ესე დავით ანდრიაძე

ნამყო წყვეტილი და ნამყო უწყვეტელი

, , ,

ანუ ლურჯი ყვავილის appendix

ნათქვამია, შეჩვეულს ნუ გადააჩვევ, შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო…

და მაინც, ამქვეყნად ყველაფერს შეჩვევა უნდა, ანუ ადაპტაცია, კიდევ უფრო უცხო სიტყვით – აკომოდაცია (Accomodatio).

წარსულსაც შეჩვევა უნდა, სახელდობრ, თვალის შეჩვევა.

წარსულის მაყურებელი თვალი სნეულებით სიმულირებს; თითქოს ლიბრი აქვს გადაკრული…

წარსულის ჭვრეტის მთელი ხიბლიც ასეთ ლიბრშია. ეს ხიბლი სულაც არაა გაცრეცილი ნამყოს ხიბლი.

ეს – აწმყოს ხიბლია.

არც ძველ საოჯახო ალბომებში გარინდებული ფოტოგრაფიების ხიბლია წარსულის ხიბლი. 

ესეც აწმყოს, კერძოდ, ესთეტიკურად რეტუშირებული ნამყოს ხიბლია; ხიბლი ნამყო წყვეტილისა და ნამყო უწყვეტელისა…

წარსულს ჩამატებაც უნდა, მომატებაც და – დამატებაც, ანუ უცხო სიტყვით – აპენდიქსი (Appendix).

ესაა წარსულის თავისებური სქოლიო; წარსულის, როგორც ტექსტის გარეთ გამოტანილი ციტატა, კომენტარი, შენიშვნა.

წარსული მუდამ შესანიშნავია. 

წარსული მუდამ ქვემოთაა, კულტურისა და ისტორიის ძირითადი ტექსტის ქვემოთ…

დიახ, წარსული სულ ქვემოთ, ქვემოთ, დაბლა და დაბლაა. ამასთან, დროის ლინეარული რეჟიმიც დარღვეულია – წარსულს კი არ მოსდევს აწმყო, პირიქით, აწმყოს მოსდევს წარსული, აწმყო ცვლის წარსულს, ავსებს, ამატებს, სქოლიოთა მეოხებით ჩაენაცვლება:

ასეა, ბატონებო, სქოლიო ჩაენაცვლება ტექსტს; და თავად ხდება ტექსტი…

„ვაჰ, დრონი, დრონი“ – ასე მოთქვამდა ჩვენი დიდი რომანტიკოსი, უფრო ზუსტად, სენტიმენტალისტი პოეტი და გენერალ-ლეიტენანტი; მერე კი, ამატებდა: „მე იგივე ვარ მარად და მარადო“…

ლევან ჭოღოშვილიც მისი წინაპრების მიერ მტკბარად ნაგემ დროს მისტირის.

ისიც იგივეა მარად და მარად…

და მაინც, წარსულში კი არ ყოფილა პასეისტური ნეორომანტიზმის ტოპოსი, არამედ – აწმყოში.

წარსულში კი არ ყოფილა გარინდებული სიძველის ხიბლი, არამედ აწმყოში გამხდარა საძიებელი.

ასე მკვიდრდება კულტურის ტექსტებში სიტყვები: საძიებელი, დამატება, შენიშვნა, ციტატა, სქოლიო…

ჭოღოშვილის მხატვრობაც წარსულის მივიწყებულ „სახელთა მაძიებელია“ თითქოს…

ამ მრავალწერტილით ახლა არც ღია კარზე ვაკაკუნებ და არც თოფს ვისვრი – ჩემივე ადრეული ესეის ტექსტს მინდა მივუმატო რაღაც-რაღაცები და ადგილი მოვუძებნო სიტყვას – „იგი“, რათა მერე უფრო იოლად განვავრცო თხრობა, ანუ „ნარაცია“.

ამიტომაც, ნიშნად იმისა, რომ მეც „იგივე ვარ მარად და მარად“, გავიმეორებ: „წარსულში კი არ ყოფილა სიძველის ხიბლი, არამედ აწმყოშია იგი“.

