ეკა თხილავა - ესე

ის მაინც ბრუნავს!

, , ,

ანუ VITA NOVA ნიღბით…

რა მოხდებოდა, დღეს რომ დაბადებულიყო ჯორდანო ბრუნო?

უფრო სწორედ, XX საუკუნის მიწურულს – სადღაც 70-იანებში…

ანუ, ახლა რომ იყოს შუახანს მიღწეული კაცი…

მაინც სიმპათიური…

მშვიდი…

ძლიერი…

კოხტა ულვაშებით…

ფიქრიანი…

რომ იტყვიან, ნამდვილი ფილოსოფოსი…

(ისეთი კი არა, აქა-იქ რომ მიბნედილი თვალებით მიმოფანტულან დღესაც ჩვენში იღლიაში ამოჩრილი ჰეგელის ყუამორღვეული და გაცვეთილი წიგნებით და ბრუნო სიზმარშიც არ უნახავთ)…

ნამდვილი პოეტიც იქნებოდა ისევ, ალბათ, ჯორდანო…

მაგრამ რაზე დაწერდა, ნეტა, ახლა ლექსებს ბრუნო???

ვითომ კორონაზე?

***

იყო ჩემს საბჭოურ ბავშვობაში ასეთი მულტფილმი – „ლომი და კატა“ – იდეოლოგიურად დატვირთული, ყველა საბჭოური მულტფილმივით… გავეშებული და მშიერი მხეცი ვერ შეჭამს ისედაც გაძვალტყავებულ მასწავლებელს, რადგან ჭკვიანია კატა და ხეზე ასვლა არ ასწავლა მოწაფეს… საბჭოური პერიოდისთვის კია ეპოქიდან „ამოვარდნილი“ იდეოლოგია – სად გაგონილა „კომუნიზმში“ მოსწავლე მასწავლებელს ჭამდეს ან – პირიქით? „გაეპარათ“, ალბათ… თორემ ასწლეულების წინ, შორეულსა და ინტრიგებში დახლართულ-ახლართულ ვენეციაში, ვის გააკვირვებდი „შეჭმით“?

სწორედ ჯორდანო ბრუნომ გამახსენა ეს ისტორია ახლა…

დიდი უმადური საქმეა ხშირად მასწავლებლობა – აგერ, ითავა ერთხელ ჯორდანომ ვენეციაში ცნობილი ოჯახიშვილის – ჯოვანი მოჩენიგოს მასწავლებლობა… უყურა გაზულუქებულ ბიჭს კარგა ხანს… „მეხსიერების ხელოვნება“ კი არა, მეხსიერების „გაღვიძებაც“ ვერ მოახერხა „ჩერჩეტ“ მოსწავლეში (ჩემი ისტორიის მასწავლებლისა არ იყოს, მიხვდა, რომ არ გამოვიდოდა მოჩენიგოსგან კაცი და ისიც ნასწავლი კაცი) და გაუშვა… თავისთავად, პატიოსნად მოიქცა ჯორდანო…

მაგრამ მაინც დადგა „კაცი“  იმ ვენეციელი ოჯახიშვილისგან (დიდი ძალა ჰქონია ფულს ოდითგანვე)… ჯორდანოსგან დაწუნებული,   ავად თუ კარგად, ისიც წყვეტდა, თურმე ვენეციის ბედს (რას ვიზამთ? ჩერჩეტების ხელშია ხშირად ვენეციის ბედიც კი)…

„მშვიდი, ადამიანური, ლიბერალი, მართალი და სამართლიანი, რბილი და მორცხვიო“ – ზუსტად ასე წერდნენ მეისტორიენი ბრუნოს დაწუნებულ ბიჭზე… გეგონება, როსტევან მეფეზე ლაპარაკობენ…

მაგრამ ახსოვდა ამ ვითომ ადამიანურ, ლიბერალ, მართალ კაცს,  ვენეციაში რომ დადიოდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცოდა,  მოჩენიგო რომ არც კაცი იყო და მით უფრო, არც ნასწავლი კაცი…

