სტატია გუბაზ მეგრელიძე

უხილავი ისტორიის კვალდაკვალ 

, , ,

                ბაქოში გასტროლების დროს დაწყებული კონფლიქტი

                                                            წერილი მეხუთე

                             (დასაწყისი 2022 №4; 2023 №2 და №3; 2025 №1, №2)

მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის საიუბილეოდ გამოვიდა სპეციალური კრებული, რომელიც ტენდენციურად ასახავს თეატრის განვლილ გზას. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებისთვის არც ერთ მკვლევარს არ მიუქცევია ყურადღება ან სპეციალურად გაჩუმება, გვერდის ავლა არჩიეს, რაც სწორად არ მიგვაჩნია. ეს იყო შეცდომა, რომელიც მომდინარეობდა ს. ახმეტელის თავდაჯერებულობიდან და კ. მარჯანიშვილის ღვაწლის განზრახ მიჩქმალვის მცდელობიდან.

მაშინდელი განათლების სახალხო კომისარი – აკ. თათარიშვილი წერდა – „რუსთაველის თეატრის მიღწევები თავისი არსებობის 10 წლის თავზე საბჭოთა ქართული კულტურის ბრწყინვალე გამარჯვებაა…“

თეატრის ისტორიას უფრო ,,ღრმად“ აანალიზებს პროლეტარული მწერალი – გრ. მუშიშვილი: „სავსებით სწორია რუსთაველის თეატრის ისტორიის ასეთი გაგება. თანამედროვე რუსთაველის თეატრის ნამდვილი ისტორია იწყება 1924 წლიდან. 1921-1923 წლები არის წინაისტორიული პერიოდი. ეს პერიოდი ძირითადად ხასიათდება რეაქციული რომანტიზმით. შოვინისტური ინტელიგენციის ანტისაბჭოთა განწყობილება განსაკუთრებით მკაფიოდ იდეოლოგიურ სფეროში გამოვლინდა თავისი შინაგანი სიმახინჯით, მთელი თავისი სიძლიერით… ამ „რევოლუციას“ იწყებს დიდი ხელოვანი, თეატრალური კულტურის მესაჭე კოტე მარჯანიშვილი. „რევოლუციური“ გარდატეხა აღინიშნა „ფუენტე ოვეხუნას“ დადგმით. გავრცელებულია, მეტი კიდევ – გაბატონებულია აზრი, რომ ამ პიესით დაიწყო ჩვენში მხატვრულ-იდეოლოგიური რევოლუცია. არსებითად ეს ასე არ არის: „ფუენტე ოვეხუნას“ დადგმით ბევრი არაფერი შეცვლილა თეატრის განვითარებაში, არსებითად არ შენელებულა მისი რეაქციულ- ნაციონალისტური ტენდენციები“.

ასეთივე აზრს გამოხატავს ალი არსენიშვილიც: „იდეალისტური ინდივიდუალისტი, ანარქისტულ-ეკლექტიკური არაბესკების დაუსრულებელი კომბინაციების მაძიებელი, მარჯანიშვილი ქმნიდა თვითმყოფ, პანთეისტური ესთეტიზმით განმსჭვალულ სპექტაკლებს, სადაც ჭვრეტითი მეთოდით ფერნაცვალი სცენური „სინამდვილე“ რიცხავდა სინამდვილის რევოლუციურად გარდაქმნილ კონკრეტულ-ისტორიული ტენდენციების აქტიურ გამოვლენას“.

კომპოზიტორ იონა ტუსკიას წერილში კი მუსიკის მნიშვნელოვანი როლი მხოლოდ ახმეტელის სპექტაკლებშია აღნიშნული. ერთადერთი, კრიტიკოსი შალვა აფხაიძე  აღნიშნავს მოკრძალებით კოტე მარჯანიშვილის დამსახურებაზეც.

მოყვანილ ციტატებში კ. მარჯანიშვილის მიმართ თითქმის იგივე ბრალდებებია წაყენებული, რაშიც  ს. ახმეტელსაც დასდეს ბრალი რეპრესიების პერიოდში.