„იგი“ – ამ ნაცვალსახელით მოვიხსენიებთ „ძველ ქართველთა“ თითქმის ანონიმურ ყოფნას, მუნ-ყოფნას; იმათ მუნ-ყოფნას, ვინც ვეღარ ესწრება ისტორიული თეატრის ახლანდელ წარმოდგენას…

ლევან ჭოღოშვილიც „ნაცვალსახელებით“ ხატავს ამ რესპექტაბელურ ისტორიულ პანოპტიკუმს.

„იგი“ გარდასული კულტურის ინტერტექსტუალურ ზონებზე მუშაობს – ლიმინალურ ზონებზე. მისი მხატვრობა ძველი „ტექსტების“ გადაწერაა; თანაც, ტრავმების  აქცენტებით გადაწერა; ძველ „ტექსტებზე“ დართული არაკითხვადი მინაწერებია, მარგინალიები; და ისევ და ისევ – Appendix

ასე წარმოგვიდგება ჟანრის პოსტმოდერნული გრამატიკა. სწორედაც ჟანრი უკარნახებს მხატვარს სიმპათეტურ ემოციათა გამას და მსუბუქად ირონიზებულ და არა წყალწყალა-რომანტიკულ რეაქციას ყველაფერზე, რაც დროის მსახვრალი ხელით მოშთობილა, ანდა უწყალო დროის ხელით დანთქმულა…

„ისტორია ჯერ იწერება და მერე ხდება“; ეს რობერტ მუზილია.

ალბათ, ასეც შეიძლებოდა თქმულიყო: „ისტორია ჯერ იხატება და მერე ხდება“…

„ხდება, ხდება“… თუმცა, ხატვაც ხომ წერის ნაირსახეობაა?!

„იგი“ არისტოკრატიზებული ღირსებით უქცევს გვერდს ისტორიის პათეტიკურ მისტიფიკაციას. თითქოსდა, ვერც კი ამჩნევს სახიფათო მეზობლობას წარსულის განდიდების ურაპატრიოტულ და კონფესიონალურ ფსიქოზთან.

მისი ოპუსების თუნდაც ზერელე გადათვალიერებისას, „უცხო“ სიტყვით – პერლუსტრაციისას, უმალ ხვდები, რომ ელდასავით გადაწყდომიხარ თითქმის უნიკალურ ისტორიულ განწყობას, კონსერვატორულ პოზიციას, უკანონოდ რომ აქორწინებს თანამედროვე თუ პოსტთანამედროვე ხედვასთან, უფრო ზუსტად – ჭვრეტასთან („კონტემპლაციასთან“). ასე იმსჭვალება წარსული; მერე კი მყუდროდ მოიკალათებს ანდა მხართეძოზე წამოწოლილი იწყებს ისტორიული მეხსიერების „ფაილების“ წმენდას;

წმენდას, ო, წმენდას, „დაუნდობელ წმენდას (ნგრევას) ძველისა“!

მერე კი – წყვეტას;

წყვეტას, ო, წყვეტას „დაუნდობელ წყვეტას (ნგრევას) ძველისა“!

მისი ნოსტალგიური ლირიზმი ინტენსიურია; ეს ის პასეისტური ლირიზმია, არტდისკურსის ეთიკაზეც რომ მეტყველებს.

„იგი“, უპირველეს ყოვლისა, ამ დისკურსს იხსენებს; ამ დისკურსის მეხსიერებაში დასადგურებული ეთიკური ჟესტის დეკონსტრუქციას ახდენს; სოციალურ ქცევათა ჟანრის კანონებს ასურათხატებს თითქოს; ამ ჟანრს კი ტექსტებად წარმოგვიდგენს – იკონიკურ ტექსტებად და ინტერტექსტებად…

ასე ცვლის შემოქმედებას დეკონსტრუქცია, „გრანდ-ისტორიას“ – მცირე ისტორია, მიზანს – თამაში, ჩანაფიქრს – შანსი, იერარქიას – ანარქია, ლოგოსს – დუმილი, ოსტატობას – გამოფიტულობა, სემანტიკას – რიტორიკა, სელექციას – კომბინაცია, კოდს – იდიოლექტი, ტიპს – მუტანტი, ცენტრაციას – დიპერსია, არსებობას – არარსებობა…

