არტისტზე - არტისტულად

არტისტზე – არტისტულად

, , ,

(ცამეტწლიანი სათეატრო ქრონიკა)

როგორ შეიძლება განისაზღვროს თეატრის მისია ქალაქისათვის, საერთოდ ქვეყნისათვის, რა მეტაფორები მიესადაგება?

როგორ და…

თუმც მანამდე:

***

ავქსენტი ცაგარელს „ხანუმას“ დადგმის გამო მოუწევდა ჩასვლა ქუთაისში და მის სტუმრობას ხელიდან რომ არ გაუშვებდნენ, დივერტისმენტსაც გაამართვინებდნენ, ის საამისოდ თავისივე შეთხზულ „ვაჭრის ჩივილს“ რომ შეარჩევდა და მერე ლექსებსაც მიაყოლებდა, დარბაზიდან ვიღაც რომ შემოსძახებდა:

მეგრელებზეც, ბატონოო!..

და კომედიოგრაფი ამ სტრიქონებს რომ გაიხსენებდა: მეგრელების ფაცხაშია ტურა კივის ნაცარშიაო, – და დარბაზი გულიანად ახარხარდებოდა, ბედი არ გინდა! წინა რიგში კოწია დადიანი უნდა მჯდარიყო, შეურაცხყოფილად რომ იგრძნობდა თავს, ხმალს იშიშვლებდა და გაქანდებოდა სცენისაკენ:

– თუ ვაჟკაცი ხარ, დამიხვდი, გაჩვენებ, როგორ კივიან ტურები, თუ ვაჟკაცი ხარ!

შეშფოთებულები ეცემოდნენ და შებოჭავდნენ, ფარდას ჩამოუშვებდნენ სცენაზე, კოწია დადიანს კი ორი კაცი მიაცილებდა სასტუმრომდე, ვაითუ, უკანვე გამოვარდესო…

თუმც, ასე იოლად არ მოთავდებოდა.

მესხების ოჯახში ჩამომხდარ ავქსენტი ცაგარელს რამდენიმე თავადი მიაკითხავდა, კოწია დადიანი ბოდიშის მოხდას ითხოვსო.

გული გაუსკდებოდა კომედიოგრაფს, ვაითუ მობოდიშება არ იკმაროს და ხმლითაც ამკუწოსო, განსაკუთრებით მაინც მისი მეუღლე რომ გადაირეოდა, ნატო გაბუნია და აჟიტირებული კისერზე ჩამოეკიდებოდა ქმარს, რათა დასაღუპად არ გაეშვა.

კოტე მესხი ნატოსაც დააშოშმინებდა, ყოველი შემთხვევისათვის თავის სამ ძმასაც წაიყოლებდა და ისე მიაცილებდა კომედიოგრაფს განრისხებულ თავადამდე, რომელიც დაკმაყოფილდებოდა მობოდიშებით და… შერიგების სუფრასაც გაშლიდა.

ავქსენტი მაინც დამფრთხალი იქნებოდა და აღარ დაჰყაბულდებოდა კოტე მესხს: ერთი წარმოდგენა კიდევ დაედგათ.

შერიგება შერიგებად, მაგრამ შიშობდა, ვინ იცის, კიდევ რამ წამოუაროს და მაშინ კი ვეღარ გადავურჩე ხმლით აკუწვასო.

რკინიგზის სადგურზე მესხების მთელი ოჯახი გააცილებდა და ნატო გაბუნია თვალს რომ მოჰკრავდა მათკენ მიმავალ კოწია დადიანს, იმხელას იყვირებდა, ყველა მისკენ მიიხედავდა.

მაგრამ ის… ყვავილების მშვენიერ თაიგულს მიართმევდა და მოუბოდიშებდა:

წარმომიდგენია, როგორ იღელვებდით, გთხოვთ შენდობასო.

