ქართული თეატრის ჯენტლმენი

ქართული თეატრის ჯენტლმენი

, , ,

„ქართული თეატრის ჯენტლმენი“ – ასე უწოდა ბატონმა ვასო კიკნაძემ გოგი გეგეჭკორს. ბატონი გოგი არა მარტო უნიჭიერესი მსახიობი, არამედ დიდი ადამიანი: კეთილშობილი, მოსიყვარულე, თავმდაბალი და რაც მთავარია, ქართულ თეატრში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროფესიონალი გახლდათ. მის მიერ შექმნილი თითოეული სახე ფილიგრანული და დაუვიწყარი იყო, რადგან იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ყოველ სიტყვას, ყოველ ჟესტს და მოძრაობას. ბატონმა გოგიმ უამრავი თეატრალური თუ კინო როლი შექმნა. ყოველ მათგანზე დიდი რუდუნებითა და მონდომებით მუშაობდა და, ალბათ, სწორედ ამიტომაც დაგვიტოვა დაუვიწყარი სახეები. ახალგაზრდობაში განსახიერებულმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა, დიმიტრი ალექსიძის დადგმულ სპექტაკლში – „ბედი მგოსნისა“ ვარსკვლავად აქცია.

ბატონი გოგის შესრულებული უამრავი როლიდან ყოველი მათგანი ცალკე საუბრის თემაა. ამჯერად მის პლატონ სამანიშვილზე მინდა ვისაუბრო.

„სამანიშვილის დედინაცვალი“ რობერტ სტურუამ თემურ ჩხეიძესთან ერთად 1969 წელს დადგა. და, ალბათ, ხვდებით, რა სირთულის წინაშე აღმოჩნდა დამდგმელი კოლექტივი, როდესაც დავით კლდიაშვილის შესანიშნავი მოთხრობის ინსცენირებას შეუდგა. პირველ რიგში, აღმოჩნდა – ფორმა; რა ფორმით უნდა მიესადაგებინა ამ ნაწარმოების სოციალური პრობლემატიკა ჩვენს თანამედროვე ყოფასთან. სპექტაკლი პირობით ასპექტში გადაწყვიტეს და ეს პირობითობა სავსებით გამართლებული აღმოჩნდა, იმდენად ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. წარმოდგენა დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში დამთვალიერებელთა მოსვლით იწყებოდა და მთელი მოქმედება ამ მუზეუმის ერთ ოთახსა და აივანზე მიმდინარეობდა. გიორგი გეგეჭკორი ხელში იღებდა დავით კლდიაშვილის გამოცემის ექსპონირებულ ეგზემპლარს და იწყებდა კითხვას. თანდათანობით შედიოდა მსახიობი პერსონაჟის როლში და იმ ადგილას, სადაც წარმოთქვამდა: „მღუპავ, მამა“?! –  იგი უკვე პლატონ სამანიშვილად იქცეოდა. ასევე უბრალოდ, ბუნებრივად ერთვებოდა მოთხრობის გასცენურებაში ბეკინაც. სერგო ზაქარიაძე მხრებზე გადაიგდებდა თეთრ ყაბალახს, რომელიც აგრეთვე მუზეუმის ექსპონატს წარმოადგენდა და თამაშს იწყებდა. ასევე შედიოდნენ თავიანთ სახეებში დამთვალიერებელთა ჯგუფის სხვა წარმომადგენლები. ამგვარი სცენური ატმოსფერო მაყურებელს წარმოსახვის, ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობას აძლევდა.