ამ, იჰაბ ჰასანისეულ სქემას, თავის მხრივ, დამატებით სჭირდება Appendix, რომელსაც, თუ არ გადამავიწყდა, ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ჯერჯერობით კი განვაგრძოთ:

ერთი, ორი, სამი…

წარსულის მიმქრალ ლანდებთან თუ ძველ ქართულ გრაფემებთან – ასომთავრულებთან, ნუსხა-ხუცურებთან თუ მხედრულებთან ლაციცი არტეფაქტის მოხელთების თავისებური მეთოდია, გაორებული და იმავდროულად – ორგანიზებულად გულგრილი; თავაზიანი და არააგრესიული განწყობა კი ის დუალიზმია, მხატვარს გადაჭარბებული ისტორიული ესთეტიზმისგანაც რომ ჯავშნის და ამ ისტორიასთან ისტერიული იდენტიფიკაციისგან განარიდებს, დისტანციას აკავებინებს…

განრიდებაც და დისტანცირებაც არტისტული ჟესტია, არისტოკრატული ჟესტი. მხატვრის კვიეტიზმი აქაც მისაბაძია; შესაშური!

მისი ვიზუალური რიტორიკა გარდასულ იკონო თუ ფოტოგრაფიებთან ბაასია – დუმილთან წილნაყარი ბაასი. ამ ფოტოსურათებს იგი ხელახლა „იღებს“, ოღონდ არა როგორც არქივარიუსი, არამედ როგორც უდარდელი მდევარი და „მკვლევარი“ – კვალის მაძიებელი… მისი პერსონაჟები არავის წარმოგვიდგენენ. ისინი წარმოდგებიან; წარმოდგებიან, როგორც (ამო)წყვეტილი ისტორიული არისტოკრატიის პროტაგონისტები…

იგი არაა „ენაჭარტალა“ მხატვარი და ესეც მისი შინაგანი არისტოკრატიზმის ნიშანია.

ჟესტების ენით წარმართულ მდუმარე დიალოგში ხორციელდება რეტროსპექციის, თანაც წყვეტილი რეტროსპექციის აქტი, რომელიც მუდამ „კულტურულადაა“ ლიმიტირებული და იმთავითვე გამორიცხავს ზედმეტად დაშაქრულ რაფინირებულობას. მეტიც, იგი საერთოდ არ შაქრავს მრავალჯერ წამოდუღებულ „ჩაის“; და თუ შაქრავს, კოვზს აღარ ურევს… უფრო ხშირად კი, „კრიპუსტით“ მიირთმევს…

ასეთი ჩაი კი ენერგიით აღავსებს ხოლმე…

იგი კარგა ხანია დახელოვნდა ერთგვარ პალეოსკოპიაში – ისტორიის ესთეტურ ჭვრეტაში. ეს ეგოისტური თავშესაფარიც დამატებითი თანაგრძნობით განგვაწყობს „ავტორისადმი“, რომელიც „შპარგალკებს“ კი არ ნიღბავს, პირიქით, ხაზს უსვამს მათ ავტორიტეტს; მუხლებზე დამალულად კი არ იხატავს, არამედ ღიად გვთავაზობს დეციტაციის პროცესს, იკონიკური არქივის ამ პერფორმანსს. ამიტომაცაა, მის ღია, უცხო სიტყვით – „დიზიუნქციურ“ ანტიფორმასაც ჰერმენევტიკული გაგებით რომ ვიღებთ.

მისი „თამაში“ ნოსტალგიურ თეატრს გვაგონებს; წაუბაძველი სევდით გაჯერებულ სპექტაკლს, ინტერმედიებში ფარსული (და სპარსულიც) რეალობა რომ ჩაენაცვლება. სამაგიეროდ, თეატრალიზებული ჰეროიზმი (თუ კვაზიჰეროიზმი) ნოსტალგიის საგნად თავად გვეცხადება.

