„ხვაშიადი მუდამ ეძებს ერთ ობიექტს –
მოძრავსა და ცოცხალს და
მეორეს – უძრავსა და მკვდარს.“
ჟორჟ ბატაი
სიმართლის ქვეშ – სიმართლისა ფერწერაში – სეზანის ხელმოწერააო დასმული –
დერიდა წერს ამას; ჟაკ დერიდა…
სიმართლე ფერმწერისთვის, დიახაც, ვალია. ვალი, რომელიც უსათუოდ უნდა დააბრუნო. ცალკე საკითხია, ვისგან სესხულობ და ვის უბრუნებ… იქნებ, ანაზღაურება უფროა ეს, ვიდრე ჩასესხება?
და საერთოდ, რისი საზღაურია სიმართლე ფერწერაში?
სიმართლე ფერწერაში თუ ფერწერული სიმართლე?
ანდა რა ტიპის ესთეტიკური რესტიტუციაა ამ სიმართლის დაბრუნება?
ასეა თუ ისე, ნამდვილი ფერმწერლები ნიადაგ ამ ვალის დაბრუნებაში არიან – ვალისა, სიმართლის სახით (და სიმართლის სახელით) რომ აუღიათ და ფერწერითვე უნდა დააბრუნონ – ფერ-წერილით უნდა დაადასტურონ…
იდიომატიკას მაინც ვერ ავცდებით.
იდიომააო „სიმართლე ფერწერაში“ – იტყვის ყბადაღებული დერიდაც… და საერთოდ, ფერწერული გამოთქმებიც, ფერწერული ფრაზებიცა და საზოგადოდ ფერწერაც ხომ ერთი დიდი იდიომაა, სხვა ენაზე რომ არ ითარგმნება?!
***
ვინ იცის, ეგებ, ფერებს არც არასოდეს ჰყვარებიათ ერთმანეთი და თანაცხოვრებაც უჭირდათ, იქნებ…
მიწა თავისას მოითხოვსო… ფერიც თავისას მოითხოვს, ალბათ. ფერსაც თავისი ავტონომოსი გააჩნია. ისევე როგორც მიწას, ხელიდან ხელში რომ გადადიოდა ოდითგანვე და ამ მიწის ნომოსისთვის – მიწის დაკანონებისთვის ომია კაცობრიობის ისტორიაც.
მიწის ისტორიაც რაღაცითა ჰგავს ფერის ისტორიას. ფერებსაც თავისი ბედისწერა მოსდგამს. თავისი სერიოზულობა და თავისი ირონია, გნებავთ – ცინიზმი. ძალაცა და ქვეძალაც. თუნდაც, ცბიერება… ცოტას თუ ძალუძს, ფერები არ აჩხუბოს. არ გადაამტეროს. არ აცდუნოს. არ დაამლაშოს. არ გადაკიდოს ერთმანეთს. ზავი ფერებთან იშვიათთა ხვედრია.
ბუნებაშიც ასეა და – ხელოვნებაშიც.
გემოვნება, არცთუ იშვიათად, ხელოვნების მტერია… ყოველ შემთხვევაში, გემოვნებამდე დაყვანა მუდამ სახიფათოა.
უგემოვნობაზე არანაკლებ სახიფათოა გემოვნება.
აი, ის მომენტი, უგემოვნობიდან გემოვნებაზე ფერებზე გადის სწორედ – მათ ზავსა და უზავობაზე. ზნესა და უზნეობაზე. ფერთა მორალზე…
ასე აიძულებენ მოკვდავ, სინგულარულსა და მარტოხელა არსებებს მინიშნების გაგებას.
მარტოხელათა ფერები კიდევ სხვა ტვირთია. სხვა განსაცდელი.
შალვა მატუაშვილს წინანდლის ბაღების ფერები დაჰყვება თან… რახანია ეს ფერები ერთ თაიგულად შეკრა და თავისი ოპუსების უმთავრეს სურათოვან ღირებულებად შემოგვთავაზა.