აღნიშნული კრებული თეატრის 10 წლის იუბილესა და მიღწეულ წარმატებებს ეძღვნება. ამავე დროს დაბეჭდილია ნ. დავითაშვილის, ს. შანშიაშვილისა და აკ. ვასაძის მოგონებები „ბერდო ზმანიას“ შესახებ. აქაც გამიზნულად იქნა გამოცალკევებული და გაზვიადებული  ს. ახმეტელის პირველი სპექტაკლი. სამი მოგონება ერთ სპექტაკლზე, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დაიდგა, ეწინააღმდეგებოდა კრებულში დაბეჭდილ ყველა წერილს, რომლებშიც ავტორები თეატრის ისტორიას 1924 წლიდან იწყებდნენ.

მოყვანილი ციტატები აჩვენებს იმდროინდელი რუსთაველის თეატრის შინაგან ატმოსფეროსა და ტენდენციურ განწყობებს.

გაკვირვებას იწვევს ის გარემოებაც, რომ, როგორც აღვნიშნეთ, 1930 წ. თეატრის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარის თქმისთვის გამოყენებულ იქნა კორპორაცია „დურუჯის“ ანტისაბჭოთა პოზიცია. ეს დოკუმენტი ხომ ლ. ბერიას ხელმძღვანელობით შეიქმნა? საინტერესოა, რა პრინციპით ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობა, როცა თეატრს იუბილეს აღნიშვნის უფლება „დურუჯის“ პერიოდიდან მისცა. ამ შემთხვევაში რატომ არ იყო წინააღმდეგი პოლიტიკური სამმართველო? საიუბილეო კრებული ხომ ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ოფიციალურ გადაწყვეტილებას და ლ. ბერიამ ეს კარგად იცოდა.

წინა საიუბილეო დღეებში თეატრში გამართულ კრებაზე ს. ახმეტელმა მწვავედ გააკრიტიკა ლ. ბერია და მთავრობა იმის გამო, რომ ჯილდოს სახით მსახიობებს გამოუყვეს მხოლოდ ორკვირიანი შვებულების თანხა. თვითონ კი იმედი ჰქონდა და დასსაც ჰპირდებოდა ერთი თვის პრემიას. ამის გამო ს. ახმეტელმა განაცხადა: „ამ ფულს უკან მივუგდებ. ჩვენ მათხოვრები არ ვართ და მოწყალებას არ ვთხოულობთ“; კოლექტივსაც მოუწოდა, ფული არ აეღოთ. ამ აზრს სხვებიც ეთანხმებოდნენ. გამოითქვა მოსაზრება, რომ მთავრობის მიერ ასეთი შეფასების გამო მუშაობისთვის თავი დაენებებინათ.

საწინააღმდეგო მოსაზრება აკაკი ხორავამ გამოხატა. მისი თქმით, მთავრობა თეატრს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა და იუბილეს წინ მათ არ ჰქონდათ უფლება, პირადი ინტერესები საზოგადოებრივ ვალდებულებებზე მაღლა დაეყენებინათ. მუშაობა კი ისევ დაძაბულად უნდა განეგრძოთ. ამის შემდეგ კრება დაიხურა. მეორე დღეს საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის – ლ. ბერიას კაბინეტში კრების მონაწილეები გამოიძახეს. შეხვედრას საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე  – გერმანე მგალობლიშვილიც ესწრებოდა. ლ. ბერიამ თქვა, რომ ქვეყანა დიდი ეკონომიკური ამოცანების წინაშე იდგა და ხელისუფლებას მეტი ფული არ ჰქონდა. თანაც დასძინა: მდიდრები ვიქნებით – უკეთ დაგასაჩუქრებთ. ჩვენ გვეგონა, რომ მოკრძალებული საჩუქარი მუშაობისთვის კიდევ უფრო გაგამხნევებდათ. სანამ მუშაობთ, აკეთეთ ის, რაც თეატრისგან ჩვენ გვინდა.

