ლელა წიფურიას რეცენზია

დახავსებული მოჩვენებების სამყაროში

, , ,

„ყოველთვის სიმართლის გვეშინია“ – ამ სიტყვებს პასტორი მანდერსი ამბობს, ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებების“ გმირი. გენიალური ნორვეგიელი დრამატურგი იბსენი ფიქრობდა, რომ სამყაროს კანონი ასეთია: „თუ ადამიანი არ ისჯება სიცოცხლეშივე, მის ცოდვებზე  შთამომავლები აგებენ პასუხს.“  დაფარული სიმართლე, ნახევრად სიმართლე, ან, თუნდაც, ტოტალური  ტყუილისა და ყალბი ღირებულებების თაყვანისცემა ის ტრაგიკული რეალობაა, რომელიც სამყაროს ბინადართ მოჩვენებებად აქცევს. სიმართლის გამჟღავნება კი ის ერთადერთი გამოსავალია, რომელიც ხშირად დაგვიანებულია და შედეგებიც ტრაგიკული – პასუხისგება უწევთ შთამომავლობასა და ყველა იმ პირს, ვინც ტყუილი დამალა. სასჯელი გარდაუვალია და ის აუცილებლად დაეწევა ყველას; ასეთია მორალი პიესისა, რომელიც 1881 წელს დაწერა „მოდერნიზმის მამად“ წოდებულმა იბსენმა. თუმცა გამარჯვებული მაინც ყოველგვარ მორალს მოკლებული დურგალი ენგსტრანდია, რომელიც მეზღვაურების თავშესაფრის აშენებას აპირებს. ტყუილის მხილებისა და სამაგალითოდ მიჩნეული ალვინგების განადგურების  შემდეგ საზოგადოების პერსპექტივა მეზღვაურების თავშესაფარია. ამგვარი ბუნაგის ფუნქცია კი ყველასთვის ცნობილია და ტოტალური ტყუილის ჩანაცვლება მსგავსი დაწესებულებით კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოებაა, რომელიც ისევ და ისევ სიცრუის პირმშოდ შეიძლება მოვიაზროთ.

ცხრა წლის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა თეატრში  სამჯერ დაიდგა იბსენის „მოჩვენებები“.

ჩემი თაობის მაყურებელს კარგად ახსოვს თემურ ჩხეიძის დადგმული „მოჩვენებანი“ მარჯანიშვილის თეატრში – 1976 წელს. ჭეშმარიტი ვარსკვლავების მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი როლები ისტორიად იქცა. ცხადია, საბჭოთა კოლონიურ რესპუბლიკაში იბსენის პიესის პრობლემატიკა აქტუალური გახლდათ. დღევანდელი სამი თეატრის ახალგაზრდა ოსვალდები კი თითქოს მეოცე საუკუნიდან გადმოყოლილი პრობლემების ის მემკვიდრეები არიან, რომლებიც მამების ცოდვებზე აგებენ პასუხს. ოცდამეერთე საუკუნის პარადიგმა ასეთია.

იოანე (ვანო) ხუციშვილმა კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ პირველ წარმოდგენად სწორედ იბსენის „მოჩვენებები“ შესთავაზა მაყურებელს. 

დარბაზის შემოსასვლელი კარიდან სცენამდე, მთელ სიგრძეზე, ბილიკია. ამ ბილიკით სპექტაკლის მოქმედი პირები შემოდიან და პირდაპირ სცენაზე ხვდებიან. ეს გზა წარმოდგენის გმირებს და დარბაზს ერთ მთლიანობად აქცევს და თითქოს ერთ ქვაბში ხარშავს ცოდვილთა კრებას.  სცენაზე კი მეწამული კიდეებით დამშვენებული  მრავალი კარი, მეწამული ფერის  სკამები  და შემინული სივრცეა, რომელიც იმავე ფერის მძიმე ფარდით არის დაფარული. ამდენი კარის ფონზე თითქოს გასავლელი არსადაა – სასცენო სივრცის დახშულობას  თავს ვერავინ აღწევს. მეწამული, შინდისფერი, ბორდო, ღვინისფერი, მუქი წითელი… ყველა ფერს კი ერთად კრავს ფინალი – მეწამული ხავერდის მოსაცმლით მოსილი ფრუ ალვინგი (ნინო ბურდული) აჩენს ხანძარს, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლის მეტაფორაა.  გამოსავალი აღარსადაა…

