ირაკლი სუთიძის ალქიმია

, , ,

პატრიკ ზიუსკინდი წერდა, ადამიანებს მიაჩნიათ, პარფიუმერი სასწაულებს ქმნის და სანახევროდ ალქიმიკოსიაო… არადა, პარფიუმერმა იცის, როგორ აქციოს ხელოსნობა დიდ ხელოვნებად და ერთ „დიდ“ სურნელად… ესეც ჯადოქრობაა. ამოუხსნელი ჯადოქრობა…
ალქიმიას აქვს ერთი შეუვალი“ კანონი – გასცემს, რათა მიიღოს და იღებს, რათა გასცეს.
ირაკლი სუთიძის ბოლო „ჯადოქრობა“ თუ ალქიმიკოსობა ახლახან შედგა – აპრილის თვეში; წავიდა, როგორც „ჯადოქრებს“ სჩვევიათ. თითქოს წლებია გვამზადებდა ამ წასვლისთვის, მაგრამ დიდი ალქიმიკოსის ტკივილით გაეცალა მაინც დედამიწას.
სანაცვლოდ მიიღო ის, რაც მხოლოდ მისია და ვერც ერთი „ალქიმიკოსი“ ვეღარ გაიმეორებს მის „ფოკუსებს“, ვერავინ ზიდავს მის „ფილოსოფიურ ქვას“, რადგან მხოლოდ მან იცოდა, როგორ უნდა ექცია რკინა „ოქროდ“ და „კამელოტი“ – თავის სამოთხედ.. დევის ცოლი – თავის ცოლად… მწვანე ბოთლი – საკუთარ თავშესაფრად… ორთქლმავალი – თავის მატარებლად, რომელიც ზუსტად იმ გრაფიკით მოძრაობდა, ალქიმიკოსს როგორც სურდა… ამიტომ არც არსად დაუგვიანია ირაკლი სუთიძეს არასდროს და არც არასდროს ჩამორჩენია თავის გზას…

***
მოვლენათა შეფასებისას, რახანია, სიტყვაზე მეტად ვიზუალურ ხატს უფრო ვენდობით ხოლმე;
და ამას „იკონიკურ ბრუნს“ ვეძახით…
თუნდაც, „იკონომანიას“, ლინგვისტური პერიპეტიის ოპოზიციად რომ განიხილება.
ახლა უკვე გამოსახულების მარტოოდენ რეპროდუცირება კი არა, მისი დამუშავებაც შესაძლებელია;
ყბადაღებულ ციფრულ ტექნოლოგიებს წინ რაღა დაუდგება!
ვიზუალური დოკუმენტით მანიპულაციის ხარისხიც უზომოდ იზრდება.
ამასობაში, ნამდვილ მხატვარში მით უფრო იღვიძებს არტეფაქტის სურათოვანი დამუშავების წყურვილი…
ირაკლი სუთიძე ამგვარი „მანი-პოლირებისა“ და „მანი-ფაქტურების“ უპირველესი პერფექციონისტია ჩვენში.
ის კულტურალური აპერცეფციით გრძნობს, თუ „რა აკეთოს“ და რისი გაკეთება შეუძლია.
გაკეთება კი, მართლაც ყველაფრისა შეუძლია…
მაგრამ, შერჩევით აკეთებს…
ჯერ ფერადოვან ელემენტთა თავის „პერიოდულ სისტემაში“ მოსინჯავს (სინჯი – ესაა ამგვარი კაპიტალური მხატვრობის ყველაზე უპრიანი ცნება!) და…
იცის, რომ სურათის დასრულებულობა, დამზადებულობა და უცვლელობა ევროპული თვითიდენტიფიკაციის ფუნდამენტური კონსტრუქტია.
და რაც მთავარია, მხატვრული ნაწარმოების საქონლის ხარისხით ფუნქციონირების ძირეული პირობა…
ამიტომაც, სურათის ავერსულ ბუნებასაც ითვალისწინებს და რევერსულსაც.