ყველა ჩუმად იყო. მხოლოდ აკაკი ხორავამ აღნიშნა, რომ თეატრიდან წასვლა საპრემიერო თანხის სიმცირით კი არა, მსახიობთა მატერიალური მდგომარეობით იყო განპირობებული.

ამაზე ბერია ახმეტელს მიუბრუნდა – ეს ჩემთვის  სიახლეა. როცა თეატრის საქმეებზე გეკითხებოდით, კოლექტივის გაჭირვებაზე არასდროს გითქვამს. ყოველთვის ამბობდი –  კარგად ვცხოვრობთო.

ს. ახმეტელი კი დასს ეუბნებოდა – მთავრობაში ჩვენს გასაჭირზე ყოველთვის ვამბობ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევსო.

ამ შეხვედრის შემდეგ თეატრში ლაპარაკი დაიწყეს, რომ ვიღაცამ ახმეტელის კაბინეტში ჩატარებული კრების შესახებ ბერიას აცნობა.

პავლე კანდელაკის ჩვენებით ახმეტელმა „ბოლოს განაცხადა, რომ მან ბერია აიძულა დათანხმებულიყო და, რომ ბერია აღარ იკადრებს თეატრისა და მის იგნორირებას“.

საიუბილეო საღამოს მოხდა მცირე ინციდენტი ს. ახმეტელსა და ლ. ბერიას შორის. თეატრის ფოიეში მოწყობილი გამოფენის ექსპოზიციაში, როგორც ეს იმ წლებში  იყო მიღებული, არ ჩანდა ლ. ბერიას „დამსახურება“  რუსთაველის თეატრის წარმატებაში. ამავე დროს, სტალინთან, კიროვთან, ორჯონიკიძესთან, კახიანთან და სხვებთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათზე ლ. ბერია უკანასკნელ პლანზე – კუთხეში იდგა, რაც მისი ავტორიტეტის შელახვად აღიქმებოდა (ამ ცნობილ ფოტოს შემდგომში ჩამოაჭრეს მსახიობ თამარ ბაქრაძისა და ლ. ბერიას სილუეტები).

ს. ახმეტელმა  არც ბერიას მითითება შეასრულა – საღამოზე მოხსენება თვითონ არ გაეკეთებინა და საკუთარ წარმატებებზე ნაკლები ელაპარაკა. რეჟისორი პირიქით მოიქცა. ამასთანავე, არ აღნიშნა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის (ბ) დამსახურება თეატრის იდეოლოგიურ მუშაობაში. ამან, რა თქმა უნდა, პირველი მდივნის წყრომა გამოიწვია და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. ამ შემთხვევამ საერთო მდგომარეობის გამძაფრებაში თავისი წვლილი უთუოდ შეიტანა.

თითქოს გასაკვირია ლ. ბერიას, ერთი შეხედვით, ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები. იგი ერთდროულად თეატრსაც ებრძვის და კოლექტივსაც  ხელს უწყობს იუბილე-დაჯილდოებაში. ამ მოვლენის გასარკვევად იმჟამად არსებული პოლიტიკური ვითარების ღრმად გაანალიზებაა საჭირო.

გავიხსენოთ, რომ ს. ახმეტელი პროფესიონალი პოლიტიკოსი გახლდათ და ქვეყნის ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა. თავიდანვე იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის (ეროვნული საბჭოს) წევრი რადიკალ-დემოკრატიული პარტიიდან და პროფესიად ჟურნალისტი ჰქონდა ჩაწერილი, ვინაიდან აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. გასაბჭოებამდე მონაწილეობდა ბათუმის დაცვაში გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით; შემდგომ დაპატიმრებული იყო, როგორც არასაიმედო პირი და მონაწილეობდა სამხედრო საბჭოშიც. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში გახდა ცაკის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის, შემდგომში უზენაესი საბჭოს) წევრი, საბჭოთა კავშირსა და საზღვარგარეთ აღიარებული თეატრის ხელმძღვანელი (აღსანიშნავია, რომ დაკითხვების დროს გამომძიებელს ეს წარსული არ შეუხსენებია). მისი ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზარდა 1930 წელს მოსკოვში ჩატარებულ სსრკ ხალხთა ხელოვნების ოლიმპიადაში გამარჯვების შემდეგ. რეჟისორმა თეატრის მთავარ იდეოლოგიურ ლოზუნგად გამოიყენა სტალინისეული ფორმულა – „ფორმით ნაციონალური და შინაარსით სოციალისტური“, რამაც ხელი შეუწყო  თეატრის წარმატებას; მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ ოლიმპიადაზე სპექტაკლ „ანზორს“ ესწრებოდნენ თავად სტალინი და პოლიტბიუროს  წევრები.

