ანუ „ასწიეთ ადამიანი მაღლა!“
„ახალ თბილისს – ახალ კოკორს ნაღვიძარს,
უგალობე ნამუსიან ლექსებით“…
იოსებ გრიშაშვილი
სტალინის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ გადაღებულ ფილმში – „მაგდანას ლურჯა“ ერთი შემპარავი კადრია – ქელეხიდან მომავალი შეზარხოშებული მამასახლისი შემთხვევით გადაეყრება მომაკვდავი ვირის ირგვლივ შემოკრებილ მაგდანას გოგო-ბიჭებს და ხელების სავსავით აფრთხილებს ბავშვებს – ჭირიანი არ იყოს, ხევში გადააგდეთო…
განა მაგდანას ობოლ ბავშვებზე დარდობს… განა მათი სიკვდილ-სიცოცხლე აღელვებს თედოს…
პირიქით… ახლოსაც არ მიდის მათთან, რომ რაიმე არ გადაედოს – არ „გაჭირიანდეს“ თავადაც და სწრაფად გაეცლება საფრთხის ადგილს…
კაცმა არ იცის, დამწყებ რეჟისორებს, ჯერ კიდევ ბიჭებს (უკარგეს ბიჭებს) რა ძალამ შეატანინათ ეს კადრი ფილმში? ან საბჭოთა ცენზურას რა დაემართა? როგორ გამოეპარა საეჭვო დეტალი?
უდავოა, რომ 2 წლით ადრე ბევრად უფრო მახვილი იყო ცენზურის თვალი…
საბჭოთა საქართველოს ჭირის დღესავით ეშინოდა ჭირისა და ჭირიანების…
ყველა არასაბჭოელ (და არც თუ იშვიათად საბჭოელ) „ჭირიანს“ ისროდა იმ ხევში… იშორებდა… აქრობდა და ანადგურებდა.
***
1937 წლის 8 ივნისს რუსთაველის გამზირი საქართველოს პარტიული ელიტით გადაიჭედა. დღის 5 საათზე გამოასვენეს ოფიცერთა სახლიდან ქალის ცხედარი. კუბოს ერთ მხარეს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე – გერმანე მგალობლიშვილი ედგა; მეორე მხარეს – საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი – ლავრენტი ბერია…
24-ე ნომრად დაკრძალეს ქალი მთაწმინდის პანთეონში – მაინცდამაინც ვაჟა-ფშაველას გვერდით. პროცესიას დიდი გვირგვინი მიუძღოდა წინ – „ძვირფას დედაჩემს მისი საყვარელი შვილის – იოსებ ჯუღაშვილისაგან (სტალინისაგან)“…
ცრემლი არ წაჰყოლია კეკეს არც შვილისგან და არც – ხალხისგან… გვირგვინი და ყვავილი მრავლად იყო.
1937 წელი იდგა… – გერმანე მგალობლიშვილს მაინც ვერ უშველა ბერიასთან ერთად კეკეს კუბოთი მხრის გადაყვლეფამ. 10 აგვისტოს სტალინმა თავად მოაწერა მის დახვრეტას ხელი… ნესტორ ლაკობას დაკრძალვაზე მისვლა ვერ აპატია…
ვერც ბუდუ მდივანს აპატია რაღაც…
კეკეს ცხედრის გაციებამდე – 10 ივლისს – მიახვრიტა უახლოესი მეგობარი – მეტსახელად „კასრი“…
რა იყო ეს „10“?
დამთხვევა თუ რისამე სიმბოლო?
ვინ იცის…
ან ვინ იცის, რაზე დარდობდა კედელთან დახვრეტის მოლოდინში მდგომი ბუდუ მდივანი… იქნებ, ის აგონდებოდა, რამდენჯერ გადაარჩინა სიკვდილს თავის დროზე საკუთარი მკვლელი… ან, იქნებ, სულაც იმ წამსაც სჯეროდა, რომ სტალინმა არაფერი იცოდა მეგობარზე და ბელადის მტრები ხვრეტდნენ…
ვინ იცის?
ვინ რა იცის?
ისეთი წელი იდგა…
1937-ის ბოლოს „ნამუსიანი ლექსების“, უნამუსო „ჩაშვებებისა“ თუ ღმერთის წყალობით ალაგ-ალაგ შემორჩენილ ინტელიგენციას ერთად მოუყარეს თავი ოპერის თეატრში…
მუხლების კანკალით „შეეფინნენ“, ალბათ, გადარჩენილები თეატრის კედლებს….
