როსტომ ჩხეიძის სტატია

მინავლებული ცეცხლის მიღმიდან

, , ,

(ქართლი ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის კვალზე)

არ ეცოდინებოდა ქართლი ნიკუშა ჩაჩანიძეს, ერთ-ერთ მთავარ გმირს „ბორიაყისა“, და ხალხური სიმღერების ჩაწერას რომ მოინდომებდა საბედისწერო ჟამს – 1924 წლის ივლის-აგვისტოში, თავის მასწავლებელს სთხოვდა მონიშვნას იმ ადგილებისა, იმ კარმიდამოებისა და მასპინძლებისა, ვისაც შეიძლებოდა, სწვეოდა დახმარებისათვის.

არ ეცოდინებოდა ქართლი გიორგი შენგელაიას და „ბორიაყის“ გადაღებას რომ მოინდომებდა, ერლომ ახვლედიანს ჰკითხავდა:

ხომ დამაყენებ გზაზეო?!.

მხრებს აიწურავდა ერლომი მორიდებით:

თუ გამოგყვები, თორემ გზაზე როგორ დაგაყენებ, არც მე ვიცი ქართლიო.

და ოთარ ჩხეიძეს მოაკითხავდნენ:

თქვენი შეწუხება არ გვინდოდა, მაგრამ ეგებ გვიშველოთ იმ ადგილების მონიშვნა, სადაც შეიძლება „ბორიაყის“ გადაღებაო.

„რაღა გიორგი და რაღა ერლომიო“ გაიფიქრებდა მასპინძელი, „ქართულმა კინოსტუდიამ არ იცის ქართლი ერთი-ორი შემთხვევის გარდა, რა ვუყოთ მერე, ვერც კინოსტუდია ვერ წაუვა ქართლსა – ქართლი ქართლია და საქართველოაო“.

1982 წლის 7 ნოემბერს შედგებოდა ეს მოგზაურობა, ოთარ ჩხეიძე ჯემალ ინჯიასა და ზაურ წაქაძესაც რომ დაიმგზავრებდა.

მეჯვრისხევში გაუწვიმდებოდათ, არცევშიც იწვიმებდა, იკორთას რომ შეუყვებოდნენ, სულაც თოვა დაიწყებოდა და ფიატს გაუჭირდებოდა, აცურდებოდა და… იძულებულნი გახდებოდნენ, გამობრუნებულიყვნენ.

ადგილების ძებნას კვლავ გააგრძელებდნენ და… აღმოხდებოდა ოთარ ჩხეიძეს:

სანთლით საძებარიაო!..

ყველაფერი დაენგრიათ, ყველაფერი მოეშალათ და… ის ქართლი აღარ დახვდებოდა… და რასაც შეჰყურებდნენ, ის რა გახლდათ, ღმერთმა თუ უწყოდა!..

მხოლოდღა ნაშთი დიდებულებისა…

მის თვალწინ დანგრეულიყო, მის თვალწინ დამსხვრეულიყო, ოღონდ ეგონებოდა, მაინც სადღაც რაღაც გადარჩებოდაო…

გაგიგონია!..

რაღაც კუნჭულებს მაინც იპოვიდნენ.

და იმედი გაუცხოველდებოდათ:

აქეთ-იქითაც გავალთ, მცხეთიდან ბორჯომამდე გადავჩხრეკთ კედელ-კუთხეს, სადმე ვიპოვით, ვიპოვით შიდა ქართლს, სულ როგორ წაიშლებოდაო.

იკორთას კი ათოვდა და მოწამეთა სავანე ალანძულიყო, და მანქანა რომ აცურდებოდა, ოთარ ჩხეიძეს მოეჩვენებოდა:

ცურავს ყველა და ყველაფერიო!..

