალი გაგონილი გექნება, სანამ სულს დალევდა, გული იესოსი სავსე იყო სიბრალულით. ებრალებოდა იუდა, რომელმაც გასცა ის, თუმცა მოვუსმინოთ დუქნის მეპატრონეს.

გაბრაზებული სიბორეა ენერგიულად  აგრძელებს თიბვას.

დუქნის  მეპატრონე მშვენივრად მახსოვს იესო ნაზარეველთან  ბოლო შეხვედრა. ხუთშაბათს იუდა მოვიდა ჩემთან და მითხრა, იესოსა და მისი მეგობრებისთვის ვახშამი მომემზადებინა და ორი ვერცხლიც მომცა. ეს დიდი პატივი იყო; იესო წინასწარმეტყველად იყო ცნობილი და აღიარებული, სასწაულები ჰქონდა ჩადენილი. შებინდებისას მოვიდა  მიმდევრებთან ერთად, მაგიდას მიუსხდნენ ზედა ოთახში. სდუმდნენ. შუაღამისას იესომ ინება განმარტოება. სხვები წავიდნენ დასაძინებლად. იესო ფხიზლობდა. ნაბიჯების ხმა მესმოდა. ადრეც ყოფილან, მხიარულობდნენ. ამ ბოლო მოსვლაზე  კი ბედნიერები არ უნდა ყოფილიყვნენ. წასვლისას კიბის საფეხურზე შეყოვნდა, დალოცა ჩემი ოჯახი და ჩემი ქალიშვილი. ისიც სცოდნია, გულუხვი რომ ვიყავი, როცა  უპოვარნი  და მშიერ-მწყურვალნი მომდგომიან. მიუბრუნდა იქვე მდგომ იუდა ისკარიოტელს, რომელსაც ებარა საერთო  ქისა და უთხრა მომეცი  ორი  შეკელი! იუდამ გაუწოდა ორი შეკელი და დასძინა ეს ბოლო ვერცხლია ქისაში! იესოს ის მზერა არ მცილდება  თვალთაგან, იუდას რომ უთხრა, მალე, სულ მალე შენი ქისა ვერცხლით გაივსება. იუდა ცოტა ხანში გაქრა. იესომ დაგვლოცა! მშვიდობის ღამე  თქვენდა ყოველთა გვითხრა და გავიდა.

მწერალი იესოს უწინასწარმეტყველებია იუდასათვის!

დუქნის მეპატრონე იესომ რაც გვითხრა, მის მოწაფეს  ეტრატზე  ჩაუწერია.  მე მხოლოდ მის ნათქვამს გიმეორებთ!

მწერალ იუდაში რაც მომწონს, მისი სინანულია. ამბობდა ის მოკვდა, როგორც მეუფე და მე მოვკვდები, როგორც ავაზაკიო; ისიც სჯეროდა გულის სიღრმეში ვიცი, იესო შემინდობსო; უცნობი მასპინძლისთვის, იერუსალიმის გარეუბანში  მცხოვრებისთვის, წასვლისას უთქვამს კარგია რომ მოვედი ამ ღამეს, თუმცა, შეგაწუხე. მაგრამ შენც ხომ მომიტევებო?

ზმანებასავით  გამოჩნდება იუდა.

იუდა მე, იუდა ისკარიოტელმა,  გავეცი იესო ნაზარეველი,  მტრებს გადავეცი და დიდი შეცოდების დღეს მივყევი მეუფეს მის ტახტამდე, რათა მეხსნა საკუთარი სული და განვსჯილიყავი. ჩემი სული მიწიერებას ეძიებდა. უბადრუკი ჩემი სული დაეხსნება ჩემს სხეულს. და მე დავიწვი ცეცხლით, რომელიც არ ანათებს. დამღალა  ამ  უფრთო თავისუფლებამ.

სიბორეა გაქვავებულში ისმენს იუდას აღსარებას.

მწერალი შეუცნობელი სასუფევლისთვის ეწამა გალილეველი და შენ ვერ დაიოკე მძაფრი სურვილი, ვერ შეეგუე  აზრს, რომ  მხედართმთავარი  ვერ გახდებოდი.  თუმცა ბევრნი ოცი საუკუნის მერეც ვერ იოკებენ საკუთარ ზრახვებს და ისჯებიან. სინანულის გრძნობა, ასე მგონია,  არ გააჩნიათ  ჩვენი დროის „რაინდებს“!

