ფესტივალი საზღვრებს აფართოებს

, , ,

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მწერლის 95 წლისა და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს მიეძღვნა.

ათი დღის განმავლობაში  თეატრის სამი სცენა შვიდი უცხოური თეატრის რვა სპექტაკლსა და 18 ქართული თეატრის სპექტაკლს მასპინძლობდა. მაყურებელმა ნახა ნოდარ დუმბაძისა და სხვა  ქართველი კლასიკოსი მწერლების პროზაული ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი 27 სპექტაკლი. ფესტივალის დევიზი გახლდათ „ნოდარ დუმბაძე – ქართული მწერლობა“. გურიას, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 700-ზე მეტი სტუმარი ეწვია.

ამ მასშტაბურ ფესტივალში  ეტაპობრივად მონაწილეობდა  ევრაზიის თეატრალური ასოციაციის (ETA) 23 წევრი ქვეყნის თეატრების წარმომადგენელი. საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო სადღობელაშვილი (თავმჯდომარე), მარინა ბუზუკაშვილი, გუბაზ მეგრელიძე, ნერმან ატიკი (ევრაზიის თეატრალური ასოციაციის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კვიპროსიდან,  კირენია თეატრი-სამხატვრო ხელმძღვანელი), კუბილაი ერდელიქარა (ევრაზიის თეატრალური კავშირის გენერალური მდივანი, ქ. სტამბული, მალთეფეს მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი), იუსუფ ჯაფაროვი (ევრაზიის თეატრალური ასოციაციის წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, მსახიობი და პროდიუსერი), რუი მადეირა (ევრაზიის თეატრალური  ასოციაციის წარმომადგენელი პორტუგალიიდან, რეჟისორი, ბრაგის თეატრალური კომპანიის დირექტორი).

ფესტივალი გაიხსნა ნოდარ მაჭარაშვილის რომანის –  „ავი მუსაიფის“ სცენური ვერსიით.  ინსცენირების ავტორი და რეჟისორია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – დიმიტრი ხვთისიაშვილი.

კარგია, როდესაც ახალგაზრდა ავტორის ისტორიული ჟანრის ნაწარმოები იდგმება, მაგრამ აქვე დგება ინსცენირების პრობლემაც, რაც უფრო დრამატურგის პრეროგატივაა. ვფიქრობ, რადგან პრემიერა ამ ფესტივალზე შედგა, შესაძლოა, ვერ მოესწრო მთლიანი მოქმედების დახვეწა – ცალკეული სცენები ბოლომდე ვერ ასახავდა გმირთა ხასიათებსა და ურთიერთობებს. ავტორის ტექსტის ნაცვლად ძირითადი მოქმედების დაწყება  უფრო დინამიკური იქნებოდა.

სპექტაკლში გამოკვეთილი არ არის მთავარი ხაზი – რა მძიმე პერიოდშია უცხოელი დამპყრობლებისგან  ქვეყანა საუკუნეების მანძილზე, დღეის მდგომარეობის ჩათვლით. მსახიობ ნიკა ფაიქრიძისთვის  ხუთი როლის განსახიერება აშკარად რთული აღმოჩნდა – სახეები ბოლომდე ვერ დაასრულა. უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ნოდარ დუგლაძის ნადირ შაჰი, რომლის ხასიათიც ჩამოყალიბებული დამპყრობლის სახეა. დედოფალი თამარი, თამარ მამულაშვილის შესრულებით, სულიერად ძლიერი ქალია, რომელიც ცდილობს ძნელბედობის ჟამს გვერდით დაუდგეს შვილს – ერეკლე მეფეს. ფესტივალის ჟიურიმ მსახიობ თამარ მამულაშვილს  ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრემია მიანიჭა.