შალვა მატუაშვილს ფერწერის საგანთან ფლირტიც ხიბლავს და painting act-ში ჩაძირვაც შვენის. მან იცის ფერის ეიდოსის ფასი. ადგილიცა და უადგილობაც. ფერი მასთან საზღვარიცაა და უსაზღვროებაც, ჟღერადი მატერიაცაა და სუფთა, აუმღვრეველ პიგმენტებში ჩაღვრილი ატმოსფეროც. ატმოსფეროცა და სემიოსფეროც.
და ამიტომაა, ალბათ, მხატვრის „მუნყოფნა“, ანუ სამყაროში დასწრების ექსისტენციალი, უფრო მეტ მინიშნებას რომ გვაძლევს, უფრო მეტ სიმპტომს რომ მოიცავს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.
ბოტანიკოსებმა ვან ეიკის „გენტის საკურთხეველში“ მცენარეთა 42 სახელობა დაითვალეს.
42!
ქართველ ბოტანიკოსებს ჯერ არ დაუთვლიათ მატუაშვილის ყვავილთა სახეობანი… ან რა დათვლის… ან როგორ გინდა, გადათვალო ეს ცოცხალი, ნამდვილი ყვავილები…
სხვა მხატვრები ძირითადად ყვავილებს მუდამ იგონებდნენ ჩვენში… მატუაშვილი კი ისეა შეზრდილი მათთან დაბადებიდან, არაფრის გამოგონება არ სჭირდება, მაგრამ ამ ნამდვილს მუდამ თან დაჰყვება ნამდვილი მისტიკის გემოც… წინანდლის ბაღების სურნელი…
საერთოდ, მატუაშვილი პრინციპულად არ არის „ერთი შეხედვის“ მხატვარი. „პროეცირება“, „ობიექტივირება“, „ფიქსირება“ – ო, როგორი ბრტყელი სიტყვებია, როცა საქმე მართლა ფერწერას ეხება.
მატუაშვილი მოჩვენებითობებს ლამისაა ონტოლოგიურ ჩვენებებად გადააქცევს. ამ ჩვენებებით, როგორც მუნყოფნის სამხილებით მიეახლება საგნებს… ყველა ფერში იგრძნობა ამ მო-ჩვენებათა ძგერა, პულსი, მაჯისცემა… დგება წამი, როცა არც მაჯა ესინჯება სურათს. რეალობის მოხელთების ტაიმ-აუტია ეს მომენტი და არტისტული მგრძნობელობის ხელახალ მოკრებას ხმარდება; ახალ ტრფობას, ახალ პაემანს ელოდება. ფერებსაც როგორ შეჰყვარებიათ და ვნებიანი ნისლის მიღმა ქრომატულ პუანტებად დაწყობილან?!
აქ საძებნი თითქოსდა, არც არა-ფერია! აღმო-საჩენი – უამრავი – იმტვრიეთ თავი. იპოვეთ მინიშნება! მინიშნების გემო. ტაქტილური რეფლექსიების გემო…
ბარემ თქვენც მოწყვიტეთ და (შემოი)ნახეთ ის ფერი, საიდანღაც რომ „შემოხეტებულა“ და ისე გარინდებულა, გაუსაძლისამდე საჭირო გამხდარა.
საკუთარი სქესისაგან გადაღლილი ადამიანებიც ამ ფერით შემოსილან – ზოგი შიშველი სხეულითა და ზოგიც – ნატიფი, გამჭვირვალე (ტანი)სამოსით…
თითქოს უყვარს და არც უყვარს თავისი პერსონაჟები. აღიზიანებს. ეს პარადოქსია! მაგრამ მაინც ბოლომდე (აღ)ასრულებს მათ ნისლოვანებას. პერფექციონისტულ ნიშნულამდე მიჰყავს მათი აღვირახსნილობა. მათი ავხორცობა. მათი კონტემპლაციური სინათლე. სიკაშკაშე. მათი ხილული თუ უხილავი სილამაზე. მათი სურნელი.