ისიც იცის, რომ საგამოფენო რეპრეზენტაციის სისწრაფეც ანგარიშგასაწევია და მისი სამუზეუმო პერსპექტივაც განსაჭვრეტი…
სწორედ აქაა საჭირო არტეფაქტის ნამდვილობა, ალქიმიამდე აყვანილი მანიპულაცია;
და მანიპულსაციაც…
ხელოვნება მაქსიმალურად მაშინ (შე)ეხება სიცოცხლეს, როცა სიკვდილთან დაიჭერსო საქმეს…
და სუთიძეც, რაღაც თანატოგრაფიული მუყაითობით ამუშავებს არტეფაქტის მკვდარ სხეულს; ამუშავებს იქამდე, სანამ არ გა-აცოცხლებს.
ჰანს ბელტინგი შენიშნავდა, მკვდრის ხატი – მკვდრისა, ცოცხლად რომ გამოიყურება, გამონაკლისი კი არა, არქეტიპული ხატიაო;
და ის-იც ამგვარ ხატებს მიელტვის…

***
ველიმირ ხლებნიკოვი ბუდისტი-აქლემისა თუ მუსლიმი-ვეფხვის ცხოველურ ტყავქვეშ ჩაბუდებულ ადამიანურ სულს ჭვრეტდა.
ირაკლი სუთიძეც აკვირდება, თუ როგორ იღუპებიან ცხოველებში „მშვენიერი შესაძლებლობები“.
არ უნდა მოკვდეს ლამაზი არსი ჩვენი კაცობისაო – ამბობდა ვაჟა;
ის კი, ცხოველ-მყოფლობის ლამაზ არსსაც უღრმავდება და ამიტომაც ვერ წირავს…
გამუდმებით ახარებს ცხოველებს; ევოლუციის შესახებ ამცნობს.
ეს უკვე ევოლუციის კაპიტალია! ძველი სამყაროს პოეტთა მსგავსად განჭვრეტილი სამხეცე კაპიტალი…
კაპიტალი ამებადან კომუნარამდე…
მოლაპარაკე ძროხაა მათი შუამავალი;
ძროხა და ხარი…
ახალი სამყაროს პოეტებს ევოლუცია აღარ სჭირდებათ…
სუთიძის ეული ცხოველები მხოლოდ საკუთარ თავს ჰგვანან, როგორც მხეცები უიტმენის ლექსებში…
გვიმრის ფოთლებიც მარტოოდენ თავის თავს ჰგვანან სუთიძის ნატურმორტებში;
სანამ ერთი გადაწყვეტს, თავისი ქვენა მოძმე ზენამდე აიყვანოს, მეორე მას იღებს, როგორც თანასწორს; ისეთად, როგორიც თავადაა…
მათშიც და ჩემშიც ერთი და იგივე კანონიაო – ამბობდა „ბალახის ფოთლების“ ავტორი.
და ის-იც ამ მარადიულ კანონს გრძნობს; გრძნობს და განიცდის თავისი ჩვეული ატარაქსიით.
ცხოველებს კიდეც ატუსაღებს სასურათე გალიაში და კიდეც ათავისუფლებს;
უფრო ზუსტად, საკუთარ თავს ითავისუფლებს იერარქიული საპალნისგან.
არც დროის თანმიმდევრობისა სჯერა…
მეტიც, მის სამყაროში – არც ფლორაში, არც ფაუნაში, არც სამხეცეში, არც საკაცეთში, დრო არ იძვრისო თითქოს…
ადგილიდან არ იძვრის…
სამაგიეროდ, ამ „დროს“ მუდამ აქვს ადგილი მის სურათებში.
სწორედ ეს ადგილი ადგენს მისი კომ-პოზიციონირების მთელ ჰიერატიკას… უძრავ მოძრაობას…
ადგილზე დგომას…
ესაა რიტუალური მოძრაობა; ადგილზე მოძრაობა…
უვალს, სავალსა და წარუვალს შორის მოძრაობა…
ასე მკვრივდება აწმყო და დგინდება იგივეობა ხანიერებასა და უხანობას შორის;
ყველა ფერი ხან-და-ხან იელვებს, მაგრამ, როგორი სიზუსტითა და აუცილებლობით!
