ნახევარი საუკუნე გვაშორებს იმ დროს, როდესაც მეტეხის მივიწყებულ ტაძარში ქართული სიტყვა აღდგა. ეს გახლდათ ახალგაზრდული ხმა, ახალი თაობის განაცხადი საკუთარი სათქმელის გამოსახატად. იმ დროისთვის თეატრისთვის უჩვეულო გარემო შეიქმნა. მეტეხის მიტოვებულ ტაძარში განთავსებული იყო სახელოსნო მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელისა, რომელმაც ახალგაზრდებს დაუთმო ასპარეზი. მსახიობებმა საკუთარი ხელით შექმნეს შესაფერისი გარემო ისე, რომ ტაძრის არქიტექტურა არ დაზიანებულა. ოთხ სვეტს შორის განთავსდა 36 კვ. მ. სცენა, რომელსაც სამი მხრიდან მაყურებელი აკვირდებოდა; შესაბამისად, დარბაზსა და სცენას შორის ტრადიციული ზღვარი წაიშალა და მაქსიმალურად დაახლოვდა. ეს ხელს უწყობდა მაყურებლის მიერ მოქმედების აღქმას, მსახიობის ოსტატობის გამოვლენასა და მათ შორის უშუალო კონტაქტის დამყარებას. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას ეკლესიისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, ქალაქისა და კომკავშირის ცკ-ს მესვეურებმა მაქსიმალური მხარდაჭერა გამოხატეს. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი ახალგაზრდული ექსპერიმენტული თეატრი-სტუდია, რომელსაც, ადგილმდებარეობის მიხედვით, მეტეხის თეატრი ეწოდა. მან გარკვეული ზეგავლენა იქონია თეატრალური ცხოვრების შემდგომ განვითარებაზე.
თეატრის შექმნას ხელი შეუწყვეს კომკავშირის ცკ-ს მდივნებმა, კულტურის სამინისტრომ (ო. თაქთაქიშვილი, აკ. დვალიშვილ), ფილარმონიამ (დირექტორი – გ. ყიფიანი; აქვე შევნიშნავ, რომ სწორედ ფილარმონიაში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული დრამატული თეატრი-სტუდია, როგორც „სალაპარაკო ჟანრის“ დასი), თეატრალურმა საზოგადოებამ (თავმჯდომარე – დ. ანთაძე), თეატრალურმა ინსტიტუტმა (რექტორი – ი. თავაძე), თბილისის მთავარმა მხატვარმა – ო. ლითანიშვილმა (რომელმაც თეატრს მეტეხის ტაძარი შესთავაზა), ძეგლთა დაცვის თავმჯდომარემ – ირ. ციციშვილმა, ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა – შ. ყავლაშვილმა, ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარემ – თ. ჯანელიძემ. რა თქმა უნდა, თანახმა იყო ცკ-ის პირველი მდივანი ე. შევარდნაძეც.
თეატრის შექმნის იდეა გაუჩნდათ თეატრალურ ინსტიტუტში დიმიტრი ალექსიძის ჯგუფის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის თავკაცობით. დასი ასეთი შემადგენლობით ჩამოყალიბდა. რეჟისორები: ს. მრევლიშვილი, კ. გურგენიძე, ვ. ჩიგოგიძე, ნ. ჯინჭარაძე, ო. ცერაძე. ნ. მახათელი, გ. სიხარულიძე, აკ. კობალაძე; მსახიობები: აკ. ხიდაშელი, თ. ბიჭიაშვილი, პ. ნოზაძე, თ. ნაცვლიშვილი, გ. თურქიაშვილი, ზ. ცინცქილაძე, თ. დათუაშვილი, ლ. დორეული, ლ. ალიმბარაშვილი, დ. ჩოგოვაძე, ბ. ჭიჭინაძე. აკ. კობალაძე; მხატვრები; მ. ჭავჭავაძე, გ. გუნია, მ. შველიძე, შ. შეყლაშვილი. მოგვიანებით, სხვადასხვა დროს, დასს შეემატნენ მსახიობები: მ. თევზაძე, ი. ფოფხაძე, რ. ქვლივიძე, თ. კოშკაძე, ზ. ქავთარაძე, ბაბუნაშვილი, ვ. ლებანიძე, ლ. როინიშვილი, ნ. კოპაძე, ჯ. ღუდუშაური, გ. პატარიძე, ს. ბაკურაძე, პ. ქადაგიშვილი, ნ. წულაია, ს. ნათენაძე, მ. ფოჩხუა, მ. კინწურაშვილი, ვ. ხორგუაშვილი, გ. ქებაძე, მ. საღარაძე, მ. მაზავრიშვილი და სხვები. სპექტაკლები დადგეს ახალბედა რეჟისორებმა: ა. ვარსიმაშვილმა და მ. არეშიძემ. სალიტერატურო ნაწილის გამგე – მ. კობახიძე ამავე სამსახიობო ჯგუფში იყო და პირველი კურსის შემდეგ გადავიდა თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. მოგვიანებით ამ თანამდებობაზე ფილოლოგი გ. მურღულია მუშაობდა. აღსანიშნავია თეატრის დირექტორის – გ. კანდელაკის ღვაწლიც.