კაცმა არ იცის, რა შიში უღრღნიდათ გონს…
მით უფრო, რომ ბერიას პენსნე კიდევ უფრო სასტიკად ლაპლაპებდა, თურმე, ოპერის თვალისმომჭრელი შუქის ფონზე… იჯდა შიშისგან გასუსული თუ გატრუნული ქართული ინტელიგენცია პარტერში. იქნებ, ზოგიერთს რცხვენოდა კიდეც საკუთარი სიცოცხლის… თუმცა, „მამასახლისებიც“ ჩვეულებრისამებრ იქირქილებდნენ სამთავრობო ლოჟებიდან…
ბერიამ იმ დღეს „ანგარიში“ ჩააბარა, ფაქტობრივად, გადარჩენილებს – განუმარტა, რომ ყველა დასჯილი, დახვრეტილი, გადასახლებული მწერალი, პოეტი, ექიმი, რეჟისორი თუ მხატვარი გარეული იყო უზარმაზარ შეთქმულებაში – საქართველოში ტიფის ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში…
ტიფის ხსენებაზე ოპერაში ჰაერი კიდევ უფრო დამძიმდებოდა… 15 წელიც არ იყო გასული „ისპანკას“, ქოლერის, დიზენტერიის, წითელას, ქუნთრუშას, ყვავილისა და სხვა ათასი სახადის შემოტევებისგან… ახსოვდათ დამოუკიდებელ საქართველოში „ნაქუნთრუშალებს“ ის დრო… მაგრამ რამდენმა დაიჯერა იმ საღამოს ნეტა, რომ ბერიამ ჭირისგან გადაარჩინა ქვეყანა?
რამდენს გაუხარდა და რამდენს დაენანა ფარულად, რომ „უტიფრებმა“ „ნატიფარი“ ინტელიგენცია დამარცხებულად გამოაცხადეს 1937 წლის მიწურულს…
გამარჯვებულთა ლოჟებში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ იჯდა სანდრო ახმეტელი. მეექვსე თვე მიდიოდა მისი დახვრეტიდან. სამაგიეროდ, ახმეტელის საქმის ტრაგიკული „ოქროს მოწმეები“ იყვნენ მიმოფანტულნი დარბაზის სხვადასხვა მხარეს…
არავინ იცის, ვინ უფრო იყო დასჯილი მათ შორის – წამებით მოკლული ახმეტელი თუ ის ხალხი, ლავრენტის შიშითა და ჟინით რომ მისცეს ჩვენება სანდროს წინააღმდეგ… ახმეტელისთვის „ჯოჯოხეთის ყველა კარი“ მათი ხელით გააღო ბერიამ… მათზე გაიარა „ხალხის მტრისა და მავნებლის“ 222-მა დღემ საბჭოთა ჯურღმულებში…
ლავრენტი ნელა კლავდა ახმეტელს. ყველა სიტყვისთვის. გამოხედვისთვის. კარის მიხურვისთვის. ცინიზმისთვის აცლიდა სულს…
გაყოფის, პოლარულობისა და დაპირისპირების ნიშანია რიცხვი „2“…
ახმეტელისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა – ორჯერ უფრო საბედისწერო და ორჯერ უფრო პოლარული.
ბერიამ კახური სიჯიუტე და პირდაპირობა არ აპატია…
თეატრმა – ძალა და ძალაუფლება…
„ახმეტელმა პირდაპირ ამოხოცა მსახიობები მუშაობაში“ – ასეც წერდნენ ჩვენებებში…
ქართველი მსახიობი არ იყო მიჩვეული ახმეტელამდე შრომას –
მხოლოდ შიდა ინტრიგებში უფრო იყო გაწვრთნილი…
ვერიკოსა და რეჟისორის ურთიერთობაც მსახიობის დისციპლინამ (თუ უდისციპლინობამ) ჩაწყვიტა… ყვირილამდეც მისულა საქმე… მხოლოდ ერთხელ მიუწვევია ანჯაფარიძე თავის სპექტაკლებში სანდროს. დაჟინებით იმეორებდა, რომ ვერიკოს დასში ლიდერობა სურსო…
ვერც შეედავები –
უნდოდა ვერიკოს ლიდერობა და იყო კიდეც ლიდერად დაბადებული, მაგრამ ახმეტელის გვერდით შეუძლებელი იყო პირველობა…
მით უფრო, რომ პირველად იქმნებოდა საქართველოში რეჟისორის თეატრი.