არავითარი შემთხვევითი ფერადოვნება;
არავითარი ჭუჭყი…
არავითარი ნარჩენი…
ყველაფერი მონადირული გამჭრიახობითაა დასახულიცა და დანახულიც… დამიზნებულიცა და ნასროლიც…
ყველაფერი ერთ დიდ რიტუალს ემორჩილება – ფერწერის რიტუალს;
და ეს რიტუალიც იმარჯვებს ისტორიაზე – დროს კრავს, კონავს და შეკონილი ტემპორალობითვე გადმოაქვს სურათზე…
სურათზე, რომელიც წინასწარვე არსებობს… უფრო „ადრე“ არსებობს, ვიდრე დაიხატება…
ვიდრე დაიწერება…
არსებობს რიტუალურადვე შემზადებული ზედაპირის სახით; ფაქტურითა და ტექსტურით ნაადრევად დაჯავშნული ტილოს სახით…
ეს უკვე სახლია; სახლის კედლებია…
თუმცა, ეს კედლებიც უქმდება მერე და მერე მ-ის-ეულ „სოფელშიც „ და „ქალაქშიც“…
სოფელს გარიყულა ჰქვია;
ქალაქს – კამელოტი (ისევ კამელოტი)…
თავისი მოციმციმე აურითა და რაღაცნაირი საიდუმლო ფერ-დამწერლობით…
მოციმციმე ქრომატული სემებითა და სემა-ფერებით…
და სემა-ფორებითაც…
ფერწერული ტილოს ალეატორულად დატანილი ფორებით…
ეს ფორებიც, ფერების დარად, რიტუალის ენას ეფუძნება;
ის ამ რიტუალს აღადგენს ფერწერაში; რიტუალის ენას…
თუკი პოსტინდუსტრიულ კულტურას ხელახლა სურს რიტუალის ენის დაუფლება, ლაპარაკს უნდა გადაეჩვიოს…
ლაპარაკს ანუ ლაყბობას…
სუთიძე არასოდეს ლაყბობს თავის მხატვრობაში;
სხვათა შორის, ყოველდღიურობაშიც სიტყვაძუნწია…
ირაკლიმ იცის მხატვრობაში ხელ-ნაწერის ყადრი.
მისი ფერწერაც, არა ზეპირული, არამედ წერილობითი კულტურის გამოხატულებაა; ფერითი დამწერლობის სახეობაა…
ის ისტორიფიცირების ადეპტია ხელოვნებაში; სახვით ხელოვნებაში…
და თუკი ისტორია დამწერლობაშია ჩაფესვილი, დროც ენაშია ჩამალული;
ამ შემთხვევაში, ფერწერის ენაში…
ენა, საზოგადოდ, თუკი ბორხესსაც დავიმოწმებ, დროს წარმოშობს;
ეს ენა კი, როგორც დროის ხორცშესხმულობა, მარადიულსა თუ ზედროულზე სასაუბროდ გამოუსადეგარიაო,- იტყვის მსოფლიო მწერლობის ეს დიდი „ბიბლიოთეკარი“…
აი, რატომ ვეღარ ვუგებთ პირველყოფილ ხალხებს!
ის კი, უგებს… ესმის მათი…
გრძნობს, რომ არქაული უნივერსუმი გაცილებით რთული, პრინციპულად რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენი, უნივერსალურ კატეგორიებს მოკლებული სამყარო.
უფრო ზუსტად, სამყარო, რომელიც ვეღარ სამყაროობს.
ევროპელი დაუფიქრებლად სარგებლობს აბსტრაქციით; უბრალო ლოგიკური ოპერაციები კი
იმდენად დამჩატებული აქვს, რომ არანაირ ძალისხმევას აღარ საჭიროებსო, ამბობდა ლევი-ბრიული.
და მართლაც, პირველყოფილი ადამიანისა და მისი პრალოგიკური აზროვნებისთვის ენას, ლამის, კონკრეტული ხასიათი აქვს.
