სად არის მსახიობის „დავთარხანა“?

სად არის მსახიობის „დავთარხანა“?

, , ,

ამ სტატიის თქვენი მონა-მორჩილი ავტორი ავტოგრაფების – ხელნაწერი ტექსტების – მოყვარულთა კასტას განეკუთვნება. ჩვენი კასტა ისეთი მრავალრიცხოვანი და ისე კარგად ორგანიზებული არ არის, როგორც, მაგალითად, ფილატელისტთა ან ნუმიზმატთა საზოგადოებები, მაგრამ პერსპექტივა დიდი აქვს: კომპიუტერმა მნიშვნელობა შეჰმატა და ფასიც დასდო ხელნაწერებს… ერთი ესეი აქვს შტეფან ცვაიგს ასეთი სათაურით: „ხელნაწერთა აზრი და სილამაზე“. ეს არის 1935 წელს ლონდონში გამართული წიგნების გამოფენაზე წარმოთქმული სიტყვა. ის ასე იწყება:

„ჩემი სურვილი, ხელნაწერთა სილამაზესა და აზრზე გელაპარაკოთ, იმით არის გამოწვეული, რომ იდუმალებით აღსავსე ამ საგანძურის არც აზრი და არც სილამაზე თავისთავად ცხადი არ არის. სხვა ძვირფასი საგნების აზრი თითქოს ჩვენ თვალწინაა განფენილი, მათი სილამაზე ძალდაუტანებლად ეგებება მზერას [„სხვა ძვირფას საგნებში“ ცვაიგი ნახატებს, ხალიჩებს, ჭურჭელს, მონეტებს, სამკაულებს… გულისხმობს. – ლ. ბ.]. ავტოგრაფების კოლექცია კი მზერას თავიდან თითქმის ვერაფერს სთავაზობს. […] მაგრამ ვისაც ამგვარი ფურცლების დასანახად გაწაფული აქვს  თვალი – არამარტო ფიზიკური, არამედ სულიერიც – ამ უსაჩინო ასო-ნიშნებისგან არანაკლებ შთაბეჭდილებას მიიღებს, ვიდრე ნახატებისა და წიგნების თვალსაჩინო სილამაზისგან მიიღებდა. ხელნაწერებს მაგიური ძალა აქვთ, ადამიანთა დიდი ხნის წინ გამქრალ სახეებს აწმყოში აბრუნებენ“.

ამას ჩვენ დავამატოთ: არამარტო სახეებს, არამედ ადამიანთა შორის ურთიერთობებსაც აცოცხლებენ.

ბარათი, რომელზეც ახლა ვილაპარაკებთ, ჟურნალ „თეატრისა და ცხოვრების“ დამაარსებლის, გამომცემლისა და რედაქტორის იოსებ იმედაშვილისა (1876-1952) და გამოჩენილი მსახიობის ელისაბედ ჩერქეზიშვილის (1863-1948) ურთიერთობის ამბავს გვიცოცხლებს – სახელოვანი რედაქტორისა და მისი ჟურნალის გულშემატკივარი დიდი არტისტის ურთიერთობის ამბავს, 107 წლის წინანდელს, როცა ხანუმას როლის სახელგანთქმული შემსრულებელი ქალბატონი (ეს როლი მას დიდი ნატო გაბუნიასაგან ერგო „მემკვიდრეობით“) 53 წლის იყო, ხოლო „თეატრისა და ცხოვრების“ რედაქტორი – 40-სა.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ მსახიობი ელისაბედ (ლიზა) ჩერქეზიშვილი მწერალიც იყო – მოთხრობების, პიესების, პუბლიცისტური სტატიების ავტორი, ფოლკლორული ტექსტების შემგროვებელ-პუბლიკატორი. რამდენიმე წლის წინ იოსებ და გაიოზ იმედაშვილების არქივის ერთი ნაწილი შევიძინე ბუკინისტურ მაღაზიაში და მისი მოღვაწეობის სწორედ ამ მხარის ამსახველი ეს წერილი იქ აღმოჩნდა. მას ახლა, ფოტოგამოსახულებასთან ერთად, ბეჭდური სახითაც გთავაზობთ (პუნქტუაცია ჩვენია):

1916 წ. 11 მაისს

ძმაო იოსებ.