ახმეტელმა ყველაფერი შეცვალა. გადაფარა. გააერთიანა. ლიდერად იქცა იქ, სადაც ლიდერობა სიკვდილით ისჯებოდა…
ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ რთულ და უკომპრომისო, უხიაგ ხასიათთან ერთად უშიშარიც იყო… იქნებ, ამ „ვითარცა უხორცო“ უშიშრობამაც შეიწირა…
არ იყო ბერია მპატიებელი.
არც – თეატრი..
იმასაც ამბობდნენ, რომ თეატრში დიქტატორი იყო ახმეტელი…
არადა, სძულდა დიქტატორები; ოღონდ – პოლიტიკური დიქტატორები…
ყოფილი ეროვნულ-დემოკრატი და რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის წევრი ვერც თავად შეეთვისებოდა ბოლშევიკებს და ვერც ისინი ენდობოდნენ ბოლომდე მას…
მუდამ ეჭვით აკვირდებოდნენ ერთურთს…
ანდა, როგორ გინდა, იმ კაცს ენდო, ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტზე რომ მოაწერა ხელი…
გასაბჭოების მერე საქართველოში დარჩენა, ფაქტობრივად, განაჩენი იყო ახმეტელისთვის.
ამიტომ უგზავნიდნენ, ალბათ, მუდამ კომისიას კომისიაზე… წუხდა ახმეტელი – „ღმერთო ჩემო, როგორ ვერ ვიტან კომისიებს… ვინ იცის, რამდენი ცოცხალი იდეა მოუკლავთო“… თეატრის შიგნითაც „უნერგავდნენ“ თავიანთ „მამასახლისებს“…
ფაშისტობაც დააბრალეს… ჰიტლერის თანაგრძნობაც… გერმანიის აგენტობაც…
ყველაფერი დააბრალეს, ეროვნულობის გარდა…
2 ოქროს მოწმე ჰყავდა ახმეტელის საქმეს…
ერთი – ავტორიტეტული მწერალი – თეატრის გარედან მოიყვანეს…
კაცმა არ იცის, როგორ დაითანხმეს კონსტანტინე გამსახურდია…
ან, იქნებ, ჩვენ გვინდა (თუ გვირჩევნია), დაეთანხმებინათ მწერალი… დამუქრებოდნენ… დაეშანტაჟებინათ…
ფაქტია, გამსახურდია ერთი ხელით ტიციან ტაბიძეს იცავდა და მეორე ხელით ახმეტელს პირად საუბარში ბერიაზე უცენზურო სიტყვებით ლაპარაკს აბრალებდა…
ტაბიძე ვერ გადაარჩინა…
ახმეტელის დახვრეტაში გაისვარა თუ გაასვრევინეს ხელი… ბერიას გინება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო – ეს ყველამ იცოდა მაშინ…
თუმცა, ისიც იცოდა გამსახურდიამ, რომ ლავრენტის ნაჩუქარ წარწერიან პისტოლეტს დაფასება და „მტვრის გადაწმენდაც“ სჭირდებოდა ხანდახან…
ასეთ საჩუქარს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა მუდამ – ან გადაარჩენდა პატრონს, ან, ფეხის დაცდენის შემთხვევაში, თვითმკვლელობაში დაეხმარებოდა მას…
ფაქტობრივად, ერთდროულად სიკვდილი და სიცოცხლე აჩუქა ლავრენტიმ მწერალს…
კაცმა არ იცის, სად მოისროლა გამსახურდიამ 1953 წლის მერე პისტოლეტი…
ან რა გაიფიქრა, როცა გაიგო, რომ ბერიასაც მიეწია, როგორც იქნა, ტიციან ტაბიძის სულისგამყინავი წინასწარმეტყველება – „ჩვენც, ალბათ, სადმე ჩაგვაძაღლებენ“….
