შტიფტერი იყო ასეთი…
ადალბერტ შტიფტერი – ბიდერმაიერის ეპოქის ავსტრიელი მწერალი. სხვათა შორის, არც თუ ურიგო სურათებსაც ხატავდა. პირველი პროზაული ოპუსი – „იულიუსი“ – შუა გზაზე მიატოვა და ბოლო თხზულება – ისტორიული რომანი „ვიტიკოც“ – დაუსრულებელი დარჩა.
სამაგიეროდ, ერთი ისეთი რომანი დატოვა – „დედაბრის ყვავილობა“ – ნიცშე გერმანული პროზის ოთხ დიად წიგნს შორის რომ მოიხსენიებდა.
ვერც პირადი ცხოვრება აეწყო შტიფტერს. ცოლი კი მოიყვანა – „მოდისტკა“ – ამალია მორგაუტი, მაგრამ ამ ქალმა გააკოტრა და მთელი ქონება ბანკში დააგირავებინა. ბავშვი არ ეყოლათ და ამალიას ნათესავი გოგონა იშვილეს. მერე ის საცოდავი დუნაიში იპოვეს დამხრჩვალი. კიდევ უფრო აეწეწა ნერვები. სმას უმატა. ბოლოს საწოლში იპოვეს სამართებლით ხელში. საძილე არტერია გადაეჭრა ბეჩავს.
1868 წელს აღესრულა.
ჰაინერ გებელსს გაახსენდა შტიფტერი 2007 წელს; უცნაური სპექტაკლი დადგა. სცენაზე არც ერთი მსახიობი არ იდგა. სამაგიეროდ იდგა ხუთი დაშლილი მექანიკური პიანინო – თითქოსდა ამ ნივთიდან ამოზრდილი ხის ტოტებითა და ბუჩქებით გამშვენებული.
ამ ინსტალაციის წინ იყო მობუყბუყე აუზი – საყვირებითა და კოლბებით.
ინსტრუმენტები იმეორებდნენ აუზის წყლის ხმებს და სადღაც სცენის სიღრმიდან მომდინარე ბახის მუსიკას ერთოდნენ. განათებაც იცვლებოდა… და იცვლებოდა „შტიფტერის ნივთის“ აღქმაც… ხან პეიზაჟად ეზმანებოდა მაყურებელს; ხან – ნატურმორტად…
ხმები ცვლიდა დიალოგებს; მსახიობებს ჩაენაცვლებოდნენ ნივთები; მოძრაობას – სინათლე და ასე – უსასრულოდ.
ამ სინესთეზიურ სანახაობაში იყო რაღაც ინფერნალური; რაც მთავარია, ამ თეატრალურ ანსამბლაჟში ტექსტების ფრაგმენტები ისმოდა სადღაც სცენის მიღმა.
რატომ მაინცდამაინც შტიფტერი? საქმეც ისაა, რომ ამ ბედკრული ავტორის ტექსტებში სწორედაც მდუმარე გმირები დაიარებიან. ილანდებიან. მათ მაგივრად კი ნივთები ლაპარაკობენ. ნივთები და არა – საგნები!
შტიფტერიც იყო მარტინ ჰაიდეგერის ფუნდამენტური ონტოლოგიის ერთი ლატენტური დონორთაგანი და მისი ტექსტებიც ისმოდა სცენიდან. „ნივთი -ხელსაწყო – ქმნილება“ – თითქოს ჰაიდეგერის ცნობილი ტრიადა ცოცხლდებოდა სცენაზე.
„უკან – ნივთებისაკენ“! – ჰაიდეგერის მოძღვრის – ედმუნდ ჰუსელრის თეზის-დევიზიც არ უნდა დავივიწყოთ. ჰაიდეგერის ერთ-ერთი ბოლო ფილოსოფიური ოპუსიც „ნივთი“ იყო – ნივთები უკეთ ლაპარაკობენ სამყაროზე; სამყაროზე, რომელიც სამყაროობს. ნივთები ხშირად ადამიანებზე უფრო მეტყველნი არიან სცენაზე.
ერთი კარგი ნივთი – შტიფტერის ნივთის მაგვარი – არც ჩვენს ზედმეტად მოლაპარაკე თეატრს აწყენდა. და მაშინ, იქნებ, სხვაგვარად დატრიალებულიყო ჩვენი იდეებშემოძარცვული თეატრის ჩარხი.
ხო, მართლა, ჩარხიც შეიძლებოდა დაგვედგა, მაგრამ ამას გებელსი უნდა – ერთი კარგი გებელსი! მაგრამ სადა გვყავს ჩვენებური ჰაინერ გებელსი!
აბა, იოზეფ გებელსი ღმერთმა გვაშოროს!
ფუი, ეშმაკს!