ფესტივალზე გორის თეატრმა უჩვენა ნ. მაჭარაშვილის მეორე ნაწარმოები –  „ქეიფი სოლოლაკში“, რომელიც რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ განახორციელა. სპექტაკლი ასახავს  საქართველოსთვის  მძიმე პერიოდს, როდესაც ბოლშევიკებმა 1923 წელს „სამხედრო ცენტის“ მონაწილენი დაიჭირეს და დახვრიტეს. რა თქმა უნდა, ავტორს აქვს მხატვრული ინტერპრეტაციის უფლება და პატრიოტთა სოლოლაკში ქეიფიც გმირთა რომანტიკულ-პატრიოტული სულისკვეთების მაჩვენებელია. მათ ფონზე კი ბოლშევიკები – ლოსაბერიძე (კ. ბერიძე) და ანატოლი (მ. ჭანკოტაძე) ანტიპოდებად გამოიყურებიან.  საკამათოა ამ მოვლენასთან ქაქუცა ჩოლოყაშვილის იმ აჯანყების ჩართვა, რომელიც მათი დახვრეტიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა. მოქმედების ძირითად ხაზს სცდება ცნობილი მეცნიერების – ნიკო მარისა და აკაკი შანიძის „მონაწილეობა“.

კარგი იქნებოდა, ავტორს „სამხედრო ცენტრის“ მასალები მეტად გამოეყენებინა, რაც ისტორიულ სიმართლესთან დააახლოებდა. არადამაჯერებლად გამოიყურება კოტე აფხაზის ოჯახის წევრთა მიერ ილია ჭავჭავაძის შეფასება, როდესაც ნიკოლოზი (გ. ჩოჩნიძე) ამბობს – „ილია გლეხებს ტყავს აძრობს“, რაც ფილიპე მახარაძის ბრალდება იყო. აღნიშნულია კ. აფხაზის ღვაწლი უნივერსიტეტის დაარსებაში მაშინ, როდესაც მას მშენებლობისთვის თანხების შეგროვებაში მიუძღვის წვლილი. ვახტანგ ლოსაბერიძის როლს ასახიერებს მსახიობი კახა ბერიძე, რომელიც მკვეთრად გადმოსცემს ბოლშევიკის დაუნდობლობას, გენერლებისადმი ზიზღს; თავისი ლოგიკით, პატრიოტი საკუთარი თავი უფრო ჰგონია.  მისი მრწამსი კარგად ჩანს სცენაში, როდესაც ამბობს – „ღმერთი არ არსებობს“ და საორკესტრო ორმოში სატანასავით ჩადის. მთავარი როლის, კოტე აფხაზის შემსრულებელი ზვიად პაპუაშვილი ამ რეალურ გარემოში ვერ ჩაერთო. მისი შეფასებები,ზედაპირული განცდები და ურთიერთობები ხელოვნურ შთაბეჭდილებას ტოვებს; მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხმაში რამაზ ჩხიკვაძის ინტონაციები ეპარება.

 საინტერესო იყო თავად რეჟისორის სცენოგრაფია. თითქმის ცარიელი სცენის მიღმა კედელია, რომელიც დრამატული მოვლენების გაშიშვლებულ გარემოს ასახავს. სცენაზე მდგარი ღვთისმშობლის ხატი იმ ზნეობრივი საქართველოს სიმბოლოა, რომელშიც დადებითი გმირები გადიან, ბოლშევიკები კი ეშმაკებივით გარს უვლიან. ოღონდ გაურკვეველია, რატომ გადის მასში მთავარი ბოლშევიკი – ანატოლი; ეს იდეურ ჩანაფიქრს არღვევს. ეფექტური სცენური განათებაც თავის როლს ასრულებს გმირთა განცდებისა თუ შექმნილი სიტუაციების საჩვენებლად. 

ვფიქრობ, ამ როლს მათივე თეატრის მსახიობი უკეთ გაართმევდა თავს, ვიდრე ეს რუსთაველის თეატრიდან მოწვეულმა  მსახიობმა შეძლო. მართალია, ზ. პაპუაშვილმა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრემია მიიღო, მაგრამ  ეს უფრო უცხოელი ჟიურის წევრთა (მეტნი იყვნენ) გადაწყვეტილებით მოხდა.

