უხილავი ისტორიის კვალდაკვალ

უხილავი ისტორიის კვალდაკვალ

, , ,

წერილი მესამე

1930-ან წლებში რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი კრიზისის დაწყებამ მის შიდა ცხოვრებაზეც იმოქმედა. ს. ახმეტელი ქართველი მწერლების დაინტერესებას ცდილობდა, რაც ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა. რეპერტუარი მეტ-ნაკლები წარმატებით ხორციელდებოდა. მათ შორის: ვ. კირშონის „ქართა ქალაქი“, გრ. რობაქიძის „ლამარა“, შ. დადიანის „თეთნულდი“, ფრ. შილერის „In Tirrannos“. დანარჩენი დადგმები ახლად დამკვიდრებულ სოცრეალიზმს უხდიდა ხარკს. პოლიტსამმართველოც თავის ანგარიშში აღნიშნავდა, რომ თეატრი რეპერტუარის შესადგენად უფრო „ცისფერყანწელებს“ – პ. იაშვილს, ს. შანშიაშვილსა და გრ. რობაქიძეს ეყრდნობოდა, ვიდრე პროლეტარულ მწერლებს. ანგარიშის მიხედვით, თეატრში „აღმოჩნდა“ ე.წ. „7 ძმათა ჯგუფი“. იგი გ. ლაღიძის ბინაზე შეიქმნა, ა. ბოკერიას ინიციატივით. მასში შედიოდნენ: კობახიძე, გოძიაშვილი, კანდელაკი, აბაშიძე და აფხაიძე. ჯგუფის მიზანს შეადგენდა ახმეტელის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერ მსახიობთა აღმოჩენა და თეატრიდან განდევნა. სამაგალითოდ მოყვანილია მსახიობების – მრევლიშვილის, სანაძის, ჭიჭინაძისა და მურღულიას დათხოვნა შტატების შემცირების მიზეზით; სინამდვილეში კი ისინი ფარულად ეხმარებოდნენ მარჯანიშვილს. ასეთი ანალიზით კეთდებოდა დასკვნა, რომ თეატრში არსებობდა კონსპირაციული არალეგალური ორგანიზაცია. მისი წევრები და ყოფილი კორპორანტები თითქოსდა გაურბოდნენ ახალგაზრდობასთან ურთიერთობას. ასეთმა დაპირისპირებამ კი განაპირობა კორპორაცია „დურუჯის“ განახლების მცდელობაო. აგრეთვე, პრესაში, დისკუსიებსა და თათბირებზე უარყოფით შემფასებელთა მომრავლების გამო საჭირო ხდებოდა ქმედითი ზომების მიღება.

კიდევ ერთი შეკრება მოხდა პ. კორიშელის ბინაზე, ბავშვის დაბადების დღის საბაბით, რომელიც დილის 4 საათამდე გაგრძელდა. ეს ფაქტიც პოლიტიკურად არის შეფასებული, რომ არსებულ ვითარებაში ღრმავდებოდა მსახიობთა შოვინისტური განწყობა, რაც გამოწვეული იყო მათი ყოფილი ანტისაბჭოთა პარტიათა წევრობით. ეს კი განაპირობებს თეატრის კომკავშირელ თანამშრომელთა დევნასო. კეთდებოდა დასკვნა, რომ თეატრს მომავალში სჭირდებოდა მტკიცე ადმინისტრაციულ-შემოქმედებითი ხელმძღვანელობა. ამიტომაც თეატრი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა.

ამ პერიოდში თეატრის შიდა ცხოვრებაშიც დაძაბულობა სუფევდა. ამის ნათელი მაგალითია თეატრის საერთო კრების ოქმი, რომელსაც პირველად ვაქვეყნებთ.

რუსთაველის თეატრის კოლექტივის საერთო კრების ოქმი, სადაც განიხილეს განათლების კომისარიატის ხელოვნებისა და ლიტერატურის განყოფილების ჟურნალის, 1932 წლის N3-4-ში დაბეჭდილი ს. აბულაძის ფელეტონ-წერილის „ტრაღიკული დისპუტის“ პოლიტიკური ნაწილი სპექტაკლ „თეთნულდის“ შესახებ.