და მაინც, ისტორია, უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენის თეატრია; ანტიმიმეტური თეატრი… ზოგჯერ მარიონეტების თეატრიც; და ამ თეატრში ადამიანი ხან მოთამაშეა, ხანაც – სათამაშო… ისტორიული პერსონაჟების ნების თავისუფლებაც ასე გადაინაცვლებს სოციალური რეჟისურის ფიცარნაგზე.

„იგი“ გამუდმებით აჩვევს თვალს წარსულის იმ ირეალურ ხატს, აწმყოში ჯერარსულ იკონოსფეროდ რომ იკითხება; და როს ამგვარი ხატი ძალაუნებურად მაინც იცრიცება, რაღა რჩება? რა რჩება და… დრო, წყვეტილი დრო, რომელიც, საბოლოოდ, წაშლის ყველა ფერს, თუმცა, ეგებ, სწორედ ასეთ „დროს“ გამოუჩნდება მხატვარს საქმე – „წაშლილი დროის“ პალიმფსესტური გადაწერა?!!

აი, ასე იწყება დროის რეტროგრაფირება…

ასე კვდებიან ამ „დროის გმირები“. უსასრულოდ კვდებიან, ერთხელ და სამუდამოდ კი არა, გამუდმებით კვდებიან. გამუდმებული სიკვდილის ამგვარ ხატში კი მარადისობის ნერვია გაყუჩებული…

ასე მიდიან დიდებული ადამიანები, უძეგლოდ იკარგებიან… ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია? დელმორ შვარცის ერთი გმირის (თუ ანტიგმირის) პერიფრაზით რომ ვთქვათ, „მოდით, მოვძებნოთ, სად არიან დიდი ადამიანები – ვინ გაბედავს იმ ბავშვის დაჩაგვრას, ვისაც სურათების (და)თვალიერება, ანუ წაკითხვა შეუძლია“…

ჭოღოშვილიც ასეთ „დიდ ადამიანებს“ „ეძებს“; თავად კი მოგვაგონებს ბავშვს, რომელსაც შეუძლია იმ ძველი იკონოგრაფიებისა თუ დაშიფრული ვიზუალური კრიპტოგრამების არალინეარული „კითხვა“, რომლის „ანბანიც“ თავად ისწავლა…

„იგი“ თანაბრადაა ფერით მწერალიც, გადამწერიცა და გრაფიკოსიც; მისი „ნაწერი“ ხანდახან წმინდა სისხლის ფერწერის ღარიბი ნათესავის როლში გვევლინება. ოღონდ, მთავარი მაინც, ისევ და ისევ, ამ „ნაწერის“ ნოსტალგიურობაა; თანაც აწმყოში  გადმოსროლილი ნოსტალგიურობა, რომლისთვისაც უკუნოსტალგიაც შემეძლო, დამერქმია; და კიდევ ის „ლაკუნები“, რომლებიც ასე შვენის მის „ფერწერულ ტექსტებს“.

ამ „ლაკუნებით“ მჟღავნდება ის ისტორიული წყვეტები, რომელიც არანაკლებ ტიპურად ახასიათებს წარსულს, ვიდრე „ნამყო უწყვეტელობას“. ეს „სიცარიელეები“ თიშავს წინაპარსა და მემკვიდრეს და მხატვრის სურათებზე წარწერილი ტექსტებივით თუ, უბრალოდ, გრაფებული კომპოზიციებივით იფანტება. ასეთი წყვეტა აკონსტიტუირებს იმ ველს, რომელზეც შესაძლებელი ხდება გარდასული ისტორიის აწმყოში მუნყოფნა (თუ დასწრებულობა).

წყვეტისავე კონტექსტში მართლდება მხატვრის სუბიექტობის გაფანტულობაც, რადგანაც, მიშელ ფუკოსი არ იყოს, სუბიექტი სწორედ წყვეტის მეშვეობით ხდება შესაძლებელი; აქედან სამშობლოც წყვეტად წარმოუდგება მას; ეროვნული ისტორია კი, ერთმანეთის ამო-წყვეტად…

მას „არავითარი სხვა სამშობლო, ამაზე მეტი“, არ გააჩნია!