მხატვარ თეო კუხიანიძის შექმნილი გარემო ასეთია – გემოვნებიანი და ამავე დროს მძიმე და კუთხოვანი დეტალებით შექმნილი.

პერსონაჟი ქალების სამოსში  დომინირებს ხავერდი და მძიმე ქსოვილით დრაპირებული კოსტიუმები. ოსვალდ ალვინგის  (გიორგი ყიფშიძე) გრძელი ხიფთანი (რომელიც ბერის სამოსსაც გვაგონებს) და ფარფლებიანი შავი ქუდი კი მთავარი გმირის, უფრო ზუსტად, მთავარი მსხვერპლის არშემდგარი სულიერი განწმენდისა და გარდაუვალი დაღუპვის სიმბოლოა.

ჰენრიკ იბსენის პიესის დადგმისას რეჟისორები აქცენტს მსახიობთა შესრულებაზე აკეთებენ. ეს სრულიად ლოგიკურია; სრულყოფილი დრამატურგიული სახეები ყოველთვის პრიორიტეტულია იბსენის განხორციელებისას.

ის, რომ სპექტაკლის მთავარი გმირების შემსრულებლები ქართული თეატრის ნამდვილი ვარსკვლავები არიან, წარმოდგენას კიდევ უფრო ღირებულს ხდის. ნინო ბურდული და გოგა პიპინაშვილი, რა თქმა უნდა, უდავოდ მიეკუთვნებიან თანამედროვე ქართული სცენის ნიჭიერ და მოაზროვნე  არტისტთა რიცხვს. აქტიორული დუეტი, რომელსაც ისინი სპექტაკლში ქმნიან, განსაკუთრებული ოსტატობით გამოირჩევა.

გოგა პიპინაშვილის პასტორი თანაგრძნობისა და თავშეკავების ზღვარზე გადის. ენგსტრანდის შანტაჟის შედეგად თავადაც მსხვერპლად გადაიქცევა.

ფრუ ალვინგი ნამდვილად საოცნებო როლია მსახიობი ქალებისთვის. ვერიკო ანჯაფარიძის შემდეგ ამ როლის თამაში სცენაზე, დამეთანხმებით, დიდ გამბედაობასაც მოითხოვს. ნინო ბურდული კინომსახიობთა თეატრში გამოირჩევა შესრულების ინტელიგენტური მანერით.  არისტოკრატი, გავლენიანი  ქალბატონი თანდათან ისტერიულ ზღვრამდე მიდის. ყველაფერს ცეცხლი შთანთქავს. ხმოვანი ჯერი,  რომელიც სპექტაკლში ჟღერს, ამძაფრებს ეპიზოდის ტრაგიზმს (მუსიკალური გაფორმების ავტორები – ანი მურღულია და გიორგი ჯიქია).  მეწამული ფერის ხანძარი თითქოს სისხლისფერია…

პერიოდულად ხდება ოსვალდის (გიორგი ყიფშიძე), მთავარი გმირისა და მთავარი  მსხვერპლის უცნაური ტრანსფორმაციები – ოსვალდი ხან გრძელ თეთრ საქორწინო კაბაში და ბუს ნიღბით გამოდის სცენაზე და ხანაც გრძელი, კათოლიკე მღვდლის  სამოსს მიმსგავსებული ხიფთანით. როცა ოსვალდისთვის უკვე ცნობილი ხდება, რომ რეგინა (ქეთა შათირიშვილი) მისი დაა და მათი სიყვარული  ინცესტი იქნება, რეალურად  თავად დგება დიდი ცოდვის ჩადენის საშიშროების წინაშე. გიორგი ყიფშიძეს პასტორის მოტანილი რკინის ჯვრები უპყრია ხელთ. თითქოს რკინის ჯვრებით ცდილობს თავის დაცვას თუ ცოდვის აცდენას. რკინის ჯვრები და რელიგიური დოქტრინები, ფაქტობრივად, იმ წინაღობად იქცევა, რომლის იქითაც ვეღარ ვრცელდება მისი ვნება და მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან  დამფრთხალი და დაბნეული ოსვალდი დედას სთხოვს, რომ მოკლას.

