ესე ეკა თხილავა

„ხელები ზევით!“

, , ,

ანუ რობერტ უილსონის შავ-თეთრი სიზმრები

„მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს!“
„მე მძინარე ვარ… ვწევარ და მძინავს“.

ყველაფერი დაიწყო სიკვდილით!

დაიწყო, რადგან „წაქცეული ხე გაცილებით ადვილი ასაზომია“.

ასე სჯეროდა თავად!

ასეც უწოდა ერთ-ერთ განუხორციელებელ პროექტს 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის!

ხეები, იქნებ, ზეზეურად კვდებიან, მაგრამ მათი მარადისობის ათვლის წერტილად წაქცევის წამი იქცევა სწორედ.

2025 წლის 31 ივლისს რობერტ უილსონის „ხე“ წაიქცა და მისი „აზომვის“ წამი დაიწყო.

დასასრულის დასაწყისად კი 1941 წლის 4 ოქტომბერი იქცა.

ომის. ქარიშხლების. ტკივილის. ქაოსის ხანა იდგა მსოფლიოში და მისი ანასხლეტები ტეხასამდეც აღწევდა.

ყველაზე ულტრაკონსერვატორულ, მემარჯვენე საზოგადოებაში იზრდებოდა ყველაზე თავისუფალი ბიჭი, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა საკუთარ თავისუფლებაზე; ეს კი იყო, რაღაც გამუდმებით აწამებდა შიგნიდან.

კაცმა არ იცის, რატომ მოისროლა ღმერთმა მაინც და მაინც რელიგიური ფანატიკოსებით სავსე გარემოში, სადაც ქალისთვის შარვლის ჩაცმაც კი ცოდვად ითვლებოდა;

ქუჩაში შავკანიანთან ერთად სიარული არ შეიძლებოდა;

და ამერიკის უდიდეს სირცხვილად მიაჩნდათ პრეზიდენტ ლინკოლნის სიკვდილი თეატრში – ცუდი რეპუტაციის, ამორალურ სახლში!

ცოდვის ბუდეში!

იქნებ, სულაც არ ხუმრობდა ღმერთი?

იქნებ, იცოდა თავისი საქმე.

იქნებ, სწორედ იქ იყო ადგილი იმ უცნაური ბიჭისა, ასფალტიდან საიდანღაც ამოწვერილ მინდვრის ყვავილს რომ მიაგავდა აუტანელ ტეხასში.

ასეთი სულისშემხუთველი გარემო მუდამ ბადებს შიგადაშიგ ისეთ ხეებს, წაქცევის მერეც რომ ძნელად იზომებიან.

რობერტ უილსონი ერთ-ერთი მათგანია –

დაბადებული სახლში, რომელიც წამების ადგილს უფრო მიაგავდა – გაუსაძლისი მამითა და ფაქიზი დედით, რომელიც, შვილის უცნაურობით შეწუხებული, ერთ კითხვას სვამდა მუდამ – „რა გჭირს“?

არავის ესმოდა, რა სჭირდა პატარა ბობს!

რად იყო სახლი და სახლს გარეთ გარემო მის ირგვლივ ასეთი სასტიკი?

რატომ იქცეოდა სკოლაში მუდამ დაცინვის, ზიზღის, დამცირების ობიექტად?

რატომ იზილებოდა დარდსა და აკვიატებულ განცდებში მისი ყოველდღიურობა?

რატომ არ ჰგავდა არაფრით დანარჩენ ნაცრისფერ ადამიანებს?

და საერთოდ, რა სჭირდა რობერტ უილსონს – ტეხასელ ბიჭს არატეხასური სიზმრებით, რომლის „ულმობელ გამოღვიძებას“ ქვეშეცნეულად ბევრი გრძნობდა…

            „უყვირის ქალაქს: ხელები ზევით!“

„ყრუ შესახვევში დამდგარა თოფით,

ვით მოდარაჯე მოუსყიდარი“.

(გალაკტიონი, „მოგონება ყრუ შესახვევის)

რობერტ უილსონს უყვარდა ყვირილი.

ყვირილი ხმის იოგების ჩახლეჩამდე.

დაღლამდე.

წაქცევამდე.

მანამ, სანამ, სული არ ამოჰყვებოდა იოგებს მაღლა.

არ დატოვებდა.

არ გაათავისუფლებდა რაღაც ზეადამიანური ტანჯვისგან.

იქნებ, ბავშვობიდან გამოჰყვა ეს სიყვარული უილსონს; იმ დროიდან, როცა თითქმის ყრუს ადამიანების  არც ესმოდა.