გახსნისთვის შეირჩა საკურსო სპექტაკლი – ს. მრევლიშვილის „მოდი, ვნახოთ ვენახი“ (პრემიერა 1973 წლის 18 აპრილს შედგა თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე) და შექსპირის „ჰამლეტი“. თუ პირველი სპექტაკლი სატირული კომედია იყო თანამედროვე ცხოვრებისეულ მოვლენებზე, მერე დადგმა უკვე ახალი თაობის შემოქმედებითი მრწამსის გამოხატვას წარმოადგენდა. ახალგაზრდული დრამატული ექსპერიმენტული თეატრი-სტუდია 1974 წლის 21 მაისს გაიხსნა. ახალგაზრდა ხელოვანებს საშუალება მიეცათ დამოუკიდებელი გზის ძიებისა, რაც კომუნისტურ იდეოლოგიურ ჩარჩოებში ნაკლებად იქნებოდა შეზღუდული და ექსპერიმენტების შესაძლებლობების გამოყენების საშუალება მიეცემოდათ. ძირითადი ყურადღება გადავიდა მსახიობისა და მაყურებლის ცოცხალსა და უშუალო ურთიერთობებზე, რითაც ინტიმური და თავისებური გარემო შეიქმნა. ტაძრის თავისებური ინტერიერი და ორსართულიანი უჩვეულო ფორმის სცენა ახალი ფორმების ძიების საშუალებას იძლეოდა. სტუდიას არ ჰქონდა სავალდებულო შემოქმედებით-ფინანსური გეგმა, რაც რეპერტუარის თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევდა.
***
თეატრს გახსნა მიულოცა დიდმა რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა, რომლის სტუდენტიც ს. მრევლიშვილი გახლდათ. თავისი მნიშვნელობის გამო ამ მილოცვას სრულად გთავაზობთ: „ძვირფასო სანდრო! ცნობამ, რომ თბილისში თქვენი ხელმძღვანელობით ახალგაზრდული თეატრი გაიხსნა, გულწრფელად გამახარა და გულწრფელადვე მეწყინა. როგორ შეიძლება მასწავლებელს არ გაუხარდეს მოწაფის ასეთი არაორდინალური წარმატება და არ მეწყინოს, როდესაც ამის შესახებ შემთხვევით შეხვედრილი ადამიანისგან ვიგებ. ეს იყო პუშკინის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი (როგორც ჩანს, ინსტიტუტიდან გიცნობდათ), რომლის სახელიც არ ვიცი, მოლოცვით მოვიდა ჩემთან: თქვენმა მოწაფემ, ჩვენმა სანდრო მრევლიშვილმა, თბილისში ახალგაზრდული თეატრი გახსნა! ეს მივიღე თითქმის გაკვირვებული სახით, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისთანავე განვთავისუფლდი და ყველაფერი დაწვრილებით გავიგე.
