ეკა თხილავა - ესე

თუთაბერის “ტა… ტა… ტა…

, , ,

იყო ასეთი დრო საქართველოში – აწკეპილი ულვაშებიდან დაშვებულამდე…

„ცარისტული რუსეთიდან“   რევოლუციამდე…

ამ დროს ასეც შეგვიძლია ვუწოდოთ – აწკეპილ და დაშვებულ ულვაშიანთა – ანუ ერთი მხრივ თავადთა და მეორე მხრივ მუშათა, გლეხთა, მეზღვაურთა, შეჭირვებულთა და გაჭირვებულთა ბრძლოლის დრო…

არც ერთი არ თმობდა „ექსცენტრიულობას“… არც მეორე იხევდა უკან…

ეს ის დროა, ბაღლინჯოც კი სხვაგან რომ არ იჭყლეტს თავს, თუ არა ისტორიის ფურცლებზე“

ბაღლინჯოებს უყვართ ისტორიის გაყვითლებული, დაცრეცილი გვერდები… ზედ „აკვდებიან“…

პერგამენტზე დასრესილები ასრულებენ სიცოცხლეს ყოველი ეპოქის თვითმარქვია დე გოლები, ჰიტლერები, ლენინები, თამარ მეფეები, დავით აღმაშენებლებიც კი… და ასე სჯერათ მათ  მემატიანეებსაც…

ასე თქვა ერთმა ბრიყვმაც ყვარყვარე თუთაბერზე: „მაშ, მერწმუნეთ, იმ კაცის სახით მოდის ჩვენი დროის ნაპოლეონი“

ნაპოლეონი, „ჟამი მისი რომაა“ და „ამ ჟამისა იმედადადაც“ თავად რომ ქცეულა…

ნაპოლეონი, რომელსაც მხოლოდ ნაცარში შეუძლია „გვარიანად ქარგვა“

იცნობდა ასეთ ნაპოლეონებს პოლიკარპე კაკაბაძე… იცნობდა და ცნობდა…

არც აწკეპილულვაშიანებს წყალობდა და არც – დაშვებულულვაშიანებს… ორივე უარყო…

ორთავეს შეუწყრა…

თუმცა, პერგამენტზე დასრესილ „ნაპოლეონებს“ „მოუსვა“ ყველაზე გულდასმით ცოცხი….

ფარას შემობრუნებისას წინ მოქცეული კოჭლი ნაცარქექიები ისტორიის სანაგვეზე ჯერ გააცოცხლა და მერე მოისროლა…

თუმცა, ყვარყვარეებს არ უყვართ სიკვდილი… „სიკვდილი რომ გამახსენდება, სულ ჭინჭარივით გამბურძგლავს ტანშიო“… – უმტკიცებდა კიდეც მეწისქვილეს…

ამიტომაც ვერ ეგუებიან სიკვდილს… კვდებიან და ცოცხლდებიან… ახალ ყვარყვარეებად იბადებიან… ხან დაშვეული ულვაშებით… ხან კოხტად გაკრეჭილი წვერ-ულვაშით… ხან სულაც დოლაბივით პრიალა პირ-სახითა და თავით… მხოლოდ ერთი რამ რჩება მათ ფენომენში უცვლელი – ყვარყვარეობა…. „სიამტკბილად ღრანჭის მოქცევის“ სიყვარული…  „ხელებით და ფრჩხილებით და კბილებით და… ტა… ტა… ტა…“ – ტახტს ჩაჭიდება… იციან ამ ტახტის ფასიც…. ესაა მიზანიც – „ხალხმა რომ ხელისგულზე დაისვას ხვითოსავით“

ხვითოეობა ყვარყვარეთა უპირველესი სიმბოლოა…

ხვითოეობა და ვითომ „ჭკვიანობა“… ვითომ „გონიერება“… ვითომ „განათლებულობა“…

ნაცარში ხიდების შენება… მთების გაჭრა… ვაგონი მუდამ ხმამაღალი ღრიალით მიჰქრის მათი ნაცრის მტვერში, მაგრამ მტვრადვე რჩება… წისქვილის კედლებსაც ვერ სცდება ორთქმავლის ოხშივარი…

წისქვილს აქვს თავისი მისტიური სიმბოლიკა პოლიკარპე კაკაბაძისთვის… ტრიალებს მისი დოლაბი და ფქვავს დღეებს, წლებს, საუკუნეებს, ახალ ბაღლინჯოებს…

