ყვავილები ელჯერნონისთვის ცხელ თეატრში

ყვავილები ელჯერნონისთვის ცხელ თეატრში

, , ,

თეატრში ისე ცხელოდა, კამიუს „უცხო“ გაგახსენდებოდა. არ იყო კონდიციონერი; მხოლოდ ერთი ობოლი, დასადგამი ვენტილატორი არხევდა დაღლილ ფირფიტას დარბაზის შესასვლელში. აშლილი ჰაერის ტალღები, კაცმა არ იცის, სანამდე აღწევდა. სპექტაკლს ყოფილი კულტურის სახლის, ე.წ. კლუბის შენობაში ატარებდნენ, ბაზრის მოპირდაპირე მხარეს.

ზუგდიდი ახალი თეატრის შენობას ელის. შენობა, გრანდიოზული, თითქმის მზადაა; გახსნაც, ალბათ, მალე იქნება, მაგრამ მანამდე ზაფხულმა უნდა ჩაიაროს; 2023 წელია; მოწვეული რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე ყვავილები ელჯერნონისთვის – ლიტერატურული ტექსტის ადაპტაციას წარადგენს სცენაზე.

მთავარ, ჩარლის როლში ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ჩაჩუაა, რომელმაც თავი არც ისე შთამბეჭდავად დაგვამახსოვრა ზესტაფონის თეატრის სპექტაკლიდან – „ანტიგონე“ (რეჟ. ვახტანგ ჯუღელი); ჰემონს თამაშობდა – სულ რაღაც ერთი კვირის წინ რომ წარმოადგინეს მარჯანიშვილის თეატრში, თბილისში. ახლა ამ ბიჭს მთავარი როლი ანდეს; ეტყობა, რეჟისორმა რაღაცა დაინახა მასში. ვნახოთ, თუ ჩვენს იმედებსაც გაამართლებს, მაყურებლებისა და კრიტიკოსების.

სიცხის მიუხედავად, ერთგული მაყურებელი კლუბის დაბალ შენობაში თავდაჯერებული შედიოდა. გაძლების იმედი ჰქონდა, როგორც ჩანს; ზუგდიდის თეატრის შემცვლელი პირველი ცხელი შენობა არ ყოფილა მათ ცხოვრებაში. კრიტიკოსები, თბილისიდან ჩამოყვანილები, მე-6 რიგში დაგვსვეს, „ყველაზე კარგ ადგილებზე“. სპექტაკლი დაიწყო.

სცენაზე ისეთი ატმოსფერო სუფევდა, როგორც ალმოდოვარის ფილმებში, რომლებშიც სპექტაკლიდან ნაწყვეტებს უჩვენებენ. ამ ნაწყვეტებს, როგორც წესი, ფილმის მთავარი გმირი უყურებს – მაგ., მარკო ფილმში „ესაუბრე მას“ (ბენინიო უყურებს სპექტაკლს და ამავე დროს ამჩნევს, რომ მარკო ტირის), მანუელა ფილმში „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ (მეორედ, სპექტაკლს მანუელა და მისი ერთადერთი ვაჟი ერთად უყურებენ) და სხვ.  

ალმოდოვარის სპექტაკლის სცენები, სხვა ყველაფერთან ერთად, დასამახსოვრებელია იმით, რომ სპექტაკლი მაყურებელი პერსონაჟის ცხოვრების ისტორიას ეხმიანება, რასაც პერსონაჟი გულწრფელად განიცდის, სპექტაკლში იძირება. ვფიქრობ, მსგავსი ატმოსფერო სუფევდა ზუგდიდის სასცენო შენობაში იმ საღამოს. მაყურებლები, თავიანთი ცხოვრებიდან გამოსულნი, იძირებოდნენ იმაში, რასაც სცენაზე ხედავდნენ. ისინი უცქერდნენ სპექტაკლს, როგორც საშუალოს სერიალსა და ცხოვრებას შორის (არ დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ძირითადი სამომხმარებლო ფანტასმაგორია სწორედ სერიალია). ალმოდოვარის სპექტაკლის სცენებიც, ისევე როგორც მისი ფილმები, საკმაოდ სერიალური სტრუქტურისა და პათოსისაა. ერთი სიტყვით, განცდა მქონდა, რომ ერთ მთლიან, ცოცხალ ორგანიზმში ვარსებობდი სპექტაკლის მსვლელობისას. ზურგს უკან მომესმა მეგრელი მაყურებლის ფრაზა: „თენეფს ქეოროფებუნა ართიანი!…“ [„მათ ახლა ერთმანეთი შეუყვარდებათ!…“]

სპექტაკლი შთამბეჭდავად იწყება. მხატვრობა და სცენოგრაფია (მხატვარი – ნინო კიტია, სცენოგრაფია მამუკა ცერცვაძის) სპექტაკლის ჰარმონიულად განვითარების საშუალებას იძლევა: თეთრი, შუაში მოძრავი ფარდები, მაგიდა, რომელიც თონის საცხობი მაგიდაცაა და ექიმების მაგიდაც საავადმყოფოში.