სპექტაკლში მართლაც მოჩვენებასავით დადის მზია არაბულის მოსამსახურე. ხანგამოშვებით, მორიგეობით ხსნის და ცვლის ფარდებს – მეწამულსა და შავს.  ეს პერსონაჟი – ანა-მარია – რეჟისორის შეთხზულია და საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს წარმოდგენაში. მსახიობი სულ რამდენიმე ფრაზას ამბობს, მაგრამ მისი ქმედება, მკაცრი გამომეტყველება, მცდელობა, რაღაც დამალოს, ჩამოაფაროს, იმის მინიშნებაა, რომ მშვენივრად იცის ალვინგების ცოდვები და მუდმივად მათ მიჩქმალვას ცდილობს.

გია როინიშვილი (დურგალი ენგსტრანდი) და ქეთა შათირიშვილი (რეგინა ენგსტრანდი) წაკინკლავებულ-დაპირისპირებული მამა-შვილია. გია როინიშვილის პერსონაჟი გამორჩენისთვის იბრძვის; კმაყოფილია და გამარჯვებულია – ალვინგების ოჯახის ნგრევის პარალელურად. ცდილობს, დაიყოლიოს რეგინა მეზღვაურების თავშესაფარში მუშაობაზე; ამ გზით „შვილითაც“ ხელს მოითბობს.

გია როინიშვილს სასტიკი და ფლიდი ღიმილი დასთამაშებს სახეზე პასტორ მანდერსთან საუბრისას; ფაქტობრივად, აშანტაჟებს, რომ გაამჟღავნებს თავშესაფრისთვის ცეცხლის წაკიდების ამბავს. კმაყოფილი და ბედნიერია, როცა ბუნაგის დაფინანსებაზე თანხმობას იღებს…

რეგინა (ქეთა შათირიშვილი), რომელსაც, ერთი მხრივ, კამერჰერ ალვინგის გენეტიკა და, მეორე  მხრივ, ენგსტანდის აღზრდა აქვს მიღებული, თითქოს თავიდან ოსვალდთან რომანს ანგარებისთვისაც აბამს. „მამასთან“ ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბული და არაერთგვაროვანი ხდება მას მერე, რაც იგებს, რომ თავადაც ალვინგია.

წარმოდგენაში ნაჩვენებ სასტიკ რეალობას იბსენის სიტყვებით დავასრულებ: „ჩვენ, ყველანი, მოჩვენებანი ვართ. ჩვენში თავს იჩენს არა მხოლოდ ის, რაც მემკვიდრეობით გადმოგვეცა მშობლებისგან. არსებობს ძველი, დრომოჭმული ცნებები, მკვდარი რწმენები. ისინიც მტკიცედ გამჯდარა ჩვენში და უძლურნი ვართ, გადავაგდოთ დახავსებული მოჩვენებები.  მხდალები და უბადრუკები ვართ. სინათლის გვეშინია“.

Lela Tsiphuria – In the world of decrepit ghosts

The review concerns one of the last premieres of Mikheil Tumanishvili’s Theater – Ibsen’s “Ghosts”, staged by the theater’s artistic director Ioane (Vano) Khutsishvili. The author draws attention to both the director’s interpretation and the professional skill of the actors; She also notes that there is a path from the entrance door to the stage, along the entire length. The actors of the play enter along this path and meet directly on the stage. This path turns the heroes of the performance and the hall into a single whole and, as it were, boils the congregation of sinners in one pot.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…