მაგრამ მანამდე, 1937 წელს, ყველას ჩამძაღლებელი ითხოვდა ხარკს…
წიგნში – „სტალინი და მისი ჯალათები“ დონალდ რეიფილდი წერდა – „1937 წლისთვის ყველა ნაწარმოები ან ბერიას მიეწერებოდა, ან მას ეძღვნებოდა. ახალგაზრდა მლიქვნელი – გრიგოლ აბაშიძე თავის ლექსში ბერიას არწმუნებდა, რომ მის ნამოქმედარს ხედავდა ქვანახშირის მაღაროშიც და გადახნულ ყანაშიც, რომ საქართველოში, მისი წინამძღოლობით, ახდა სტალინის ოცნება“…
თუმცა, გრიგოლ აბაშიძე სინდისიერ კაცად დარჩა მაინც… სიცოცხლის ბოლომდე წუხდა – „გვაპატიებენ მათი სულები?
არ გვაპატიებენ“…
სინდისის წუხილი რთული რამაა… მაგრამ 1937 წელს სხვა სადარდებელი ჰქონდათ ქართველ ხელოვანებს…
გამსახურდიასაც სულზე მოუსწრო 1937 წელს „მნათობში“ დაბეჭდილმა „ნამუსიანი“ რომანის – „ბელადის“ პირველმა ნაწილმა…
მაგრამ, ალბათ, „არ ეყოთ“… არც მოეწონათ…
იქნებ, ამ უკმარობასა და მოუწონებლობას შეეწირა ახმეტელი, ან იქნებ, უფრო შორს იყო ჩამარხული ძაღლის თავი – ვინ იცის, რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელთა კრების წევრს – სანდრო ახმეტელსა და გერმანიაში დამოუკიდებელი საქართველოს ატაშეს – კონსტანტინე გამსახურდიას… იქნებ, მწერალი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ უკანასკნელ წამს აღარ დაიდგა თეატრში მისი „გარსი მარადი“…
ფრაგმენტულად იკვეთება დეტალები – ახმეტელის მძიმე და ფეთქებადი ხასიათი… თითქოს გამსახურდია იყო მშვიდი და გაწონასწორებული… მას ჰქონდა თითქოს სანატრელი და სანეტარო განწყობები…
ასე გამოდის, საბჭოთა „ჰუმანიზმი“ სიკვდილით სჯიდა მძიმე ხასიათიანებს.
მით უფრო, რომ კოტე მარჯანიშვილთან კონფლიქტმა კიდევ უფრო გაურთულა ახმეტელს ხასიათი. დარდობდა და ღელავდა მოსწავლე. მიწერა კიდეც მასწავლებელს – „ძვირფასო კოტე, მე დავიკავე შენი ადგილი მხოლოდ იმ აზრით, რომ ადრე თუ გვიან დაგაბრუნო შენს საყვარელ თეატრში, ოღონდ შენ ეს მოისურვე“. არ მოისურვა მარჯანიშვილმა… მეტიც, ელოდა, როდის ჩამოიშლებოდა თეატრი, რომ მერე მიბრუნებულიყო. არადა, რა ჩამოშლიდა რუსთაველის თეატრს ახმეტელის ხელში?
1933 წლის 17 აპრილს გაისმა საბედისწერო, უნებართვო კაკუნის ხმა რუსთაველის თეატრში.. „კვაჭიზე“ მუშაობდა იმ დღეს ახმეტელი. დიმიტრი მჟავიამ მოიტანა მარჯანიშვილის გარდაცვალების ამბავი… სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდნილა..