განთქმული მსახიობი მაინც შიშით ჩამოართმევდა საჩუქარს, კიდევ რამე არ ატეხოსო, მაგრამ ამ ღირსების კაცს, კოწია დადიანი რომ გახლდათ, განა შეიძლებოდა ეს ლაზათიანი სცენა რაიმეთი გაეფერმკრთალებინა?! . მეგრელებზე ატეხილი ხარხარი რომ არ მოეთმინა, ამისთვის ვეღარც ავქსენტი ცაგარელი გაამტყუნებდა, თუმც თვითონ ის სტრიქონები მხოლოდ სახალისოდ, სახუმაროდ ეთქვა და არა ვინმეს დასამცირებლად, რას წარმოიდგენდა, დარბაზს მეტი თუ მოუვიდოდა!..

კოწია დადიანზე თანადროულ მოღვაწეთა პირად არქივებსა თუ მემუარებში ნამცვრევებივით რომ მიმობნეულიყო ამბები, ელგუჯა თავბერიძის შეტყობით:

ისინი სარომანო სივრცეს ვერ გაავსებდნენ, თორემ დოკუმენტური ნოველისა თუ მოთხრობისათვის ისეთი ბაჯაღლო გახლდათ, მოყოლის მეტი არაფერი ჭირდებოდა.

და სანიმუშოდ კიდეც მოადევნებდა ავქსენტი ცაგარელთან მომხდარ ამ ინციდენტს, როგორც დასტურს ამ კაცის რაინდული და ამავდროულად სათუთი ბუნებისა და ხასიათისა.

ნამცვრევებივით რომ მიმობნეულიყოო…

ეს კი მიგვანიშნებს, რომ:

ის ნამცვრევებიც თანდათან გარდაისახება ელგუჯა თავბერიძის ხელთ ნოველებად, საბოლოოდ ერთგვარ ციკლადაც რომ გამოიკვეთება კოწია დადიანზე, როგორც სხვა ნამცვრევებიდან ამოსულა ნოველები ამა თუ იმ მოღვაწეზე.

ეს ნიმუში – „ნამცვრევი მზეში“ – უნდა ჩართულიყო მხატვრულ-დოკუმენტურ რომანში „ცამეტი წელი (ქუთაისური თეატრის ხარაზოვული ოდისეა) (ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი „ხომლი ენი“, 2021), თავისებურად რომ უნდა გაემრავალფეროვნებინა მისი დოკუმენტური პროზა ახალი სივრცის შემოტანით.

„ცამეტი წელი“ჟანრობრივად როგორ შეიძლება განისაზღვროს და:

როგორც თეატრალური რომანი.

მიხეილ ბულგაკოვი ამ სიტყვათშეთანხმებას თხზულების სათაურადაც გამოიყენებდა და მის ჟანრულ თავისებურებასაც მიგვანიშნებდა.

ქართველი მწერალი ჟანრად მოირგებდა და ქუთაისური საზოგადოებრივ-სახელოვნებო ყოფის ცამეტ წელიწადს – 1879-ან 1892-მდე – აქცევდა მიმზიდველ, აქამდე ბუნდოვნად, ნაფლეთებად ცნობილ, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად უცნობი ეპიზოდებითა და რეალიებით აღსავსე თხრობად, კოტე მესხის სათეატრო ქრონიკად.

იმ კოტე მესხისა, რომელსაც:

ქუთაისში სწორედ ამ ხარაზოვული თეატრის წყალობით უნდა დაეფუძნებინა მუდმივმოქმედი დასი.

დასები მანამდეც შეიქმნებოდა, მაგრამ მალევეც დაიშლებოდა ხოლმე, ამიერიდან კი თეატრალური დასის არსებობას თანმიმდევრობა უნდა შეეძინა, სხვა სიმაღლეზე აზიდულიყო მათი აქტიორული უნარი და მსახიობთა მთელი თაობაც გამოზრდილიყო, განსაკუთრებით რომ უნდა დაფასებოდა ქალების დამკვიდრება სცენაზე, რაც იმჟამინდელ ყოფით რეალობაში უჩვეულო მოვლენად გამოიყურებოდა.

ისეთი დადგმები უნდა დახვავებულიყო, თეატრს გულით რომ შეაყვარებდა მაყურებელს, როგორც ქუთათურებს, ისე ახლომახლო სოფელ-ქალაქებიდან ჩამოსულებს.