ჰოდა, ქორონიკონის 1592 წლის 23 თუ 24 მაისის ღამეს სწორედ „ჩერჩეტი“ ბიჭის „დანოსით“ დააპატიმრა ბრუნო ვენეციის ინკვიზიციამ… „მე, ჯოვანი მოჩენიგო,  ძე ნეტარი მარკო ანტონიოსისა, სინდისისა და რწმენის ვალდებულებით ვაცხადებ“…. ეს „დანოსიც“ შემოგვინახა ისტორიამ, როგორც კიდევ ერთი დასტური იმისა, რა ძალა ჰქონია ოდითგანვე ურწმუნოთა ხელში „რწმენის ვალდებულებას“…

მართლა ვერ გამოდგა კარგი მასწავლებელი ჯორდანო და პასუხი უნდა ეგო „სინდისიერი“ მოწაფის ახირებაზე…

ჯერ კიდევ წელგაუმართავი გაზაფხული იყო – ქორონიკონის 1600 წლის 17 თებერვალი – ბრუნო რომ ცეცხლს „აცვეს“ ყვავილების მოედანზე…

არ წვიმდა, ალბათ, იმ ოხერ 17 თებერვალს რომში… არ იყო ასეთი ქუდ-ბედიანიც ჩვენი ფილოსოფოსი…

თავისი საბოლოო განაჩენიც ზუსტად იცოდა ჯორდანომ… 12 თებერვალს, უკანასკნელ პროცესზე, აკი ასე დაასრულა სიტყვა: „ნებაყოფლობით ვკვდები მარტვილი, რადგან ვიცი, სული ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვისთანავე სამოთხემდე ამაღლდება“…

(ნეტავ, სად ამაღლდა თავად სულმნათი კაცის შვილი – ჯოვანი მოჩენიგო?).

აცვეს და მაინც „ბრუნავსო“ – გაიძახოდა ბრუნო…

ახლა რას იტყოდა ნეტა?

იბრუნებდა ბრუნოსთვის დედამიწა დღესაც?

ან ისევ ისეთი უშიშარი იქნებოდა თავად კვლავაც???

„მხოლოდ თავისუფალი ადამიანია უშიშარიო“ – ამტკიცებდა…

ჩვენ კი –  ბრუნო სიზმარშიც რომ არ გვინახავს, სწორედ რომ თავისუფლებააყრილები ვართ ახლა – საკუთარი კედლები რომ ციხედაც გვექცა და – სიმაგრედაც… სიკვდილის მჭედელადაც და სიკვდილთან მებრძოლადაც… ვერ გავიზარდეთ მაინც… გულით ვერ ვირწმუნეთ  „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ და ადამიანისგან თავისუფალი და უადამიანოდ ცარიელი დედამიწა, იობის სატანჯველს რომ მოუცავს, ისევ მხოლოდ იმით იმშვიდებს თავს, რომ „შეუცნობელია გზანი მისნი“…

აი, ჯორდანომ შეიცნო და „ეცვა“ ცეცხლს…

დედამიწისთვის მოკვდა…

იდეისთვის კი არა, დედამიწისთვის…

ღმერთისთვის კი არა, კაცისთვის…

ახლაც კაცისთვის მოკვდებოდა, ალბათ…

ახლაც იტყოდა, რომ ის ჩვენით ბრუნავს…

ის ჩვენთვის ბრუნავს, თორემ რაა მისი ფასი უადამიანოდ????

ცარიელი ვატიკანი…

ცარიელი პარიზი…

ცარიელი ჩიკაგო…

ცარიელი ღანირი…

ყველაფერი უადამიანოა, რაც ოდესმე სიზმარ-ცხადლივ მინახავს და მყვარებია…

და თურმე, როგორი „უშნოა“ დედამიწა ადამიანის გარეშე…

როგორი უსახური და პირქუში…

ან, ცალი თვალით ჩამახედა, როგორია ახლა უადამიანო თეთრი ხიდი, კვირაში ორჯერ რომ „მივაპობდით“ მე და ჩემი წილი ჯორდანო შორეულ ბავშვობაში…