სუთიძის ენასაც ერთობ კონკრეტული ხასიათი მოსდგამს;
სახელდობრ, ხასიათი…
ეს ხასიათი – ფერწერის ენის ხასიათი, მისი მხატვრობის ალქიმიურ გამჭვირვალებასაც აპირობებს და ევიდენტურ კაპიტალურობასაც.
ლევი-ბრიულს, მელანეზიელთა „ნიჟარის“ ფული მოჰყავს მაგალითად.
ჩვენი ძვირფასი „მონეტარული პოლიტიკისაგან“ განსხვავებით, ეს „ფული“ სულაც არ ყოფილა გაცვლის უნივერსალური იარაღი;
ზოგად ცნებებთან მწყრალად მყოფი „პირველყოფილნი“ ნიჟარებს იყენებდნენ, თურმე, ცოლების (დევის ცოლების?) შესართავადაც და დახოცილთა საზღაურადაც.
ეს იყო ფულის გასაგნების წესიცა და რიტუალიც…
და ის-იც, თითქოს ამ წესით, რიტუალურად ასაგნებს აბსტრაქციასავით მონიშნულ ხატებს, სახეებს, იმაგოებს…
და ასევე (მო)იხელთებს წამიერებათა იგივეობაში მოვლენილ (და აღვლენილ) მარადისობას;
ჭეშმარიტ, ყოფიერებით, და არა კულტურულ მარადისობას…
ზედროული მდგომარეობის მოყოლა გაცილებით ძნელია ფერწერაში.
თანაც, მო-ყოლა იმ უკიდურესობამდე სიმპათიური ინტონაციით, რითაც რახანია ხიბლავს პუბლიკას ეს (თუ ის) გამოწრთობილი მაესტრო…
ერთგვაროვან საგანთა ესოდენ წმინდა, თითქმის სტერილური, მხატვრულად და ტექნოლოგიურად მოწესრიგებული გან(და)ლაგება მართლაც იშვიათია;
იშვიათზე იშვიათი…
ახალ სურათებში, ერთი შეხედვით, ყველა-ფერი ემთხვევა ძველს, უკვე ნანახს;
არადა, თურმე არანაირი მსგავსება, არანაირი განმეორება არა ყოფილა!
ეს ყველაფერი, ახლახან რომ ვიხილეთ, სწორედ ისაა, რაც „მაშინ“ იყო!
აი, ასეთ განმეორებაში, როგორც მარადიულ დაბრუნებაში, გვახვედრებს სუთიძე…
ესეც „მარადისობის“ ისტორიაა;
მარად(ის)ობის ნარატივი…
ისეთივე მდგომარეობა, როგორიც გვეუფლება ჩაძინებისას, ანდა მუსიკის მოსმენისას;
ესე იტყოდა ბორხესი…
ამგვარი მდგომარეობის, ამგვარი შეფარული ექს-სტაზისის გამოწვევა და მისი თანამდევი განცდებით ოპერირება (დიახაც, ოპერირება) საძნელო საქმეა;
საქმეცა და მოწოდებაც დღევანდელი ხელოვნებისა…
იცის ეს საქმე ირაკლი სუთიძემ;
იცის, როგორც ჯერ არს… როგორც ყველა „ჯადოქარს“ სჩვევია – დედამიწიდან წასულ დიდ „ჯადოქარს“…
***
მუსიკა და ოპტიკა კვანძავენო საგანს – მანდელშტამი წერდა თავის წიგნში – „საუბრები დანტეზე“.
სუთიძესთანაც ეს მუსიკა და ოპტიკაა გადაკვანძული მის საგნობრივ (თუ მეტასაგნობრივ) სამყაროში.
ეს მუსიკა არც მასთანაა გარედან მოპატიჟებული სტუმარი – დიალოგის მონაწილეა.
ფერწერის ალქიმიურ ორკესტრობას მხატვარი საგულდაგულოდ ამზადებს რელიეფური გრუნტით.
ამ იმპრიმატურაზე განიფინება მისი განუმეორებელი verdacchio – თაფლისფერისა და მომწვანოს ტონალურ-ტემბრალური სიმშვიდე.
ესაა, ისევ მანდელშტამს დავესესხებით, მროკავი ქიმიური ფორმულა!