ახმეტელს მიწისფერი დაედო და 10 წლით ჩამობერდაო – წერდნენ მერე… აკანკალებული თითებით ძლივს უპოვია ჩამოსაჯდომად სკამი… იმ დღეს პირველად და უკანასკნელად შეწყვიტა რეპეტიცია სანდრომ და ჩაიკეტა. სამუდამოდ ჩაიკეტა… ზურგზე კიდევ უფრო დაუმძიმდა იმ წამიდან ტვირთი…
„ძვირფასი კოტეც“ საჯილდაო ქვად ექცა სანდროს საბოლოოდ… საზიდ ცოდვად… თითქოს თავისი ტვირთი აკლდა…
თავისი გაუსაძლისი კაცის ტვირთი…
ახმეტელის საქმის ათივე ტომი გაღიზიანებული, გაბრაზებული, შურისმაძიებელი ადამიანების ჩანაწერებით ყოფილა სავსე…
ათივე ტომი განსაბჭოებული საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისთვის გადაუციათ მერე… ათივე ზვიად გამსახურდიას გაუტანია ფურცელ-ფურცელ შესასწავლად…
როგორც ჩანს, კონსტანტინეს სიცოცხლის ბოლომდე „აწუხებდა“ ახმეტელი… ზურგზე ეკიდა მძიმე ლოდად… იქნებ, ჯავრობდა გრიგოლ აბაშიძესავით და „არპატიების“ შიში კლავდა… იქნებ, შვილსაც გაუმხილა თავისი შიშები და ცოდვები, თორემ რატომ და რა გაატანინებდა ზვიად გამსახურდიას ახმეტელის საქმის ათივე ტომს მუზეუმიდან… სად ეცლებოდა მუდამ დანის პირზე მყოფს ახმეტელისთვის? მაგრამ მოიცალა… ფურცლა და ფურცლა. ფურცლა და ფურცლა… იმდენი ფურცლა, რომ შემოადნა თუ „შემოექრო“ ხელში ათივე ტომის დედანი და მათი კვალი სამუდამოდ გაქრა (წყარო – გუბაზ მეგრელიძე – „კონსტანტინე გამსახურდიას დაკითხვის ოქმი“)…
ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღებს“ ჰიპოკრატეს სიტყვები აქვს წამძღვარებული – „რასაც წამალი ვერ განკურნავს, რკინა განკურნავს. რასაც რკინა ვერ განკურნავს, ცეცხლი განკურნავს“… საბედისწეროდ ასრულდა ეს წინასწარმეტყველება ახმეტელსა და გამსახურდიაზე… ცეცხლით „განიკურნა“, როგორც ჩანს, ეს სიბინძურეც საბოლოოდ… თუმცა, ვინ იცის, რა არის საბოლოო ან როდის დგება იგი? რა არის პატიება/არპატიება და რა ხდება არპატიების მერე?
ცხადი ერთია – იმ „ცეცხლით“ უამრავი დეტალი ჩაბარდა ისტორიას… უამრავი ტალახი… ჭუჭყი… სამაგიეროდ, შემოგვრჩა კონსტანტინე გამსახურდიას ერთი ზოგადი მოწოდება, ასე ცინიკური რომ ჩანს ამ ჭრილიდან – „ასწიეთ ადამიანი მაღლა“…
ახმეტელს მაღლა აწევა არ ელოდა…
და თავადაც რომ ვერ აწეულიყო მაღლა, ამიტომ დაალეწა, როგორც ჩანს, დაპატიმრებულს ორივე ფეხი ბერიამ…
წაშალა კიდეც კარგა ხნით…
საფლავიც წაართვა…
სახელიც…
მის ხსენებას ყველა ერიდებოდა ან შიშით, ან – სიძულვილით, ან – სირცხვილით…
იქნებ, მათაც აწუხებდათ ის კითხვა – „გვაპატიებენ მათი სულები“?
ხალხს უყვარდა… ხალხს უზომოდ უყვარდა ყოველთვის, მაგრამ თეატრსა და თეატრალებს ეშინოდათ… სძულდათ კიდეც… გაურბოდნენ და მაინც მისი მაგიის ირგვლივ იკრიბებოდნენ.