უცნაური გრძნობა იყო – იქ ვიდექით, სადაც ოდესღაც რომელიღაც გზაარეული „ცისფერყანწელი“ დროისთვის შეუსაბამოდ გამოწყობილი და დაჭმუჭნული პიჯაკის ჯიბიდან ნახევრადგაპუტული მიხაკით მკერდდამშვენებული მიაბიჯებდა ზანტად… არაეპოქურად ვნებიანი და ცოტა ღიმილისმომგვრელი მზერა ჰქონდა გაშტერებული ცის რომელიღაც ერთ წერტილში და ფიქრობდა (ან ვითომ ფიქრობდა)…

და როგორ უხდებათ მერე  პოეტებს „ვითომ“ ფიქრი…

ქართველ ხელოვანს – მით უფრო…

იყო (და, მგონი, არის კიდეც) ერთი ქართველი მხატვარი, აკაკი წერეთელივით შუბლზე „შემოჭდობილი“ თითებით რომ დაცუნცულებდა რუსთაველზე…

რას ვიზამთ?

გვიყვარს ქართველებს არტისტიზმი!

ამიტომაა, ასე რომ გაგვიჭირდა „კარს მიღმა“ დარჩენაც“… სცენის – ქუჩის გარეშე აღმოვჩნდით და ერთმანეთის მაყურებლები და შემფასებლები ერთმანეთს მოვწყდით.

თავიდან არ ვეპუებოდით ბედს… არც ტუჩსაცხი გვავიწყდებოდა  და არც – ჭრელ-ჭრელი „ფარჩა-სამოსელი“… ლასკალას თეატრში ჩასაცმელი კაბებით ვწვავდით და ვხრაკავდით ხან რას და ხან – რას… „შანელის №5“-ისა და ღორის  „სუკის“ უსიამო სუნებს ვურევდით ღმერთგამწყრალები ერთმანეთში… „აჟირელიებით“ დამძიმებული ყელ-მკლავითა და გან-მკლავით ვზელდით გაბრაზებულები ცომს…

ხაჭაპური და ბავშვობის „ზებრა“, „ჟულიენი“ და „შავი ხარჩო“, „ნაპოლეონი“ და ენადაგრძელებული ელარჯი ენაცვლებოდა ერთმანეთს…

არ წყდებოდა „პეროგი“ ყველა ბრუნვაში –

„პეროგი“ ვაშლით (აუცილებლად ბებიას რეცეპტით)… „პეროგი“ ფასისგან წელგაწყვეტილი მარწვით… „პეროგი“ საყინულეში შემორჩენილი, ჭიაჩამკვდარი ქლიავებით…

ყველა ფანჯრიდან „პეროგი“… ყველა ქუჩიდან „პეროგი“…

უყვარს პანდემიას, ზოგადად, ტკბილი სუნი… მსუყე სუნი…

მაგრამ ტრაგედია მაინც დადგა…

მაშინ დაიწყო, სახლის გადაქექვა რომ საბოლოოდ დავასრულეთ…

უამრავი ნივთი რომ აღმოვაჩინეთ ხელახლა საკუთარ განჯინებში…

ფრანგული და ზიმბაბვური რეცეპტებიც რომ „ამოვწურეთ“ „საკუბოვედ“ გამოწყობილებმა სამზარეულოებში…

5-5 კილო რომ ავკრიფეთ რეკორდული სისწრაფით და მივხურეთ ნაღვლიანად გარდერობის კარიც…

გადავედით სადღაც მიგდებულ სპორტულებზე…

გადავმალეთ გაზაფხულივით ფრიალა კაბები, ჩვენს ტანებზე რომ დამძიმდა…

სადღაც, თვალისგან შორს შევყარეთ „ფრანცუსკებიც“…

და დაიწყო „ჟამი ნგრევისა“ კარს შიგნით (ა, ბატონო, ახლა, ამ წამსაც მეზობელი ფანჯრებიდან ბზრიალ-ბზრიალით ისმის ხან მსხვრევისა და ხან ისეთი ბარიტონის განწირული ხმა, პლასიდოსაც რომ შეშურდებოდა. ამასაც მივეჩვიეთ)…