ხმა უკანკალებდა შიშით – არასწორად არ ეპასუხა ვინმესთვის;

ფიქრით, რომ ენაბლუ ვერ გამართავდა სიტყვებს.

ვერ გააშალაშინებდა.

ვერ მოირგებდა და ვერც სხვას მოარგებდა.

ამიტომ ბგერას ფორმით ანაცვლებდა  – ხატვის გარეშე საუბარი არ შემიძლია. ეს ჩემთვის საუბრის ერთ-ერთი გზააო – ამტკიცებდა.

ლაპარაკისას ყველას აბნევდა. არასდროს უყურებდა არავის თვალებში. თავი ჩარგული ჰქონდა და დაუსრულებლად ხატავდა. ალბათ, იმას ხატავდა, რასაც იმ წამს განიცდიდა ან გრძნობდა.

თავი რომ მაღლა აეწია, იქნებ, დაბნეულიყო და სიტყვები ვეღარც ეპოვა.

უილსონი, ალბათ, გრძნობდა, როგორი  უცნაური ორი საჩუქარი გაუკეთა ღმერთმა –  ტეხასი და თითქმის სიყრუე;

საჩუქარი და ერთგვარი წინასწარმეტყველებაც – „მოისმენენ იმ დღეს ყრუნი წიგნის სიტყვებს და დაინახავენ ბრმათა თვალები წყვდიადიდან და სიბნელიდან“ (ესაია; 29).

მაგრამ წინასწარმეტყველების აღსრულებამდე და ბრმათა თვალთა ახელამდე ტუჩების მოძრაობით სიტყვების რებუსების ამოცნობა ისწავლა.

მაშინ მიხვდა, რომ მოძრაობისთვის უნდა მიება სიტყვები და არა – სიტყვებისთვის  მოძრაობა.

მაშინ უყვირა პირველად ტეხასს – „ხელები ზევით“.

ტეხასს სასაცილოდაც არ ეყო მისი ხმაური მანამ, სანამ უკვე ნიუ-იორკიდან არ დაიწყო ესაიას წინასწარმეტყველების აღსრულება უილსონმა  – სპექტაკლის დადგმა 13 წლის აფროამერიკელ ყრუ ბიჭზე (1970), რომელიც მისი ალტერ ეგო იყო, ფაქტობრივად!

„ყრუს მზერას“ ვინ იცნობდა უილსონზე უკეთ?

არც არავინ!

იმ დღეს ნიუ-იორკმა ხელები ასწია მაღლა;

დანებდა რობერტ უილსონს;

ომიც წააგო მასთან და აღმოაჩინა კიდეც.

უცნაურად აღსრულდა ესაიას წინასწარმეტყველება – ყრუებს კი არ აეხსნათ სასმენელნი, პირიქით, მათ აუხილეს ყურნიცა და – თვალნიც აბსოლუტური სმენის მქონეთ;

ყრუთა ხმა გააგონეს სულით ყრუებს!

მერე ხშირად ყვიროდნენ რობერტ უილსონის გმირები სცენიდან –

თავგანწირვით. დაჟინებით.

ყვიროდნენ, მაგრამ თითქმის არ ლაპარაკობდნენ.

უილსონს ბოლომდე ეშინოდა სიტყვების. ერთგვარ გამოწვევად მიაჩნდა ისინი.

მისი პერსონაჟებიც ფრთხილობდნენ;

უცნაურად წელავდნენ ბგერებს, უილსონივით, რომელსაც ერთმა ჭკვიანმა და გამორჩეულმა კაცმა შენელებული კადრივით ლაპარაკი ასწავლა ენაბლუობისგან გასათავისუფლებლად ბავშვობაში.

ისწავლა.

გარანდა შენელებულ ფორმაში სიტყვა, მაგრამ ვერ შეიყვარა.

ამიტომ დარჩნენ ბოლომდე „ჩუმად“ მისი თეატრალური გმირებიც.

მოძრაობისა და შუქის გარდამავალ ჩრდილებში ჩაიკარგნენ.

უილსონმა ზუსტად ამოხსნა სცენაზე მისი გმირების „უცნაური მეტყველების“ ფორმულა –

„თუ ყველაფერს შეანელებ, შეამჩნევ ისეთ რაღაცებს, რაც აქამდე არ გინახავს“.

ასე დაანახა მანამდე დაუნახავი ადამიანებს, რომლებიც, მგონი, რომ არც უყვარდა. მათაც, თითქოს, სიტყვებად აღიქვამდა და უფრთხოდა.