გამოიძებნებოდა, მაინც გამოიძებნებოდა ნამსხვრევები და ნასახლარებიდან, თითქმის დანგრეულიდან მოხერხდებოდა ზოგიერთი შენობის აღდგენა, მუხრან-ბატონის სასახლე იქნებოდა თუ ნიკო ბურისა, წინამძღვრიშვილთა ნაფუძარი თუ იროდიონ სონღულაშვილის სახლი, ეს უკვე სოფელ დიღომში… და მშობლიურ კახეთს ვერ გამოტოვებდა რეჟისორი, ფილმში ქართლად რომ გასაღდებოდა: ჯორჯაძეების სახლი.

„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის“ გამოჩენის შემდეგ ეკრანებზე, არაერთი ხელოვნებათმცოდნე გაოცდებოდა ამ არქიტექტორულ იშვიათობათა ხილვით და ვინ აღარ მიადგებოდა გიორგი შენგელაიას ამ შეკითხვით:

– სად იპოვეთ?.. როგორ მიაგენით?..

თავს გამოიდებდა რეჟისორი, ამაყად მიმოატარებდა ხელს:

– ქართლი უნდა იცოდეთ!..

გეცოდინებოდა ეს მხარე და… არქიტექტორული იშვიათობანი თვითონვე ჩამოგიმწკრივდებოდნენ თვალწინ.

გადაღებებისას გორშიც იცხოვრებდნენ ერთხანს მსახიობები, გია ფერაძე რომ ვერა და ვერ შეელეოდა ლეკო თათაშელის სამოსსა და ნიღაბს და ქალაქის ქუჩებშიც ასე ივლიდა, ლაღად და დარდიმანდულად, გია პაპუაშვილი (რა ნაადრევად უნდა გამოგვცლოდა ეს კოლორიტული, ლიტერატურაზე შეყვარებული კაცი) რომ გადააწყდებოდა შემთხვევით და მიაჩერდებოდა გაოგნებული, იქიდან კი პირდაპირ გაიქცეოდა პაატა ჩხეიძესთან:

– ლეკო თათაშელი ვნახე ქუჩაში, არ მომჩვენებია, ნამდვილად ლეკო იყო!..

კინოფილმის გადაღებისა არაფერი იცოდა და გაოცდებოდა, აბა რა იქნებოდა, რომანიდან რომ გამოეცხადებოდა პერსონაჟი.

ლეკო ლეკოდ, ქართლი ქართლად და:

გორი რომ არასოდეს მოხვედრილა კინოფილმის სიუჟეტში!..

ქუთაისი მოხვედრილა და არაერთხელაც, ბათუმიც, ქობულეთიც, ფოთიც, სოხუმიც, ზუგდიდიც, ახალციხეც, ჭიათურაც, ზესტაფონიც, თელავიც, სიღნაღიც…

გორი – არა; თითქოს რეჟისორებს პირი შეეკრათ თუ, სულაც, ხატზე დაეფიცათ…

არადა „კვერნაქი“ – ისევე როგორც ოთარ ჩხეიძის სხვა რომანები – თვითვე ითხოვდა კინოვერსიას, როგორც გამზადებული სცენარი.

ეს ისე, სხვათა შორის…

გიორგი შენგელაია ერთხანს „ცხრაწყაროს“ გადაღებასაც ფიქრობდა, ბორჯომი რომ შემოვიდოდა ფონად, და, ალბათ, კიდეც გადაიღებდა, ასე რიგად რომ არ დახლართულიყო „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის“ ბედი.

თავიდან კარგად აეწყობოდა საქმე და გერმანიაში გამართულ კინოფესტივალზე ვერცხლის დათვით – უმაღლესი ჯილდოთი  დააჯილდოებდნენ.

მართალია, ბოლომდე ვერ გაუხსნიდნენ ფილმის მხატვრულ-იდეურ მრწამსსა და მიზანდასახულებას, ვერ გაუმჟღავნებდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის არსებობის პირობებში, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ 1924 წლის აჯანყებას რომ გამოხატავდა რუსული ოკუპაცია-ძალმომრეობის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც იგრძნობდნენ, მაინც მიუხვდებოდნენ კინოკრიტიკოსები და ამიტომაც გამოეხმაურებოდა გერმანული პრესა მხურვალედ.