მიიღეთ ჩემი მილოცვა და ამავდროულად მიიღეთ მკაცრი გაფრთხილება – რა მოხდებოდა, რამდენიმე სტრიქონი დაგეწერა!
ჩვენს დროში თეატრის დაარსება გაბედული საქმეა, მე ვიტყოდი, თავხედურიც. თავხედობა თქვენ არასდროს გღალატობდათ. მაგრამ ის ინდულგენციას არ წარმოადგენს არაპროფესიონალიზმისა და შფოთიანი უმაქნისობისგან. ძნელია თეატრის შექმნა, მაგრამ უფრო ძნელია მისი აღზრდა და შემოქმედებითი ზრდა. კოლექტივის შეკვრა, მისი აღზრდა მოთმინებას ითხოვს, ხანდახან გაუთვალისწინებელსაც, ხანდახან გონივრულ გადაწყვეტილებასაც. არ დაგავიწყდეთ ერთ-ერთი უმთავრესი მცნება, რომლის შთაგონებასაც მე თქვენთვის ვცდილობდი: თეატრს ადამიანები ქმნიან და მათთან დამოკიდებულება უნდა ემყარებოდეს ცენტრისკენულ და არა ცენტრიდანულ ძალებს. მომწონს ჩემი მეგობრის – ჟან ვილარის ფორმულა: ,,რეჟისორი აპრიორულად უბოძებს მსახიობს ტალანტს, რომელსაც, თავის მხრივ, სჯერა თავისი გენიალობის“.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ გმირობას. უახლოეს დროში ჩამოდით ლენინგრადში – დავილაპარაკოთ თქვენი გეგმების შესახებ ახალ თეატრში.“ გისურვებთ წარმატებებს. გ.ა. ტოვსტონოგოვი.
***
„ჰამლეტში“ მთავარი როლები ასე განაწილდა: ჰამლეტი – აკ. ხიდაშელი, ოფელია- თ. დათუაშვილი და დ. ჩოგოვაძე, კლავდიუსი – გ. თურქიაშვილი, პოლონიუსი – თ. ნაცვლიშვილი, ლაერტი – თ. ბიჭიაშვილი, ჰორაციო – ზ. ცინცქილაძე, მესაფლავე – პ. ნოზაძე (მოგვიანებით მან ლაერტიც ითამაშა), გილდენსტერნი – აკ. კობალაძე. ჰამლეტი, რეჟისორის ჩანაფიქრით, ის გულანთებული მებრძოლი იყო, რომელიც უამრავი წინააღმდეგობის გადალახვის დილემის წინაშე იდგა. იგი გარშემო არსებულ საზოგადოებას უპირისპირდებოდა, ხოლო თეატრი კი – არსებულ კონსერვატიზმს ხელოვნებაში. სცენოგრაფი გახლდათ მ. ჭავჭავაძე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა თეატრის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში.
აკ. ხიდაშელის „ჰამლეტი“ არ იყო შურისმაძიებელი ადამიანი, რომლის სულიერი სამყარო ცხოვრებისეულ უსამართლობასთან შეჯახებამ შეძრა და დააფიქრა, თუ რა არის ბოროტება და ნათელი სხივი აღარ შერჩა. აღსანიშნავია, რომ ჰამლეტი პირველი მონოლოგის შემდეგ თეთრი ნიღბით მაშინ გამოდიოდა, როცა ბიძის ღალატს იგებდა და ამით ერთგვარად ინიღბებოდა, საკუთარ თავთან გულჩათხრობილი, ხოლო გარემოცვასთან გაუცხოებული რჩებოდა. „ყოფნა-არყოფნის“ მონოლოგის კითხვისას სცენის ზემოდან ჯაჭვებით ჩამოდიოდა და კომპოზიციურად ჯვარზე გაკვრის იმიტაციას ქმნიდა. იგი სიკვდილისკენ კი არ მიისწრაფოდა, არამედ ცხოვრების დინებას აქტიურად მიჰყვებოდა, რომ მიზნისთვის მიეღწია, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ახერხებდა. საინტერესო იყო სცენა მესაფლავესთან (პ. ნოზაზე) – ჰამლეტი ხვდებოდა, რომ მიწიერი ცხოვრება გაუმარგლავ სამყაროში რთულია და პირნათლად უნდა განვლო იმქვეყნად წასვლამდე. მსახიობის ჩანაფიქრით, ეს იყო 70-ანი წლების გარემოში მცხოვრები, უსამართლობისა და უზნეობის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი. მსახიობი პ. ნოზაძე მესაფლავის სახით ასახიერებდა ჭიდილს ყოფნა-არყოფნას შორის. მესაფლავეს იორიკის მოჭრილი თავი ეჭირა ხელში და სიცოცხლის არსზე ფიქრობდა – უკვალოდ უნდა გაქრეს ადამიანი, თუ უნდა, მისგან რაიმე ღირებული დარჩეს, რომ წლების შემდეგ მისი ნარჩენები გადასაყრელი არ გახდეს. მისივე პოლონიუსი ჭკვიანი დიდებული იყო, რომელიც სასახლის კარს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის, თავისი ძლიერი პოზიციით იყენებდა და შვილებს არიგებდა, როგორ უნდა ეცხოვრათ.