1917-იც ჩამოფქვა…

სულ რაღაც 24 წლისა იყო მაშინ პოლიკარპე კაკაბაძე – კუხში გაზრდილი ბიჭი…

სხვანაირად უყურებდა, ალბათ, რევოლუციური „წისქვილის“ ტრიალსაც…

აკვირდებოდა…

ჩუმად და უხმოდ ადევნებდა თვალს წისქვილში ათქვეფილ, აყელყელავებულ ისტორიის ახალ „ბაღლინჯოებს“, წისქვილის დოლაბიდან რომ ცდილობდნენ ამოხტომას… ვერ ითმენდნენ…. ვერ ისვენებდნენ… ჩქარობდნენ… ეშინოდათ, „უსახელოდ არ დაღუპულიყვნენ“

შემპარავი და ოდნავ ირონიული მზერა ჰქონდა ცხოვრებაში პოლიკარპე კაკაბაძეს… ახლო-ახლოს ჩამჯდარი თვალებიდან აკვირდებოდა რევოლუციონრებს… თავადებს… გენერლებს… ჯარისკაცებს… დამშეულსა და დასამშევად გამზადებულ გლეხებს…. მუშებს… მეზღვაურებს… კაკუტებს… ქუჩარებს… გულთამზეებს… ახალი დროების ახალ ნაცრისქექია თეორეტიკოსებს – ტიტე ნატუტარებს – ვინ არის ამ მხარეში ჩემოდენა თეორეტიკოსიო -“, რომ ამტკიცებდნენ…

რამდენი შარვალ-პიჯაკ-ჰალსტუხიანი ტიტე ნატუტარი ქადაგებს ახალ იდეოლოგიებს დღესაც… რამდენი „უნივერსალური“ თეორეტიკოსი ამტკიცებს ისევ, რომ ერთადერთია…. რამდენი იქცევა „თავ-პირ-მოსვლეპილი“ ყვარყვარეების ჩრდილად, ხატად და… მსხვერპლად…

ფინალი ყველა ტიტეს ერთი აქვს – სასჯელი!

სასჯელი, რადგან ისინი ქმნიან ზეადამიანად ყვარყვარეს!

ისინი ხდიან მას ღმერთად!

ისინი ქმნიან მითებს!

მხოლოდ მათ ძალუძთ, დასხდნენ და „დახუჭული თვალით დაწერონ ბედნიერი სახელმწიფოს სრული კონსტიტუცია!“

რამდენი ასეთი „სრული კონსტიტუცია“ დაწერილა დღემდე საქართველოში „ფართოდ დახუჭული თვალებით“…

რამდენ ტიტე ნატუტარს დაუხუჭავს, ხუჭავს და მომავალშიც დახუჭავს თვალებს „რკინის ფარდის“ მიღმა…

„სრული კონსტიტუციის“ დამწერთა განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება… სამუდამოდ  იგზავნებიან „მოუსავლეთში“ – მიმოწერის გარეშე, რადგან დგება დრო, როცა „ღმერთებს“ „ანგელოზები“ აღარ სჭირდებათ….

წისქვილის დოლაბი ყველაფერს „ინელებს“ და ფქვავს…

მართლა „ჭირის დღეზეა კაცი გაჩენილი“ და მისი „ბოლოც უბედურია“…

იცის ეს ყვარყვარემ…

იცის და იმუქრება…

ხან ცხოვრებას უქნევს მუშტებს და ხან – კაცს! სულის ამოცლით ემუქრება სამყაროს…

რა ქნას???

თითქოს ადამიანებისგან „ივსებს“ სისხლს…

„მე იმნაირი ხასიათის ვარ, ხანდახან კაცი თუ არ მოვკალი, ავად გავხდებიო“ – თავს იმართლებს ჯერ კიდევ ნაცარქექიობისას… ანუ, ყვარყვარეში თავიდანვე იყო კოდირებული მკვლელი… ხასიათში ჰქონდა…

ხასიათი კი ჩვევაში გადადის… და ხალხიც სიხარულით ეწირება მსხვერპლად ახალთაობის „ღმერთს“, რადგან ახლადგამომცხვარმა ნაპოლეონმა ყველაზე უკეთ იცის, „სახრე“ როგორ მოიქნიოს –

„ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყემსე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება… თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა“ – ამას ყვარყვარე ამტკიცებდა… არც ცდებოდა… სახრეც მისცეს ხელში და სახეც მიუშვირეს „შნოიან“ კაცს… მიუშვირეს და… გადაივსო ციხეები… დაიცალა ხალხისგან მთა და ბარი… უადამიანო სამწყსო გაცილებით ადვილი სამართავია… უფრო უსაფრთხოა ყვარყვარესთვის…. არავინ იცის, როგორ იყრის თავს ამდენი ბრმა ერთი კაცის ირგვლივ…