***
„Поэзыя эрекции“ – ასეთი მკაცრი ვერდიქტი გამოუტანა ანნა ახმატოვამ ბელა ახმადულინას. არადა, ბელა (ნამდვილი სახლი – იზაბელა) აღმერთებდა ანნა ანდეევნას. თუმცა, რუსული პოეზიის იმპერატრიცა არ ცდებოდა. ძნელია, იყო ხელოვანი და ასცდე ამ „ერექციას“…
„გარჯისა და საწარმოო ძალთა დისკურსიდან სქესისა და ხვაშიადის დისკურსამდე“ – ჟან ბოდრიარისეული ამ ფორმულითაც შეიძლება აღიწეროს მატუაშვილის მეტაარტისტული სპექტრი, რომელსაც ფერწერის ერექციას ვერაფრით აკადრებ. გრადაციისა და დეგრადაციის მთელი დიაპაზონია მის ფერწერაში გამოფენილი. ოღონდ, ეს არაა დეგრადაცია სხეულის ტერორისტულ სიაშკარავემდე რომ დაიყვანება და სულაც არ სრულდება იმით, რომ ხილული სამყაროს უკანასკნელ საიდუმლოსაც კი კარგავს.
მატუაშვილისეული სხეულისა თუ პირისახის ვუალი არასდროს გვესახება მონსტრუოზულ ხილულობად და არც მისი „აღვირახსნილი“ სხეულები ზეიმობენ ტოტალურ ტრიუმფს.
ფერწერული ინტერვალები – მონასმსა და მონასმს შორის არსებული ცეზურები ინახავენ მოუხელთებელ ფერწერულ ინტეგრალს და გაუმხელელ დუმილში იმალებიან.
„ვნებული ხორცი“ აქ ცდუნების ესთეტიკურად დანაღმულ ველზე მიცოცავს და ფრთხილი ტაქტებით გადის მანძილს მოდელიდან ფანტაზმამდე.
ესაა ზარმაცი სხეულის მცონარების დღესასწაული.
სექსუალობასთან მიპარვის დღესასწაული, როგორც რაღაც მარკუზესეული „რეპრესიული დესუბლიმაცია“.
მატუაშვილთან ყველგან იგრძნობა პარფიუმერის ჩუმი აჩრდილი – „რუხი კარდინალივით“ რომ ჩასაფრებულა ყველა ტილოზე – კიდე-განზე…
სიცოცხლის მოზაიკას ასეთი ფერები უნდა ჰქონდეს სწორედ.
სიკვდილისას – არა!
ეტყობა, სიცოცხლის ვალიორები უფრო ძნელი მოსახელთებელია (სიკვდილის წმინდა სიწყვდიადეში „სხვა“ ქრომატული ნიუანსებია).
მატუაშვილი ამიტომაცაა სიცოცხლის მხატვარი მხოლოდ. სიცოცხლითაა ცოცხალი და სიცოცხლითაა და-ფერილი. თითქოს ივიწყებს რაღაცას. თითქოს გვიმალავს. მაგრამ ეს მხოლოდ მინიშნებაა. მახე. მხატვრისეული ფანდი…
ეროსით ალეწილ ხატებს თანატოსის ლანდიც აეტორღიალება ხოლმე…
ტილოს „მიმდნარი“ ქალები, ფერმკრთალები და განძარცვულები, თითქოს მარტოოდენ ვნებას კი არა, პროტესტსაც აფრქვევენ.
ჟან-ჟაკ რუსოსეულ ახალ ელოიზებად ქცეულან – იმ აზნაურის ქალიშვილებად, დესპოტ მამას რომ ამბოხს უწყობენ ერთ დღესაც ნებისმიერ ეპოქაში.
უამრავი ასეთი „ჟიულია“ „შეფარებული“ შალვა მატუაშვილის ფერებს.