საცა აქამდის პატივისცემა, ხათრი და ძმობა გამიწიე, ამ თვის ოცის შემდეგ ჩამოვალ და შენთან ანგარიშს გავასწორებ. გენაცვალე, შვილებს გაფიცებ, აქ, სოფელში გამამიგზავნე „თეატრი და ცხოვრება“.

ჩემი ნაწერები რაცა გაქვს, ჩემო იოსებ, შემინახე. ამ თვის ოცის შემდეგ ჩამოვალ და გადმამცემ. ჩემი მოგზაურობაც არ დამიბეჭდე? ეჰ, იღბალი არა მაქვს! ჩემს ნაწერებს ჩალათ არავინ აგდებს. მადლობა ღმერთს, შენ კარგად მყავდე! ესე, გენაცვა, უსათუოდ გადმამიწერე შენი ჟურნალი. ამ მიყრუებულ სოფელში სულ გამოვყრუვდები. მართალია, მშვენიერი ბუნებაა და თელი დღე ბაღში ბულბულთ გალობა ყურს აამებს, მაგრამ ქვეყნიერობის ავ კარგის გაგება მაინტერესებს.

შენს ჩემდამი უკმაყოფილებას მალე გავასწორებ, აქამდის რომ შენთან ანგარიში არ გავასწორე. ველი ჟურნალს. მეც მალე გნახავ. აი, ადრესი: „ჩერეზ გორი, ტყვიავი მერეთი“, ელისაბედ ჩერქეზიშვილს.

ელისაბედი აქტიურად თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიასა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებთან. მისი ნაწერები წიგნადაც გამოიცა 1941 წელს იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით. რაც შეეხება „თეატრსა და ცხოვრებას“, რომლის რედაქტორ-გამომცემელთანაც, როგორც ამ ბარათიდან ჩანს, ქალბატონ ელისაბედს ახლო ურთიერთობა ჰქონია, ამ ჟურნალში მის მხოლოდ ერთ პუბლიკაციას ვხვდებით: 1910 წლის მე-15 ნომერში დაბეჭდილია მისი – „წერილი მეგობართან პეტერბურგიდან“, რომელშიც იგი სატახტო ქალაქის თეატრალურ ცხოვრებაზე თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და ქართული თეატრის პრობლემებზეც მსჯელობს (სხვათა შორის, ძალიან შეწუხებულია ჩვენი არტისტების შრომის ანაზღაურების სიმწირით). თვითონ მსახიობზე კი, მისი სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავის აღსანიშნავად, იოსებ იმედაშვილმა 1916 წლის მე-5 ნომერში მშვენიერი სტატია დაბეჭდა, რომელშიც მსახიობისა მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა მიმოიხილა. ამ მიმოხილვაში, ელისაბედის პუბლიკაციების ჩამონათვალში, ის ახსენებს თხზულებას სათაურით „მგზავრის წერილები“ და ფრჩხილებში შენიშნავს: „ჯერ დაუბეჭდავი“.

და, აი, მივადექით ელისაბედის ბარათის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს.

ადრესანტი, რომელიც ადრესატს წერილის თავსა და ბოლოში ებოდიშება, შენთან ანგარიშის გასწორება დამიგვიანდაო, და ჰპირდება, „შენს ჩემდამი უკმაყოფილებას მალე გავასწორებო“ (აქ ვალის დაბრუნება უნდა იგულისხმებოდეს: როგორც ჩანს, იოსებ იმედაშვილს ფინანსურად გაუმართავს ხელი მატერიალურად შეჭირვებული არტისტისთვის), ამავდროულად საყვედურს გამოთქვამს რედაქტორის მიმართ –  ნაწერებს რად არ მიქვეყნებო. ერთ ნაშრომს კიდევაც ასახელებს: „ჩემი  მოგზაურობაც  არ დამიბეჭდეო“.