„სამანიშვილის დედინაცვალში“ რობერტ სტურუამ და თემურ ჩხეიძემ ერთმანეთს შეუთავსეს ფსიქოლოგიური წვდომის, გარდასახვის პრინციპები – ბრეხტისეულ „გაუცხოების ეფექტს“. ამ ხერხის გამოყენებით დისტანცია მსახიობებსა და მოთხრობის გმირებს შორის ხან მცირდებოდა, ხან კვლავ იზრდებოდა. ამგვარი მიგნებით, ზუსტად დაიჭირეს და გადმოსცეს დავით კლდიაშვილის მოთხრობების „სული“, რომლის საშუალებითაც მსახიობები თავიანთი გმირების ცხოვრებას კიდეც განიცდიდნენ და ამავე დროს, შემფასებლებადაც გვევლინებოდნენ. რეჟისორებმა და მსახიობებმა მიაღწიეს ხასიათებისა და მოვლენების არსის გროტესკულ გადმოცემას, მათდამი დამოკიდებულების წარმოჩენას. ამას გარდა, მეთოდი, რომელიც გამოიყენეს რეჟისორებმა, სპექტაკლის დასაწყისიდანვე აძლევდა მათ საშუალებას, თავისუფლად გადასულიყვნენ მოთხრობის რეალური სიტუაციებიდან პირობითსა და სტილიზებულ ხერხებზე. ესეც ხაზს უსვამდა რეჟისორების დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენისადმი – გადასვლა ირონიიდან და იუმორიდან ნაღვლისა და ტრაგიზმის სიტუაციებზე. მაგალითისთვის მოვიყვან პლატონის წასვლის სცენას „საცოლე-დედინაცვლის“ საძებნელად. მოთხრობის მიხედვით, გზის ნახევარზე მეტს პლატონი ფეხით მიდის და ცხენს, ამ გასაცოდავებულ სულიერ არსებას, მოათრევს. ეს ეპიზოდი მოთხრობაში აღსავსეა ნაღვლითა და იუმორით. რეჟისორებმა შემოგვთავაზეს უჩვეულო სანახაობა: წნელისაგან გაკეთებული რაღაც ფიტულის ცხენი. იგი საბრალოდ და საცოდავად გამოიყურებოდა. ერთი შეხედვით შეიძლება ვერ მიმხვდარიყავი, რომ ეს ცხენია, მაგრამ უცებ, პლატონის – გიორგი გეგეჭკორის მიერ ერთი მათრახის აქნევა, ცხენზე მჯდომის მოძრაობა… და მაყურებლის წინაშე რეალური სინამდვილის ილუზია იქმნებოდა. მაყურებელს სჯეროდა, რომ პლატონი, მართლაც, თავის დაჩაჩანაკებულ ცხენს მიათრევდა. ასევე პირობითობით იყო გადაწყვეტილი პლატონისა და კირილეს (რამაზ ჩხიკვაძე) გამგზავრების სცენა. გიორგი გეგეჭკორი და რამაზ ჩხიკვაძე იღებდნენ ჩვეულებრივ სკამებს, „გადააჯდებოდნენ“, ხელებს სკამის ზურგს ჩასჭიდებდნენ, ცხენზე მჯდომი კაცივით მოძრაობდნენ, ხმით ცხენის ფლოქვების ხმას გამოსცემდნენ და მაყურებლის წინაშე კვლავ იშლებოდა პირობითი და ამავე დროს, იუმორით სავსე სანახაობა. ანდა ბეკინას და ელენეს ტრადიციული წეს-ჩვეულებით დადგმული ქორწინების სცენა, რომელიც რეჟისურამ ირონიის საგნად აქცია. ამ სცენის ფინალი გადაწყვეტილი იყო ძველი ფოტოსურათის პოზაში, სადაც ოჯახის წევრებს კმაყოფილებით აღსავსე სახეები აქვთ. მართლაც, თითქოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. პლატონი და ბეკინა კმაყოფილები იყვნენ თავიანთი ბედით. ბეკინამ აისრულა ცოლის შერთვის სურვილი, ხოლო პლატონმა უშვილო, ორნაქმრევი დედინაცვალი „იშოვა“. მას აღარ ჰქონდა შიში მამულზე მოზიარის დაბადებისა, მაგრამ ცხოვრება უმოწყალო აღმოჩნდა. ელენე დაფეხმძიმდა. ბეკინა თითქოს დამნაშავედაც გრძნობდა შვილის წინაშე თავს, მაგრამ ამავე დროს, ეამაყებოდა კიდეც, რომ ამ ასაკში ცოლის დაფეხმძიმება შეძლო და პლატონის წინადადებას – ელენემ მუცელი მოიშალოსო, აღშფოთებულმა უპასუხა: „ღვთის ჩასახული კაცი მოვკლა?“

შემდგომ, ბავშვის დაბადების სცენაც პირობითად იყო გადაწყვეტილი. სპექტაკლის ყველა მონაწილე სცენაზე იმყოფებოდა, მათ შორის – ელენეც. ისმოდა თოფის გავარდნის ხმა. არისტო ქვაშავიძე ამცნობდა ბეკინას, ბიჭი შეგეძინაო. პლატონის ნატვრა, გოგო მაინც დაიბადოსო, არ ასრულდა. ხალხი მოდიოდა ბეკინასთან და ელენესთან მოსალოცად. თავის დაბლა დახრით ხელს ართმევდნენ, თითქოს უსიტყვო სოლიდარობას უცხადებდნენ და იმავე დროს, უსამძიმრებდნენ კიდეც. ყველაფერს აგვირგვინებდა თითქმის ტრაგიკული ფინალი. გიორგი გეგეჭკორი თანდათან „შორდებოდა“ თავის პლატონს და კვლავ წიგნს იღებდა ხელში. იგი სამუზეუმო ექსპონატის უკანასკნელ გვერდს ფურცლავდა და იწყებდა კითხვას, თავისი გმირის არა გაკიცხვის, არამედ მისადმი თანაგრძნობის ინტონაციით. გიორგი გეგეჭკორი აუწყებდა მაყურებელს, თუ რამდენი მწუხარება და უბედურება ხვდა წილად სამანიშვილების ოჯახს. ბავშვის გაჩენამ, სიხარულის ნაცვლად, სახლში უბედურება შემოიტანა. ეს არის ადამიანთა ცხოვრების ტრაგიზმი; მაგრამ რამ მოიტანა ასეთი შეუსაბამობა?! რა თქმა უნდა, ეპოქამ. ეპოქამ, რომელმაც ადამიანში ადამიანური სული მოკლა. ეს მართლაც, სატირელი და სასაცილოა. და რუსთაველის თეატრის სპექტაკლიც ხომ ტრაგი-კომედია იყო. სპექტაკლის სევდანარევი იუმორი, ნაღვლიანი კილო იწვევდა, აგრეთვე, თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სცენაზე იდგნენ და თითქოს შენგან (მაყურებლისგან) ხსნას ელოდნენ. პლატონში გოგი გეგეჭკორი კლდიაშვილის პერსონაჟის სულს ჩასწვდა და გააცოცხლა სცენაზე.

„გოგი გეგეჭკორი უსაზღვრო დიაპაზონის მსახიობია, მისი პალიტრა სავსეა სხვადასხვა ტონალობის საღებავებით“ – ამგვარად შეაფასა მიხეილ თუმანიშვილმა გოგი გეგეჭკორის შემოქმედება. თავად ბატონი გოგი კი ამბობდა: „თეატრი ჩემი სიზმარია და დიდხანს მინდა, გაგრძელდესო“.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…