იუდა   რად აღმეძრა ზრახვა, რომლის ტვირთისგან  თავს ვერ დაიხსნის ჩემი ჯილაგი და ჩემი მოდგმა!

მწერალი მართალია, დიდი დანაშაული  ჩაიდინე!

იუდა აი, ვგრძნობ როგორ დაეხსნება ჩემი სული ჩემს სხეულს!

ეს სიტყვები არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ძლიერი ქარი ამოვარდა და სიბორეას ბღავილი შეერწყა  ქარიშხლის ხმაურს. ქარიშხალიც მინელდა და აღარც სიბორეა ჩანდა. ცელიც მოშორებით აგდია.

მწერალი იუდამ მაღალი კლდიდან ჩაიქცია თავი.  იესო  ქრისტე, მხოლოდშობილი ძე ღვთისა ზეცად  ამაღლდა. იუდა ნატრობდა სამეფოს, რომელშიც თვითონ იქნებოდა წარჩინებული. რა ნაცნობია ეს ყველაფერი!

ხმა ზეციდან ქრისტეს  კი სურდა სასუფეველი, რომელშიც ყოველი კაცი იქნებოდა წარჩინებული!

მწერალი ამ  ამბის მოწმენი წერენ:  „მერე ჩაბნელდა  აღმოსავლეთი,  ცა თვალს ახელდა და ცა თვალს ხუჭავდა, ცისქცევა  იყო. კოკისპირულმა წვიმამ  ჩარეცხა  იესოს ჭრილობათაგან  ჩამონადენი სისხლი. 

ზეციდან  ხმა ოდესმე სიყვარულს ასეთი ძალით თუ დაუჯაბნია  სიძულვილი?!

მწერალი არ მსმენია!

ზეციდან ხმა აქამდე თუ სმენია ვინმეს, რომ მოკლულს შებრალებოდეს მკვლელი? გააფრთხილე  შენიანები  მანდ და უთხარი    „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რას იქმენ. თქვენც და მეც ისევ და ისევ დავიბადებით და მუდამ გულით ვატარებთ ამ სიტყვებს!“

მწერალი ადამიანის მოდგმას დღემდე არაფერი რომ არ უსწავლია წარსულისაგან?

ზეციდან ხმა  ბირბარა იმანუელის სიტყვები კარგად დაიმახსოვრე:  ლენჩთა და უტვინოთა მიმართ მოთმინებით გამოირჩეოდა. მშვიდად მიუგებდა მტერს უმწვავეს კითხვაზე,  შეეძლო, უხმოდ აეტანა კვიმატი სიტყვა,  შეკამათება. ძლიერი იყო და ძლიერს აქვს მოთმინება.  მაგრამ  იესო  მოუთმენელიც იყო; არ ეპუებოდა ვერაგთ,  ფლიდთა და სიტყვამრუდთ. მიაჩნდა,  რომ  სასწაულს  არა ზეცაში, საკუთარ გულში უნდა ეძიებდე.  არ ინდობდა მათაც,  ვინც დღედაღამ  წონიდა და ზომავდა.  და მაინც, ის ყველაზე დაუნდობელი იყო.

ანა მღვდელთმოძღვარი ახლა მეც მკითხეთ.  ის უცხო იყო, წარმოშობით გალილეველ წარმართთაგან,  ჩრდილო ქვეყნიდან, სადაც ადონისი და აშტარტე დღემდე უძალიანდებიან ისრაელს და მის ღმერთს. ენა ებმოდა და ბორძიკობდა, ჩვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს რომ იმეორებდა. უბირთა ენაზე კი რიხით ლაპარაკობდა და ყურები გამოჭედილი გვქონდა. სხვა რა დამრჩენოდა,  თუ არა სიკვდილი მესურვებინა მისთვის; ერთ შეშლილად მიმეჩნია ამდენ შეშლილთა შორის. გიჟები და შერეკილები ვერ გაამრუდებენ  ისრაელის გზას. და ამიტომაც, ჯვარს ვაცვით იგი. მშვენივრად ვიცი, დამზრახავენ, ზოგი  უხუცესიც კი გამამტყუნებს, მაგრამ  აჯობებს, ერთი  კაცი გაიწიროს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი  წარწყდეს ერთი კაცისთვის. იუდეა დაამარცხა გარეშე მტერმა,  მაგრამ  ვეცდები, იუდეა ვერ დაამარცხოს შინაურმა მტერმა. იმ ნაზარეველის ჩრდილი  ვერ მიადგება აღთქმის კიდობანს!