რომანის ავტორს თვალნათლივ უნდა გამოეკვეთა კოტე მესხის მისიის აღსრულება – ნამდვილი, ევროპულ წეს-კანონზე დამყარებული თეატრის დაარსება ქუთაისში:

იგი უნდა ყოფილიყო თეატრის გამგებელიც და როლების დიდებული შემსრულებელიც, თან რომ წვრთნიდა მსახიობებს, აქტიორულ ნიუანსებსაც უხსნიდა და უცხოეთში – პარიზის თეატრებში – ნანახზეც ემუსაიფებოდა.

ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში სამასამდე როლი კი უნდა შეესრულებინა.

ოცამდე დრამატული თხზულებაც უნდა დაეწერა, უმეტესობა უსამართლოდ რომ მიიჩქმალებოდა.

და თარგმნითაც ხშირად რომ უწევდა თარგმნა, მის მიერ გადმოქართულებული პიესები საგრძნობლად ავსებდა თეატრის რეპერტუარს.

შექსპირულ როლებს – ოტელო იქნებოდა, თუ პეტრუჩიო, ერთი „ოტელოდან“ და მეორე – „ჭირვეულის მორჯულებიდან“ – ისე განასახიერებდა, სხვა მსახიობები ვერც გაუტოლდებოდნენ და … გარისკვასაც მოერიდებოდნენ, მის თამაშს უნაკლოდაც რომ მოიხსენიებდნენ.

და გიორგი ერისთავის იმერელი ლაქიის ისეთ ნიღაბსაც შექმნიდა, რომლისგანაც შემდგომ ბევრი ვერც გათავისუფლდებოდა და სულ კოტე მესხის მიბაძვაში დარჩებოდნენ.

და რაღა გასაკვირია, ქუთაისური მუდმივმოქმედი თეატრალური დასის დაფუძნების თავგადასავალი კოტე მესხის სათეატრო ქრონიკად რომ გადაქცეულიყო.

ეპიკურ თხრობას უხდება ხოლმე – თუკი ავტორს საამისო საშუალება მიეცემა – ჩართული ნოველაც, ლიტერატურული დეტექტივის მსგავსი ჩანართიც.

„ცამეტ წელს“ ერთიც დაამშვენებდა და მეორეც.

„მზის ნამცვრევი“ თუ დოკუმენტურ ნოველად შეერეოდა თხრობას, „სათაკილო სიტყვას“ ლიტერატურული დეტექტივის ქარგა უნდა შეეძინა.

ჟან-ბატისტ მოლიერის კომედიის – „ეჭვით ავადმყოფი“ – დადგმას ილია ჭავჭავაძე რომ უნდა გამოხმაურებოდა რეცენზიით, მოწონებით მოეწონებინა ივანე მაჩაბლის თარგმანი, მაგრამ საყვედურიც უნდა გაეზიარებინა:

შიგ ისეთი სიტყვაა ჩართული, რომლის წარმოთქმაც ზრდილობისმოყვარე ქართველს ეთაკილებაო.

შინაურობაში ერთობ უწმაწური საუბარი გვჩვეოდა, იმავეს თქმას საჯაროდ ვერიდებოდით, აქ კი ეს ყურისმომჭრელი სიტყვა რამდენჯერმეც მეორდებოდა.

ილია ჭავჭავაძე არ ახსენებდა ამ სიტყვას, მაგრამ ელგუჯა თავბერიძე ამ თვალით რომ გადაიკითხავდა ამ კომედიას, ივარაუდებდა, უთუოდ „ოყნა“ უნდა იგულისხმებოდესო, მაგრამ ამას ასე ერთ ფრაზაში და სასხვათაშორისოდ კი არ განმარტავდა, ლიტერატურულ დეტექტივად გაშლიდა და კარგა ხანს ჩააგდებდა ცნობისწადილში მკითხველს:

ნეტა რას უნდა გულისხმობდეს ილია და რის შეცვლას ურჩევდა ივანე მაჩაბელსო?!

