უჟმური ამინდი იცის შემოდგომაზე ქუთაისში.
ძვლებში რომ ატანს, ისეთი…
1897 წლის 6 ოქტომბერსაც უჟმური ამინდი იყო, ალბათ…
იმ დღეს გაიგონა პირველად და პირველმა ქუთაისმა მისი ხმა –
მომღერალი ხმა..
ხაოიანი და მთრთოლვარე…
ისეთ ოჯახში დაიბადა, ყველა რომ ქუდის მოხდით ესალმებოდა და ფეხზე უდგებოდა…
იურისტების… ნოტარიუსების ოჯახში…
„პაკლონსაც“ აქედანვე მიეჩვია, ალბათ…
ამბობენ, მაშინაც ყველასგან გამოარჩევდიო…
ისეთი შარმი ჰქონდა, სტუმრად ქუთაისში მყოფმა აკაკიმაც კი შეამჩნიაო…
რას აღარ ამბობენ…
ლეგენდებს რა დალევს?
ქუთაისსაც უყვარს ლეგენდები…
ამბები…
მიმატებ-მომატებები…
თავად კი დუმდა…
არ უყვარდა ქუთაისის ხსენება…
თითქოს ბავშვობა მისი სახლის კედლებში იწყებოდა და იქვე სრულდებოდა…
იქნებ, ასეც იყო…
იქნებ, რაღაც ისეთიც აკავშირებდა, ცდილობდა, „მიეფარა“…
იქნებ, პირიქით, იმდენად ძვირფასი იყო, არავის უნაწილებდა…
არადა, იქ იყო მართლა ბედნიერი –
ლაღი.
თავისუფალი.
დღემდე შემორჩენილი ბავშვობის რამდენიმე ფოტოდანაც ჩანს, რომ „ელვარე და ლომფერი“ იყო მისი 6 ოქტომბერიც…
ერთი ფოტოა –
ხის უხეშად ნათალ ჯორკოზე ზის…
სადღაც 6 წლისა თუ იქნება…
ანფასშია..
მუქი, გრძელი თმა დაუდევრად შეუკრავს; ალბათ, ფოტოსთვის ხელითაც შეისწორა გადაღების წინ.
ოდნავ გაცრეცილი ტუჩებით იღიმება – უკვე არტისტის ღიმილით…
თვალებში ჭინკები ისე უხტის, როგორც ღრმა სიბერეში –
გახუნებული ფოტოდანაც ანათებს…
თეთრი კაბა აცვია – დაწინწკლული…
ფაფუკი, შიშველი, ფეხისგულები გადაუჯვარედინებია და ისეთი ძლიერი მზერა აქვს, გაიძულებს, თვალი ვერ გაუსწორო…
ეს მზერაც ბოლომდე შერჩა…
გავა დრო…
დიდი დრო…
ჩამობერდება…
ღარებად იქცევა…
ჯორკო ხის კლასიკურ, მძიმე სავარძლად გადაიქცევა…
მრგვალ მაგიდასთან ჩამოჯდება დიდი ქალბატონი –
იმ მაგიდასთან, უამრავი ადამიანის ხმა რომ ჩაუმარხავს… უამრავი ამბავი… ტკივილიცა და სიხარულიც…
ხელს ლოყას ჩამოაყრდნობს.
შავი, სადად ჩაღილული კაბა აცვია, ბავშვობისდროინდელი თეთრის ნაცვლად…
სამაგიეროდ, თეთრი ვარდი აქვს კალთაში. იქნებ, იმ კაბის მოსაგონრად…
ისეთი თეთრია ვარდი, თითქოს ადონისის სისხლის წვეთი ჯერ არც დასცემია…
ისევ ფეხშიშველაა ქალი და მოხუც აფროდიტეს ჰგავს –
დაღლილს…
არაერთხელ დაცემულს…
მაგრამ მაინც ის გოგოა – „ხულიგანი“…
ჯიუტი…
უხეში…
ლაღი…
მრგვალ მაგიდასთანაც შეისწორა, ალბათ, შეთხელებული თმები გადაღების წინ…
რაც უფრო დიდხანს ვცოცხლობ, მით უფრო ნაკლებად ვეგუები სიბერესო – ამბობდა.
ან კი როგორ უნდა შეგუებოდა სარკეს, რომელშიც ის გოგო აღარსად იყო – მთებს დგამდა ისევ, მაგრამ ფაფარივით დაყრილი თმები გაცვდა და გამოხუნდა…
ფეხზე იდგა, მაგრამ აღარ ემორჩილებოდა ძველებურად…
ულამაზესი თითებიც ასაკივით დაიგრიხა და ჩაქრა…
ხელებიც მოეშვა და ფაფუკი ფეხისგულებიც გაუხეშდა…
თუმცა, მაინც არავის ჰგავდა…
ერთი იყო – ერთადერთი…
***
იმ სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, ყველა „ურაჟძიონნაია“ თავადიშვილი იყო; „აზნოურიშვილი“ მაინც. ყველა კუდაბზიკა და წელში გამართული – მხრებში გაშლილი…
გლეხის გომბიოსავით ვერავინ გაბედავდა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში გავლას.