ფესტივალზე საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლმა – „ვანო და ნიკო“, რომელიც ერლომ ახვლედიანის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა მარიამ სიხარულიძემ დადგა. სპექტაკლში შერწყმულია მსახიობისა (ა. სოსელია) და თითებისა და ჩრდილების თეატრის ელემენტები, რაც მკვეთრად უჩვენებს ადამიანის დეპრესიას, მარტოობას, გულგრილობის   მორევში ჩაძირული საზოგადოებიდან გაქცევის სურვილს. ა. სოსელია დამაჯერებლად გადმოსცემს გმირის განცდებს, პიროვნულ უპერსპექტივობასა და საკუთარ თავში ჩაკეტილობას. მის სიკეთეს გარშემომყოფნი ყალბი გულშემატკივრობით პასუხობენ. იგი საკუთარი თავის ძიებაშია – ხან ფრინველად გრძნობს თავს, ხან ფიქრობს, რომ არავის სჭირდება და ამიტომ ამას პიროვნების გაორება – ვანოს ნიკოდ გადაქცევა მოჰყვება; თუმცა არც ამაშია გამოსავალი. გმირის ასეთ გარდამავალ განცდებს მსახიობი მთელი ემოციით გადმოსცემს; გვარწმუნებს, რომ არავის და არაფერს  უნდა დაემონოს ადამიანი. ამ გაორებამაც დაღალა და ისევ საკუთარ თავს უბრუნდება, რადგან გრძნობს, რომ მხოლოდ ის არ არის მარტოსული  და სახლიდან გასვლის სურვილი უჩნდება.  იგი იძრობს შავ და თეთრ ხელთათმანებს, პალტოში კი დირიჟორის ჯოხს იპოვის და ხელს აღმართავს. ამ დროს ხმა ჩაესმის – „ბევრს ნუ ისურვებ და არ იყო გამორჩეული“, რაც სულიერ შვებას აძლევს.  სპექტაკლში გაჭიანურებულია  სიზმრის სცენა, რაც მოქმედების რიტმს ანელებს. ს. ქორიძის მხატვრობა ვიზუალურად ზუსტად ასახავს ვანიკოს განცდებსა და ურთიერთობებს, მისდამი ირონიულ დამოკიდებულებასა და ყველგან განცალკევებას, რეალური და ირეალური სამყაროს წარმოსახვას. ამიტომაც მიენიჭა მას საუკეთესო სცენოგრაფიის პრემია.

ფესტივალზე დმანისის დასის ლიტერატურული თეატრის პრინციპით დადგმული სპექტაკლებიც იყო საკონკურსო რეპერტუარში. „ჩემო კალამო ანუ ჩვენი გოლგოთა“ ასე ჰქვია ი. ჭუმბურიძის ლიტერატურულ კომპოზიციას, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-მოღვაწეობის, შემოქმედებისა და მკვლელობის მასალებზეა აგებული. მოქმედება  ვითარდება სალონში, სადაც მსახიობები იკრიბებიან, ჭიქებს იღებენ, საუბრობენ და სიუჟეტში ერთვებიან. ძირითად მოტივად ილიას ლექსი – „ბედნიერი ერია“ აღებული; მისი სტრიქონები პერიოდულად რეფრენივით გაისმის და მაყურებელს გარკვეულ მომენტებზე ამახვილებინებს ყურადღებას. ასევე ჩაგვესმის –  „ახალ წელს გილოცავთ“, თუმცა ახალი არაფერი მოდის და ყველაფერი ძველებურად რჩება. მოქმედებაში გამოყენებულია ილიას დროს მოღვაწე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამები, შეხედულებები და ძველ და ახალ თაობებს შორის ცნობილი დაპირისპირების ეპიზოდები. სპექტაკლის მხატვრულ დონეს განსაზღვრავს მსახიობთა ანსამბლურობა და თავად რეჟისორის მუსიკალური გაფორმება – მისივე მაღალპროფესიულად შესრულებული სიმღერებით.