აურელიანო ბუენდიასავით თითქოს კედელთან მიგვაყენეს და დახვრეტის წინ ზოგს ის გვახსენდება, მამამ რომ ყინულის სანახავად წაგვიყვანა პირველად ქალაქში… ზოგს ბებიას გამოცხობილი კეცის ხაჭაპურისა და სიბერისგან დაელმებული ძროხის – ჩაჩანას რძის სუნი არ გვტოვებს ბოლო ჟამსაც და ზოგს ის წამი ენატრება… აი, ის წამი, ოდესღაც ხიდიდან რომ ხტებოდა კნაჭა, მუხლებგადატყავებული გოგოსთვის თავის მოსაწონებლად და ეგონა, ყველაზე „მაგარი“ ბიჭი იყო სამყაროში… 

არადა, მაშინ თეთრ ხიდზე მართლა როგორ სხვანაირად ბრუნავდა დედამიწა…  

და რა უნდა ქნან ახლა იმ კუნთმაგარმა, მზესმონატრებულმა ბიჭებმა, რიონში თავით გადასაშვებად მთელი წელი რომ ემზადებიან?

რაღა იქნება ქუთაისი მათ გარეშე?

ან იმ გოგოებმა რა ქნან, გარეთ რომ ქურდულად იპარებიან, მაგრამ ვინაა მათი შემმჩნევი?

თუმცა, ფილოსოფიურად მიუდგნენ ამ საკითხს ქალებიც – ვან გოგის „მზესუმზირები“ თუ კლიმტის „კოცნა“ აიფარეს პირებსა და პირბადეებზე და ასე იწვევენ მამრებს…

იმ პირბადის მიღმა რა დაგხვდება, აქაც შეუცნობელია გზანი…

ახალ მიმართულებასაც ასე დაედო საფუძველი იმ დედამიწაზე, „გლახათ“, მაგრამ მაინც რომ ბრუნავს – ახლა პირბადეების სეზონი დადგა – აბა, რაღა დროს მარაოა?

გაზაფხული – ზაფხული – შემოდგომა – ზამთარი…

გემოვნების საკითხია, რომელ სეზონს რომელ მხატვარს ან ფერს მოარგებ შენს პირ-სახესა და სამოსს (თუმცა, გემოვნება სადავო საკითხია… სამაგიეროდ, ჩვენს გარდერობშია უამრავი თანამედროვე, მოჩითული, ჰაეროვანი ყელსახვევები (აი, ისეთები, ერთაოზის თამუნია რომ ატარებდა სიკვდილამდე) და  ბებიების (თუ გაგვიმართლა, დიდი ბებიებისაც) ჭრელ-ჭრელი თავშლები)…

აბა, ქართველი ბინტს ხომ არ აიფარებს სახეზე, ასე რომ უყვარს და ასე რომ ეტრფის???

მაგალითად, ქართველს შავ ჯიპთან უდავოდ შავი პირბადე შვენის…

პირბადის მიღმა, ალბათ, კოხტა ულვაშებიცაა – არა ჯორდანოსეული, არა ფილოსოფიური, მაგრამ ულვაში… ნამდვილი მამაკაცის ულვაში…

დაკარგა  დედამიწამ ხელოვნურობის ეფექტი…

ზედმეტად ბუნებრივი გახდა…

თვალების იმედად დარჩა კაცობრიობა და ჯორდანოსეულად თუ შევხედავთ (ანუ, ცოტა ფილოსოფიურად), თავადაც ცარიელ თვალებად იქცა…

ერთი ამერიკელი მხატვარია – ცოტა არ იყოს, უცნაური ბედის ქალი – მარგარეტ კინი… მის მხატვრობას კრიტიკოსის თვალით სჯობს, საერთოდ არ შევეხოთ და არ „წავახდინოთ“ ისედაც მხცოვანი ქალი – 92 წელი სულაც არაა სახუმარო ამბავი…

ამ ასაკისას მხოლოდ ერთ მოხუცს ვიცნობდით მე და ჩემი წილი ჯორდანო ბავშვობაში – სერაპო ერქვა.. ახლაც მახსოვს… მაგრამ მარგარეტისგან განსხვავებით, მოკუნტული იყო წლებისგან და ჯოხით დაკაკუნებდა… ასე მგონია, სიკვდილსაც მისი ხელჯოხის ხმა აქვს… ასე „შემპარავად“ მოძრაობს…

მარგარეტს რაც შეეხება, დღესაც მშვენივრადაა და წელში გამართულიც დადის… რამ გამახსენა და თვალებადქცეულ ადამიანებს ხატავდა მთელი სიცოცხლე… კი დასცინოდნენ ამის გამო „ჩასაფრებულები“, მაგრამ მისი ბავშვებისა და ქალების სევდა (კაცებს „უფრთხოდა“ იმთავითვე… ახლა, საერთოდ, რაღა აზრი აქვს?) დღევანდელ მსოფლიოს ზედმეტად ჰგავს… ფანჯრის ჩარჩოში გამომწყვდეული ქალებიც არაა უცხო ჩვენთვის..