„სამწყსო“ ყოველთვის გვიან ერკვევა და გვიან სვამს ერთადერთ კითხვას – ეს არის, ბიჭო, თავისუფლება?“

რევოლუციურ დოლაბს განსაკუთრებით ჩვევია გვიანი ფიქრი… ამიტომ ათქმევინა პოლიკარპე კაკაბაძემ პიესაში სევასტის – „ხანდახან გმირობაც მარტო ესაა – არ ფიქრობ, რა მოგელის“

გმირობა თუ… სამწყსოს უჭკუობა???

აი, ყვარყვარე კი, როგორც თავად ამტკიცებდა, ჭკუით ცხოვრობდა…

თუმცა ეს ჭკუაც მანამ ეყო, სანამ „რკინის ფარდის“ შიგნითა და გარეთ დარჩენილ სამწყსოსს არ გაუჩნდა მთავარი კითხვა – რა არის თავისუფლება? სად არის თავისუფლება? რა უნდა თავისუფლებას?

ანუ, სანამ საწყმსომ არ დაიწყო ფიქრი იმაზე, რა მოელის და სახრე ხელიდან არ გამოსტაცა უღმერთობის ეპოქის ღმერთს! 

ფაქტია, გმირობის ფორმაცია ღუპავს ყოველი ეპოქის შემთხვევით ნაპოლეონებს…

და იცვლება ჟამი… და ჟამის იმედებიც…

იცვლება ღირებულებებიც…

1917-ში ჩამოფქვილი დრო და მისი უპირობო სახრიანი „იმედი“ უარყოფდა ორ ფაქტორს – კაპიტალიზმს, რადგან „ის ფულია!“ და საიქიოს, რადგან „ღმერთი არ არსებობს“!

თუმცა, ფულის ნაწილში აშკარად ცოდავდა ყვარყვარე და დღესაც ცოდავს… უყვარდა და თან როგორ… მართალია, გადიდკაცებამდე იმასაც ამტკიცებდა, „რასაკვირველია, ფულს სახელი მირჩევნიაო“, მაგრამ ის სახელიც ისევ ფულისთვის, ძალაუფლებისთვის სჭირდებოდა…

ღმერთის მიმართ კი უდავოდ გულწრფელი იყო… სძულდა და დასცინოდა, რადგან მისი ადგილის „ჩამნაცვლებლად“ უნდა ქცეულიყო სამწყოსთვის… თავად უნდა ქცეულიყო „ხმად ღვთისა“…

ამ ეპიზოდს აქვს კიდევ ერთი საკვანძო დატვირთვა – ყვარყვარე შემთვევით ხვდება „ტახტზე“… სრულიად შემთხვევით… თუმცა ამ შემთხვევითობისთვის, როგორც ჩანს, მთელი სიცოცხლე ემზადებოდა… ელოდა… იცოდა… რადგან საკუთარი პირით აღიარა ჯერ კიდევ ნაცარქექიობისას, შუა ცეცხლის პირს ჩამომჯდარმა –  „რასაკვირველია, ფულს სახელი მირჩევნიაო“

ანუ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ თოკს შეაბამდნენ კისერზე და შარა-შარა ათრევდნენ, როგორც მეფის მტერს, ელოდა იმ დროს, მისი სახელი რომ დაერქმეოდა…

ფული კი… ფული მოიცდიდა „იმ დრომდე“… იცოდა  და იცის ყვარყვარემ, ფულის გზა „სახელზე“ გადის…

თოკიც შეიბა… ხმაურითაც „ჩამოატარეს“ გაუპარსავ და გაღლეტილ სოფლელებს შორის ჩამოსახრჩობად განწირული ნაცარქექია… მაგრამ ყვარყვარეებს ხომ სიკვდილის ხსენებაზეც კი „ბურძგლავთ“?

ალბათ, ღმერთს ყველაზე მეტად თავისი უღმერთო შვილები უყვარს და დოლაბმაც ჩამოფქვა რევოლუცია… ყვარყვარეს დრო…

„შემთხვევით“ ყვარყვარეები არ იბადებიან… „როდესაც წარღვნა მოდის და სოროები წყლით ივსება, ჭკუიანი ვირთხა მაშინ მაღალ მწვერვალებს ეძებს“…

დიახ, ჭკვიანი ვირთხა… ყვარყვარესა და ნაცარქექიას კიდევ ერთი „ჰიპოსტასი“… საუბედუროდ, ისინი არც უსახურები არიან და არც – სუსტები… არც „დარაბების მიხურვა“ უყვართ… „ბუხრის ფილოსოფოსებიც“ არინ და სიცოცხლესა და მის არსზეც ფიქრობენ… არც დამარცხებას ცნობენ! სჯერათ, რომ ისევ აცოცდებიან მწვერვალზე… უკან დააბრუნებენ წისქვილის დოლაბს…  მთავარია, „წარღვნის“ მომენტი არ გამორჩეთ!

