დიახ, სწორედ ასე უწოდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების XXVI საერთაშორისო ფესტივალის ამჟამინდელ მდგომარეობას ფესტივალის დირექტორმა – ქეთი დოლიძემ. სრული სიმართლეა; „საჩუქარზე“, რომელიც 2023 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე გაგრძელდა, წარმოდგენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ საფესტივალო საუბრები, სამი უცხოური, ერთი ქართული სპექტაკლი (ედინბურგის ფესტივალზე პრემირებული) და საფინალო კონცერტი – „იტანჯეთ ტრფობის ცეცხლითა“ (ყოვლადწმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტზე პრესისთვის ადგილები გათვალისწინებული არ იყო და, სამწუხაროდ, დასწრება ვერ შევძელით).
არადა, წლების მანძილზე ფესტივალს იმდენი სტუმარი ჰყავდა, დღეში იმართებოდა სამი სპექტაკლი და აკრედიტებული მიმომხილველები დილემის წინაშე ვიდექით – არ ვიცოდით, რომელ წარმოდგენას დავსწრებოდით.
საფესტივალო აფიშა და კატალოგი ის მნიშვნელოვანი განაცხადია, საიდანაც, ფაქტობრივად, იწყება ფესტივალთან „ნაცნობობა“. დიზაინერი ბესო დანელია ათწლეულებია, ქმნის გამორჩეულ საფესტივალო ბუკლეტსა და აფიშას. გამონაკლისი არც წლევანდელი იყო.
***
მსოფლიო თეატრის პატრიარქმა – თეოდოროს ტერზოპოლუსიმ წელს ტრილოგიის მეორე ნაწილი გვიჩვენა. „Amor“ – ასე ჰქვია ათენის თეატრ „ატისის“ წარმოდგენას, რომელიც თანასის ალევრასის პოეზიის მიხედვით დაიდგა.
სცენაზე ორი პერსონაჟი იდგა: დეკოლტირებულ წითელ კაბაში ჩაცმული ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, საკანალიზაციო მილში იყო „გაჭედილი“ და ფეხშიშველა, შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი. ისინი არც კი უახლოვდებოდნენ ერთმანეთს მთელი წარმოდგენის მანძილზე. ქალი მარცხენა კუთხეში იყო; მამაკაცი – სცენის ცენტრში.
კედელზე ეკიდა ტაბლო, სადაც საფონდო ბირჟის ციფრები და პროცენტები უსწრაფესად იცვლებოდა. კაცი ბედნიერი სახით ყიდულობდა ყველაფერს; თითქოსდა ჰაერში ბეჭდავდა სავაჭრო ვერსიებს.
შიგა და შიგ გაისმოდა ბირჟის მაკლერის შეძახილები – მოგება, ფული, პროცენტები…
შესანიშნავი მსახიობი – ანტონის მირიაგოსი განწირული ყვიროდა სპექტაკლის ფინალში – „Amor“; უსიყვარულოდ ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდა;
ქალი – აგლაია პაპა – ყველაფერს ყიდდა – ემოციებს, წარსულს, აწმყოს, მომავალს, ორგანოებს; „მიყიდეთ, მიყიდეთ, მიყიდეთ“ – დაუსრულებლად ისმოდა მისი სიტყვები სცენიდან.
აგლაია პაპას სამსახიობო კარიერამდე ფილოსოფიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული თესალონიკის უნივერსიტეტში, რაც მის მიერ შესრულებულ როლსაც ეტყობოდა; სპექტაკლის მერე მსახიობი ამბობდა – „რადგან საქმე მაქვს თეატრთან, ესე იგი, პოლიტიკურ პროცესში თავისთავად ვარ ჩართული. არ არსებობს არაპოლიტიკური თეატრი, რადგან ის გადაჯაჭვულია ადამიანის არსებობასთან; ადამიანის არსებობა კი პოლიტიკურია“.
საზოგადოების გადაგვარების ფორმულა, რომელიც ტერზოპოლუსმა სცენაზე შექმნა, გვაცვიფრებს უპირველესად იმით, რომ რეჟისორი არც კი ცდილობს სცენური ეფექტების შექმნას; თითქმის უძრავი ორი პერსონაჟის შეზღუდული მოძრაობებით იმგვარ სანახაობას ქმნის, რომ მაყურებელს ერთი წამითაც არ აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. ეს დიდი რეჟისორის სტილია – „ალარმეს“, ტრილოგიის პირველი ნაწილის, კონცეპტუალური და სტილისტური გაგრძელება განსხვავებულ ეპოქასა და პერსონაჟებში. მომავალ „საჩუქარზე“ ტრილოგიის მესამე ნაწილის ჩამოტანას გვპირდებიან.
„ევროპის თანამედროვე სცენის კაშკაშა ვარსკვლავი, შვეიცარიელი ტომ ლუცი ბრწყინვალე ექსპერიმენტატორი და ინოვაციური იდეების ცნობილი ავტორია ევროპულ თეატრში“- ამგვარად წარადგენენ საფესტივალო ბუკლეტში ახალგაზრდა შვეიცარიელ რეჟისორს. „გოგონა ნისლის ძრავების ქარხნიდან“ აბრეშუმის ქარხნის დიდ სტუდიაში იყო წარმოდგენილი. ეს სივრცე თავისთავად ექსპერიმენტული დადგმისთვის არის შესატყვისი. ტომ ლუცის სპექტაკლი თანამედროვე ზღაპარია და, ცხადია, ზღაპარს აუცილებლად ბედნიერი დასარული უნდა ჰქონდეს.
„საჩუქრის“ პროგრამაში მხოლოდ ერთი ქართული წარმოდგენა იყო – ქეთი დოლიძის „უფრო ძლიერი“, რომელიც ავგუსტ სტრინბერგის მიხედვით დაიდგა.