შობა-ახალ წელსაც კი გარბოდა მათგან.

წერდა კიდეც –

„მეკითხებიან – მართლა გინდა შობა-ახალი წელი მარტომ გაატარო? და მეც ვპასუხობ – „დიახ“.

დიახ, მარტო გრძნობდა თავს ყველაზე კარგად –

სრულ სიჩუმეში.

უსიტყვოდ.

ზედმეტი კითხვებისა და ხმების გარეშე.

ბავშვობიდან დასჩემდა მარტოობა.

იხსენებდა კიდეც ერთ-ერთ ინტერვიუში მომაკვდავ დედასთან თავის უკანასკნელ საუბარს –

„დედა დაახლოებით 57 წლისა იყო, რომ გარდაიცვალა; სიკვდილის წინ მითხრა – „ამ სამყაროში კარგად გაართმევ ყველაფერს თავს“. ვკითხე, რატომ-მეთქი. მიპასუხა: „იმიტომ, რომ იცი, როგორ იყო მარტო“.

იცოდა!

მარტოობაც იცოდა და ისიც ისწავლა, ხალხმრავალ თეატრს როგორ გასძღოლოდა. როგორ აეღო პასუხისმგებლობა უამრავ ადამიანზე;

როგორ ეპატრონა თავისი დასის წევრებზე – ყრუ ამერიკელ მოზარდზე – რაიმონდ ენდრიუსსა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ქრისტოფერ ნოულსიზე, რომლებიც იშვილა კიდეც რობერტ უილსონმა – მარტოხელობისთვისა და მარტოობისთვის დაბადებულმა ტეხასელმა ბიჭმა.

ასე მარტოხელობაც დაასრულა და თავის ბავშვობასაც „მიუბრუნდა“ რაღაც ფორმით; პატივი მიაგო თითქოს. საკუთარი ბავშვობაც „გადაირჩინა“  და ორი მიუსაფარი ბიჭიც – ორი ალტერ ეგოც იხსნა. 

უილსონის დასი ისედაც ცნობილი იყო არაორდინალური ადამიანებითა და არაორდინალური განწყობებით. იქ ყველა ადამიანური ნორმა მარცხდებოდა და სულის სიყრუეც სრულდებოდა.  

უილსონს არასდროს მოსწონდა არაფერი ნორმალური და „ნორმაში მომწყვდეული“.

ადამიანი, მისი თვალსაწიერიდან, სულაც არ იყო დაბადებული ნორმებისა და ნორმალურობისთვის.

ერთიცაა, უილსონი თეატრშიც არქიტექტორად დარჩა…

ააგო და ააშენა უცნაური სცენა უცნაური ადამიანებით.

ახალი გემოვნება შემოიტანა – სხვა სცენოგრაფია, სხვა დიზაინი, სხვა სინათლე, სხვა მეტყველება, სხვა მოძრაობა და თავადაც „სხვად“ ჩაექსოვა ამ ყველაფერში.

უილსონის გმირიც მუდამ უჩარჩოო იყო.

ადამიანთა რეალურ ისტორიებსაც ყოველთვის ცვლიდა – არარეალურს ხდიდა. ახალ ბიოგრაფიებს თხზავდა; თხზავდა, რადგან ყოველი ამბავი ეხსნა ჩარჩოებისგან. სიმახინჯისგან. მოძრაობით, ფერითა და გაწელილი ბგერებით ფუთავდა მათ. გვანახებდა, რამდენად სხვაგვარია სამყარო, თუ მზეს სხვა ფერით აღვიქვამთ; თუ გავაჭახჭახებთ გარემოს, ყველა სიმახინჯე უხილავი გახდება. ხილულობა ადამიანს აბოროტებს. მკვლელს, ნაძირალას, ბოროტს აღვიძებს მასში.

ამიტომ „ანათებდა“ (ალბათ) ასე მწველად სცენას რობერტ უილსონი, რომელიც ბავშვობაში ტეხასის წითელი ცისგან და მტვრიანი, უმზეო ქარებისგანაც იტანჯებოდა.

ამიტომაც გასძახოდა იქაურობას თავგანწირვით –

„ხელები ზევით“!

ტეხასი რის ტეხასი იყო, ასე მარტივად დაეთმო და ასე იოლად აეწია ხელები მაღლა!

„ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“

„ყოველი წუთი გზაა

თავისდაგვარი.

ამ გზაზე ბევრი თანამგზავრი უცდის მომავალს“.

(გალაკტიონი, „გზაზე“)

არც ბობს „დაუთმო“ ტეხასმა.

დიდხანს არ „გაუშვა“ ხელი.