თეატრის რეპერტუარი ქართულ და უცხოელ ავტორთა პიესებს ეყრდნობოდა. ამას გარდა, ს. მრევლიშვილმა თეატრს დაუკავშირა ახალგაზრდა მწერლები: ენ. ნიჟარაძე („ელოდე ვარსკვლავცვენას“), ავთ. ჩხიკვიშვილი („მოსაწყენი დღეების ქრონიკა“ და „გზა“), თ. მეტრეველი („შეხვედრები ძველ ფურნეში“), მ. დოლიძე („მდგმურები“), ლ. ბეროშვილი („ზამთარი“) და ცნობილი მწერლები: რ. მიშველაძე („უფანდუროდ ნამღერი“), ვ. კანდელაკი („დრო 24 საათი“), ალ. ჩხაიძე („ხიდი“), ნ. დუმბაძე („დიდრო“) და გ. დოჩანაშვილი („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“). დიდი წარმატებით იდგმებოდა დ. კლდიაშვილის „უბედურება“ და ს. კარასის „ძალოსნები“ (რეჟ. გ. სიხარულიძე), ი. ჰაშეკის „შვეიკი“ (რეჟ. დ. ხინიკაძე), ეგ. ნინოშვილის „პარტახი“ (რეჟ. ს. მრევლიშვილი), გერმანელმა რეჟისორმა ჰ. ვედეკინდმა დადგა ბორჰერტის ერთადერთი პიესა „გარეთ, კარის წინ!“ და სხვ.
მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით თეატრი პერიოდულად მართავდა გასტროლებს. 1977 წლის დასაწყისში დასმა გასტროლები გამართა ესტონეთის დედაქალაქ ტალინსა და ცნობილ საუნივერსიტეტო ქალაქ ტარტუში. ქართველ თეატრალებს ესტონეთის ტელევიზიამ სპეციალური გადაცემა მიუძღვნა, ხოლო ესტონეთის კულტურის მინისტრმა – ი. იურნამ გულთბილი მიღება მოუწყო.