აქედან გამომდინარე, თეატრში ს. ახმეტელის ძალაუფლება და გავლენები 1931-1932 წლებში საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც იგი ზემდგომ ორგანოებს ნაკლებ ანგარიშს უწევდა. ცოტა მოგვიანებით იწყება მისი დაპირისპირება მწერლებთანაც.

გავიხსენოთ ისიც, რომ 1931 წელს ლ. ბერიას საქართველოს ცკ-ის (ბ) პირველ მდივნად დანიშვნას ძველ ბოლშევიკთა მძაფრი წინააღმდეგობა მოჰყვა. რაც უფრო მწვავდებოდა მათ შორის ურთიერთობა, მით უფრო მატულობდა ბერია-ახმეტელის უთანხმოებაც. შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ ს. ახმეტელის დაკითხვის ოქმებში სწორედ ამ წლებში ფიგურირებს მისი ვითომდა კონტრრევოლუციური მოღვაწეობის დაწყება.  სინამდვილეში კი იგი ლ. ბერიას პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ჯგუფში აღმოჩნდა. ყოველივე ამას ლ. ბერია კარგად ხედავდა, მაგრამ ვინაიდან ძველ ბოლშევიკებს ძლიერი პოზიციები ეკავათ და ისინი ს. ახმეტელს წლების მანძილზე მფარველობდნენ, ანგარიშსწორების საშუალება არ ეძლეოდა. ამიტომ ლ. ბერია იძულებული იყო, დროებით ურთიერთგამომრიცხავი საშუალებებით ემოქმედა.

ლ. ბერიას მოჩვენებითი კეთილგანწყობა 1935 წელსაც გაგრძელდა. ამის დასტურია ი. სტალინისადმი გაგზავნილი წარდგინებაც დაჯილდოებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება მის მიერ ხუთი წლის წინანდელ შედგენილ საბუთებს. აქვე უნდა  აღვნიშნოთ, რომ დაჯილდოება არ მომხდარა და იგი ფარატინა ქაღალდად დარჩა. იმ პერიოდში შეუძლებელი იყო ლ. ბერიას შუამდგომლობა არ შესრულებულიყო, მაგრამ ესეც მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკას ემსახურებოდა: 

„საკავშირო კომუნისტურ პარტიას (ბ)

ამხ. სტალინს

რუსთაველის სახელობის თეატრისა და მისი ხელმძღვანელის – ამხ. ახმეტელის  სსრკ შრომის წითელი დროშის ორდენებით დაჯილდოვების შესახებ.

1934 წელს 10 წელი შესრულდა თბილისში რუსთაველის სახელობის თეატრის მუშაობიდან. ამ წლების მანძილზე თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა ამხ. სანდრო ახმეტელის ხელმძღვანელობით  შესძლო თეატრი გადაექცია საბჭოთა კულტურის წინსვლის მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც  თავისი მხატვრული წარმატებებით ასახავს ლენინური ნაციონალური პოლიტიკის წარმატებებს. აგრეთვე გაწეულია უზარმაზარი მუშაობა თეატრისა და დრამატურგიის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და აღზრდის საქმეში.