თელავის თეატრის სპექტაკლი – „ჩუმად რეპეტიციაა!“ აგებულია წარსულში ამავე თეატრში ნ. ქანთარიას მიერ რ. ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლების – „ალალესა“ და „ჩემი წყალჭალის ხმების“ მიხედვით. ინსცენირების ავტორმა – თ. ხუნაშვილმა რამდენიმე ეპიზოდს რეპეტიციის ფორმა მისცა. მათში ასახულია მსახიობთა პირადი ურთიერთობები და მუშაობის სპეციფიკა. სპექტაკლი პაატა გულიაშვილისთვის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარია. მართალია, დადგმაში ვისმენთ კახურ იუმორს, მაგრამ სპექტაკლის ძირითადი დანიშნულება გაუგებარია – წარსულის ნოსტალგიური გახსენებაა თუ ახალი ფორმის ძიებასთანაც გვაქვს საქმე. თავიდანვე ასეც ეგონება მაყურებელს, რომელიც სცენის უკანა ეკრანზე  ე.წ. „ლაივ სტრიმით“ დარბაზის პროეცირებას ხედავს და ამ ლოდინშივე მთავრდება სპექტაკლიც. არ ჩანს თანამედროვე თვალით დანახული დამოკიდებულება; ყოფით საუბრებში არც მხატვრული სახეებია მოცემული და არც მაყურებელს ეუბნება რაიმე საინტერესოს. კარგი იქნებოდა, თუ პ. გულიაშვილი სადებიუტოდ მაღალმხატვრულ პიესას დადგამდა.

საერთოდ,  უნდა ითქვას, რომ ფესტივალზე ლიტერატურული თეატრის პრინციპით დადგმული სპექტაკლები არ შეესაბამებიან საფესტივალო მოთხოვნებს, რადგან ისინი ტრადიციული სრულყოფილი დადგმების ფორმას ვერ აღწევენ, რაც ასეთი ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარეობს.

მოძრაობის თეატრის სპექტაკლი – „ასტიგმატისტები“ საერთოდ არ ჯდება საფესტივალო დებულებაში. იგი ქართული პროზის ინსცენირება კი არ არის, არამედ მუნჯი კინოს პრინციპებზეა აგებული. რეჟისორ იოსებ ბაკურაძის თქმით, რეპეტიციაზე შეთხზული იუმორისტული იმპროვიზაციაა. მათი ყოფა-ცხოვრება სხვადასხვა სიტუაციებში ვლინდება, რასაც მსახიობები მიმიკისა და ჟესტის ოსტატური გამოყენებით აღწევენ. იმედია, თეატრი სამომავლოდ გაითვალისწინებს ფესტივალის პირობებს.

სპექტაკლი „ცის კარი“ რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა სპეციალურად განახორციელა ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოსული სტუმრებისთვის, რათა ისინი გასცნობოდნენ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. ამჯერად იგივე დადგმა ვიხილეთ ბრაგის თეატრალური კომპანიის მიერ (პორტუგალია). სასიამოვნოა, რომ ამ ორ თეატრს შორის ასეთი შემოქმედებითი მეგობრობა დამყარდა, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება. ამის საწინდარია ის, რომ ეს სპექტაკლი ორჯერ ვიხილეთ. ერთხელ პორტუგალიელი, მეორედ კი ქართველ მსახიობებთან ერთობლივი თამაშით.  

ჭიათურის თეატრის სპექტაკლი – „ბოშები“ კობა სხილაძის ინსცენირებითა და რეჟისორობით დაყვანილია ახალგაზრდა სოფლის ბიჭების ბოშა ქალებისადმი ეროტიკულ სწრაფვამდე. დაკარგულია ავტორისეული ხასიათები, ომისდროინდელი დრამატული განწყობა და მომავლის რწმენა. სპექტაკლში თანასოფლელები, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახიფათოა, თავიანთი ნებით აძლევენ სარჩოს ბოშებს, რაც მათ ადამიანურ სიყვარულსა და ჰუმანურობაზე მეტყველებს. მართალია, მსახიობების გულწრფელი, იუმორით გაჯერებული ურთიერთობები სახალისოდ გამოიყურება, მაგრამ თავად ნაწარმოების ძირითად აზრს ვერ გამოხატავს, რადგან სიღრმისეული ხედვა აკლია. 