ფორმებში გამოწყობილები, ფრანგულად ან რუსულად მოსაუბრე საგულდაგულოდ დავარცხნილ-დახეხილი თავადიშვილები აუჩქარებლად დადიოდნენ „კნიაჟენსკაია ულიცაზე“…
მხოლოდ ერთი ჰყავდათ „ბუნტარი“, როგორც ჩემი მეგობრის ბებია – ხაზგასმით „ურაჟდიონნაია“ კანდელაკისქალი – სოფიო იგონებდა – არაგლეხური, მაგრამ მამაკაცური, გრძელი ნაბიჯები ჰქონდაო… გულიანი, გამომწვევი სიცილი… ფორმაც კი თავის გემოვნებასა და გემოზე „მორგებული“ – ფართხუნა და მოხდენილი ერთდროულად… თამამი… კაცთა გულების რისხვა…
მოკლედ, ანჯაფარიძეებისა და მესხების ცნობილი გვარების „შემარცხვენელი“…
არადა, არც გვარს რცხვენოდა მისი და ყველა თანატოლიც მისნაირ მიხვრა-მოხვრაზე ოცნებობდა.
მისნაირ თავისუფალ სიცილზე.
მისნაირ ხმაზე…
მაგრამ ვერიკო მაშინაც ერთი იყო – ერთადერთი, კეხიანი ცხვირიც რომ სასწაულად უხდებოდა…
ასე „ფართხუნ-ფართხუნით“ დაასრულა წმინდა ნინოს სასწავლებელი.
„ფართხუნ-ფართხუნით“ ჩაალაგა ჩემოდანი და ცივსა და პირქუშ მოსკოვში წავიდა.
1918 წელს თბილისს დაუბრუნდა უფრო დახვეწილი…
უფრო შარმიანი…
უფრო თამამიც…
სადღაც ისიც გადაეკვეთა (თუ გადაკვეთეს) შინ დაბრუნებულს… ის კაცი – ერთობ განათლებული და ზრდილი შალვა ამირეჯიბი, ჯერ კიდევ წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლისას რომ გაიცნო..
შალვა ისეთი კაცი იყო, ცნობილი ქუთაისელი ნოტარიუსის – ივლიანე ანჯაფარიძის ოჯახს რომ უდავოდ შეეფერებოდა სტატუსით სიძედ…
ვერიკო, იქნებ, არასერიოზულადაც უყურებდა თავიდან 11 წლით უფროსი „ზედმეტად“ ზრდილი თავადის ფარულ ვნებას…
თუმცა, ქორწინება მაინც შედგა – მამის თხოვნითა თუ პირადი სიმპათიით, ამას ვეღარასდროს გავიგებთ…
შვილიც შეეძინათ და პირველი ტრაგედიაც აქედან დაიწყო – ჩვილის გარდაცვალებიდან…
იქნებ, ამ დღიდან შეეპარა უფრო მეტი ლითონი და ბზარი ვერიკოს ხმას, ასე მისტიკურს რომ ხდიდა მსახიობს…
იქნებ, ამ სიკვდილმა დაასრულა ძალად შეკოწიწებული ქორწინებაც…
იქნებ, სწორედ იმ პატარა გოგოს სიცოცხლეზე გაიარა ვერიკოს თავისუფლებამ და მომავალმა…
ცხადი ერთია, 1925 წელს მარტო წავიდა ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი…
ვერიკო აქ დარჩა –
არეულსა და დაბნეულ საქართველოში, სადაც მიხეილ ჭიაურელი ელოდა…
1923 წელი იყო, ალბათ, ყველაზე უცნაური ვერიკოს ცხოვრებაში –
ამ წელს გაიცნო კოტე მარჯანიშვილიც და ამ წელს შეხვდა საგარეჯოში მიხეილ ჭიაურელსაც…
მერე იგონებდა ბერეტიანი, ოდნავ მოტეხილი რეჟისორი – გრძელი ნაბიჯებითა და ფაფარივით თმებით მოდიოდაო…
არც ერთი დეტალი გამოჰპარვია კაცს – სუნთქვა ქალის, მზერა – გაურკვეველი (ვითომ დაბნეული, არადა, რა დააბნევდა ანჯაფარიძის ქალს?), ხავერდის კაბა, მძივები და ხმა. რა თქმა უნდა, ხმა – სავიზიტო ბარათივით რომ დაჰქონდა ყველგან..