ტემბრი – ეს სტრუქტურული სუბსტანცია – სუთიძის ქრომატული ალქიმიის ქვაკუთხედია.
ქვაკუთხედი – მის ქრომატულ კოლბა-ბოთლებში, როგორც ზღაპრულ ჯინებში რომაა გამომწყვდეული.
აი, დასაბამი სუთიძისეული ალქიმიისა…
ალქიმიისა – თავისი არქიტექტონიკური დრამით.
სუთიძე მარტოოდენ ნივთთა კი არა, ნივთიერებათა მხატვარია; ნივთიერებათა ფერ-მწერალი.
მისი ფერწერა ნივთიერებაცაა და – ემანაციაც. გა-მონათება. სინათლე (ფერი), ჟღერადობა და მოცულობრივად თუ სიბრტყობრივად ფიქსირებული სხეული მუდამ გაწონასწორებულია, რაღაც იდუმალ, გარინდებულ ჰომეოსტაზისზეა აწყობილი.
ახლა მისი პორტრეტული გამოსახულებების მზერაც „დავიჭიროთ“ –
ესეც ხომ ალქიმიური მზერაა?
სუთიძის ალქიმიურ ფერს ევიწროება ლოკალური მიკროკოსმოსი – ადამიანური პერსონიფიკაციები. ამიტომაც განერიდება საკუთრივ პორტრეტს.
ფერები მასთან დიდ სამყაროში გაჭრას ლამობენ; პირველად ქაოსს გადალახავენ და სამყაროულ კოსმოსს ეზომებიან…
ჩრდილოეთი – სიშავე, დასავლეთი – სითეთრე, სამხრეთი – იისფერობა, აღმოსავლეთი – სიყვითლე და სიწითლე…
უფერო (და არა – უფერული) ნეოპლატონური „მთელი“ სუთიძისეულ ალქიმიაშიც მრავალფეროვნად მჟღერ სხეულებრივ სულში აღივსება.
და მაინც, მისი ალქიმიური გამის უმთავრეს მოტივად ხელთქმნილ ოპერაციათა აღწარმოება რჩება. საღებავი ამ მოუხელთებელ მხატვართან მუდამ საღებავია – თითქმის საღებავია. მისი უმთავრესი ტეხნე გამჭოლი ნახევარტონის მოხმობაა; ნახევარტონისა, რომელზეც აიგება ქრომატული გამა; ტემპერირებული ქრომატული რიგი ანუ მუსიკალურ-კოლორისტული ჰარმონია.
სუთიძე-ალქიმიკოსი სიმბოლურ ფერადოვან წყვილთა კონსტრუქტორია. მისი მოძრავი, პლასტიკური წყვილები ახალ ალქიმიურ სიმბოლიზმს მოასწავებს; რაღაც აქრონულ პოსტსიმბოლიზმს.
აბატი სიგერიუსი ამბობდა – „ჩვენ მოვიპოვებთ ძვირფას თასს, დამზადებულს სარდონიქსის ერთი ნატეხისაგან, რომელშიც წითელი ფერი სხვა ფერს (სინათლეს?) იძენსო“.
აი, ასე გარდაისახება სუთიძისეულ თასებშიც, როგორც პირველსაგნებში, ერთი ფერი სხვა ფერად. და გადასხვაფერების ეს მისტერიაც ალქიმიურია.
ოსტატს ყველა სურათში თავისი „კამერა-ობსკურა“ აქვს დაყენებული; ეს „კამერა-ობსკურა“ მუდამ სიშორეზეა დამიზნებული და ამიტომაც სუთიძის ეული საგნებიც მით უფრო მსხვილი კადრით გვეჩვენებიან.
და ესეც ალქიმიური მითის გამოძახილი ხომ არაა?!
მითისა, მთლიანობაში და არა – ცალკეულ ფრაქტალებში.
იმ ფრაქტალებში, სადაც სუთიძე თავისი ჯინის უკვდავი ბოთლით წავიდა…
მთავარი ალქიმიაც ეს ბოთლია! ბოთლი, რომელიც აუცილებლად „გაიხსნება“…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…