სენაკის თეატრის სპექტაკლი – ,,HELLADOS-გაკვეთილის“ ინსცენირება და რეჟისურა ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის. მოქმედება მიმდინარეობს სკოლის გაკვეთილზე, სადაც მასწავლებელი ეკითხება ნ. დუმბაძის შემოქმედების შესახებ (ერთი ბავშვი უპასუხებს – მწერალი და სცენარისტი იყოო, რაც არასწორია და, იქნებ, თეატრმა ავტორს მწერლობა დაუბრუნოს). რეჟისორის მიერ მოძებნილი ფორმა, სადაც მოსწავლეთა გუნდი  ანსამბლურად გამოიყურება, არ იკარგება.

დადგმაში მონაწილეობენ სენაკის კულტურის ცენტრის თეატრალური სკოლა-სტუდიის აღსაზრდელები. ჯემალისა (რ. კიკალეიშვილი) და იანგულის (ც. კაცია)  ყოყლოჩინა პაექრობა და მეგობრობა, პეტიას (მ. დგებუაძე) ძველბიჭური მანერა, კოკას (ა. ქიტიაშვილი) დედიკოს ბიჭობა, ქუჩის ბიჭებისადმი შიში და თავის გამოჩენის სურვილი, პატარა ჩოკინას (მ. დგებუაძე), ფემას (ა. მალანია), გენას (ვ. ძაძამია), ფუნთუშას (ზ. ლემონჯავა), კურლიკას (თ. ჩერქეზია), პანჩოს (თ. ტრაპაიძე), ჭიპას (მ. ვადაქარია) კოლორიტულ-სახასიათო თამაში, მათ მიერ თანატოლთა გულწრფელი და ემოციური  სახეების შექმნა მომავალი წარმატების საფუძველია.  სპექტაკლში რამდენიმე პროფესიონალი მსახიობია: დეიდა ნინა (მ. სარტავა, ე. კოღუა), ელენა მიხაილოვნა (კ. კემულარია, ლ. გაბელაია), ხრისტო ალექსანდრიდი (რ. ბეჟაშვილი, ელ. ნოდარიძე), რომელთა პარტნიორობაც სტუდიელებს მეტ გამოცდილებას შესძენს. აღსანიშნავია, რომ ეს პრინციპი (სკოლის მოსწავლეთა და მსახიობთა ერთობლიობა) პირველად რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა წარმატებით გამოიყენა ბათუმის თეატრში ამავე სპექტაკლის დადგმისას.

ზესტაფონის თეატრმა წარმოადგინა დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც რეჟისორმა და ინსცენირების ავტორმა – გიორგი კავილაძემ განახორციელა.  სცენა ტრადიციული ავტორისეული გარემო-განწყობით გადაწყვიტა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მთხრობელი (ზურაბ აბესაძე) მოქმედებისთვის ზედმეტია. თითქმის ათწუთიანი მონოლოგი საჭირო განწყობა-ატმოსფეროს ვერ ქმნის, მოქმედებას აჭიანურებს და მონოტონურს ხდის. კულისებიდან ბეკინას ხმაც კარგად არ ისმის.  

