ნეკროლოგი რედაქციისაგან

დაბადებული ლამანჩელად!

, ,

საბჭოთა დროსაც ჰყავდა თავისი ლამანჩელები, ქარს რომ ებრძოდნენ დღენიადაგ, ქარის წისქვილების ნაცვლად.

რთული მოვლენა იყო საბჭოური ქარი. დალეწვა იცოდა. დიდად არც ჰუმანიზმს ცნობდა და არც – ნიჭს.

ლამანჩელები კი ალაგ-ალაგ  მაინც კრთებოდნენ – ეპოქის სადარი ტყავის ქურთუკები ეცვათ და ისეთი თხელი ბეჭები ჰქონდათ, ქართან ბრძოლისთვის თითქოს სულაც არ იყვნენ დაბადებულები.

არადა, რა არ ზიდა მათმა სუსტმა სხეულებმა. რას არ გაუძლეს.

კაცმა არ იცის, როგორი იქნებოდა საბჭოეთის ქარებგამოვლილი თაობა დღეს, რომ არა ნოდარ გურაბანიძე, რომელმაც უამრავ ნიჭიერ ადამიანს „უპატრონა“ მაშინ. გადაეფარა. დაიცვა. შეიფარა კიდეც და იმ ავადსახსენებელ დროს მათ თავისუფალი ხელოვნების გემოც ასწავლა და – თავისუფლების ხარისხიც.

ერთგვარი თავხედობის უფლებასაც აძლევდა ახალგაზრდებს.

ნებისმიერ ნიჭიერად დაწერილ აზრს კბილებით იცავდა მაშინაც კი, როცა არ ეთანხმებოდა ავტორს.

მთავარია, ნიჭიერების სუნი ეგრძნო.

ასე გადაურჩა თაობა „საბჭოთა ქარებს“  – ნოდარ გურაბანიძის „კალთებქვეშ“.

ასე „დაეტყო“თავისუფლების უცნაური, არასაბჭოური ხარისხი უახლეს ქართულ თეატრს.

ახალ ლიტერატურას.

ახალ კინოს.

ახალ მხატვრობას.

18 წელი რედაქტორობდა ნოდარ გურაბანიძე „საბჭოთა ხელოვნებას“, რომელიც ყველაფერი იყო, „საბჭოთას“ გარდა.

მერე უწევდა „ზემოთ“ სირბილიც ახალგაზრდა ავტორთა „თავხედური“ ნაწერებისა და საბჭოური საჩივრების გამო.

არ წყდებოდა ზარები.

ბრძოლები.

მაშინ ვერავინ ხვდებოდა, რატომ ასდიოდა ლამანჩელის ქურთუკს ხშირად „ვალიდოლის“ სუნი…

ამასაც ისე ჩუმად აკეთებდა, რომ არავის არაფერი გაეგო. არ ენერვიულათ და  იმ სასტიკი ქარებისგან არ დამსხვრეულიყვნენ.

მერე, „ქარების ეპოქა“ წარსულს რომ ჩაბარდა, ხან სად და ხან სად გამოჟონა ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკებისგან იმ ნომენკლატურული ომების ისტორიებმა.

განა მარტო ქართველთა თავშესაფარი იყო „საბჭოთა ხელოვნება“ ის 18 წელი? ნაუმ კლეიმანიც ბატონ ნოდარს დაუკავშირდა, თურმე, ფარულად ეიზენშტეინის ესეი რომ დაებეჭდა ელ გრეკოზე. დაიბეჭდა კიდეც; თან – ქართულად!

პროფესიული თავისუფლება გვაჩუქაო – ერთი ნიჭიერი კაცი წერდა ამას წინ ბატონ ნოდარზე.

მეორე იგონებდა, 19 წლისას როგორ უშურველად შეუქეს პირველი სარეჟისორო ნამუშევარი ნოდარ გურაბანიძემ და ვასილ კიკნაძემ.

მართლა ასე ფიქრობთო? -გაჰკვირვებია ბიჭს!

არა, მაგრამ მთავარია, შენ ფიქრობდე ახლა ასე, რომ დაიწყო და არასდროს გაჩერდეო – შეუგულიანებიათ.

ასეთი „შეგულიანებაც“ მხოლოდ იმ დროს შეეძლოთ… ახლა დამწყებ რეჟისორს არავინ დაელოდება სიცივეში თეატრის კართან  გასამხნევებლად…

ახლა სულ სხვა ქარების დროა! არანაკლებ სასტიკი ქარების!

***

საქართველოში მარტო პოეტები არ იყვნენ პოეტებზე მეტი.

თეატრიც მეტი იყო – ვიდრე თეატრი და თეატრის კრიტიკოსიც მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე, უბრალოდ, კრიტიკოსი.

და თუ ვინმეზე ითქმის საქართველოში თეატრის კრიტიკოსზე მეტი იყოო, ეს ნოდარ გურაბანიძეა! მას მრავალი და მრავალი წლის განმავლობაში ებარა თეატრის (და, საერთოდ, ხელოვნების) სახელმწიფო კურატორის ფუნქცია. და მაინც არ ქცეულა ფუნქციონერად. არასოდეს გაუვლია გულში კულტურის პროკურატორობა. არ იდო ეს მის ხასიათში; ბუნებით ლაღი, თავისუფალი ადამიანი იყო და ამ თავისუფლებას ნერგავდა ყველგან.

