ზუსტად ასი წლის წინ – 1924 წლის 27 იანვარს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ მესამე ნომერში ორ ამბავს იტყობინებოდა.
პირველი ლენინის „თავზარდამცემ“ სიკვდილზეა – „დიდია და განუზომელია ღვაწლი მისი ძველი წყობილების დამხობისა და ახალის შექმნის წინაშე“…
არადა, იმ „დამხობასაა“, რომ მოჰყვება და მოჰყვება დამხობათა ტალღები დღემდე…
ლენინი წმინდა რუსის შთამომავალიაო – ესეც მიუწერია ნეკროლოგის უცნობ ავტორს ხაზგასმით და ამ „წმინდა რუსობაში“ „წმინდა“ არც არაფერი ჩაუდევს აშკარად…
6 დღის გარდაცვლილი იყო ბელადი 27 იანვარს. სულ რაღაც 6 დღის, მაგრამ აშკარაა, „თეატრსა და ცხოვრებას“ დიდად არ უგლოვია.
სულ რაღაც ნახევარგვერდიანი წყალ-წყალა ნეკროლოგით შემოფარგლულა. თითქოს სულაც არ იყო ის „წმინდა რუსი“ მაშინდელი კულტურის კანონი და მაშინდელი კულტურის კანონმდებელიც.
ასეა, „ისტორიის სანაგვე“ სასტიკი და დაუნდობელია.
ამ „დაუნდობლის“ დასტურია ჟურნალის ბოლო გვერდი, ჯერ კიდევ „გაუციებელი“ ლენინის ფონზე სალაღობოდ რომ ეპატიჟება ყველას –
პირველხარისხოვან რესტორან „ნოესთან“, პროსპექტი პლეხანოვის №103;
ახლადგახსნილია ამიერკავკასიაში ერთადერთი მდიდრულად და მხატვრულად მოწყობილი
თეატრი – რესტორანი
თეატრში ყოველ დღე საღამოს 11 საათიდან მონაწილეობენ საუკეთესო ძალები არტისტებისა, სრულიად განცალკავებით – საყავე.
ქეიფი და დროსტარება როდის უკვირს ქართველს? მაგრამ „უბელადოდ“ დარჩენილ რესპუბლიკაში ასე სწრაფად რომ „ეზეიმებათ“, ეს კია ცოტა უცნაურიც და სასიამოვნო ამბავიც…
თან ზეიმიცაა და ზეიმიც –
აგერ, 100 წლის წინაც გვყოლია ქართველებს ეს ბიბლიური და „პრესტიჟული“ „ნოე“ და ქართულ თეატრში კულინარიული წარმოდგენა-სპექტაკლები მაშინაც ყოფილა პოპულარულ-მომგებიანი ქართველი არტისტების „ტანცების“ ფონზე…
ყავაც რომ ჰყვარებიათ იმ ჩამოქცეულ 1924 წელს საქართველოში…
ჰოდა, ამხელა „წარსულის“ პატრონებს ევროპა გაგვაკვირვებს ან კულინარიულ-თეატრალური თანამედროვე კონცეფციები, ანდა, საერთოდ, გასტრო-თეატრი?
მადლობა ღმერთს, დღესაც „ვაგრძელებთ“ „ტრადიციებს“ – ხან სცენაზე, ხან – რესტორან-სცენაზე.
ერთი ეგაა, იმერსიული რესტორნის ჟანრში გვიჭირს და ვერც სარესტორნო კრიტიკა დამკვიდრდა.
თუმცა, ენთუზიასტ კრიტიკოსებსა და რეცენზენტებს რა დალევთ საქართველოში.
ისე, თეატრი თუ ცხოვრებაა, ცხოვრება რაღაა „ნოეს“ საყავის გარეშე?
ყავაცაა და ყავაც!
მსახიობების „ტანცების“ ფონზე ყველაფერს სხვა გემო აქვს და კულტურაც, „ბელადისგან გათავისუფლებული“, „სხვაფრივ“ სუნთქავს…