ისე, რაღა დაგიმალოთ და ამას წინ აღმოვაჩინე, რომ ფანჯარასთანაც მეშინია მისვლა… რას ვიზამთ? დავფრთხით საბრალო თავისუფლებააყრილები… ყველგან კორონა გველანდება…

„წვეთი ხვრეტს ქვას არა ძლიერი დარტყმით, არამედ სწრაფი წვეთებითო“ – ჩემმა ჯორდანომ ასე დაგვიბარა… ჰოდა, ასე სწრაფი წვეთებით ხვრეტს ჩვენს ყოველდღიურობას ეს შიში…

ახლა ვფიქრობ, ნეტა წერეთელს რაღა უნდადა??? რას ჩიოდა და რა დაგვიბარა???

იქნება, ისიც ჩვენზე წუხდა – თვალებადქცეულ ადამიანებზე…

წერეთლებიც ხომ ფილოსოფოსები არიან მეტ-ნაკლებად???

ვინღა ჩაწვდება მათ ფიქრებს დღეს?

ან ვიღას ცალია წერეთლებისთვის მაშინ, როცა ადამიანმა დაკარგა სახე – პირდაპირაც და გადატანითაც…

წახდა ადამიანი – ისევ პირდაპირაც და გადატანითაც…

გაშლეგდა და გაფილოსოფოსდა ერთდოულად…

უჭირს ადამიანს – მარტოობას გადაჩვეულსა და მაინც მუდამ მარტო მყოფს…

ვინ თქვა, რომ ლუარსაბია ქართველი კაცის სახე???

აბა, მაჩვენეთ კაცი, ახლა რომ უხარია კოტრიალი ტახტის ერთი ბოლოდან მეორეზე… ქალის მოწონება მარტო თვალის ჩაკვრითა და ხვნეშით… პიჟამოებით სახლში სირბილი… ჭამა და ძილი… ჭამა და ინტერნეტი… ჭამა და ტელევიზორი…

თუმცა, ლუარსაბივით ფიქრისთვის დიდად ახლაც არ ვიტოვებთ დროს…

***

ეს კადრი, ალბათ, დიდხანს ემახსოვრება მსოფლიოს და სიცოცხლის ბოლომდე – მე…

წმინდა პეტრეს შემზარავად ცარიელ ტაძარში რომის პაპი – ფრანცისკე I დედამიწისთვის ლოცულობს… იმ უძველესი ჯვარცმის წინაშეა დამხობილი, ჯერ კიდევ 1348 წელს, ზუსტად 200 წლით ადრე ჯორდანო ბრუნოს დაბადებამდე (1548 წელი), რომ შავი ჭირისგან რომის დაცვას შეავედრებდა პაპი კლიმენტი VI.

ფრანცისკე I-ს სამოსი აცვია წითელი ფერის – სისხლის გაცემის სიმბოლო…

საკურთხევლის წინაა გართხმული და მხრები ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად უცახცახებს…

ასე მგონია, სახედამალული პაპი ტირის…

ტირის, თუმცა ეს ადამიანისთვის დასანახი ცრემლები არაა…

ჩვენთვის არ ტირის…

ის ღმერთთან ტირის ადამიანზე…

ისიც კაცისთვის ტირის და იმედად ისევ ჩვენი ჯორდანოს სიტყვებიღა დაგვრჩენია – „ღვთაებრივს ის ეზიარება, ვისაც მიწიერი ტანჯვის ეშინიაო“…

აქ ყოფილა ჩვენი ხსნაც…

ანუ – მარტოობაში…

არც შიში ყოფილა ცუდი…

გვაფილოსოფოსებს, თურმე, და აქედან იწყება ჩვენი „ღვთაებრიობაც“…

ამიტომ, იქნებ, სასჯელი კი არა, ერთგვარი „საჩუქარიცაა“ ეს ნიღბები ჩვენთვის…

ხანდახან სჭირდება დედამიწას სახის დამალვა… სჭირდება, სხვანაირად დაგვენახოს და სხვანაირი დავენახოთ…

განა ჯორდანო ბრუნომ სხვა რა გააკეთა???