რეზოლუცია მიღებულია რუსთაველის თეატრის მუშა-მოსამსახურეთა და მსახიობთა საერთო კრების მიერ (30 მარტი, 1932 წ.), რომელზედაც განხილულ იქნა ფელეტონ-წერილის („ტრადიციული „ტრაღიული დისპუტეს“ სათაურით) პოლიტიკური ნაწილი.

კრებას დაესწრნენ: განსახკომის მოადგილე – ამხ. ფანცხავა, ხელოვნების განყოფილების გამგე და ჟურნალ „პროლეტარული ხელოვნების“ პ/მგ რედაქტორი – ამხ. შავგულიძე, ხელოვნების მუშაკთა კავშირის მდივანი – გოცირელი.

რუსთაველის თეატრის მუშა-მოსამსახურეთა და მსახიობთა საერთო კრებამ (30 მარტი, 1932 წ.) განიხილა რა განათლების კომისარიატის ხელოვნებისა და ლიტერატურის განყოფილების ჟურნალის N3-4-ში მოთავსებული ს. აბულაძის ფელეტონ-წერილის („ტრაღიკული დისპუტის“ სათაურით) პოლიტიკური ნაწილი, სადაც პირველი: ავტორის აზრით სპექტაკლ „თეთნულდში“ საჭიროა შინაგანი კონტრრევოლუციური ბუნების გამომზეურება.

მეორე: სადაც, თურმე, გელახსანის დაღუპვით სპექტაკლის ავტორები მარხავენ ბოლშევიზმის ტრადიციას. მესამე: სადაც თურმე ლაჰილიეს „მოდერნიზაციაქმნილი ქალი, რომელიც სიმბოლო იყო ყოველთვის ეროვნული წარსულის და რომელიც განთავისუფლებისა და პროგრესის ემბლემაა – ძველად ჩაგრულ ნაციონალისტურ საქართველოსი“, ლაჰილი, „როგორც ქალი სიმბოლო განთავისუფლებული ეროვნული ჩაგრულისა ქართველოსი აერთიანებს ახალგაზრდობას და აღწევს მიზანს!“ რაშიც არის, თურმე, „ეროვნული ტრადიციის საკითხის წამოჭრის ცდა და სკივრიდან ამოთრეული ძველი დრამის ნაფლეთების რესტავრაციის სურვილები“.

მეოთხე: თურმე, „სპექტაკლის ავტორები მეტს ფიქრობდენ ნაციონალისტურ სულისკვეთების ასახვაზედ და ეროვნულ ტრადიციაზე“.

მეხუთე: და თურმე, „ეს ყველაფერი შინაგანი ანგარიშიანობის დაცვით არის გაკეთებული, რომ ამ ყალბ „მოწინავე“ ადამიანთან ერთად დაიღუპოს ბოლშევიზმის მოწინავე დამახასიათებელი თვისებებიც, რომელიც ბელა-ილლემის მიერ (გამოყენებულის საბრძოლო იარაღით რუსთაველის თეატრის წინააღმდეგ, ზოგიერთ პირთა მიერ მისადმი ყალბი ინტონაციის მიწოდებით) სამხარეო გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“ მოთავსებულ „თეთნულდისა“ და „განგაშის“ შესახებ რეცენზიებში წამოყენებულ პოლიტიკურ ბრალდებათა ლოღიური გაგრძელება და გაღრმავებაა. ამხ. სტალინის სიტყვები – „არ არსებობს ციხე-სიმაგრე, რომლის აღება ჩვენ არ შეგვეძლოს“ – განისაზღვრება და ამგვარი მრავალი სხვა პოლიტიკური ხასიათის ბრალდებანი.

ა ღ ნ ი შ ნ ა ვ ს:

პირველი – რომ რუსთაველის თეატრი თითქმის დღიდან საქართველოს გასაბჭოებისა და განსაკუთრებით კი 1926 წლიდან ფართოდ გაიშალა პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების და საბჭოთა საზოგადოებრიობისათვის უშუალო ფხიზელ ყურადღებისა და ზრუნვის ქვეშ.