ბეკინა, მსახიობ ბადრი ტაბატაძის შესრულებით, მარტოსული ადამიანია. წარსულში კარგ ცხოვრებასა და დროსტარებას  მიჩვეული ახლა თავის კარ-მიდამოს ამარა დარჩა. ამიტომაც გადაწყვიტა ცოლის შერთვა და თავისი განზრახვა შვილს გაუზიარა. პლატონის შეწუხების ფონზე, ბეკინა კმაყოფილია მიღებული გადაწყვეტილებით და კარგ ხასიათზეა. მსახიობი კარგად გადმოსცემს გმირის მოწყენილობას, უნდა ოჯახური სითბო დაიბრუნოს და ამიტომაცაა პლატონთან კამათისას შეუვალი და ბოლოს ითანხმებს კიდევაც, თუმცა უკვირს შვილისგან თანხმობის მიღება. ბეკინას სხვა განწყობა ეუფლება საპატარძლოს დანახვისას და კმაყოფილებას გამოხატავს. საპატარძლოს ეშმაკურ გამოხედვაზე აივნის მოაჯირს გადაახტება და მიიმალებიან. ბეკინა კარგ ხასიათზეა, მღერის, ღვინოს სვამს და ცხოვრებით კმაყოფილია. იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და სამომავლო შედეგზე არ ფიქრობს. შვილის გაჩენის გაგებისას დაფიქრებულია და პლატონის ადრინდელ გაფრთხილებას ახლა აანალიზებს. უნდა შვილის შემორიგება, რადგან მუშაობა აღარ შეუძლია და მარტოდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგას.

პლატონი, გიორგი გლოველის შესრულებით, აწ უკვე ჩვეულებრივი მშრომელი გლეხია და ზედმეტი საზრუნავი არ სჭირდება, მაგრამ მამის ახირებას წინ  მაინც ვერ აღუდგება. თავისი გეგმის განსახორციელებლად მაშვლობასაც კისრულობს და ამ სახით ხალხში გამოჩენისაც რცხვენია. თუმცა დედინაცვლის ორსულობას როგორც გაიგებს, მისი კეთილი ბუნება იცვლება და აგრესიული ხდება. სიზმრის სცენაში მსახიობს აკლია დამაჯერებლობა, მხატვრული კითხვის ოსტატობა და ამიტომაც ამ სცენას აკლია დრამატულობა, რაც პლატონმა უნდა განიცადოს და მაყურებელს განაცდევინოს. ზურაბ აბესაძის არისტო მოხერხებული, სიტუაციის ალღოს ამღები და ცბიერი კაცია. იგი იმწუთშივე ხვდება მამიდის გათხოვებით მიღებულ სარგებელს და ცდილობს „საპატარძლოს“ მალევე შესაღებას. სპექტაკლში თემურ კიკნაველიძე ადვოკატისა და კირილეს როლებს ასრულებს. მისი ადვოკატი გვერდევანიძე საქმიანი ადამიანია, მაგრამ გარშემომყოფთ ირონიულად და ქედმაღლურად უყურებს. ურთიერთობებში თავშეკავებულია და პლატონზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდა. კირილეს როლში კი მის ლაღ ბუნებას, დარდიმანდობასა და იუმორს სრულიად ბუნებრივად გადმოსცემს მსახიობი. სპექტაკლში მსახიობს შემოაქვს  რიტმი და იუმორი, რაც მოქმედებას საინტერესო განვითარებას აძლევს.

ფესტივალისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავისუფალი თეატრის მიერ წარმოდგენილი „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“. რეჟისორმა გიორგი მარგველაშვილმა მოქმედება თანამედროვე სინამდვილეში გადმოიტანა. ეს ხერხი პირველად რუსთაველის  თეატრის სპექტაკლში იქნა გამოყენებული, სადაც სიუჟეტი დ. კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში მისულ  დამთვალიერებელთა მიერ თამაშდება. ამ შემთხვევაში კი რეჟისორმა და ინსცენირების ავტორმა – ალ. ქოქრაშვილმა XXI საუკუნის რეალობას მოარგეს და წარსულის გმირები თანამედროვე პრობლემებსა და ყოფაში დაგვანახეს. აქ არც გაღატაკებული აზნაურები არიან და არც – არსებობისთვის მებრძოლი ადამიანები. თანამედროვე საზოგადოებაში ერთმანეთს ზნეობრივი და მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით  ფარულად და ფარისევლურად ებრძვიან. მართალია, წინ ხატი უდევთ და ხან ლოცულობენ და ხანაც სანთელს ანთებენ, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამიტომაცაა, რომ ბეკინა (ა. კუბლაშვილი) დასაწყისსა და ფინალში მაგიდაზე მიცვალებულივით წევს და თითქოს მაყურებლის წინ აღდგება, რაც არსებული საზოგადოების მკვდრადშობილობაზე მიანიშნებს. ამიტომ სპექტაკლი დრამატულ სახეს იღებს და ტრაგიკომედიური განწყობა დაკარგულია – აქ არავის ეცინება, აქ არავინ ფიქრობს გართობა-დროსტარებაზე, ვინაიდან საკუთარი ცხოვრების მოწყობისთვის იბრძვიან და ხატიც მხოლოდ ფარად, თავიანთი საქციელის გასამართლებლად სჭირდებათ. ასეთი ორიგინალური გადაწყვეტისა და ანსამბლურობისთვის სპექტაკლს ჟიურიმ ერთხმად მიანიჭა გრან პრი – საუკეთესო სპექტაკლის პრემია.  