ახალგაზრდული დასის მნიშვნელოვანი აღიარება გახლდათ 1977 წლის 22 თებერვალს მოსკოვის მსახიობის სახლში თეატრალურ მოღვაწეებთან შეხვედრა. ჟურნალი „თეატრალური მოამბე“ (1977. №2. გვ. 31) წერდა, რომ ფოიეში მოწყობილი იყო თეატრის შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა. საღამო გახსნა თეატრმცოდნე ვერა მაქსიმოვამ:
„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ თბილისის ახალგაზრდულ თეატრს, რომელსაც ხალხმა პირობითად მეტეხის თეატრი შეარქვა. მოსკოვში ამ თეატრის სტუმრობა განაპირობა კოლექტივის შემოქმედებითმა წარმატებებმა. ამიტომ იგი ესოდენ პოპულარული გახდა. ამ თეატრის შექმნის ერთ-ერთი მესვეური გახლდათ დ. ალექსიზე. სწორედ მისი მოწაფეებისგან შეიქმნა თეატრი.“
სიტყვებით გამოვიდნენ დ. ალექსიძე და ს. მრევლიშვილი. უჩვენეს ნაწყვეტები სპექტაკლებიდან: „მოდი ვანახოთ ვენახი“ (ნოველა – „ურემი“) და „ჰამლეტი“ (ჰამლეტი – ზ. ცინცქილაძე, ოფელია – თ. ჭიჭინაძე). მეორე განყოფილებაში უჩვენეს დ. კლდიაშვილის „უბედურება“. მნიშვნელოვანი იყო კრიტიკოს ნ. აბალკინის შეფასებაც:
„მიხარია, რომ გავიცანი მზარდი ახალგაზრდული კოლექტივი. თქვენ უკვე ბევრი რამ გააკეთეთ და დაიმკვიდრეთ თავი ხელოვნებაში. ეს კი კეთილ იმედებს აღძრავს. გისურვებთ თქვენც ისევე დიდებულად გევლოთ ქართული თეატრის სასახელო გზებზე, როგორც თქვენმა წინაპრებმა იარეს.“
საღამო ძალიან გულთბილ ვითარებაში ჩატარდა. მსახიობებთან ავტოგრაფების მთხოვნელთა რიგიც კი დადგა, შეიქმნა მეგობრული გარემო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა თეატრის სწორი შემოქმედებითი გზა.
თეატრი ყოველთვის დიდი გულისყურით ეკიდებოდა საზოგადოებასთან შეხვედრებს. 1977 წლის 21 მარტს შედგა საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საქართველოს საზოგადოების თეატრის სექციის სხდომა, რომელიც მიეძღვნა უცხოური დრამატურგიის ქართულ სცენაზე განხორციელებასა და ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობას უცხოურ პიესებში. ამის სამაგალითოდ განიხილეს მეტეხის თეატრის რეპერტუარი და აღინიშნა მისი დამსახურება და წვლილი აღნიშნული საქმის წარმატებით წინსვლაში.
ს. მრევლიშვილი ამბობდა, რომ ტაძრის არქიტექტურა ნაწილობრივ უკარნახებდა რეპერტუარსა და მხატვრულ სტილს, რასაც შტამპად ქცეული ხერხები ახალი გამომსახველი საშუალებებით უნდა შეეცვალა. რეჟისორს რელიგიის თემისადმი ინტერესი გაუჩნდა და საკუთარი პიესების მიხედვით განახორციელა რამდენიმე სპექტაკლი; კერძოდ, ცნობილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები: „კოლაელ ყრმათა წამება“, „იესო ნაზარეველი“, „განკითხვის დღე,“ (რუის-ურბნისის კრების, სახარების მიხედვით); ილ. ჭავჭავაძის „განდეგილში“ ჩამატებული იყო ბიბლიური სიუჟეტები, რომელთა მიხედვითაც თავად განდეგილი ქრისტედ გადაიქცეოდა. რწმენამოშლილ კომუნისტურ საზოგადოებაში ამ ჟანრის სპექტაკლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ.
თეატრსა და მწერლებს შორის არსებულ შემოქმედებითსა და მეგობრულ ურთიერთობებზე ისიც მეტყველებს, რომ 1986 წლის 14 ნოემბერს მოწყობილ შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები სპექტაკლებიდან: ეგ. ნინოშვილის „პარტახი“, დ. კლდიაშვილის „უბედურება“ და ილ. ჭავჭავაძის „განდეგილი“; აქვე იმსჯელეს თეატრისთვის ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშების დადგმის აუცილებლობის შესახებ.
ამავე დროს, თეატრი გამოირჩეოდა ნოვატორული ძიებებით. 1978 წელს მაშინდელ კომუნარების ბარში გახსნეს ხუთასკაციანი კარავი, სადაც ითამაშეს სერვანტესის „მწუხარე სახის რაინდი“ (დონ კიხოტი – თ. ბიჭიაშვილი, სანჩო – პ. ნოზაძე) და მიუზიკლი – „შეშლილთა ხომალდი“, სადაც უკრავდა იმ დროისთვის პოპულარული „ანსამბლი 75“ რ. ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით.