მეორე – რომ რუსთაველის თეატრი პარტიისავე უშუალო მზრუნველობით გამოიჭედა ერთ-ერთ სამხატვრო კოლექტივად, რომელმაც თავისი ორგანიზაციული სიმტკიცე და საშემოქმედო მისწრაფებანი სანდრო ახმეტელის ხელმძღვანელობით 1926 წლიდან დღემდე თავის მხატვრულ პროდუქციაში გამოხატა: „ზაგმუკ“, „საჭე მარცხნივ“, „ჯუმა-მაშიდ“, „ლამარა“, „ღვარძლი“, „უდეგა“, „საქმის კაცი“,  „ყამირი“, „ლიანდაგი გუგუნებს“, „თეთნულდ“, „რღვევა“, „ქართა ქალაქი“,  „ანზორ“, „სამნი“, „განგაში“., „სალტე“ და სხვა.

აი, ის მხატვრული და პოლიტიკური გზა, რომელიც გამოიარა რუსთაველის თეატრის კოლექტივმა და ჩვენმა ხელმძღვანელმა ამხ. ს. ახმეტელმა. გზა, რომელმაც მიიყვანა რუსთაველის თეატრი 1930 წელს სრულიად საკავშირო სათეატრო ოლიმპადაზე, სადაც მთელი საბჭოთა საზოგადოებრიობისა და უცხოეთის წარმომადგენელთა მიერ იგი აღიარებულ იქნა მსოფლიო მნიშვნელობის თეატრად. თეატრად, სადაც ფორმულა მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ამხ. სტალინის მიერ წამოყენებულ „ეროვნული ფორმა და სოციალისტური შინაარსი“ ნაწილეობრივ გამართლებულ იქნა მის პრაქტიკაში.

მესამე – რომ ქართულ პროლეტ-დრამატურგიის ნაწარმოებთა დადგმით (მათზე რუსთაველის თეატრის უშუალო ხელმძღვანელობის მეოხებით) ქართულ თეატრში შეიქმნა ბაზა, რომელიც ქართულ პროლეტარულ-დრამატურგიის გეგემონიისათვის.

მეოთხე – რომ რუსთაველის თეატრში ჩამოყალიბებულია ექსპერიმენტალური სახელოსნო ყოველწლიურად სათანადო კლასობრივი შერჩევით ამზადებს თავის კადრებს და ჯერ-ჯერობით, როგორც ერთად-ერთი სახელოსნოს მქონე ორგანიზმში შეძლებისდაგვარად შესაფერ ძალებს აწვდის საქართველოს მომუშავე თითქმის ყველა თეატრს.

მეხუთე – რომ რუსთაველის თეატრი არის ოთხი სახელმწიფო თეატრის შეფი, ხუთი სარაიონო, სამი მუშათა თვითმოქმედი წრეების, წითელი არმიის ქართული ნაწილების ორი ერთეულის, ორი სამრეწველო რაიონის, მთლიანი კოლექტივიზაციის ორი რაიონის და სხვათა შეფი.

მეექვსე – რომ რუსთაველის თეატრს სამხატვრო ბრიგადების ხანგრძლივი მივლინებებით აქტუალური კამპანიების ჩასატარებლად და საზოგადოთ ბრიგადული წესის მუშაობით _ თვალსაჩინო ადგილი უჭირავს საქართველოში ყველა მომუშავე თეატრთა შორის.

მეშვიდე – რომ რუსთაველის თეატრი კომუნისტური პარტიისა და ბელადის მითითებების პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარებით  წარმოადგენს ერთ მთლიან მონოლითურ საბჭოთა ორგანიზმს, რომელსაც აუცილებლად მუშაობის პროცესში ექნება შეცდომები, რომელიც გამოსწორებულ იქნება თეატრის მიერ პარტიისა და ხელისუფლების ხელმძღვანელობით და საბჭოთა საზოგადოებრივი აზრის ობიექტური მითითებებით.