არც იმ კაცს უყვარდა, კრიტიკოსს, პირადად ბერიასთვის რომ მუშაობდა… ვერაფრით ივიწყებდა, როგორ გამოაგდო, კინწის კვრით რეპეტიციიდან ახმეტელმა… როგორ შეათრია კაბინეტში დასასჯელად… სანდროს ხსენებაზე სიცოცხლის ბოლომდე კანკალებდა… თითქოს ისევ გრძნობდა მის გაწნულ სილას ლოყაზე…
ჩემი ბავშვობის სახლშიც იყო იმ კაცის წიგნი – კარადის ზედა მარცხენა კუთხეში. შავი ყუა ჰქონდა წიგნს და შავი ამბებითაც იყო სავსე… მახსოვს, არ მირჩიეს მისი წაკითხვა, მაგრამ როგორც ყველაფერი აკრძალული, ისიც „გაისინჯა“…
ასე „გადავეკვეთეთ“ პირველად ერთმანეთს მე და ბერიას კრიტიკოსი…
ახმეტელს „წყალწყალა“ ყველაფერი სძულდა. ადამიანი – მით უფრო… საბჭოურ „გაწყალებულ“ საზოგადოებაშიც ამიტომ აღმოაჩნდა ამდენი მტერი და დამსჯელი…
ბერიაზე უკეთ არავინ იცოდა, „ციხე რომ შიგნიდან ტყდებოდა“… იეზუიტი ჩეკისტის ალღო არასდროს ღალატობდა…
ახმეტელის ციხეც „შიგნიდან ჩატეხა“…
თეატრის ორი პრემიერი შეარჩია – უდავო ლიდერები და რაც მთავარია, ახმეტელის საუკეთესო ახლობლები – აკაკი ვასაძე და აკაკი ხორავა…
ბედს უცნაური ირონია აქვს… იქნებ, ამ ირონიულობაზე არც უფიქრია აკაკი ვასაძეს, როცა მამასახლისის როლს დასთანხმდა და მაგდანას ობლებს შესძახა ფილმში – „ჭირიანი არ იყოს! ხევში გადააგდეთ“… იქნებ, არც გაუვლია უნიჭიერეს მსახიობს პარალელი ამ დეტალსა და ტიფის ეპიდემიის გავრცელებაში ბრალდებულთა ბედისწერასთან…
იქნებ… მაგრამ ის კი ცხადია, რომ თავად ბერიამ ზუსტად იცოდა, ვინ როგორ უნდა დაესაჯა ოქროს მოწმეობითა და საქმეში გარევით…
ამბობენ, ლავრენტის „ყურებით ჰყავდაო დაჭერილი“ აკაკი ვასაძე – ახსოვდა ბოლშევიკებზე მისი ნათქვამი – ამათ დიდი დღე არ უწერიათო…
ბეწვის ხიდზე გადიოდა ვასაძის ბედი…
ამიტომ დაიბარეს სამჯერ დაკითხვაზე.
სამჯერვე უღალატა ახმეტელს მამლის ყივილამდე.
იძულებით, ალბათ, მაგრამ ფაქტია, სამჯერვე კონტრრევოლუციონერად… მავნებლად… ანტისაბჭოთა რეჟისორად გამოაცხადა ან გამოაცხადებინეს…
ახმეტელის რეაბილიტაციის მერე ყველა ჩვენება უარყო… თუმცა, ჩაეძიეს… არ მოეშვნენ.. კრიმინალური ექსპერტიზის დასკვნაც დაუდეს… არადა, იქნებ, არც ტყუოდა… თავზე დამდგარ ბერიას ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას? ვინ არ მოაწერდა ხელს ნებისმიერ დოკუმენტს?
გამსახურდიასავით არ გაუმართლა აკაკი ვასაძეს – სამივე ჩვენებამ უვნებლად მოაღწია…
დაკითხვის ოქმებში არსად ჩანს აკაკი ხორავას ჩანაწერები… თავადაც ამტკიცებდა, არასდროს არაფერი დამიწერია ახმეტელის პოლიტიკურ ბრალდებაზეო…
თუმცა, ვინ იცის, რას ათქმევინებდა და აკეთებინებდა ახმეტელის წინააღმდეგ ბერია ხორავასაც, სენაკის ყოფილ მილიციის უფროსს, ცხენზე ამხედრებული, მაუზერით რომ დასდევდა ბოლშევიკებს თავის დროზე…
ხორავას დაყოლიებას შეძლებდა ბერია…
არადა, იყო დრო, სანდრო მეჯვარედ დაუდგა ხორავას… ერთადერთი შვილიც მოუნათლა… თავგანწირვითაც იბრძოლა ნათლულის სიცოცხლის გადასარჩენად… მერე დიდხანს შვილის საფლავზეც აკითხავდა ხორავას… რეპეტიციაზე მიჰყავდა იძულებით… სიცოცხლისკენ აბრუნებდა…
ბერიამ ამ ყველაფრის დანგრევაც მოახერხა…
დღესაც, ლავრენტის უნებლიე გავლენით, ბოლოდან ჰყვებიან ამ ამბავს ხშირად – როგორ გააგდო ახმეტელმა ნასვამი ხორავა თეატრიდან…
როგორ მიაყოლა მას ვასაძეც…
არადა, ეს გაგდებაც რა საეჭვოდ და უცნაურად „სასიკეთოდ“ მიუბრუნა ბერიამ ორივეს – ვასაძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნა, ხორავა – დირექტორად…
„გულუხვად“ დაუნაწილა ახმეტელის ორივე თანამდებობა „დასჯილ მეგობრებს“…
ეს „გულუხვობაც“ როგორი საშიში იყო…
როგორი სასჯელი…
ახმეტელისგან განსხვავებული როგორი კაცის ტვირთი აჰკიდა ორივეს…
არადა, ვინ იცის, რა მოხდა რეალურად ბაქოში…
ხორავა კარგად იცნობდა ახმეტელს. ისიც იცოდა, რა მოხდებოდა, თუ ნასვამი მივიდოდა სპექტაკლზე… ზუსტად იცოდა… მაგრამ მაინც მივიდა… ამიტომ თითქოს არც გაჰკვირვებია მოვლენების განვითარება.
თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო… თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა…
თუმცა, რატომ „თითქოს“? იქნებ, ეს იყო სწორედ ბერიას გეგმაც? ახმეტელს სხვებივით ერთი ხელის მოსმით ვერ დაიჭერდა… ვერ მოიშორებდა თავიდან… ახსოვდა, რომ მისი სპექტაკლები სტალინსაც მოსწონდა… ბელადისთვის სჭირდებოდა, პირველ რიგში, მყარი საბუთები… არგუმენტები… ამიტომ გატეხა ჯერ შიგნიდან ციხე და მერე თავად ჩაერთო საქმეში „გათავხედებული რეჟისორის“ მოსარჯულებლად.
იქნებ, უცნაურიცაა, რომ დღემდე ვასაძეცა და ხორავაც ახმეტელისეული „ყაჩაღებით“ შემორჩნენ უპირველესად ისტორიას… სცენისმიერ ძმებად – ფრანც (ვასაძე) და კარლ (ხორავა) მოორებად „დაგვიტოვა“ სანდრომ ორივე… არადა, არც იმ ძმებს ჰქონდათ მაინცდამაინც „ძმური“ გზები…
დღეს ბევრი წერს – ვასაძისა და სხვათა დაკითხვის ოქმები არაფერს ნიშნავდა. ბერიას უკვე გამოტანილი ჰქონდა განაჩენი ახმეტელისთვისო…
არასწორია!
ესეც სხვა, ბერიასეული კაცის ტვირთით დამძიმებულთა გამართლებისთვის ხდება დღეს… მათი და მათი ოჯახების რეაბილიტაციისთვის!
ბაბუების ნაჭამი ტყემალი დღესაც და ხვალაც მოჰკვეთს კბილებს შვილიშვილებს…
ახმეტელის ცოლისკენაც, ალბათ, ამიტომ გაიშვირეს ხელი…
ქალის ტვირთი სხვა იყო და არის ბერიასა და პოსტბერიას, საბჭოურსა და პოსტსაბჭოურ საქართველოში…
თან – „უპატრონო“ ქალის…
უბედურის.
სიცოცხლე და ცხოვრებაწართმეულის –
მის უკან არც სარეაბილიტაციო ოჯახები დგას და ხმის ამომღებიც არავინაა.
თამარ წულიკიძეს არც ახლა ჰყავს „ადვოკატი“ და არც არასდროს ჰყოლია…
ერთადერთი, დოდო ალექსიძე „გამოესარჩლა“ გადასახლებიდან დაბრუნებულს – დაქვრივებულსა და შვილმკვდარს…
თან ისეთ სპექტაკლში მიიწვია თამარ წულუკიძე, რომ ვერც ვერავინ შეედავებოდა და ყველაფერს ბოლომდე იტყოდა…
ლენინის დედის როლი ათამაშა გადასახლებიდან ახალდაბრუნებულ ქალს…
გადაჭედილი დარბაზის წინ იდგა ოდნავ მობერებული, მოტეხილი ულამაზესი თამარ წულუკიძე, რომელიც რეალურად ვალოდია ულიანოვის ჩამომხრჩვალ ძმას კი არა, საკუთარ ქმარსა და შვილს ეძახდა სცენიდან ერთდროულად – „სადა ხარ, საშა!!!“
დარბაზი ხმამაღლა ქვითინებდა… 20 წუთის განმავლობაში ტაშით ინგრეოდა თეატრი… ახმეტელის თეატრი…
იმ დღეს პირველად დაიტირა ხალხმა სანდრო და მისი უბედო ვაჟი – ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სანიკო…
ტირილის უფლება უკვე ჰქონდათ –
სტალინი გარდაცვლილი იყო.