რაც შეეხება ნოსტალგიას (თუ ნოსტალგიურ კომპლექსს), იგი ტრადიციული „სახლობიდან“ გაუცხოებულ არისტოკრატ მხატვარს ახალი სოციალური ემოციებით ამარაგებს. ეტყობა, ამიტომაც ლამობს მის გამძაფრებას „უცხო“ ისტორიულ-კულტურული ტოპოსებიდან შემოტანილი ხატებით.

ასე ივსება (თუ შეივსება) მისი არტისტული გამოცდილება ახალი ესთეტიკური (ან ესთეზიოლოგიური) თავისუფლებით. მერე კი ეს თავისუფლება ისევ უპასუხისმგებლო არტ ტექსტუალური პრაქტიკის – დანამატებების, ლაკუნებისა თუ წყვეტების პროდუცირებაში გადაიზრდება…

კლასიკური იკონიკური ტექსტი წყვეტებს არ ცნობს; სამაგიეროდ, წყვეტებს ახორციელებს ჩვენი მზერა; არაკლასიკურ იკონიკურ ტექსტებში კი აღქმა, როგორც წყვეტა, მხატვრის „ტეხნეს“ წამყვანი მაშინერიაა…

და ბოლოს, როგორც სიბარიტი არტ ნატურა, იგი არისტოკრატული უდარდელობითა და დაუდევრობით, მცონარობითა და სიმპათიური გულარხეინობით გამოირჩევა.

მეტიც: „იგი“ „უსაქმურია“, რომანტიკულად „უსაქმური“… 

რომანტიკოსები ამბობდნენ, მხოლოდ იტალიელებს შეუძლიათ სიარული და მხოლოდ აღმოსავლელ ხალხს ესმის, თუ როგორ უნდა წოლაო…

ჭოღოშვილსაც ესმის, როგორ უნდა „მხართეძოზე“ წოლა; როგორია ამგვარი „მიგდებულობის“ მიზანსცენა. ისიც იცის, რომ „უსაქმურობა“, როგორც vita contemplativa, ცისქვეშეთის ყველა კუთხეში წარჩინების დამახასიათებელ თვისებად ითვლება და ნამდვილი კეთილშობილების ბურჯადაა მიჩნეული.

„უსაქმურობა, უმიზნობა და უანგარიშობა – აი, ის სამყურა ბალახი, რომელსაც რომანტიზმის ყოველ ველზე შეხვდებით“. ეს გეორგ ბრანდესია.

ამ სამყურა ბალახის გვერდით ამოიწვერება ნეორომანტიზმის ის ლურჯი ყვავილი, რომლის (მო)წყვეტაც უსაქმურობაში თუ შეიძლება…

„უსაქმურობაც“ სრულყოფილების ნიღაბია…  

„უსაქმურობა“ უძვირფასეს მსხვერპლს მოითხოვს;

და ეს მსხვერპლი გულია, რომლის რიტმი ხშირად პასიური გრძნობების მშობიარობას გადაჰყვება ხოლმე…

„იგი“ ერთთავად ალტერნატიული „ტექსტების“ ძიებაშია; დაკარგული დროის ტექსტების ძიებაში…

თითქოსდა, განგებ დაეძებს „კულტურულ ადიულტერს“.

და მაინც, „იგი“, უწინარეს ყოვლისა, ძირძველი ქართული ოჯახობის ის რეპრეზენტატია, რომელიც, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, XIX საუკუნის სალონურ ყოფასაც ისტორიის მინითეატრად წარმოგვიდგენს; იქ „ცოცხალი სურათებივით“ გარინდებულან მისი კოლექტიური წინაპრები, ანუ სულიერი „თანამედროვენი“.

ალბათ, სწორედ ესაა ნამყო (ამო)წყვეტილიცა და – ნამყო უწყვეტელიც.

ფარდა(?!)…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…