მერვე – რომ რუსთაველის თეატრს ზოგიერთი მოკავშირე რესპუბლიკების თეატრები სთხოვენ მათზე შეფობის აღებას და აგრეთვე თეატრის სახელოსნოში მათ მიერ მივლინებული კადრების მომზადებას, რის გამო განზრახულია მომავალი სეზონიდან თეატრთან გაიხსნას სექციები ზემოხსენებულ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

მეცხრე – რომ რუსთაველის თეატრს მრავალი საგასტროლო მოსაწვევი მომართვანი მოსდის სხვადასხვა ქალაქების საზოგადოებრივ ორგანიზაციათაგან.

მეათე – რომ რუსთაველის თეატრი ჯერ კიდევ 1923-1924 წლებში საქართველოში მოქმედ კულტურულ ორგანიზაციათა შორის პირველი გამოვიდა პოლიტიკური დეკლარაციით და ჩადგა პარტიისა და ხელისუფლების მოკავშირეთა და მათი ხაზის გამტარებელთა რიგებში. შემდეგ, საკავშირო ოლიმპიადაზე, რომელსაც თვალყურს ადევნებდა უცხოეთის თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები და მათი პრესა, რუსთაველის თეატრმა თავისი ხელმძღვანელის – სანდრო ახმეტელის პირით ყოველგვარი ჯურის შინაგან თუ უცხოეთის კონტრ-რევოლუციის და ემიგრაციის გასაგონათ საქვეყნოთ განაცხადა თეატრის პოლიტიკური მრწამსი, რაიც აღნიშნული იყო ცენტრალურ და ადგილობრივ პრესაში.

ა დ გ ე ნ ს:

რუსთაველის თეატრი არ მიაქცევდა ყურადღებას უპრინციპო დემაგოგიურ გამოსვლას, სხვადასხვა პირთა მიერ მის წინააღმდეგ, რომ ამას არ მიეღო სისტემატიური და ჯგუფური ხასიათი, რომელიც თეატრის კოლექტივის თავდადებულ მუშაობას ჩირქს არ ცხებდეს, ცილს არ სწამებდეს, პროვოკაციულ და ყალბ ინფორმაციას არ აწვდიდეს საკავშირო საბჭოთა საზოგადოებრიობას, კერძოდ, თეატრში ცალკეულ მუშაკთა და საერთოდ კი თეატრის პოლიტიკური მრწამსის შესახებ.

რუსთაველის თეატრი არ მიაქცევდა ყურადღებას, რომ ასეთი უმსგავსო წერილი, რომელიც ლამობს თეატრის ხელმძღვანელის – სანდრო ახმეტელის გამასხარავებას და პირად შეურაცხყოფას და თეატრის პოლიტიკური მრწამსის ყალბად გაშუქებით პროვოკაციულ ქსელში გახვევას, რაც ერთი ზედმეტი დოკუმენტია თეატრის მიმართ მტრულად და ფიზიოლოგიურ სიძულვილით განწყობილ ჯგუფის აღვირახსნილ მოქმედებისა, რომ არ იყოს გაშვებული საბჭოთა პრესაში და ისიც იმ დაწესებულების ორგანოში, რომელიც მოწოდებულია და ვალდებულია ხელი შეუწყოს და უხელმძღვანელოს საქართველოში თეატრალურ კულტურის განვითარებას და არა უბრალო რედაქციული შენიშვნით დაკმაყოფილდეს, როდესაც ქვემდებარე ორგანიზაციას ასეთ უმართებულო პოლიტიკურ ბრალდებას წაუყენებენ.

თეატრი პროტესტს უცხადებს ასეთი უმსგავსო გამოსვლებისათვის და სთხოვს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, რომელიც ყოველთვის იყო უშუალო ხელმძღვანელი და მზრუნველი რუსთაველის თეატრის და მისი მუშაობისა, აღკვეთოს ასეთი დამოკიდებულება თეატრისა და მის მუშაკთა მიმართ და მოგვცეს საშუალება ნორმალურ მუშაობისა, რომ შეგვეძლოს როგორც დღემდე, მომავალშიაც ვიქნეთ პარტიისა და ხელისუფლების დირექტივების მტკიცე გამტარებლები.

საერთო კრების თავმჯდომარე – აკ. ხორავა                       

მდივანი   –    ი. ქანთარია

ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ფონდი. ხ- 19083

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…