თავისი მიღწევებით რუსთაველის სახელობის თეატრი მნიშვნელოვნად ვალდებულია მისი ხელმძღვანელის, ნიჭიერი რეჟისორის, ამხ. ახმეტელის დაუღალავი, ენერგიული და უდიდესი შემოქმედებით-მხატვრული მოღვაწეობით. მან დიდი შრომა გასწია რუსთაველის სახელობის თეატრის შექმნისა და განვითარების საქმეში, რომელიც კარგადაა ცნობილი საქართველოს სსრ ფარგლებს გარეთაც.

საქართველოს სსრ მთავრობის გადაწყვეტილებით თეატრის რიგი მუშაკები დაჯილდოვდნენ საქართველოს სსრ სახალხო და დამსახურებული არტისტის, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდებებით.

საქართველოს კპ (ბ) ცკ შუამდგომლობს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის წინაშე სსრკ შრომის წითელი დროშის ორდენებით ა) რუსთაველის სახელობის თეატრისა და ბ) თეატრის ხელმძღვანელის ამხ. ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელის დაჯილდოვების შესახებ.

 საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი ლ. ბერია.

1935 წ. 8 თებერვალი“.

მაშასადამე, ამ დროისთვის ითვლებოდა, რომ კოლექტივი ლენინურ-ნაციონალურ პოლიტიკაზე დაყრდნობით ზრდიდა საბჭოთა კულტურის მიღწევებს. ასეთი დასკვნაა გამოტანილი იმისდა მიუხედავად, რომ ს. ახმეტელმა საეტაპო სპექტაკლების უმრავლესობა სწორედ 20-ანი წლების ბოლოს განახორციელა, ხოლო უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მნიშვნელოვან სპექტაკლთაგან მხოლოდ ორი გამოირჩეოდა – „თეთნულდი“ და „ყაჩაღები“.

საკუთარ პოზიციათა ასეთი ცვალებადობა მიუთითებს ლ. ბერიას იმ წინასწარ გამიზნულ ზრახვებზე, რაც შემდგომში დადასტურდა კიდეც. სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ მოვლენები რადიკალურად შეიცვალა ბაქოში მომხდარი კონფლიქტის გამო.

ამას წინ უძღოდა ინციდენტი ს. ახმეტელსა და ლ. ბერიას შორის, რამაც განაპირობა მოვლენათა უკიდურესად გამწვავება. ქალბატონ თინა ჯიქიას მოგონებით, 1935 წლის 1 მაისს, აღლუმის შემდეგ, მისი მეუღლის, ვლ. ჯიქიას ბინაზე მიწვეულ იქნენ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, სანდრო ახმეტელი, ნატა ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია, სოლიკო ვირსალაძე, გიორგი ელიავა, პროფ. ზოზო ნანეიშვილი მეუღლითურთ. სადღესასწაულო სუფრის მოლოდინში სტუმრები აივანზე ისხდნენ და ნარდს თამაშობდნენ (ვლ. ჯიქიას ბინა მდებარეობდა ლ. ბერიას ბინის პირდაპირ. ყორღანოვის ვიწრო ქუჩა გადალაპარაკებების საშუალებას იძლეოდა. ამჟამად ლეო ქიაჩელის ქუჩა). ამ დროს მათ დაუპატიჟებლად ეწვია მოპირდაპირე სახლში მცხოვრები, ბერიას ერთგული თანამშრომელი, ავქსენტი რაფავა.

ცოტა ხნის შემდეგ აივანზე ლ. ბერია გამოვიდა და ვლ. ჯიქიასთან ასეთი დიალოგი გაიმართა:

  • ვალოდია, მოდი ჩემთან სტუმრად!
  • ხომ ხედავთ, სტუმრები მყავს. თქვენ მობრძანდით!

მე მანდ არ მოვალ, – და თითით ს. ახმეტელზე მიანიშნა. ამაზე ახმეტელმა ქიზიყურად შეაგინა. ცხადია, რაფავა, რომელიც ლ. ბერიას დავალებით იყო მოსული სტუმრების განწყობის გასაგებად, სუფრის ბოლომდე დარჩა. კონსტანტინე გამსახურდიამ რეჟისორს უსაყვედურა – სანდრო, ჩვენი ხელმძღვანელის ასე მოხსენიება არ შეიძლებაო.