მთელ სპექტაკლში დომინირებს ფარდების თეთრი ფერი, რომელსაც განათების ფერები – ლურჯი, ვარდისფერი, ყვითელი – ავსებს ემოციის შესაბამისად. თეთრი ნეიტრალური ფერია, მაგრამ ცნობილია, რომ დასავლეთ ევროპისათვის ნეიტრალური აღმოსავლეთ ევროპაში ემოციურად აღიქმება და, შესაბამისად, ქართველი მაყურებელი, სავარაუდოდ, ამ თეთრს ემოციურად აღიქვამდა: შესაძლოა, ეს ყოფილიყო როგორც პოზიტიური განწყობა ან – პირიქით, როგორც ნეგატიური, ავის მოლოდინი.

გიორგი ჩაჩუას ვირტუოზულად შესრულებული ჭკუასუსტი ჩარლი – სპექტაკლი სწორედ ჩარლის ექიმებთან სცენით იწყება, სადაც მას ის გოგონაც ახლავს – ელისი, შემდგომში რომ შეუყვარდება – ამ თეთრ ფონს უმალვე პოზიტიურის მოლოდინად გარდაქმნის. მეორე მხრივ, თონის სცენებში თეთრი ფერი ამძაფრებს ჩაგვრასა და სისასტიკეს ჩარლის მიმართ მცხობელთა მხრიდან (ფრენკი – გიორგი კაკალაშვილი, გიმპი – მერაბ კაკალია). რომანტიკულ სცენებში თეთრი ფერი ვარდისფერით ან ლურჯით ივსება.

სპექტაკლში ეფექტურადაა გამოყენებული ჩრდილების ეფექტი და პანტომიმური მოძრაობა. სცენებს შორის სივრცეს მუსიკა ავსებს და ყოველი სცენის დასასრულს გარკვეულწილად მოდუნებისკენ წასულ მაყურებელს ხელახლა აცოცხლებს. მუსიკის რეპერტუარი ეკლექტურია და ორგანულ მთლიანობას მოკლებულია. ერთი ჟანრის ან მიმდინარეობის კომპოზიციები ან ორი კონტრასტული ტონი, შესაძლოა, უფრო ქმედითი გამომდგარიყო.

ადაპტაცია (მამუკა ცერცვაძის) ესატყვისება თეატრალურ ფორმას. აქცენტი გაკეთებულია გრძნობებზე, პიროვნულობაზე (ინდივიდი, ინტიმურობა, იდენტობა) და პიროვნებისა და სოციალური გარემოს ანტაგონიზმზე. ჭკუასუსტ ჩარლის უტარდება იგივე ექსპერიმენტი, რაც თაგვს, სახელად „ელჯერნონი“. თაგვი ჩარლიზე ჭკვიანია, მაგრამ ჩარლის სურს, თვითონაც იყოს „ჭკვიანი“; სწორედ ჭკვიანად ყოფნის მოტივაცია ათმენინებს მას ექსპერიმენტის პროცედურას. სანამ ჩარლი არც ისე ჭკვიანია, მასზე თითქოს ყველანი ზრუნავენ, მაგრამ როგორც კი „გენიოსი“ ხდება, ყველა უცხოვდება მის მიმართ, აღარავის მოსწონს ის და უკვე სულიერ სოციალურ კიდეზე აღმოჩნდება. სწორედ ახლა იტანჯება ჩარლი ნამდვილი ტანჯვით, რადგან არავინ იღებს მის პიროვნულობას ჭკუასთან ერთად; ყველას „ძველი ჩარლი“ ურჩევნია – „პატიოსანი“…  

მეორე აქცენტი ადაპტაციაში ჩარლის ოჯახზეა. დედას (მარინა დარასელია) ეშინოდა „არანორმალური“ ჩარლის და პანსიონატში მიაბარა ის (რაზეც ჩარლის მამაც – რეზო ჯოჯუა – დაითანხმა), რათა „ჯანმრთელ“, ჩვილ დაიკოზე ცუდი ზეგავლენა არ მოეხდინა. რეჟისორი ჩარლის დედ-მამას გროტესკულ ოჯახად წარმოაჩენს, უგულო, სოციალურად მახინჯ არსებებად, რომელთაც საკუთარი „არანორმალურის“ მიღება არ შეუძლიათ. როგორც ჩანს, რეჟისორს სურს, გაზვიადების ხერხის მეშვეობით დაგვანახოს ის გარემო, რომელიც შესაძლოა, დღეს ქართულ ოჯახებში სუფევს; არა ყველაში, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში. ამ კუთხითაც ალმოდოვარი მახსენდება, ფილმი „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“, როსას დედა, რომელიც ჩარლის დედასავით ბრმა და უგულოა.  