ბერია – „ჩაძაღლებული“…
ძალით „გამამასახლისებულები“ – დარდისა და გაურკვევლობისგან დამუნჯებულები…
სანდრო ახმეტელის რეაბილიტაციაც იმ საღამოს მოხდა, ფაქტობრივად…
სპექტაკლიდან დაბრუნებულ თამარ წულუკიძეს დღიურში ჩაუწერია – „თუ სადმე ხარ, საშა, შენი უკვდავი სული თუ სადმე აქ არის, დაე, ამ საღამომ დაგიბრუნოს ნაწილი იმისა, რაც შენგან წაიღეს და წაგართვეს სიცოცხლესთან ერთად“…
***
ახმეტელის არაერთი „დასახიჩრებული“ ფოტოც შემოგვინახა ისტორიამ – კალმისტრით დაკაწრული. განსაკუთრებით გულდაგულ წაუშლიათ ფოტოს წარწერები – მთავარი რეჟისორი – ალ. ახმეტელი… თითქოს კეთროვანი იყო… თითქოს ტიფის ეპიდემიას ავრცელებდა მართლა…
ეშინოდათ… გახსენებაც კი ზარავდათ იმის, რომ მთავარი იყო სანდრო… მთავარი რეჟისორი…
მერე, დრო რომ მოვიდა, ასეთივე ჟინითა და გზნებით კაწრავდნენ ბერიასაც თვალებს… სახეს… სხეულს… განსაკუთრებით მის პენსნეს ემტერებოდნენ…
მეც მინახავს ლავრენტის „თვალდავსილი“ და „თვალდაშრეტილი“ ფოტოები…
მეც დავრწმუნებულვარ, რომ ადამიანი მუდამ მზად არის სხვათათვის თვალთა დათხრისთვის… მნიშვნელობა არა აქვს მიზეზს… მნიშვნელობა არა აქვს რატომ… ახმეტელსა და ბერიას ერთნაირად და ერთი ვნებით „აბრმავებდნენ“ და აბრმავებენ მუდამ…
***
უცნაური ხმა გავარდა ამას წინ ქალაქში – რუსთაველის თეატრში ახმეტელი დაბრუნდაო…
ჯერ დროში აირია ხალხი.
აიმღვრა.
ვერავინ მიხვდა, საიდან დაბრუნდა 85 წლის წინ გარდაცვლილი სანდრო…
ისევ 85 წლის სტურუამ „დაგვაბრუნა“ მისტიკურ, უცნაურ, გიჟურ აწმყოში – რუსთაველის თეატრის ის კედელი გვაჩვენა, სადაც არსაიდან გამოისახა ახმეტელი რომაული პროფილითა და დაფნის გვირგვინით…
ნელ-ნელა გამოიკვეთა მისი ცეცხლოვანი მზერა კედელზე…
ხუჭუჭა თმები…
თითქოს ისევ იქ დაბრუნდა – თავისი სიცოცხლისა და სიკვდილის არენაზე –
ინტრიგებით. ბრძოლებით. ომებით. გამარჯვებებით დატვირთულ რუსთაველის თეატრში…
თითქოს ისევ დარაჯობს იმ კედლებს, რომელშიც, ფაქტობრივად, ნგრევისგან დაცვისთვისაც „ჩააშენეს“ 1937 წლის 29 ივნისს…
„ჩააშენეს“, მაგრამ „გამოჟონა“…
„გამოჟონა“, რადგან სანდრო ახმეტელს კედელში რა გააჩერებდა?
ან მიწაში რა უნდოდა?
და ან – ცაში?
სანდროს ადგილი მხოლოდ აქ არის – ბებერი თეატრის ერთ მოფარებულ, მყუდრო კედელზე, საიდანაც მთელი სცენა იშლება.
დროც არის უკვე – ავწიოთ ახმეტელი მაღლა!
ჩამოვხსნათ კაცის ტვირთი…