და ეიმედებოდა და სიხარულითაც ამცნობდა გიორგი შენგელაია ოთარ ჩხეიძეს:

ყველგან წავა ეს ფილმი – საფრანგეთშიც, ინგლისშიც, ამერიკაშიცო…

ერთი გამოხმაურება ხელთაც ექნებოდა და გაუწვდიდა მწერალს, რომელიც იქვე ჩაავლებდა თვალს.

„თუ ყველას მოსპობთ, ვიღაზე გინდათ რო იბატონოთ?.. – ეკითხება ერთი ქართველი რუს ოფიცერს“ – ასე იწყებოდა რეცენზია, მერე კინოსურათის შინაარსი მოთხრობილიყო, ბოლოს კი დასკვნა:

– გიორგი შენგელაიამ, ვინც ჩვენში უპირველესად ფილმით „ფიროსმანი“ გახდა ცნობილი, სევდისა და იმედის ეს ამბავი ჩუმად და ძალდაუტანებლად დადგა, მკაცრი ადამიანებისა და მკაცრი ბუნების მძიმე სურათები დაგვიხატა, იმ ადამიანებისა, რომელნიც სიამაყესა და თავდაჯერებას აჰფარებიან და თავიანთი გრძნობები სააშკარაოზე არ გამოაქვთ. და მაინც, ამ თავშეკავების მიღმა იგრძნობა მინავლებული ცეცხლი, ქართველთა თვითშეგნება და მათი დაუოკებელი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.

მიუხედავად უმძიმესი ცენზორული პირობებისა, მაინც შეძლებდა გიორგი შენგელაია „ბორიაყის“ კონცეფციის გადატანას კინოეკრანზე იმდენად, რომ ამოცნობა შესაძლებელი გახლდათ.

დახლართვით კი დაიხლართებოდა ფილმის ბედი სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოიპოვებს იმ მსოფლიო სახელს, რასაც გასინჯვისას უწინასწარმეტყველებდა რევაზ თაბუკაშვილი, ჩამთავრებისთანავე რომ მოუბრუნდებოდა ოთარ ჩხეიძეს წინა რიგიდან:

– ეს ის იშვიათი შემთხვევაა, იშვიათზეც იშვიათი, როდესაც ფილმმა არ გააფუჭა რომანი… გიორგისა ყოველთვისაც მჯეროდა და კიდეც მიმართლებდა, მაგრამ ახლა ვშიშობდი, „ბორიაყი“ ძალიან მომწონს და ვაი თუ წაახდინოს-მეთქი… კარგია, ძალიან კარგია!..

– ასეთი სიამოვნება დიდი ხანია არ მიმიღია, – იტყოდა მედეა ჯაფარიძე.

და ლაშა თაბუკაშვილი კი, აღელვებული, ასე გამოხატავდა თავის შთაბეჭდილებას:

– ბატონო ოთარ, თუ შეიძლება, მოგეხვევით!..

და გიორგი რომ მოგვიახლოვდებოდა, ბატონი რევაზი ამ სიტყვებით შეეგებებოდა:

– მსოფლიოს მოივლის წარმატებით!..

სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავსო, – აკი ეს შეგონებაც შემოგვრჩენია ილიასაგან.

Rostom Chkheidze From the Edge of the passing Fire (Kartli on the Trail of a Young Composer’s Journey)

The author recalls the history of the creation of Giorgi Shengelaia’s film  “The Journey of a Young Composer”; the tandem of director and writer Otar Chkheidze and the specific difficulties of the screen adaptation of the novel “Boriaki”. He also adds that despite the most difficult censorship conditions, Giorgi Shengelaia still managed to transfer the concept of “Boriaki” to the cinema screen and made it possible to identify subtexts.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…