სიბორეა მიგდებულ ცელს ხელში აიღებს და თიბვას განაგრძობს.

მწერალი ცხოვრება გრძელდება და  იუდას დედები დღესაც განაგრძობენ შვილების გამართლებას,  თუმცა მე კოსმოსის მჯერა;  იქ, ტორსიულ ველებში, ყველაფერი აღნუსხულია და  ვის  როდის დაატყდება კოსმიური რისხვა, არავინ იცის!

სალამურით ხელში შემოდის შერეკილი ბებერი ბერძენი მწყემსისარგისი. ქალს უახლოვდება; სიბორეა უხმოდ იშორებს. სარგისი ღიმილნარევი  სახით გაეცლება.

სარგისი  სიზმარად  ვიხილე იესო და ჩემი ღმერთი,  პანი.  ერთად ისხდნენ  შუაგულ ტყეში. ისინი ერთმანეთის ნათქვამზე  იცინოდნენ. ჩემი ღმერთი საუბრობდა თავის ჩლიქოსან  ძმებსა და რქოსან  დებსა  და კიდევ ზმანებებზე. იესო საუბრობდა ყლორტებზე, ყვავილებზე, ნაყოფზე, თესლზე, რომელსაც მცენარეები  ჩააბნევენ, როცა დრო მოაწევს. ის ლაპარაკობდა  ჩიტებზე, სივრცეს რომ სერავენ, იმათ გალობაზე. მერე ჩემი ღმერთი, პანი, დასწვდა სალამურს და ააჟღერა. ხომ გესმით სალამურის ხმა? ნახე, როგორ შეირხნენ ხეები, აცახცახდნენ გვიმრები. მერე ჩემმა ღმერთმა იესოს გაუწოდა სალამური და მანაც ჩაჰბერა; მე გავიგონე ფოთლებზე წვიმის წვეთების წანწკარი,  თქვენც ხომ გესმით  მთებში ნაკადულთა ლიკლიკი, მთის მწვერვალზე თოვლის ფიფქების ფაჩუნი? იესოს სალამური, თითქოს, გამრავლდა და ურიცხვი მწყემსი  სალამურებით მოუხმობდა უთვალავ ფარას. მერე ორივემ ერთად  დაუკრეს და მომესმა ნადირთა ბრდღვინვა, ტყის დამშეულ  ბინადართა ყმუილი და  ვაება მარტოობით  დათრგუნვილ კაცთა; გოდება  იმათი, ვისაც შეცნობა სწყურია, ოღონდ არ იცის, რისა. მომესმა სულთქმა სატრფოს მონატრებული ქალწულისა და ქოშინი ნადირის მადევარი მონადირისა. მერე სიმშვიდე  ჩაიღვარა ჰანგში. ზეცა და მიწა  ერთად  გალობდა. მე  კი ისევ მწყემსი ვიყავი, მწყემსი სარგისი  (იქვე თივის ზვინთან მიწვება და ჩაიძინებს)

შემოდის ბარაბა.

ბარაბა იესო შესაწირად სწორედ პასექის დღესასწაულზე ინდომეს. ბრბოს უკან გავყევი. ცოცხალი ვიყავი, მაგრამ  ვგრძნობდი საკუთარი  სამარისაკენ რომ მივემართებოდი. მიჯობდა, უდაბნოში გავჭრილიყავი,  მზე ამოშანთავდა სირცხვილს. ჯვარს რომ მიმსჭვალეს, იქ ვიდექი. მესმოდა, ჩემგან მარჯვნივ მდგომმა ჯვარცმულს უთხრა ნუთუ შენც სისხლი გდის ჩემსავით, შენ, იესო ნაზარეველო? მერე იესომ ქვემოთ ჩამოიხედა. ასე მეგონა,  ერთად გვაცვეს ჯვარს. მერე მზერა მიაპყრო დედას თავისას. ამ დროს გალილეველ დედათა  გოდება მოესმა და თქვა შეხე, მოთქვამენ. მწყურია. ძალზე მაღლა ვარ, ძმარი და ნაღველი ვერ  მომიკლავს წყურვილს; და მერე  თქვა მოწყალედ  მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ  არ იციან, რას იქმენ.

