1892 წლის მიწურულს, მაინცდამაინც შობა დღეს – 25 დეკემბერს დაბა ყვირილაში პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია – „მესამე დასი“ შეიქმნა საქართველოში…
იმ წამსვე გაიელვა საინტერესო გვარებმა „მესამე დასელებში“ – ნინოშვილი, ჟორდანია, რამიშვილი…
დაწყევლილი შობა დაუდგა ქვეყანას – „წმინდა სამებასაც“ შემთხვევით არ დაუპირისპირეს, ვგონებ, „მესამე დასი“…
იკითხავთ, ალბათ – რამ გაახსენა ამ კაცს ის უბედური საღამო დაბა ყვირილაშიო? რამ და სოციალ-დემოკრატებს შემოჰყვა ქვეყანაში სწორედ სიტყვა „სახალხო“…
სახალხოობამ დაღუპა მერე ქვეყანა. იმ ორომტრიალმა. იმ ბრბომ…
სახალხოობას შემოჰყვა 4 წელიწადში ნაძალადევის პირველი სახალხო თეატრიც –
დასცხეს და დასცხეს რევოლუციური იდეები სცენიდან. აყვირდნენ და აყაყანდნენ – მოდის, მოდის, მოგუგუნებს რევოლუციაო… დარბოდნენ ქუჩა-ქუჩა ჯიბეებში ბომბებგამოტენილი სახალხო თეატრალები… ყურით „მოათრიეს“ მე-11 არმიაც და 1924 წლის 10-19 მარტს იმავე დარბაზში – ნაძალადევის სახალხო თეატრში – გამართეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ამბროსი ხელაიასა და საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრების სასამართლო პროცესიც…
კირილე ნინიძე და იოსებ ბარათაშვილი იცავდნენ პატრიარქს.
სწორედ სახალხო თეატრის კედელში გამოუტანა საბჭოთა რეჟიმმა ამბროსი ხელაიას 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით…
მოკლედ, სახალხოობასა და სახალხო თეატრებს მაინცდამაინც სუფთა წყალი არ უსვამთ იმ ავადსახსენებელ საბჭოთა დროს… მაგრამ რად გინდა? საბჭოეთი დასრულდა… გავაცილეთ. მოვიშორეთ… სახალხო თეატრები ისევ მყარად დგას… ისევ აშენებს ახალ კედლებს… ისევ საეჭვოდ გაპოპულარულდნენ ბოლო დროს… კაცმა არ იცის, რატომ და როგორ?
ეს „სახალხო“ მაინც ჩამოვაშოროთ… ნამეტანი რევოლუციურად ჟღერს და გვიწყენენ…
ახლა არ იკითხოთ, ვინ გვიწყენსო? მაგათი მეტი რა არის? რა გამოლევს „ინტრიგანს“?
ხომ გახსოვთ ჩემსავით შეძველებულებსა და ძველებს რიაზანოვის ფილმი – „ერიდეთ ავტომობილს“. ჰოდა, ამ ფილმში საბჭოთა მოქალაქე გამოდის სიტყვით – „საზეიმო დღე გვაქვს. მილიციელებისგან და მძღოლებისგან სახალხო თეატრებს ვქმნით. არის აზრი, რომ სახალხო თეატრები მალე განდევნიან (ბოლოს და ბოლოს) პროფესიულ თეატრებს. და ეს სწორიცაა – მსახიობები თეატრში მთელი დღეები უქმად დაყიალებენ და სახალხო მსახიობი, რომელიც ამაში ხელფასს არ იღებს, უფრო დიდი ენთუზიაზმით იმუშავებს. აი, რამდენად უკეთესად ითამაშებდა ერმოლოვა საღამოთი, მთელი დღე რომ დაზგასთან გაეტარებინა“!!!
როგორც ჩანს, ვიღაც რუსულ ფილმებზე შეყვარებულმა ქართველმა ისევ ნახა ეს ფილმი და გაბრაზდა ქართველ პროფესიონალ მსახიობებზე…
დაენანა მათზე გადაყრილი ფული და ის ძველი, ტკბილი, რევოლუციური სახალხო თეატრები მოაგონდა ისევ…
ამოატივტივა…
არადა, არ ღირს… სადღა ნახავთ უფასო სახალხო მსახიობს დღეს? ან რა ჩამორეცხავს მაგ კედლების ცოდვას? …
მოყიალე პროფესიონალო მსახიობებო, იყავით ფხიზლად! რაც იცით, რა ხდება დღეს დაბა ყვირილაში…