ეს ჟანრიც მახლობელი რომ არის ელგუჯა თავბერიძისათვის, ამიტომ ცალკეც შეუქმნია ლიტერატურული დეტექტივის ნიმუშები და მხატვრულ-დოკუმენტურ ეპიკურ ქმნილებებშიც ჩაუწნავს თხრობის გასახალისებლად, დახვეწილი იუმორითაც და ირონიითაც რომ ქმნის ნაამბობის მიმზიდველობას.

ილია პერსონაჟადაც გაიელვებდა, როდესაც კოტე მესხის ქორწილს დაესწრებოდა და, ნაქორწილევი, ბაღებში სეირნობასა და ქეიფსაც მოიწონებდა, და ყველას გააკვირვებდა: ასეთი მხიარული ეს კაცი არასდროს გვინახავსო.

აკაკი წერეთელი ცხადია უფრო კანთიელად წარმოისახებოდა – იგი ხომ მხოლოდ დრამატურგად არ უნდა შეშველებოდა ქუთაისის თეატრს, არამედ რეჟისორადაც და ხელმძღვანელადაც, საკმაოდ მნიშვნელოვან როლსაც რომ შეასრულებდა ამ ქალაქის თეატრალური ცხოვრების დამკვიდრება-განმტკიცებაში.

უფრო კანთიელად წარმოისახებოდა ალექსანდრე ყაზბეგიც – როგორც დრამატურგი და როგორც მსახიობი.

იქ კირილე ლორთქიფანიძეც უნდა გამოჩენილიყო, ივანე პურადაშვილს რომ გადაარჩენდა მისთვის შეუფერებელი არტისტის პროფესიისაგან, თორემ მსახიობთა პორტრეტებსა და სილუეტებს ხომ პირველ რიგში უნდა წარმოეჩინათ „ცამეტი წლის“ პერსონაჟთა გალერეა.

და რასაკვირველია კონსტანტინე ხარაზოვის ხასიათი უნდა გამოკვეთილიყო ხელშესახებადაც და რელიეფურადაც, თეატრისათვის შენობის აგების ნებართვას რომ გამოითხოვდა ქალაქის საბჭოსაგან, თუმც გუნებაში ედებოდა ისეთი შენობის აგება, ადვილად რომ გადააკეთებდა ცირკადაც და დუქნებადაც.

ამიტომაც ააშენებდა ისეთს, ყოვლად უვარგისი რომ გახლდათ თეატრალური წარმოდგენებისათვის, კულისებს, სუფლიორის ჯიხურსა თუ მუსიკოსთა ორმოს ვინ ჩივის, თავზე ჭერი არ ეხურებოდა და სკამებიც დაუნომრავი დარჩებოდა.

თეატრის პაროდიად უფრო წარმოდგებოდა, ისეთ ხუხულად, სპექტაკლის ყურებას რომ არც მოგანდომებდა.

და ასეთ პირობებშიც კონსტანტინე ხარაზოვი რუსულ დადგმებს მიანიჭებდა უპირატესობას, უქმე დღეებში მხოლოდ მათ რომ მომსახურებოდა სცენა, ქართული დასი კი მოჯამაგირის მდგომარეობაში უნდა აღმოჩენილიყო.

და მაინც:

რაღაცას ხომ ემგვანებოდა!..

თეატრი ხომ ერქმეოდა!..

მსახიობებისა და მაყურებელთა შესაკრებად როგორღაც ხომ გამოდგებოდა!..

სულ არარაობას ხომ სჯობდა!..

და ასე თუ ისე კონსტანტინე ხარაზოვის სახელს დაუკავშირდებოდა მუდმივმოქმედი თეატრალური დასის დაფუძნება ქუთაისში, კოტე მესხს რომ შეეძლებოდა ოფლი და სისხლი ჩაენთხია ამ საშვილიშვილო საქმეში და „რაღაცნაირად“ თეატრი ამოეზიდა, უბადრუკი საყრდენი გაეძლიერებინა და დასავლური თეატრალური ცხოვრების კვალში ჩაეყენებინა – იმასთან შედარებით შორეულშიც და შორეულზე შორეულშიც, მაგრამ კვალი ის გახლდათ…

მოსინჯვას ღონივრად შეეცდებოდა და ქუთაისს თეატრითაც დაამშვენებდა, მაყურებელსაც არანაკლებ რომ გამოწვრთნიდა და გამოზრდიდა და დიდ ხელოვნებასაც აზიარებდა.