იურისტი მამის „ხათრით“ ბიზნესადმინისტრირების სწავლაც იქვე დაიწყო.

ცდილობდა, მორგებოდა ცხოვრებას. ტეხასს.

არადა, ვერ ეტეოდა გარსში.

წვალობდა.

მერე გარისკა. მიატოვა სწავლა. ავტობუსში ჩაჯდა და  ნიუ-იორკში წავიდა არქიტექტურის შესასწავლად.

1962 წელი იდგა.

ეს უკვე გზა იყო მიზნამდე, ოღონდ მაშინ არც ის იცოდა, რაში და სად იყო ეს მიზანი. რა უნდოდა.

დიდხანს არ იცოდა.

დიდხანს ეძება.

ამ ძებნაში „აღმოაჩინა“ ექსპერიმენტული ცეკვაც –

არანაირი სიტყვა!

არანაირი ხმა!

არანაირი შიში!

მხოლოდ მოძრაობა!

ქაოსი!

სიგიჟე – ცეკვის სახელით.

ასე გადაეკვეთა დიდებულ ამერიკელ ქორეოგრაფს – მარტა გრეჰემს, რომელმაც ის თქვა, რისი მოსმენაც ასე სჭირდებოდა ახალგაზრდა ბობ უილსონს –

„არავის ადარდებს ის, რომ შენ ცეკვა არ შეგიძლია. უბრალოდ, ადექი და იცეკვე. დიდებული მოცეკვავეები არ გამხდარან დიდებულები თავიანთი ტექნიკის წყალობით; ისინი დიდებულებად საკუთარმა ემოციებმა აქცია“.

ემოცია უზღვავი ჰქონდა დაბადებიდან უილსონს და მიხვდა, რომ სადღაც ახლოს იყო; ახლოს მიზანთან. თუმცა, მარტასთან აღიარა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა სურდა ცხოვრებაში.

გრეჰემი მიხვდა, რომ მის წინ დაბნეული ქარიშხალი იდგა; ქარიშხალი, შინაურულად ბობს რომ ეძახდნენ და იმედი მისცა; იმედი იმისა, რომ სადღაც სულ ახლოს იყო ის გზა, რომელსაც დაბადებიდან ეძებდა უილსონი.

თუმცა ამ გზამდე კიდევ ერთი უკანდასახევი აღმართიც აღიმართა – ისევ დაბრუნდა, მამის დაჟინებული თხოვნით, ტეხასში, სადაც ცეკვაც სძულდათ და მარტა გრეჰემის გაგონებაც კი არავის სურდა. ბობის ექსპერიმენტული ცეკვით გატაცების იდეა, უბრალოდ, სახიფათო იყო; სახიფათო და – ზეამორალური.

რობერტ უილსონი მაშინ დარწმუნდა, რომ ეს გზა მისი არ იყო!

არ იყო, მაგრამ ვერც გაბრძოლება შეძლო!

უსუსურობისა და ჩიხში მომწყვდევის გაუსაძლისი შიშისაგან თვითმკვლელობა სცადა.

ფსიქიატრიული საავადმყოფოს გადალესილსა და ერთფეროვან კედლებში გამოჩნდა სწორედ ახალი გზა – ფსიქიატრებმა „იპოვეს“ გასაღები – სამუდამოდ წასვლა (თუნდაც, გაქცევა) ტეხასიდან!

საავადმყოფოდან გაწერის დღეს შინ აღარ დაბრუნებულა ბობ უილსონი; ექიმთა რჩევას მიჰყვა და იმ დროს ამერიკაში ასე პოპულარული Greyhound-ის ფირმის ორსართულიან ავტობუსში ავიდა პირდაპირ.

ეს იყო ხანგრძლივი (და სამუდამო) მოგზაურობა ნიუ-იორკში; ქალაქში, სადაც ახალი ბობ უილსონი დაიბადა; დაიბადა თეატრისთვის! ცეკვისთვის! გაწელილი, დროში „ჩაკარგული“ თავისებური, ჟღერადი მეტყველებისთვის! შუქ-ჩრდილებისა და მზის უცნაური, მონაცრისფრო დისკის დაბადებისთვის!

დაიბადა, რომ ხელახლა აღმოეჩინა თეატრი საკუთარი თავისთვის და საკუთარი თავი – თეატრისთვის.

მაყურებელი მეორეხარისხოვანი იყო.

ამტკიცებდა კიდეც, „მიეცით მაყურებელს საშუალება, თავგზა აერიოს! ეს ნორმალურია“!