საყურადღებოა  თბილისის საბჭოს მაშინდელი ფინანსური განყოფილების გამგის, ალ. უბირიას მეუღლის, ზინაიდა კაჭარავას ჩვენება, მიცემული 1955 წლის 4 აპრილს „..ეს იყო რუსთაველის თეატრიდან ახმეტელის მოხსნის წინ. ჩვენს სახლში მოვიდა გერმანე ანდრიას ძე მგალობლიშვილი, რომელმაც ჩემს ქმართან საუბრისას თქვა, რომ ახმეტელი ბერიას მორიგი მსხვერპლია. მგალობლიშვილი გაკვირვებული იყო, რომ ბერია შეუჩნდა ახმეტელს და თავის მორიგ მსხვერპლად ამზადებდა. რამდენიმე დღის შემდეგ მომიხდა სადილზე ყოფნა ბერიასთან ერთად. ეს სადილი შედგა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის აგარაკზე კიკეთში. თუ არ ვცდები, სადილზე იყვნენ: ლ. ბერია, დეკანოზოვი, მათიკაშვილი და კიდევ რამდენიმე კაცი, რომლებსაც ახლა ვერ ვიხსენებ. სადილობისას, მგონი დეკანოზოვმა წამოიწყო საუბარი ახმეტელზე. ბერიამ გაბრაზებით თქვა, რომ იგი უნდა მოშორებულ იქნას. შემდეგ ბერიამ ახმეტელს „გამომხტომელი“ უწოდა, რომელიც მას ანგარიშს არ უწევდა და რომ ის – ახმეტელი მისი – ბერიას თანხმობის გარეშე დაუკავშირდა სტალინს და თეატრში გამოაფინა სტალინთან ერთად გადაღებული სურათები“. დაპატიმრების შემდეგ ს. ახმეტელმა დაკითხვაზე თქვა, რომ ბერია მას ავიწროებდა და განათლების სახალხო კომისარმა, აკ. თათარაშვილმა ოფიციალურად შესთავაზა თეატრის დატოვება, რაც მან უარყო.

მოყვანილ მასალებიდან ჩანს, რომ ლ. ბერია ახმეტელის საწინააღმდეგო საბაბს ეძებდა. მიზეზმაც არ დააყოვნა – ბაქოში  მომხდარი კონფლიქტის გამო, ს. ახმეტელმა წამყვანი მსახიობები – აკაკი ხორავა მოხსნა, ხოლო აკაკი ვასაძე მხოლოდ მსახიობად დატოვა. ლ. ბერიამ დაზარალებულებს მხარი იმ საბაბით დაუჭირა, რომ ცენტრალურ კომიტეტთან შეუთანხმებლად ასეთი ადმინისტრაციული ზომა არ უნდა განხორციელებულიყოო.

ბაქოში, 22 ივნისს, სპექტაკლ „ლამარას“ ჩვენების დღეს, აკაკი ხორავას სასტუმროს რესტორანში შეხვდა სომეხი მსახიობი ო. აბელიანი. იგი 1918 წლიდან რამდენიმე ხანს თბილისში მოღვაწეობდა. იყო „არტისტთა კავშირის“ თავმჯდომარე. ბუნებრივია, შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა და აკ. ხორავა სპექტაკლზე ნასვამი გამოცხადდა.

ამ ფაქტის შესახებ არსებობს სპექტაკლის მონაწილეთა ურთიერთსაწინააღმდეგო მოგონებანი.

