მიროს ზღაპარი
ზამთარს არაფერი ისე არ უხდება, როგორც გაბაცებული ფერები „და ელვარება ფერადი ჰანგის“.
თბილისის ფერმკრთალ ზამთარს – მით უფრო…
არც ამ ზამთარს დარჩენილა „ცა მოელვარე და აჟღერილი“ ამ თვალშეუდგამი სილურჯის გარეშე და აქვე, ყურისძირში აფრიალდა ცისფერი გალერეის ფართო დარბაზებში; მირო (მირიან) შველიძე თითქოს სიზმრებიდან გამოგვეცხადა;
ზამთარი ასეთი ლურჯი იშვიათად თუ ახსოვს თფილისს!
ყინწვისის ანგელოზის გზას შეგვაყენა მირომ ბეტონის კედლებში გამოკეტილები და შეგვახსენა საკუთარი თავიცა და ის „ვარდისფერი გზაც“, რომელიც თავად ნაადრევად გაიარა და თავისი გაბინდებული ანგელოზების კვალდაკვალ წავიდა.
მირო სულ სხვაა ქართული სცენოგრაფიისთვის; აქაური თეატრიც სხვად აქცია და „სხვად“ ყოფნას ჩვენც მიგვაჩვია.
მხოლოდ მიროს შეეძლო, ახმეტელისეული „ლამარას“ ჩრჩილისგან დაფლეთილი კოსტიუმებისგან ახალი ასამბლაჟი გაეკეთებინა; რაღაც ალბერტო ბურის ჯვალოების მსგავსი ან, იქნებ, უკეთესიც…
მსოფლიოს კატალონიელი ხუან მირო ჰყავს;
ჩვენ – ჩვენი – რაღაც ძალიან ბავშვურსა და დიდურს შორის გამომწყვდეული ქართველი მირო – ნატანჯი ადამიანობით.
ნატანჯი ადამიანებისგან.
ნატანჯი თავისი ფერფლისფერი სამყაროსგან.
მერე „გათავდა. განელდა. გაჩუმდა ზღაპარი“ და მირო მხოლოდ კედლებზე დარჩა…
და ამ კედლებმა ჯადოქარივით გამოანათა ამ წელს დეკემბრის თბილისში.
აელვარდა.
გადმოიღვარა და ისევ დაგვიბრუნა მირო!
ჩვენი სევდიანი, ჩუმი, დიდგულა ბავშვი!
ცისფერ გალერეაში გამოფენილი ექსპოზიცია, ვგონებ, ვერ შედგა მიროს თეატრად (ან კი ვის უნდა დაედგა სპექტაკლი მასზე?)… მაგრამ ისევ მირომ „გადაგვარჩინა“ სტუმარიცა და მასპინძელიც. გვიხსნა. შეგვიფარა თავის კედლებში.
გამოფენა უკვე დასრულდა.
კედლებიც დაცარიელდა ცისფერ გალერეაში და კვლავ უფეროდ იქცა.
ნაზამთრალი თბილისიც ჩაიკეტა ცივ დღეებში, როგორც მუდამ სჩვევია ხოლმე, როცა რაღაც ძალიან დიდს ეთხოვება (თუ ემშვიდობება)…
გარეთ კი ისევ
„დამჭკნარია ფერი და ფერვალი:
…ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი“…
9 თებერვალს, 2022 წელს, „გათავდა. განელდა. გაჩუმდა ზღაპარი“, რომელსაც მირო ერქვა…