თეატრს მჭიდრო კავშირი ჰქონდა შემოქმედებით ახალგაზრდულ კლუბ „ამირანთან“, სადაც მ. კარნეს მიხედვით დაიდგა „მატყუარები“.
თეატრი თანდათან ძალას იკრებდა საერთაშორისო ასპარეზზეც. მოსკოვში ჩატარებულ ჩეხური კლასიკური დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 94 თეატრი მონაწილეობდა და 22 სპექტაკლი „შვეიკზე“ იყო დადგმული, დასმა პირველი ადგილი არავის დაუთმო, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი – პ. ნოზაძე დიპლომითა და პრემიით დაჯილდოვდა. 1976 წელს პოლონეთში, ახალგაზრდული თეატრების XII ფესტივალზე, წარმატებით ჩაატარა გასტროლები ვარშავის, კრაკოვის, ლოძისა და ვროცლავის თეატრების სცენებზე სპექტაკლებით: „მოდი, ვნახოთ ვენახი“, „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ და „კატასტროფა“. ეს იყო თეატრის პირველი გასტროლი საზღვარგარეთ. 1983 წელს პოლონეთის თეატრში – „ნა ტორგოვკუ“ ს. მრევლიშვილმა განახორციელა გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“. სპექტაკლი იმით იყო აღსანიშნავი, რომ მასში მონაწილეობდა ოთხი ქართველი მსახიობი: თ. დათუაშვილი, პ. ნოზაძე, რ. ქვლივიძე, ბაბუნაშვილი; ეს მაშინ უპრეცედენტო შემთხვევა იყო. საპასუხო ვიზიტით პოლონელი მსახიობები თბილისში ჩამოვიდნენ და ქართველ მსახიობებთან ერთად ითამაშეს სპექტაკლში – „სიკვდილმისჯილთა თეატრი“, რომლის რეჟისორიცა და პიესის ავტორიც ს. მრევლიშვილი იყო. სპექტაკლი იმპროვიზაციულად იყო აგებული.
ამას გარდა, ს. მრევლიშვილმა კრაკოვის თეატრ ,,სტუეში“ დადგა ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, კიევში – ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ამით თეატრის საერთაშორისო ავტორიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდა. 1983 წელს დიდი წარმატებით შედგა გასტროლები გერმანიაში (რეპერტუარი: „შვეიკი“, „დიდრო“, „უბედურება“) და 2000 წელს საფრანგეთში სპექტაკლებით – „კვერცხი“ და „მარტორქები ორკესტრში“. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ზაარბრიუკენში მოპოვებული წარმატება, რომელიც რუსულ პრესაშიც აისახა: „მაკბეტმა“ მაყურებელზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თ. ბიჭიაშვილის „მაკბეტი’’ საუკეთესოდ აღიარეს. გასტროლის კულმინაციად იქცა „უბედურება“ და „დიდრო“. ადგილობრივმა პრესამ აღნიშნა, რომ ახალგაზრდულმა თეატრმა წარმატებით გააგრძელა რუსთაველის თეატრის დაწყებული გზა ქართული ლიტერატურის გაცნობისა. „დიდროს“ წამყვანმა – თ. ნაცვლიშვილმა, სპექტაკლი წაიყვანა გერმანელ კოლეგა მატიას კნისბერგთან ერთად, რამაც მაყურებელს უშუალო კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა მისცა. დიდროს როლის შემსრულებელმა – პ. ნოზაძემ, რომელიც გერმანელებს „შვეიკით“ დაამახსოვრდათ, დიდროს ფინალური მონოლოგი წარმოთქვა გერმანულ ენაზე“ (გაზ. „ზარია ვოსტოკა“. 1983. 12.06. №134. გვ.4).