მურად ხინიკაძე წერს: „ხორავამ ასწია „ლამარა“, გაუვარდა ხელიდან და თვითონაც წაიქცა“. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, თავად ლამარას როლის შემსრულებელი, თამარ წულუკიძე ამას უფრო დაწვრილებით აღნიშნავდა და მარტოოდენ ამას არ დაწერდა: „მხოლოდ სცენაზე გამოსვლისას შევხედე ხორავას და ყველაფერს მივხვდი: არა, ის ავად არ არის, ის უბრალოდ… მთვრალია! მაყურებელთა დარბაზში გაუგებარი საუბარი ისმოდა, ვიღაცამ ხმამაღლა დაიყვირა რაღაც ხუმრობა, დარბაზში გაიცინეს. არ დავიწყებ დეტალურ მოყოლას“. უნდა აღვნიშნოთ, რომ მ. ხინიკაძე და თ. წულუკიძე ამუქებენ მდგომარეობას. ამას აბათილებს თვით ბერიას სიტყვები, წარმოთქმული 25 ივლისის თათბირზე: „რომ დაცემულიყო მთვრალი მსახიობი სცენაზე, ხომ მოხდებოდა დიდი აურზაური“. ამ ფაქტის საწინააღმდეგო მოსაზრება არავის გამოუთქვამს, თვით თ. წულუკიძესაც. ალბათ, აკ. ხორავა მართლა რომ დაცემულიყო, ლ. ბერია ამაზე აუცილებლად გაამახვილებდა ყურადღებას, ვინაიდან ამ გარემოების გამო ს. ახმეტელს უფრო საფუძვლიანად დაადანაშაულებდა.  

აკაკი ვასაძე მოვლენებს სხვაგვარად აღწერს: „მეოთხე მოქმედებამ ისე ჩაიარა, ავის მომასწავებელი არაფერი ისმოდა. უკვე გრიმს ვიხსნიდი, როდესაც გარედან რაღაც ალიაქოთი მომესმა… ახმეტელისთვის ენა მიეტანათ“. ინტერესს მოკლებული არ იქნება იმის დადგენა, თუ ვინ იყო ენის მიმტანი. აკ. ვასაძეს იქვე მოჰყავს აკ. ხორავას სიტყვები: „მგონი, უკვე იყნოსეს კიდეც. შესასვლელში რეჟისორის თანაშემწემ აღნიშნა თავის დროზე გამოცხადება და ვითომ გიჟდება ჩემზე, შემომებღლაძუნა“. ამ პიროვნებაში შალვა წერეთელი იგულისხმება. სავარაუდოა, რომ ეს ამბავი ს. ახმეტელისთვის თავად თ. წულუკიძეს მიეტანა. სწორედ ის იმყოფებოდა ყველაზე ახლოს  აკ. ხორავასთან სცენაზე; შეუძლებელია, სასმლის სუნი არ ეგრძნო, როცა იჩომ ხელში ლამარა აიყვანა; შემდეგ კი გაზვიადებულად აცნობა ყოველივე მეუღლეს. თანაც ახმეტელმა ყველაფერი  სპექტაკლის დამთავრებისას გაიგო და არა უფრო ადრე.

აკაკი ხორავა კი წერს: „ვცხოვრობდით სასტუმროში. იქვე ვსაუზმობდით და ვსადილობდით. ერთ დილას ჩაის დასალევად სასტუმროს რესტორანში შევედი. იქ ყოველდღიურად იჯდა ხოლმე ცნობილი სომეხი მსახიობი აბელიანი. იგი ხშირად ესწრებოდა ჩვენს წარმოდგენებს და კმაყოფილებაც ეტყობოდა. რომ დამინახა, თავის მაგიდასთან მიმიწვია. მეც უარი ვერ ვუთხარი – მაინტერესებდა ამ დიდი მსახიობის გაცნობა და მასთან გასაუბრება. შევყევით საუბარს და თანაც პატარ-პატარა სასმისებით კონიაკს ვსვამდით. ლაპარაკი საინტერესოდ გაიმართა. ყვებოდა თავის ახალგაზრდობაზე, იგონებდა ქართველ, სომეხ და უცხო ქვეყნების მსახიობებს, საუბრობდა ამა თუ იმ როლის შესრულებაზე. ამ საუბარს ისე შევყევი, რომ ვერც კი შევნიშნე, კონიაკი როგორ მომეკიდა. მალე სადილობის დროც მოვიდა. იმ საღამოს იჩოს ვთამაშობდი. გამოვემშვიდობე. ვატყობ, მთვრალი ვარ. ყველამ იცოდა, რომ შექმნილი ვითარების გამო თეატრში მთვრალი მისვლა ჩემსა და ახმეტელს შორის დიდ სკანდალს გამოიწვევდა.“ ამ სიტყვებში იგი უკვე დაძაბულ პირად ურთიერთობებს გულისხმობს. შესაძლოა, მას სხვა მოტივიც აქვს მხედველობაში, მაგრამ უდავოა, რომ ვითარების გამწვავებამ პირველივე შესაძლებლობისთანავე შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