თავის ნაწერებშიც ღია, ფართო, ლაღი, პასტოზური მონასმების მწერლად – თეატრალურ მწერლად გვევლინებოდა მუდამ. ნოდარ გურაბანიძის არტისტიზმი და ტემპერამენტი მუდამ იღვრებოდა მისი ტექსტებიდანაც და „პატრონივით“ ძარღვიანი იყო.

ყველაფერი უხდებოდა. ყველაფერში ელეგანტურობა გამოსჭვიოდა. კომპრომისებშიც კი მოხდენილობით გამოირჩეოდა.

ნამდვილ მეტრად დარჩა ბოლომდე! თუმცა, არავის ამადლიდა, რომ ახალგაზრდობიდანვე არგუნა ბედმა, ყოფილიყო „arbiter  elegantiarum“.

თეატრალური პროზაიკოსი მანამდე საქართველოს არასდროს ჰყოლია.

ბატონმა ნოდარმა  ეს უცნაური, ელეგანტური ხმაც შემოიტანა ჩვენში; ლიტერატურამდე, დიდ მწერლობამდე აიყვანა თეატრალური კრიტიკა და ესეისტიკა. მისი ენა და ინტონაცია არავისას ჰგავდა; რაღაც უფრო ევროპული იყო; სრულიად უცნაური ჩვენი რეალობისთვის;

ბევრს ამის პატიებაც გაუჭირდა… და განა მარტო ამის?

ინგლისელი კრიტიკოსი – კენეტ ტაინენი წერდა – „ნამდვილმა კრიტიკოსმა მართვა იცის, მაგრამ მანქანას ვერ ატარებსო“. ბატონმა ნოდარმაც ბრწყინვალედ იცოდა  „მართვა“, მაგრამ რეჟისორად არ ვარ დაბადებულიო,-იღიმებოდა. რეპეტიციებზე იმდენად ხშირად იჯდა, თურმე, რამაზ ჩხიკვაძე ხუმრობდა – „ნოდარს „რიჩარდი“ უფრო მეტჯერ აქვს ნანახი, ვიდრე ჩვენ ნათამაშებიო“… პროფესიონალების ჩვევაა, პროცესების ბოლო დეტალამდე შესწავლა…

კარგა ხანია ასეთი „შემსწავლელი“ აღარ გვღირსებია და  თეატრსაც დაეტყო მათი ნაკლებობა.

ბატონი ნოდარი მაყურებელიც დიდი იყო; მაყურებელი და არა – მეთვალყურე ან ზედამხეველი! და საერთოდაც, საბჭოთა ქარებმა ვერა და ვერ აქცია ის „ჩამსაფრებლად“; ანუისეულ კრეონად შეიძლება მოგვგვლინებოდა, მაგრამ არამც და არამც – ჩაფრად!

მაშინ კი, საბჭოთა ქარებისას, ნოდარ გურაბანიძემ თაობები გადაარჩინა! თუმცა მადლიერი ცოტა თუ დარჩა… 

მერე წერდა – „სულ ოდნავ შევცვლიდი ოსკარ უაილდის ფრაზას – როგორც ჩანს, სიყვარულის ალისფერი ყვავილები იმავე მდელოზე იზრდება, რომელზეც ხარობს დავიწყების ყაყაჩოებიცო“.

ისიც არაერთხელ დაივიწყეს ამ მდელოზე….

გირეკავ და არ მპასუხობო,-წერდა ამას წინ ერთს… არც მერე უპასუხებდა ის „ერთი“… ასეთი სტილი აქვს ცხოვრების. ახლა რომც მოინდომოს, ზარების დრო უკვე დასრულდა.

ლამანჩელის ეპოქა წავიდა…

არადა, სადღაც ერთი წლის წინ დარდობდა ბატონი ნოდარი, აუზზე ვეღარ დავდივარ და ვეღარც მთაში ავდივარ სასრიალოდო…

92 წლისა იყო მაშინ…

ყველაფერში უცნაურმა უკანასკნელი გზის დასაწყისადაც ნაკიანი წლის 29 თებერვალი აირჩია… თითქოს სიკვდილიც მოატყუა – მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ დაადგება იმ გზას და მერე ისევ უკან დაგვიბრუნდება. საბჭოთა ქარებგამოვლილს, იქნებ, სიკვდილის კარნავალზეც არ გაუჭირდეს გამარჯვება…

განა, თავად არ წერდა – „თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ვისაც ძალუძს ყოფიერების ყველა დეტალს რიტუალური აზრი მიანიჭოს და ვინც დამარცხებისთვისაც მზადაა,  მომავალ გამარჯვებასაც უცილობლად იზეიმებსო“.

ჰოდა, ლამანჩელისა არ იყოს, „ვინც უკან იხევს, არ გარბის!“

არც სიკვდილია დამარცხება!

იქნებ, ცხოვრების თეატრი კი დასრულდა, მაგრამ მისი დრო მუდამ იქნება დედამიწაზე, რადგან ნოდარ გურაბანიძის მდელოზე მხოლოდ სიყვარულის ყვავილები იზრდება!

ჟურნალი „თეატრი“

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…