დაიჟინა!

აიკვიატა!

შეეწირა!

ცეცხლს „ეცვა“, რომ დანარჩენებს ცოტა სხვანაირი დაგვენახა დედამიწა – უფრო ფილოსოფოსები გაგვხადა.. ნაცარში ქექვას მიგვაჩვია… მაგრამ ზოგმა რისთვის გამოიყენა ეს ნაცარი და ზოგმა – რისთვის…

ახლაც ასეა – ისევ ნაცართან ვართ… ვინ რას გამოვცრით იმ ნაცრიდან, ერთმა ღმერთმა იცის ჯერ მხოლოდ…

მთავარია, რომ „დაწვა სულაც არ ნიშნავს უარყოფას“… და შესაბამისად, არც უსახობა ნიშნავს სახის დაკარგვას…

რაღა დაგვრჩენია? მივუსხდეთ ახლა შეშინებული დედამიწელები ისევ ნაცარს და გავყვეთ ჩვენს სინდისს, ზოგს რომ სად მიგვიყვანს და ზოგს – სად…

მთავარი ისაა, რომ „ის მაინც ბრუნავს“…

რომ იქ, სადღაც შორს… ჩვენი წილი სახე არსებობს და გველის…

და რომ დედამიწაზე ისევ დაბრუნდება  „ჟამი შენებისა“…

P.S. ეს წამია, ბავშვობის მეგობარმა დადო სოციალურ ქსელში თეთრი ხიდის ფოტო (მისტიკაა!)…

ცარიელია იქაურობა… ბოლო რეკონსტრუქციისგან ისედაც „ფერდაკარგული“ ხიდი გათხოვების უიმედოდ მომლოდინე, ასაკისთვის შეუფერებლად და სასაცილოდ გადაპრანჭულ ქალს დამსგავსებია…

ქვემოთ რიონი მიედინება – რიხით მიუყვება…

მაგრამ არც დაიჯეროთ… დელფინებს ქუთაისი სამუდამოდ დაუტოვებიათ…

თუმცა, ბიჭები… პიკასოს ბიჭები – სახით თუ უსახოთ – მზეს აუცილებლად გამოჰყვებიან…

Eka Tkhilava

And Yet It Moves!

Vita Nova with the Mask…

There are some scenes that will surely be remembered by the word for a long time, this specific one will forever be remembered by me…

In the flagrantly empty Cathedral of St. Peter, Pope Francis I is praying for the Earth… He’s kneeled in front of the ancient crucifix, to which, in 1548, 200 years before the birth of Giordano Bruno, Pope Clement IV pleaded to save Rome from the Plague.  Francis I is clothed in red- the symbol of divulging blood… He’s kneeled in front of the altar; he’s shoulders are shaking imperceptibly… His face is hidden, but it seems like he’s crying… He’s crying, but those tears are not meant to be seen by humans… He is not crying for us… He is crying to god about humanity… He is crying for humans, and the last words of Giordano stand as our final hope: “ Only those, who are afraid of earthly suffering, will take communion with the divine”. Here is our salvation…  In solitude… Neither is fear a bad thing… It makes us “philosophers”, and from there starts our divinity. Therefore, maybe, these masks act more like a “git” rather than a punishment… Sometimes Earth needs to cover its face… It needs to show a different self, and to see us differently…

What else did Giordano Bruno do??? He insisted! Obsessed! Sacrificed! He was nailed to fire, so others would see the Earth differently. He made us a little more philosophical… Because of him we got used to scraping into the ashes… But these ashes have been used in various ways by different… And now, everything remains the same- the ashes and people around them. And Only God knows, what an be bolt out of them…

And what else is left for us? Now, the scared earthlings can only sit in front of the ashes and follow their conscience, which will take them to various, different places…

 “And yet it moves…”

And one day, “the time to build” will return to our planet…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…