შემდეგ განაგრძობს: „წარმოდგენის დაწყებამდე დიდი დრო იყო. პირი დავიბანე, სიმთვრალე რომ გამსვლოდა, სარიმელიძემ მანქანა იქირავა და  მთელი ერთი საათი ქალაქში დავდიოდით. ერთი საათი წაძინებაც მოვასწარი და თეატრში თავის დროზე სრულიად ფხიზელი გამოვცხადდი. რასაკვირველია, ახმეტელი დაარწმუნეს, რომ მთვრალი მივედი… წარმოდგენა ჩვეულებრივად ჩატარდა. მე სრულიად ფხიზელი, ისევე მსუბუქად დავდიოდი სცენაზე და ხელზე წამოწოლილს ვატარებდი „ლამარას“ ძალზე დაქანებულ დეკორაციაზე“. 

მოყვანილი ფაქტობრივი მასალიდან ნათელია, რომ აკ. ხორავა, მართალია, მსუბუქად ნასვამი გამოცხადდა სპექტაკლზე, მაგრამ არსებული მასალებით სცენაზე წაქცევის ფაქტი ან დარბაზში მაყურებელთა ირონიული შეფასებები არ დასტურდება. თ. წულუკიძეს კი ამ ფაქტის დამარწმუნებლად აღწერა უძნელდება.

თავის დროზე ამ ინციდენტის შესახებ პირად საუბარში ვკითხე ამ სპექტაკლის მონაწილეს -ნინო ლაფაჩს, რომელმაც მითხრა, რომ აკ. ხორავას სიმთვრალე ვერავინ შეამჩნიაო.

ამდენად, თავის წიგნში – „მხოლოდ ერთი სიცოცხლე“ ქალბატონი თამარის შეფასებები დაუსრულებელია, რაც მოგვიანებით განავრცო ფილმში – „სცენიდან განდევნილი ადამიანები“. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის არსი აგებულია იმაზე, რომ სპექტაკლზე აკ. ხორავა ნასვამი გამოცხადდა. ვფიქრობთ,  ს. ახმეტელის ასეთი მკაცრი და პრინციპული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. 1. თავის დროზე, როდესაც ს. ახმეტელს მეუღლედ თ. წულუკიძე მოჰყავდა, დასში წინააღმდეგი გამოვიდა აკ. ხორავა და თქვა, რომ ეს ქალი კოლექტივში განხეთქილებას შეიტანსო! 2. ს. ახმეტელი ძალიან იყო განაწყენებული, როდესაც თეატრი საგასტროლოდ საზღვარგარეთ არ გაუშვეს და სეზონის გახსნაც ამ მიზეზით დაგვიანდა. 3. თეატრის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ს. ახმეტელის ხელისუფლებასთან დაპირისპირება. 4. საპირველმაისო დემონსტრაციის შემდეგ, ვლ. ჯიქიას ბინის აივნიდან ლ. ბერიასთვის შეგინება. 5. თეატრში არსებული შიდა დაპირისპირებები და აკ. ხორავასთან (როგორც თავად აღნიშნავს) უთანხმოება. ყოველივე ამან თეატრში მძაფრი ატმოსფერო შექმნა და ბაქოს ინციდენტად ამოხეთქა.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…