უამრავი „გადაარჩინა“ და „დაიცვა“ მხატვარმა. არც მათ სილამაზეს დაუფრთხია და არც მაინცდამაინც კიტჩად (და კემპად) უქცევია არც ერთი მათგანის ამბავი. ბეწვის ხიდზე ატარა თითოეული მათგანი და თავადაც ბეწვის ხიდზე იარა.
მოკლედ, შალვა მატუაშვილმა ავხორცობისგან დაცალა და ხორცი დატოვა მხოლოდ – მამათა წინააღმდეგ ამხედრებულ ქალთა ხორცი – საკუთარი სიშიშვლის რომ რცხვენიათ, მაგრამ სასჯელად რომ სჭირდებათ. ამიტომ გინდა, მიხვიდე და ჭრელი, დიდედასეული, დროისგან დამდნარი, შეთელილი, თავშალი მოახვიო მათ. შეიფარო. დაიცვა. დაფარო. უთხრა, დააჯერო, დაუყვავო, რომ დესპოტი მამები ასე არ ისჯებიან. დესპოტ მამებს ასე ვერ ატკენენ.
ეს ტილოები, აგრე მაცდურად „შემოხვეულნი შუქთა ბადრებით“, ხელმეორედ იფილტრებიან სინათლის საცერში, ფრთხილი გემოვნებით „ელვარდ(დ)ებიან“ და „ხელაკრეფით“ დაწერილ ახალ ყვავილებად გველანდებიან ანდა ტილოს ზედაპირზე მისრესილ ძვირფას ქვებად გვეზმანებიან…
და ამ ყველა ფერს მსჭვალავს რაღაც (მო)უხილავი fleur – სიოსავით რომ ესალბუნება ამ სალონურად გადანათლული სურათების მეორე პლანს.
ფერი მასთან მუდამ თავისებური ტროპია, მაგრამ არა – ფსიქოტროპი – ანუ, ისეთი არტისტული პრეპარატი, რომელიც გხიბლავს, მაგრამ გაშინებს. საშიში და ესპერპენტული მასთან არა(ფერია). აქ მხოლოდ ბროლის თითები არ თვრებიან „მზისგან სავსე ალისფერ ღვინით.“ აქ ყველა(ფერი) „შეზარხოშებულა“ ამ მზით.
ესეც ახალი სინგულარია! ახალი მინიშნება – ფერთა მახე და მახა. პროტესტად გამოყენებული „ვნება“ და უვნებლობა. შემთვრალი სიფხიზლე და გაბრუების ნეტარება. მისტიკური, ხელოვნურობისა და ბუნებრიობის ზღურბლზე შეჩერებული, აყვავ(ილ)ებული და აფეთქებული გორები. ბორცვები. ზვინები. სიფრიფანა, ნისლში ჩაძირული ქსოვილები – ფარჩები. დიბა-ატლასები. ხელთუქმნელი მატერიები და ტექსტურები – პლისეებში რომ მალავენ სევდასაც და ჰაერსაც; ტკივილსაც და სიხარულსაც…
ვინ იცის. ეგებ, მხოლოდ გამარჯვებისთვის „გაჩნდნენ“. ეგებ, ამბოხი გამარჯვებაცაა?!
ეგებ, დაზავდნენ ფერები და ვნებები ერთმანეთთან. ეგებ, ეს „ვნებული ხორცი“ ერთ დიდ ფერადოვან მასად დაიღვაროს და გაჩერდეს!
ეგებ!
სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლოც ხომ მხოლოდ ხილვადშია და ამ ხილვადის ენიგმურ განმყუდროებაში?! ეს ხილვადია ახლა ჩვენ თვალწინ და ამოხსნას ელოდებიან. ამ(ა)ოხსნასაც და გამო-ხსნასაც…
ვინ იცის, რა არის ვნებიანი ნისლების მიღმა?!