აღსანიშნავია, რომ უცხოელ დასთა მიერ ქართული მწერლობის ინტერპრეტაცია ორიგინალური, გაბედული და ქართული ტრადიციული გაგებისგან საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა.

უნდა აღვნიშნოთ საბიტ მუკანოვის ყაზახეთის მუსიკალურ-დრამატული თეატრის სპექტაკლი „კუკარაჩა“ – რეჟისორ ბარზუ აბდურაზაკოვის დადგმით. მოქმედება გადატანილია ყაზახურ გარემოში, სადაც ამბავს პიონერები ჰყვებიან. პროლოგშივე მსახიობები წერილს კითხულობენ ნ. დუმბაძის შესახებ, რომ მოთხრობაში მომხდარი ამბავი მათ  იციან  მშობლების ნაამბობიდან, სადაც ყველაფერი ნაცნობი და ახლობელია. ამიტომაც სპექტაკლი მშობლების დაუვიწყარ ცხოვრებას ეძღვნება.  აქედანვე ჩანს თეატრის დამოკიდებულება სიუჟეტისადმი, რომელსაც ემოციურად და გულწრფელი განცდით გაითამაშებენ. აქ არ არის მურტალო, რომლის შესახებაც ინგა (ჯ. ნასიროვა) ჰყვება, აგრეთვე ამოღებულია ინგასა და კუკარაჩას სიყვარული. მთელი ყურადღება გადატანილია კუკარაჩას  (ე. კენჟებეკოვი) მიერ ბავშვების მორალურ აღზრდაზე, რომ სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და იცოდნენ სიმართლის, მეგობრობისა და ურთიერთგატანის ფასი. სწორედ ამ საკითხებზე ფიქრობს  კუკარაჩა,  რასაც სიცოცხლესაც სწირავს.

კაშკადირინის მუსიკალურ-დრამატული თეატრის (ყაზახეთი) სპექტაკლის – „HELLADOS“  მოქმედება სიმბოლურად გემბანზე მიმდინარეობს. აქაც გამოჩნდება კუკარაჩა, რომელიც ქუჩის ბიჭებს თვალს ადევნებს და მათი ურთიერთობების მონაწილეა და რიგ შემთხვევებში ჩხუბსაც განარიდებს. მოქმედებაში ჩართულია ქართული ცეკვები და სიმღერები, რომლებიც რეჟისორმა სპეციალურად უზბეკი მაყურებლისთვის დადგა ქართული კულტურის უკეთ გასაცნობად. სრულიად ახლებურადაა გააზრებული ფინალი, როდესაც იანგული გემზე ადის და მის გარშემო უცებ იკვრება ბადე – თითქოს ციხეში აღმოჩნდა და საიდანაც თავის დაღწევას ცდილობს ზღვაში გადმოხტომით. იანგულის გვამის პოვნით მათი მეგობრობა არ მთავრდება. ცოცხლებმა ჯარისკაცის  ფარაჯა ჩაიცვეს და საკუთარი ქვეყნის დასაცავად ომში ჩაერთნენ. შემთხვევითი არ არის შეძახილები – „გაუმარჯოს საქართველოს“, გაუმარჯოს სოხუმს“. ერთ დროს ხალისიანი ბიჭები ქვეყნის ერთიანობას ეწირებიან და იანგულის საიქიოში ხვდებიან.