მესამე აქცენტი ჩარლისა და ელისის ურთიერთობაზე მოდის. ელისი რაც უფრო უახლოვდება სულელ ჩარლის, მით უფრო გაურბის ჭკვიანს. „პიროვნება ვარ, მამაკაცი!“ – ამბობს ჩარლი; ელისი კი უპასუხებს: „ჯერ არა!“ მაშ, როდის?! როდის გახდება ელისისთვის ჩარლი მისაღები? რეჟისორი, ჩემი აზრით, შეეხო პრობლემას, როცა გოგოს ურჩევნია, ბიჭი „მეცნიერულად ფორმულირებული“ წინადადებებით არ მეტყველებდეს, რადგან ის მისთვის გაუგებრად ლაპარაკობს. „საყვარელი“ ბიჭი იმ ენაზე მოსაუბრეა, რომელზე დომინირებასაც იოლად ახერხებს.

საკუთარი ინტელექტით შეწუხებული ჩარლისა და მისგან გაუცხოებული ელისის სცენა ნიცშესა და ლუ-სალომეს ურთიერთობის ისტორიას მაგონებდა.  

მეოთხე აქცენტს შეგვიძლია ვუწოდოთ დილემა – „სექსი თუ ბავშვობა“ და ამასაც გარკვეულწილად ნიცშესთან მივყავართ. ჩარლი, რომელიც ექსტრავაგანტურ მხატვარ ქალს გაიცნობს, მასთან სქესობრივი აქტით ვერ კავდება, რადგან მისი ალტერ-ეგოს ჰალუცინაცია ზაფრავს. საბოლოოდ, ჩარლი თავშესაფარს თაგვთან სიახლოვეში პოვებს, საიდანაც შეუქცევადი რეგრესისკენ, უკან, ბავშვობისკენ მორევში გადაეშვება. მახსენდებოდა, როგორ ოცნებობდა თითქმის ყველასგან და ყველაფრისგან შეწუხებული ნიცშე (და თუნდაც ჰერაკლიტე) მარადიულ ბავშვობაზე, როგორც ჩარლი გაბავშვდა სპექტაკლის ფინალურ სცენაში მაყურებლების წინაშე და კვლავ ძველ ჩარლად იქცა, „საყვარელ“, „პატიოსან“ ბიჭად, „იდიოტივით“ რომ საუბრობს, თუმცა უკვე თავისი საყვარელი ელჯერნონივით მალე მოკვდება…

გიორგი ჩაჩუა ჭკუასუსტი ჩარლის ნაწილში ბრწყინვალედ ართმევდა თავს ამოცანას, მაგრამ ნორმალური ან მეცნიერი ჩარლის ნაწილში იმდენად დამაჯერებელი არ იყო. როგორც ჩანს, ისე ღრმად ჩაეფლო მსახიობი თავდაპირველი ჩარლის ბუნებაში, რომ იქიდან სრულიად გამოსვლა მისთვის შეუძლებელი გახდა.

სხვა მსახიობებიდან ცალსახად გამოვარჩევდი მარინა დარასელიას დედას, რომელიც მაყურებელმაც შეამკო გამორჩეული ოვაციით სპექტაკლის ბოლოს.

ყველაზე სუსტი სპექტაკლში მეჩვენა შეუმდგარი (ორმაგი აზრით) რომანტიკული სცენები. არ ეტყობოდა ჩარლის ელისის ნამდვილი სიყვარული და არც ელისს (სალომე ბუღაძე) ნამდვილი სურვილი ჩარლის მიმართ, არასდროს. ამ სცენების ყურებისას ერთადერთი სურვილი მიჩნდებოდა: საერთოდ გამქრალიყო ეს სცენები ან რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო.

მისტერ დონერი, რომელსაც მსახიობი რეზო ჯოჯუა თამაშობს, ერთადერთი მეგრული აქცენტით მოსაუბრე პერსონაჟია სცენაზე. ის ჩარლის მამის მეგობარია და ჩარლის სიბრალულის გამო არ აგდებს სამსახურიდან. მისი ემოციური დამოკიდებულება ახლოა ქართულ ემოციურ დამოკიდებულებასთან ძმაკაცის შვილის მიმართ, ამიტომ ავთენტურად გამოიყურება და დამაჯერებლობის განცდას იწვევს მაყურებელში.