იმ წამს დადგა ყველაფერი თავდაყირა, ალბათ –
იმ წამს დასრულდა წარსულიც ორივე მხარისთვის…
ისეთი ხმაური დაიწყო, მხოლოდ თბილისს რომ სჩვევია…
„ურაჟძიონნაია“ კანდელაკის ქალი იმასაც იგონებდა, როგორი ელდა ეცათ ჭიაურელების გლეხური და უბრალო ოჯახის გაცნობისას „კუდაბზიკა“ ანჯაფარიძეებს… როგორ იტკიცეს შუბლზე ხელი…
როგორ ჩაიქნიეს სამუდამოდ ვერიკოზე ხელი…
სად განსვენებული ივლიანე ანჯაფარიძე და სად – ედიშერ ჭიაურელი – მიწით გაჟღენთილი ბელტივით ხელისგულებით…
თუმცა, არც ედიშერს ეხატებოდა დიდად გულზე რძალი და არც მალავდა…
ანჯაფარიძეები ჩუმად ბობოქრობდნენ, როგორც ნამდვილ ქუთაისელ არისტოკრატებს შეეფერებოდათ,…
არადა, მიხეილ ჭიაურელი ედგათ წინ –
სიძედ დაწუნებული დიდი რეჟისორი… მოქანდაკე… მხატვარი… მომღერალი…
ტოლსტოისა არ იყოს, „სიყვარულის გარეშე ცხოვრება მარტივია, მაგრამ აზრს კარგავს…“
არც დაუკარგეს და ფიქრის გორაზე გაჩნდა ყველაზე მისტიკური სახლი, ყველაზე დიდი ხალხით…
***
კადრია ასეთი შემორჩენილი – ქმარს იხსენებს ვერიკო – ჩემს მეუღლეს, მიხეილს, ძალიან უყვარდა სიმღერა, ხმაც ჰქონდა რაღაც სასიამოვნოო… და უცებ თვალები ჭინკებით ევსება…
უყვარდა… როგორ უყვარდა…
მაგრამ ხელი დიდხანს არ მოაწერა… უკვე შვილიშვილები ჰყავდათ, მთელი ოჯახი რომ ზარ-ზეიმით წავიდა „ზაქსში“…
ალბათ, როგორ ეღიმებოდათ დიდიან-პატარიანად –
„ეჟვანი შევაბითო“ დედოფალს…
ვერიკომ დიდხანს „შეინახა“ თავისი იურიდიული თავისუფლება… თავისი ეჟვანი…
როგორც ჩანს, უნდა ცოდნოდა შინაგანად, რომ არანაირი ბორკილი არ არსებობდა – როცა მოუნდებოდა წასვლა, უნდა წასულიყო…
არ მოუნდა…
ხელიც მაშინ მოაწერა, როცა თავისუფლება ტვირთივით ჩამოეკიდა მხრებზე. დაღალა.
მიხეილ ჭიაურელს სიყვარულიც ეყო, სირბილეცა და – სიმშვიდეც…
არ იყო მარტივი ვერიკოს გვერდით ცხოვრება…
მაგრამ საოცარი კომფორტიც იყო…
მხოლოდ ვერიკოს შეეძლო, ქმრის „კრეისლერი“ „პობედად“ექცია და „პობედა“ – „მოსკვიჩად“… აზარტულ თამაშებში დახარჯვაც შეეძლო ბოლომდე…
მიხეილ ჭიაურელს მაინც ბოლომდე უყვარდა თავისი არაორდინალური, „ხულიგანი გოგო“…
„გოგოსაც“, ცხადია…
გულუბრყვილო და ბავშვურ წერილებს წერდა გარდაცვლილ ქმარს მერე –
ყოველ დღე წერდა…
წერდა, ალბათ, როგორ გაიღვიძა…
როგორ დალია ყავა…
როგორ იქცა „ბებერ ყვავად“ მიშას შემდეგ…
როგორ შეეცვალა ხმა…
როგორ მოგავა ქუჩა სახლის წინ…
როგორ ითამაშა…
როგორ მოკვდა სცენაზე…
მერე უფრო ტრაგიკული რამ გაუხდა მისაწერი – შვილის – რამაზის გარდაცვალება…
მერე ფურცლებზე იტირა, ალბათ, ჩუმად ქმართან…
მერე ღამეც აუტანელი გახდა – რამაზისა და მიშას გარეშე…
მერე ისევ დაბრუნდა სცენაზე…
11 წელი აშორებდა სიკვდილს…
უფრო დაიღარა…
უფრო მეტი შიში ჩაუდგა თვალებში…
მაგრამ მაინც ის ვერიკო იყო!
ერთადერთი!