1991 წელს იუგოსლავიის კურორტ ბუდვას საერთაშორისო ფესტივალზე, ზღის პირას მდგარ ციხის ნანგრევებზე, წარმოადგინეს „იესო ნაზარეველი“; ხოლო 1995 წელს შედგა საერთაშორისო პროექტი – „არგონავტები“.
პროექტის პირველი ნაწილი – არგონავტთა მოგზაურობის დასაწყისი, თურქეთში დაიდგა თურქი და ქართველი მსახიობების მონაწილეობით. ხოლო კოლხეთში დატრიალებული მოვლენები საქართველოში განვითარდა და ნაჩვენები იქნა ფოთში, ხობში, ზუგდიდში, სენაკში, ზესტაფონში, ქუთაისსა და თბილისში.
იყო სამწუხარო მოვლენებიც; კერძოდ, 2007 წელს თბილისის მერის – გ. უგულავას განკარგულებით თეატრი სრულიად უმიზეზოდ დაიხურა და სამართალმემკვიდრედ თეატრი „გლობუსი“ გამოცხადდა. 2014 წელს მეტეხის თეატრი აღადგინეს და ს. მრევლიშვილს ხელმეორედ მოუხდა მისი ჩამოყალიბება.
2021 წლის 10 თებერვალს თბილისის მუნიციპალურ თეატრს – „გლობუსი“ – მისი დამაარსებლის, სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა. დღეს თეატრი რუსთაველის გამზირზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და რუსთაველის თეატრის გვერდით მდებარეობს. პატარა შენობა ყოველთვის სავსეა ერთგული მაყურებლით. მცირერიცხოვანი დასი, სხვადასხვა თაობის, სანდრო მრევლიშვილის მიერ აღზრდილი მსახიობებითაა დაკომპლექტებული. იწვევენ სხვადასხვა თეატრების მსახიობებსაც.
თეატრი ღიაა ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, ნოვატორული იდეებისთვის, ექსპერიმენტებისთვის… ამისი მომხრე თავად ბატონი სანდრო იყო. ამასთანავე, თეატრისთვის მნიშვნელოვანია საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი პროფესიული კულტურის დაცვა და განვითარება. სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის განვრცობა და ახალი თეატრალური გამომსახველობითი ფორმების ძიება.
თეატრის 50-ე საიუბილეო სეზონის პირველ პრემიერად წარმოდგენილი იქნა ს. მრევლიშვილის პიესა – „კოლაელ ყრმათა წამება“ (დადგმა მ. მრევლიშვილის). სიმბოლურია, რომ ახალგაზრდებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრის უხუცესები – პავლე ნოზაძე და აკაკი ხიდაშელი, რომლებიც ნახევარი საუკუნის წინაც მონაწილეობდნენ „ჰამლეტში“.
დღეს თეატრის რეპერტუარში ძირითადად ქართული დრამატურგიაა წარმოდგენილი. ამასთანავე, მცირე სცენას მორგებულია კლასიკური პიესები; მათ შორის – ბ. ბრეხტის „დედილო კურაჟი და მისი შვილები“, ე. იუნესკოს „ქაჩალი მომღერალი ქალი“, ე. დე ფილიპოს „ცილინდრი“. იდგმება როგორც დრამატული, ასევე კომედიური ჟანრის პიესები, რომლებიც ხელს უწყობენ მსახიობთა შესაძლებლობების გამოვლენასა და საინტერესო სახეების შექმნას.
თეატრს წარმატებით უდგას სათავეში მიხეილ მრევლიშვილი – სანდრო მრევლიშვილის ვაჟი.
აქვე აღვნიშნავ, რომ 2021 წელს მიხეილ მრევლიშვილის ინიციატივით იტალიაში, ქ. პენაბილიში, წარმოდგენილი იყო ს. მრევლიშვილის უკანასკნელი დადგმა – „უსაზღვრობა დროთა, გალაკტიონი“ – აკაკი ხიდაშელისა და თორნიკე ბელთაძის მონაწილეობით. პიესა ითარგმნა იტალიურ ენაზე. სპექტაკლი დაჯილდოვდა ტონინო გუერას ასოციაციის სპეციალური პრიზით.