მეჩვენება, რომ ექიმები: ნიმური – ზური ლაშხია, და სტრაუსი – ნანა ბუკია ცოტა რიგიდულები არიან, უშუალობა და თვითდარწმუნებულობა აკლიათ, რასაც ალაგ-ალაგ გადამეტებული სიხისტით ზეკომპენსირებენ. ბერტი – ირაკლი ჯიშკარიანი, მხარდამჭერი და თბილია ჩარლის მიმართ, მაგრამ ვერც ის გრძნობს ბოლომდე კომფორტულად თავს თავის როლში და „სიცარიელეების“ ამოსავსებად უადგილო მიმიკას ან ცრუ ფანდებს იყენებს (მაგ., ცხელი ჩაისა თუ ყავის რამდენჯერმე მოსმა შეუფერებელ დროს)…

ფეი – თეა ცინცაძე, საკმაოდ საინტერესოდ პრეზენტირებს თავის ექსტრავაგანტურობას, მაგრამ თითქოს სივრცე არ ყოფნის, საკუთარი, იმისთვის, რომ ბოლომდე თავის ამპლუაში იყოს. საერთოდაც, სპექტაკლი აგებულია ჩარლის ღერძზე, რომელზეც გამობმულია სხვა პერსონაჟები; ამასაც უნდა დაბრალდეს მათი თამაშის ერთგვარი „მაკნატუნასებრი“ ეფექტი. თითქოს, ჩარლია მთავარი და ყველა დანარჩენი მხოლოდ მისი უბრალო აქსესუარებია, როგორც ნაძვის ხეზე ასხმული სათამაშოები.

სპექტაკლი მთლიანობაში ცოტა გაწელილი მეჩვენა ისევე, როგორც სერიალი და ამავე დროს მოკლე ისევე, როგორც სერიალი, რამდენადაც სერიოზული პრობლემების დასმა მაყურებლის გარემოს შესაბამისად ვერ შეძლო. პრობლემები, რომლებსაც ზუგდიდის „ყვავილები ელჯერნონისთვის“ სვამს, მაინც უფრო აბსტრაქტული და სქემატურია, რომლებიც სერიალივით აბსტრაქტულად ეხება მაყურებელს, ვიდრე რეალური, თითოეულის ყოველდღიურობის ნაწილი. მეორე მხრივ, აღნიშნული სპექტაკლის ღირსებადაც შეიძლება ჩაითვალოს: აბსტრაქტული კონცეპტუალური ჩარჩო სპექტაკლს უფრო რომანტიკულსა და წარმოსახვითს ხდის, ესე იგი უფრო ღრმად ეფესვება მაყურებლის გრძნობათა ყამირ მიწას.

სპექტაკლის დასასრულით წარმოდგენა არ დასრულებულა. ის გაგრძელდა ხანგრძლივი ოვაციებით ძნელად გასაძლებ სიცხეში. მაყურებელთა სიახლოვე მსახიობებთან რეგიონის თეატრში უფრო იგრძნობა. ასევე აქ იგრძნობა სამხატვრო ხელმძღვანელის (ლაშა შეროზია) უშუალობა საზოგადოებასთან, თავისი თეატრის პუბლიკასთან. ლაშა ყოველ წელს საპატიო პრიზით აჯილდოებს ყველაზე ერთგულ მაყურებელს. მას არ ავიწყდება ღვაწლმოსილ მუშაკთა დაჯილდოებაც. სწორედ, „ელჯერნონის“ ბოლოს ლაშა შეროზიამ ორი ყოფილი თანამშრომელი დააჯილდოვა სამადლობელი, სიმბოლური პრიზით: ცირუ შონია, რომელმაც 45 წელი იმუშავა თეატრში და თავისი სურვილით წავიდა იქიდან და ბელა მაქაცარია, რომელმაც 47 წელი იმუშავა თეატრში და ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწია სამსახურიდან წასვლა.

სპექტაკლის ფინალისგან აჩუყებული გული მაყურებელს კიდევ უფრო აუჩუყა ამ დაჯილდოებამ. პუბლიკას ცრემლი და ოფლი ერთად დიოდა. ცრემლი და ოფლი მდიოდა მეც.

იმედია, ახალი თეატრი ზუგდიდში მალე გაიხსნება. მანამდე კი ცხელ სცენას ლამაზი სპექტაკლი შეემატა.

რაც მთავარია, გიორგი ჩაჩუამ თავი შთამბეჭდავად დაგვამახსოვრა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…