სპექტაკლი ორ ენაზე თამაშდება – ქართულად და ინგლისურად. საშობაო ნაძვის ხით მორთული რესტორნის მდიდრულ დარბაზში ჩანდა ორი ქალი – ამელი და ამელია; მადამ X და მადამ Y; ორი ერთნაირი ქალბატონი: ერთი – ცოლი, მეორე – საყვარელი. ფეხსაცმელებიც ერთი ფორმის ეცვათ; განსხვავება მხოლოდ ფერებში იყო – ოქროსფერსა და ვერცხლისფერში. ეს ტონები ფიგურირებდა სარკეებსა და აქსესუარებშიც (სცენოგრაფი – სოფო-მარიამ ქორიძე).
ქალბატონები ყოველ მხრივ იდენტურები იყვნენ; მაგრამ ირინა გიუნაშვილის ამელია ქართულად წარმოთქვამდა ტექსტს, თამარ ბზიავას ამელი კი – ინგლისურად. თითქოს ამ ორი პერსონაჟის სარკისებრი არეკვლა ხდებოდა ოდნავ განსხვავებული შტრიხებით. აშკარა იყო, რომ მათ საერთო მამაკაცს ერთი და იგივე არსება უყვარდა ორივეში. სხვაობა მსახიობების შესრულების სტილისტიკაში იყო მხოლოდ: თამარ ბზიავას პერსონაჟი ფსიქოლოგიური ნახევარტონებით, თავშეკავებული ჟესტებით ცდილობდა, თავისი სიძლიერე დაემტკიცებინა კონკურენტისთვის. ირინა გიუნაშვილის ამელია ემოციური და უბრალო ქალი გახლდათ; საკუთარი განცდების დამალვას ძნელად ახერხებდა.
წარმოდგენაში საერთოდ არ იყო დიალოგი. მხოლოდ მსახიობთა მიმიკებით ვხვდებოდით, ისინი რას ფიქრობდნენ.
სპექტაკლის ბოლოს ორივე ქალმა მოიშიშვლა მხრები და სინქრონულად დაიწყო ცეკვა; ორივე ძლიერი გახდა. ორივე მიხვდა, რომ ის კაცი მათ დარდად არ ღირდა.
საფესტივალო საუბრების ფარგლებში შეხვედრა მოეწყო ვენეციის ბიენალეს სამხატვრო ხელმძღვანელთან – ჯანი ფორტესთან.
ფესტივალში მონაწილე კიდევ ერთი სპექტაკლის – „დიდების კედლის“ ახალგაზრდა რეჟისორი – ლეონარდო მანძანი სწორედ ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომის მფლობელია.
იგი ამავე სპექტაკლის ავტორიც არის როკო პლაჩიდისთან ერთად. ქართულ თარგმანზე, უფრო ზუსტად კი სპექტაკლის საფესტივალო ვერსიაზე, ირინა ბაგაურმა იმუშავა; გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იტალიური წარმოდგენა ქართველი მაყურებლისთვის ადვილად აღსაქმელი გახდა.
ნაცრისფერ კედელზე, რომელიც დარბაზსა და აუდიტორიას მიჯნავდა, ქართულად იბეჭდებოდა ტექსტი. დასაწყისში ეს ნახევრად სახუმარო „განაცხადი“ იყო და ჯანსაღ სიცილს იწვევდა – ვენეციის ბიენალემ ავტორს სთხოვა, დაედგა სპექტაკლი ცენზურაზე; გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი, უფრო ზუსტად, კედელთან მიყენებული ავტორი კი, ფაქტობრივად, დარბაზს სთხოვდა შველას.
ლეონარდო მანძანის სპექტაკლი უხვად იყო გაჯერებული იუმორითა და ინტერაქციული შოუს ელემენტებით; ქართველი მაყურებლის რეაქციებიც სრულიად ადეკვატური გახლდათ:
დარბაზი ალ ბანოსა და რომინა პაუერის „ფელიჩიტას“ მღეროდა; თან მკვდრეთით „აღმდგარი“ პიერ პაოლო პაზოლინის, ჯორდანო ბრუნოსა და მარკიზ დე სადის „აღსარებებსაც“ ისმენდა.
წარმოდგენის მსვლელობის დროს ყველა მსახიობი კედლის მიღმა იყო. პერიოდულად კედელს მუშტს ურტყამდა ხელთათმანიანი ხელი და ვიწრო ხვრელიდან ხან შამპანურის ფუჟერი ჩნდებოდა, ხან – საარშიყო ხელი და ხანაც – რეზინის პენისი. თუმცა, წარმოდგენაში არავითარი ვულგარულობა არ იყო. იყო მხოლოდ ნამდვილი იუმორი, თვითირონიაც, გამომგონებლობაც, ფანტაზიაცა და ხალისიც.
სპექტაკლის ფინალში დიდების კედელზე გენიოსთა გვარ-სახელები ჩამოიწერა; მათ შორის კი ქართული გვარებიც გამოჩნდა – შოთა რუსთაველი, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი…
„საჩუქრის“ ოცდამეექვსე სეზონი უდავოდ წარმატებული აღმოჩნდა; მან ქართველ მაყურებელს მსოფლიო სათეატრო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები გააცნო; უცხოელი სტუმრები ქართულ ხელოვნებას აზიარა; ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიო გრანდების მასტერკლასებზე დაოსტატების საშუალება მისცა…
ვინ იცის, იქნებ, ოცდამეშვიდე სეზონზე უფრო მეტი ბრწყინვალე ახალი დადგმაც კი ვიხილოთ. დაველოდოთ.