ფილმის – „ამბავი სურამის ციხისა“ გადაღებისას ფარაჯანოვმა ზუსტად „დაიჭირა“ ვერიკოს „შავ-თეთრი“ ცხოვრება – – ასაკსა და შავ სამოსში ჩახლართული, დროსა და სიკვდილს გაქცეული ვერიკო და სოფიკო, თეთრებში გამოწყობილი – დედის წარსულის ხატი – მეწამულ – წამებულ ფონზე…
ვერიკოს უყვარდა დროსთანაც თამაში…
დროის შეჩერება…
ამიტომაც „პარავდა“, ალბათ, კარგა ხანს სამ წელს…
მერე მიხვდა, რომ ვერ შეაჩერებდა…
ვერ მოატყუებდა…
მერე გატყდა…
„აღიარა“ …
იქნებ, უნდოდა, 90 წლის იუბილე გადაეხადა და ამანაც „გაამხელინა“…
არადა, 89 წლისა გარდაიცვალა… დრომაც „დასაჯა“, ალბათ, „თამაშისთვის“…
***
ხაზგასმით ამბობენ, ვერიკო პარტიული არასდროს ყოფილაო…
რაში სჭირდებოდა?
მის ზარზე ყველა კარი იღებოდა…
მის გამოჩენაზე ყველა ფეხზე იდგა…
ისტორიამაც შემოგვინახა ასეთი ფოტო – გენსეკი ბრეჟნევი და უპარტიო ვერიკო ერთმანეთს დიდი ხნის უნახავი ნათესავებივით შესციცინებენ. კუთხეში შევარდნაძეც დგას ოდნავ დამორცხვებული ღიმილით – ალბათ, იმ წამს კი შეშურდა ამ გულწრფელი, არაპარტიული სიყვარულის…
რომელი პარტმანდატი სჭირდებოდა ვერიკოს?
ვინ იყო მისი მეტოქე?
მეტოქე არასდროს ჰყოლია.
მტერი – იცოცხლეთქო…
დაუნდობელიც იყო – თეატრში მხოლოდ გვამებზე გადავლით შეიძლება გახდე დიდი მსახიობიო – უთქვამს ერთხელ…
„გვამებს“ რა დალევს თეატრში?
თუმცა სადღაა ვერიკო, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, უშანგი ჩხეიძე, „გვამებად“ რომ ღირდნენ…
სადღაა ის ხალხი, თეატრის ჭუჭყიანი ფიცრების სუნიც რომ უყვართ და მაყურებლის მაჯისცემასაც რომ ითვლიან… სადღაა ისეთი მსახიობები, მართლა რომ კვდებიან სცენაზე…
ის ერთადერთი იყო..
***
ვის აღარ დაუხატავს ვერიკო –
პეტრე ოცხელიდან ქეთევან მაღალაშვილამდე…
მაგრამ ერთი მათ შორის – უჩა ჯაფარიძისა – ყველაზე ახლოა „ორიგინალთან“…
1957 წელია…
დიდების ზენიტშია ვერიკო…
ერთი შეხედვით იგრძნობა, როგორ ზუსტად „დაიჭირა“ წამი უჩა ჯაფარიძემ – თითქოს ჩაის მოსმის დროს დაინახა პირველად ქალი…
თითქოს მზით განათებულ ფანჯარასთან გადასვა პროფილში…
თითქოს ხელიდან გამოსტაცა ძვირადღირებული ფაიფურის ფინჯანი…
ორიოდ წამში მოხაზა…
შავ ფონზე ანათებს ვერიკო.
პირმოკუმული. შემაძრწუნებლად ძლიერი.
თითქოს ხმაც ისმის –
მისი ხმა –
ყველასი და არავისი…
ოდნავ კეხიანი ცხვირი შავ ფონზე კიდევ უფრო აქცენტირებული გახადა…
ღია ფერის თვალებში ისეთი ძალაა, უკან გახევინებს… გაფრთხობს დღემდე –
გიყურებს ივდითი, კლეოპატრა, სოფია, მარგარიტა გოტიე, მედეა, ბებია ეუხენა და…
ვერიკო ანჯაფარიძე…
დიდი ვერიკო…
ლეგენდა ვერიკოზე „კნიაჟენსკაია ულიცადან“ ფიქრის გორამდე…
ქუთაისიდან პედესტალამდე, რომლიდანაც ფეხი არასდროს ჩამოუდგამს…
***
სენეკა წერდა, ცხოვრება საკუთარი თავისგან ხელოვნების ნიმუშის შექმნააო…
იმ პატარა, ჯორკოზე წამოსკუპულმა თეთრკაბიანმა გოგომ, ფაფუკი, შიშველი ფეხისგულებითა და ბრჭყვიალა თვალებით ეს შეძლო…
შეძლო, შეექმნა ლეგენდა – სახელად ვ ე რ ი კ ო!