ცალკე ნაკადად გამოჰყვებოდა თხრობას თეატრალური კრიტიკის გახსენება, არაერთი მიკარგული რეცენზია თავისებურ გზამკვლევად რომ გამოადგებოდა ავტორსაც და მკითხველსაც, განსაკუთრებით მაინც გიორგი წერეთლის ღრმა და საფუძვლიანი გამოხმაურებანი, არამარტო ამ სპექტაკლებზე რომ შეგვიქმნიდა შესაფერის შთაბეჭდილებას, არამედ ჩვენს დრამატურგიაზეც და ზოგადად თეატრალურ ხელოვნებაზეც.

ცალკე ქვეთავად ჩაერთობოდა ამონარიდები კოტე მესხის მიმოწერისა თავის მეუღლესთან, ნატო მესხთან („უფულობის სევდა“), თუმც უფრო შორს აღარ გაჰყვებოდა და მკითხველს შეჰპირდებოდა, რომ

ამ პარიზულ – თბილისურ მიმოწერას, უფრო საგნობრივად ჩაგულისყურებულს, სხვა დროს დაუბრუნდებოდა.

წარმომიდგენია, რარიგ მომხიბლავ თხრობად გაიშლება ის ეპისტოლური რომანი, ეს ჟანრი რომ არ მოძველებულა, ამჟამინდელი ლიტერატურული ცხოვრებაც ადასტურებს, არამარტო დასავლეთში, არამედ ჩვენშიც.

***

„ცამეტი წელი“ დამოუკიდებელი და კომპოზიციურად მტკიცედ შეკრული წიგნია, თუმც თავისი გაგრძელებანი უსათუოდ უნდა მოჰყვეს, რადგანაც:

რაოდენ ტევადიც უნდა ყოფილიყო, რაოდენ დამუხტულიც და მნიშვნელოვანიც, ცამეტი წელი მაინც ერთი რკალია არამცთუ ქუთაისის თეატრალური ცხოვრებისა, არამედ კოტე მესხის ბიოგრაფიისაც, მისი შემდგომი სათეატრო ქრონიკისა, ისევე რომ მოითხოვს შთამბეჭდავ წარმოსახვასა და ამეტყველებას, როგორც ეს თეატრალური რომანია.

***

– თეატრი ისევე საჭიროა ქალაქისათვის, როგორც ხიდი, ფარანი, სისუფთავე.

აღნიშნავდა ელგუჯა თავბერიძე, და რედაქტორის მოკლე წინათქმაში დათანხმებოდა ნანა კუცია:

საჭიროა, რადგან თეატრი თვითონაა ხიდიც, ფარანიც და სისუფთავეცო.

და გაიხსენებდა პაოლო იაშვილის სტრიქონებს:

რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელაო.

რათა თავისი მხრივ მიედევნებინა:

რამდენი „ქრონიკიერის“ რამდენი ჩანაწერი უნდა „გაეპარტახებინა“ ელგუჯა თავბერიძეს, რომ ქუთაისის თეატრის თავგადასავალი – მოკრძალებული აღნიშვნით: ხარაზოული ცამეტწლეული – ასე მოეთხრო – მარკესულად, ფეიერვერკადო…

ისე სხვა გზა არც არსებობს:

არტისტზე, არტისტებზე არტისტულად თუ არ დაწერე, რატომ უნდა მოეჭიდო თეატრალური რომანის შექმნას, რომანისა, რომელიც ასევეა ხიდიც ქალაქისათვის, ფარანიც და სისუფთავეც…

და ცამეტი წელიც: სხვა რა არის, თუ არა მართლაც თეატრი თეატრში!..

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…