შესაძლოა, ეს „მოგზაურობა“ იყოს სწორედ ის „ჯერ დაუბეჭდავი“ „მგზავრის წერილები“, რომელსაც იოსებ იმედაშვილი ახსენებს მსახიობის სასცენო მოღვაწეობის გამო დაწერილ თავის სტატიაში, ზემოთ რომ დავიმოწმეთ.

„მოგონებანში“, რომელიც 1941 წელს იოსებ გრიშაშვილის რედაქციით გამოცემულ ზემოთ ნახსენებ წიგნშია შესული, ელისაბედი იმასაც გვაუწყებს, რომ ბერლინში სამკურნალოდ გამგზავრებულ მეუღლეს, ნიკო ხიზანიშვილს, ხლებია თან ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გურამიშვილის რჩევით. (ოლღას ასე უთქვამს ნიკოსთვის: „ლიზაც წაიყვანე, მსახიობია და კარგია მაგისთვის, თეატრებს ნახავს და მსახიობების თამაშს გაეცნობაო“).

„ეს ბედიც მეწვია, – განაგრძობს თხრობას მსახიობი, – და 1903 წელს, 4 ივნისს გავემგზავრეთ საზღვარგარეთ. ჩემი მოგზაურობა და შთაბეჭდილებანი ვრცლად მაქვს აღწერილი“.

აქ სქოლიოს ნიშანი ზის, ხოლო სქოლიოში რედაქტორის, იოსებ გრიშაშვილის შენიშვნაა:

„ეს ვრცელი მოგონება, რომელიც უცხო ქვეყნებიდან მიღებულ მაშინდელ ქართველი ქალის შთაბეჭდილებას შეიცავს, ავტორს ჯერ არ გამოუქვეყნებია და ხელნაწერის სახით ინახება მის დავთარხანაში“.

კარგი, ვთქვათ, იოსებ იმედაშვილმა იმიტომ თქვა უარი „მოგზაურობის“ გამოქვეყნებაზე, რომ ვრცელი იყო და ამის გამო რევიუს ყაიდის მისი ჟურნალისთვის შეუფერებელი. სხვაგან რატომ ვერსად დაიბეჭდა ეს თხზულება? თუნდაც იმ წიგნში, საიდანაც ახლახან მოვიყვანეთ ფრაგმენტები? თუ გავიხსენებთ, რა საინტერესოდ გადმოგვცემს დიდი მსახიობი პეტერბურგში ყოფნისას მიღებულ შთაბეჭდილებებს ზემოთ უკვე ნახსენებ სტატიაში („წერილი მეგობართან პეტერბურგიდან“), ადვილი წარმოსადგენია, რა ძვირფას დოკუმენტთან უნდა გვქონდეს საქმე ამ „გასაიდუმლოებული“ მოგზაურობის სახით, რომელშიც ერთ-ერთი პირველი ქართველი პროფესიონალი მსახიობი ქალი თავის ევროპულ შთაბეჭდილებებზე წერს!

რა ბედი ეწია „მოგზაურობას“, საერთოდ, შემორჩენილია თუ არა, ი. გრიშაშვილის სიტყვით რომ ვთქვათ, ელისაბედ ჩერქეზიშვილის „დავთარხანა“ ანუ არქივი, თუ შემორჩენილია, სად ინახება? აი, კითხვები, რომლებსაც აღძრავს ეს პატარა ბარათი დიდი მსახიობის მიერ მინაწერი „თეატრისა და ცხოვრების“ სახელოვანი თავკაცისათვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…