მეორე ყაზახურმა კოლექტივმა კუდუს კუჟამიაროვის სახელობის  მუსკომედიის თეატრის სპექტაკლი – ბ. ჯანიკაშვილის „ომობანა“ წარმოადგინა. რეჟისორმა გაუხარ ადაიმ მოქმედება განახორციელა პანტომიმის, სასცენო მოძრაობისა და ბალეტის ელემენტების გამოყენებით, სადაც მთელ მოქმედებაში რამდენიმე რეპლიკა თუ ისმის. მოქმედების ადგილიც განზოგადებულია და ომისა და მშვიდობის ზოგადსაკაცობრიო პრობლემას ეხება. სიუჟეტში იშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. ვერ ვხვდებით, ერთი ოჯახი ოკუპანტებს ებრძვის და კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები ხდებიან თუ – კომპიუტერული თამაშის გმირები. მაყურებელი ხედავს ომის აბსურდულობას თანამედროვე სამყაროში; ძირითადი ფონი მწერლისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო. მსახიობთა პლასტიკა, გამომსახველობითი საშუალებები და სასცენო განათების მრავალფეროვნება აღწევს იმ სასურველ ეფექტს, რაც სპექტაკლის იდეას ნათელს ხდის.

აზერბაიჯანის დრამატულმა თეატრმა გოდერძი ჩოხელის მოთხრობა – „წერილი ნაძვებს“ საინტერესოდ განახორციელა. რეჟისორმა ნიფარ გულაჰმადოვამ სპექტაკლი მიუძღვნა ადამიანის სიცოცხლის უკვდავებას, რომელიც ბუნებასთანაა შენივთებული. აქ  სოფლის ბერი ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცია (ე. რუსტამოვი), რომელმაც იცის სიცოცხლის ფასი და ამიტომაც ცდილობს მის მხარზე ამოსული ნაძვის გადარჩენას. მასა და სოფლის მოსახლეობას შორის კონფლიქტიც ამ ნიადაგზე ვითარდება (რაც მოთხრობაში არ იკვეთება). მსახიობი დიდი ემოციით, გულწრფელობითა და პრინციპული დამოკიდებულებით ცდილობს საკუთარი შეხედულების დაცვას, რასაც თანასოფლელები ვერ უგებენ. სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილია მასა და სიკვდილის ანგელოზს შორის, რომელიც პერიოდულად ეცხადება და ცხოვრებისეულ არსს ახსენებს. სპექტაკლში გამოყენებულია ქართული საეკლესიო და ხალხური მუსიკა; გმირთა კოსტიუმები აზერბაიჯანულია და დადგმის განზოგადებულ დანიშნულებას გამოხატავს. სპექტაკლი ქართული პროზის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის სპეციალური პრემიით დაჯილდოვდა.

ფესტივალის მასშტაბმა გზა გაუხსნა ქართულ მწერლობას საზღვარგარეთის თეატრალური სცენისკენ; უცხოელი ხელოვანნი დაინტერესდნენ თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებებით და რიგ შემთხვევებში საინტერესო შედეგიც  მოჰყვა.  სხვაგვარად დანახული, უფრო სხვა თვალით შეფასებული მოვლენები ამდიდრებენ სასცენო ისტორიას, ხელს უწყობენ ორიგინალურად დანახული თვალით ნაწარმოების ახლებურად შეფასებას. ამას გარდა, საფუძველი ეყრება საერთაშორისო მჭიდრო შემოქმედებით მეგობრობასა და ერთობლივ დადგმებს, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება თეატრალური ხელოვნების განვითარებისთვის.  ვფიქრობ, სამომავლოდ გულდასმით უნდა შეირჩეს საფესტივალო პროგრამა, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოს და მაყურებლისთვისაც ადვილად აღსაქმელი გახდეს. ამ ფესტივალში მონაწილეობა თეატრებისთვის გამარჯვების ტოლფასად უნდა აღიქმებოდეს.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…