არადა, წარღვნის მერე გაბრაზებულ ადამიანს უცილობლად სჭირდება ღმერთისგან „დასვენება“ და ახალი კერპის „შექმნა“…

და დგება დრო „ჭკუიანი ვირთხების“…

რევოლუცია შლის ისტორიაში ახალ ფურცლებს“…

ყვარყვარეს ორი გზა რჩება – ან შეელიოს ტახტს, ან ისწავლოს ტახტის ახალი მეპატრონის ენა…

ორივე რთულია…

ძალაუფლებას ვერ ელევა… „სახელიც“ დაბადებიდან უყვარს და ფულიც…

ახალი ენაც ისეთი „ჩიქორთულია“, არაფერი გაეგება მისი…

მაგრამ სხვა გზა არაა – ცოტა ბოლშევიკურ ლაპარაკში ცდილობს გაწაფვას… თავსაც იმშვიდებს: „ყვარყვარე თუთაბერო, მართალია, ერთხელ დაიბადე, მაგრამ მეორეჯერ კი არ დაიბადები… მოითმინე, ფეხის ერთი დაკვრით ბურთი ლელოზე ვის გაუტანია“

თუმცა, გულწრფელი მაინც არაა – ისიც იცის, რომ „მარადიული“ დაბადებისთვისაა „განწირული“ და ლელოს სათამაშოდაც მხოლოდ მაშინ გადის, როცა მოედანი ცარიელია…

„თმენა“ არაა ყვარყვარეთა თვისება, მაგრამ მაინც ცდილობს…

 ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის…

არც  პატივმოყვარეობა აძლევს ამის საშუალებას და არც ახალი პოლიტიკური ენების ათვისების დრო აქვს, რადგან პატიმრებისგან გაძეძგილ სარდაფსა და მის გარეთ უკვე დასმულია კითხვა: „ესაა, ბიჭო, თავისუფლება“?

და მითების მსხვრევის დრო დგება…

აღარც ყვარყვარეს ძლევამოსილების სჯერა საწყმსოს…

აღარც სახრის „სიამტკბილობის“…

აღარც იმ მისტიკის, რომ ყვარყვარეს დაბადებისას გასროლილ ტყვიას თოფმაც ვერ გაუძლო და ლულა გასკდა… რომ თავად ღმერთმა მისცა „ახალი ნაპოლეონის“ დაბადების ნიშანი ხალხს…

აღარ სჯერათ და… როგორც ყოველთვის, შიგნიდან ტყდება ციხე…

ამტუტებული ყოფილი „ანგელოზები“ – ტიტე ნატუტრები, კაკუტები, ქუჩარები და ძმანი მათნი  ჯანყდებიან… „ახალ ღმერთს“ ითხოვენ, რადგან ყვარყვარეს არა თუ „ღმერთად“, ადამიანადაც აღარ ცნობენ უკვე და ისიც იძულებულია, იყვიროს: „დედამ მშობა, აბა, ციცრის კვერცხიდან კი არ გამოვჩეკილვარ, თქვე უპატრონოებო“….

თუმცა „უპატრონოებს“ მისი ციცრობისა უფრო სჯერათ უკვე და წარღვნა გარდაუვალია…

ყვარყვარეს „მატერიალისტური თვალსაზრისი“ აქ კვდება… ან დროებით კვდება… უფრო სწორედ, „იძინებს“ – ახალ დროში, ახალ განზომილებაში ხელახლა დაბადებამდე…

ხელახლა დაბადებამდე, რადგან ასე იყო, არის და იქნება –

„წისქვილში, შუა ცეცხლთან ზის ყვარყვარე თუთაბერი, მეტსახელად ნაცარქექია და ქექავს ნაცარს“;

ქექავს და წარღვნას ელოდება.

ელოდება, რომ სორო დატოვოს, დაასრულოს „თბილი ნაცრის მოქარგვა“ და მწვერვალზე აცოცდეს… ან ხელახლა აცოცდეს, რადგან იქ „ტა… ტა… ტა…“ ტახტია…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…