თავგზაარეული ადამიანებისთვის არასდროს ყოფილა უილსონის თეატრი მარტივად „ხელმისაწვდომი“.

ადვილად გასაძლები!

არაერთხელ უთამაშიათ მისი დასის წერებს რამდენიმე მაყურებლისთვის, ან, სულაც ერთი ადამიანისთვის, ან მხოლოდ თეატრისთვის – ცარიელ დარბაზში.

რეჟისორი დაჟინებით იმეორებდა მუდამ – „ჩვენ ვაგრძელებთ წარმოდგენას!“

იქნებ, სპეციალურად მიჰყავდა უილსონს ადამიანი იქამდე, რომ მისი სპექტაკლისთვის ვერ გაეძლო;

იქნებ, მიზანიც ეს იყო – ან იმ ერთისთვის ეთამაშათ, ან – მხოლოდ თეატრისთვის.

გასაძლები ნამდვილად იყო –

„აინშტაინი სანაპიროზე“ 5 საათს გრძელდებოდა;

„იოსებ სტალინის ცხოვრება და ეპოქა“ – 12 საათი (საღამოს 7 საათიდან დილის 7 საათამდე);

ირანში, მთის მწვერვალზე განხორციელებული პროექტი 7 დღე მიმდინარეობდა.

ხალხი მიდიოდა და მოდიოდა.

სცენიდან ახალი აინშტაინი იბადებოდა – თავისი თეორიებივით შეშლილი და არაორდინალური;

სტალინი აუტანლად ჩუმი იყო და მძიმე, გაუსაძლისი; ტკივილამდე დაუნდობელ 12 საათში იშვიათად თუ რჩებოდა ვინმე „ცოცხალი“ დარბაზში… ამ 12 საათში „გადარჩენილები“ ორგანულად ერწყმებოდნენ სტალინის ეპოქას; ტანზე სალტესავით ეკვრებოდათ ის დროცა და – თავად ჯუღაშვილიც.

2011 წელს მანჩესტერში, ფესტივალზე, ახალი ამბავი დაწერა ოპერით – „ცხოვრება და სიკვდილი მარინა აბრამოვიჩისა“…

არტისტი – შავ გრძელ კაბაში – თავადაც გამოდიოდა სცენაზე.

ყვიროდა.

ყვიროდა მანამ, სანამ არ „კვდებოდა“.

მისი „ტყუილი“ ბიოგრაფიიდან „ნამდვილი“ მარინა აბრამოვიჩი იბადებოდა.

თითქოს ამ ხრიალით სიკვდილს აფრთხობდა ქალიცა და – უილსონიც.

სამ ქალაქში ანაწილებდნენ „გარდაცვლილის“ უნაკლო სხეულს.

სამ სხვადასხვა ქალაქში, რათა არავის სცოდნოდა, სად იკრძალებოდა „ნამდვილი“ მარინა აბრამოვიჩი…

თავად არასდროს მოინდომებდა, მგონი, გენიალური რობერტ უილსონი „სამად დაყოფას“;

მისი ადგილი ნიუ-იორკში იყო მუდამ; იქ „შვა“ თავისი თავი.

იქ „დაბადა“.

ნიუ-იორკი მისი კათარსისის ადგილადაც იქცა.

ხმაურსა და გაუსაძლის სიჩქარეში განიწმინდა.

არც მარინა აბრამოვიჩივით „უხმაურია“ არასდროს და ასე „მშვიდადაც“ წავიდა…

თითქოს მაშინდელივით, ტეხასს რომ ემშვიდობებოდა ფსიქიატრიულიდან ახალგამოწერილი, ისევ  Greyhound-ის ფირმის ორსართულიან ავტობუსში ჩაჯდა და წავიდა;

წავიდა, რომ სიკვდილი არ დაჰგვიანებოდა (ესეც დიდი ნიჭია! დროულად და ზუსტ დროს მოკვდე!).

უცნაური აუღელვებლობითა და სიმშვიდით „დატოვა“ თავისი თეატრიც – დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ამაღელვებელი სცენა და ის განცდა, რომელიც მხოლოდ რობერტ უილსონს მოჰყვებოდა; მოჰყვებოდა და  მასთან ერთადვე დატოვა თეატრი 2025 წლის 31 ივლისს!

იმ დღეს „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდებოდა“ და დროის ათვლაც ჯიუტად იყო ჩართული!

სამყაროსაც შესძახეს, ალბათ, იმ დღეს –

„ხელები ზევით!“

რობერტ უილსონის შავ-თეთრი სიზმრები გვიბრუნდება!“

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…