ეს სიტყვები დაამთავრა და ღვთის წინაშე განერთხა კაცთა მოდგმა და მიტევებას ითხოვდა ამ ერთი კაცის ჯვარცმისთვის. და თქვა მან ხმამაღლა მამაო,  შენ გაბარებ  სულს ჩემსას!  თავი ასწია და თქვა, ახლა აღსრულდა,  აღსრულდა მხოლოდ აქ, ამ ბორცვზე! და  დახუჭა თვალები. ელვამ გააპო მწუხრის ცა და იყო გრგვინვა  დიდი. ახლა ვიცი, ჩემ ნაცვლად რაკი აწამეს ის, მე გავიწირე საუკუნო წამებისათვის.  ჯვარცმამ  ერთ საათს  გასტანა. ჩემი ჯვარცმა  კი  გრძელდება ჩემთა დღეთა აღსასრულამდე!

მწერალი აი, თურმე როგორ იტანჯება ბარაბა! შინაგანმხილველი სინდისი ამხილებს და მოსვენებას არ აძლევს.  მაგრამ ბარაბა ერთი ხომ არაა? იუდაც ხომ ყველა თაობას თავისი ჰყავს?  ამ სიტყვების გამგონეს კითხვა მაქვს,დღევანდელი  ბარაბები თუ განიცდიან, ოდნავ მაინც, სინდისის ქენჯნას?  იუდა, კაცი გოროზი და ქედმაღალი  ისევ  დაიარება  ამ ქვეყანაზე საშოვარზე  გადაგებული  და ვერ იშორებს განდიდების შიმშილსა და წყურვილს. ხსნას ეძებს საკუთარი არსის განადგურებით. არც ისე ცოტას ვიცნობთ იუდასნაირებს, აგერ,  ჩვენ გვერდით, ოცი საუკუნე რომ გვაშორებს. მიწა ურწმუნოებს, რომელთაც მისი ძუძუ უნდა წოვონ.

მარია მაგდალინელი  შემოდის და მიმართავს მაყურებელს.

მარია მაგდალინელი მე გიცნობთ თქვენ,  რომელთაც არ გწამთ ის. მეც ერთი თქვენგანი ვიყავი, თქვენ ბევრი ხართ, მაგრამ თქვენი რიცხვი მოიკლებს. თქვენ არც ის იცით,  დედამიწა რომ დაქორწინებულია მზეზე.  ჩვენ ხომ შობილნი ვართ უქმრო მიწისგან, ისევე, როგორც  იესო   იშვა  ქალწულისაგან.

სიბორეა მაყურებელს.

სიბორე ჩემმა პირმშომ პირველი ნაბიჯები რომ გადადგა, მეც, თითქოს, მაშინ ავიდგი ფეხი. ასეა, ქალებს ჩვენი შვილები მიგვიძღვებიან ცხოვრების გზაზე.  მეუბნებიან, თავისი ხელით მოისწრაფაო სიცოცხლე. სინდისი ქენჯნიდა  და ტანჯავდა, რადგან  თავისი მეგობარი – იესო ნაზარეველი გასცაო. ჩემი შვილი ხომ ისრაელის დიდებას ეძიებდა. იესოს რომ შეხვდა შარაგზაზე, მე მიმატოვა და მას გაჰყვა. გული მიგრძნობდა, რომ შეცდომა იყო ვინმეს გაყოლა. გამომშვიდობებისას ვუთხარი,  ცდები-მეთქი, მაგრამ არ გამიგონა. ჩვენი შვილები არ გვზოგავენ,  ჩვენს გუმანს არ ენდობიან.

სიბორეა უახლოვდება მწერალს.

სიბორეა   მე მიყვარდა ის და მარად მეყვარება. ახლა კი, დავდუმდები. აკი, გითხარი, წადი,  სხვა ქალს ჰკითხე,  იუდას დედაზე უფრო პატივსაცემს-მეთქი. მიდი იესოს დედასთან. მასაც მახვილი აქვს გულში ნაძგერი. ის გეტყვის ჩემზეც და თქვენ ყველაფერს უკეთ გაიგებთ.  ჩვენ ერთი დროის ქალწულნი ვიყავით!

                             გაისმება გალილეველი ქალების მოთქმა.

                                                        

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…