ვალერი ოთხოზორიას სტატია

Liberté „შიმშილის“  საპირწონედ…

, , ,

Liberté, Egalité, Fraternité…
თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა…
ფრანგული რევოლუციის დევიზი
(სახლში მაქვს პარიზში ნაყიდი სასუვენირე პრეზერვატივი, რომელსაც ფრანგული დროშის ფერებში  სწორედ ეს დევიზი აწერია; ცხადია, ფრანგულად.)

დათა თავაძის სპექტაკლი Liberté, რომელიც მისსავე სამეფო უბნის თეატრში დაიდგა და სულ ოთხი მსახიობი თამაშობს – მაგდა ლებანიძე, ნატუკა კახიძე, სანდრო სამხარაძე და გაგა შიშინაშვილი, შესანიშნავი ნამუშევარია მრავალი თვალსაზრისით. ესაა გამორჩეული ქმნილება თავად სამეფო უბნის თეატრის მთელს რეპერტუარში და მის საუკეთესო სპექტაკლებს შორის – „ტროელი ქალები“, „პრომეთე“ და სხვა – საპატიო ადგილს იკავებს.

ისევე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ შექმნილი „შიმშილი“, Liberté-ც სოციალური, პოლიტიკური და კულტურული მანიფესტია, საპროტესტო სპექტაკლია, მაგრამ „შიმშილისაგან“ განსხვავებით, სიღრმე და ძალა აქვს; თუმცა, „შიმშილიც“, უნდა ითქვას, კარგი სპექტაკლი გამოვიდა, როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე შინაარსის მხრივაც: იდეა, სათქმელი და სათქმელის კონსტრუირება.

ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ Liberté-ს განხილვა „შიმშილის“ გარეშე არ იქნება სრულფასოვანი; ეს ორი სპექტაკლი შეგვიძლია დავინახოთ, როგორც ორი ნაბიჯი: პირველი – „შიმშილი“, რომელიც სრულ დანაკლისზე აქცენტირებს და მეორე – Liberté, რომელიც სრულ სიჭარბეს აფრქვევს. და მაინც, რომელ დანაკლისსა და რომელ სიჭარბეს ეხება საქმე ამ ორ სპექტაკლთან მიმართებით?

როგორც თავად სახელწოდება „შიმშილი“ ამბობს, საქმე ეხება შიმშილს, პირველ რიგში ფიზიკურსა და ამავე დროს, მორალურ შიმშილს, რადგან როცა საზოგადოების ერთ ნაწილს პირდაპირი გაგებით შია და მშიერი კუჭით ცხოვრობს (რამდენადაც შეიძლება ამ პროცესს „ცხოვრება“ დაერქვას), საზოგადოების მეორე ნაწილი და, ცხადია, უმცირესობა საკვების სიჭარბეში და აქედან გამომდინარე, უზნეობაში იხრჩობა. იდეოლოგია და ბაზარი უზნეო უმცირესობის მხარეზეა; როგორც მოლიერი იტყოდა – „ძალაუფლება წვერის მხარეზეა“ და რადიოსა და სარეკლამო ბანერებზე გამოფენილია ნაირ-ნაირი მადის აღმძვრელი, ცხიმით გაჯერებული კერძები; არ წყდება რეკლამა რესტორნებისა, ნაირ-ნაირების, კერძების, მენიუების… სწორედ ეს კონტრასტი – საღ აზრსა (მორალურ, სოციალურად სამართლიან აზრსა) და საბაზრო იდეოლოგიას შორის – მოექცა „შიმშილის“ ფოკუსში. სპექტაკლის ეპიცენტრში აღმოჩნდა დამშეული ადამიანი; მოშიმშილე როგორც ფიზიკურად, ასევე – მორალურად; ქართულ საზოგადოებას არა მხოლოდ ფიზიკურად არ ჰყოფნის საკვები, არამედ მორალური ულუფის ნაკლებობასაც განიცდის. სწორედ ეს თქვა და გადმოსცა რეჟისორმა დათა თავაძემ ამ სპექტაკლით.

მაგრამ სპექტაკლის სათქმელი ცოტათი უფრო ღრმაც არის. კერძოდ, აქ საუბარია სოციალურსა და კულტურულ შიმშილზეც. რას ნიშნავს ერთი ან მეორე?

სოციალური შიმშილი: საზოგადოების წევრები არ არიან ურთიერთსოლიდარულები, მათ არ რცხვენიათ ერთმანეთის, არ უწვდიან ხელს ერთმანეთს, არ შესტკივათ გული ერთმანეთზე; საუბარია პატარა საზოგადოებაზე; პატარა ქვეყანაზე!

კულტურული შიმშილი: ზედაპირულობა, ვულგარულობა, უპასუხისმგებლობა და კორუფცია. კორუფციას აქვს, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი მნიშვნელობა: ვიწრო წრის მიერ ფულისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რათა იბატონოს საზოგადოების ფართო ფენებზე. ერთი სიტყვით, „შიმშილში“ ნაჩვენებია ქართული საზოგადოების ის ღრმა შინაგანი და გარეგანი კრიზისი, რომელშიც იმყოფება, რომელიც არც დღეს დაწყებულა და არც დღესვე დასრულდება… ნაჩვენებია საზოგადოებაში გაიშვიათებული ინდივიდის მელანქოლია; ქართულ საზოგადოებაში ყველაზე საბრალო სწორედ ინდივიდია, რადგან ინდივიდის ადგილი აქ არ არის: მასები მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ შიმშილს განიცდიან; მორალურს –  „საპნის ოპერებით“ იკლავენ; ინდივიდი კი ფიზიკური და მორალური შიმშილის ჯვარზეა გაკრული.

რა გამოსავალი არსებობს ასეთ, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში? რა პასუხი უნდა გასცეს დათა თავაძის „შიმშილს“ თავად დათა თავაძემ? თითქოს იდეალური ჰორიზონტია ნიჰილიზმისთვის… მელანქოლიის ჰორიზონტი უსასრულოა, ყველა უდაბნოს ერთად სცდება და შორს შორს მიდის, ნეგატიური უსასრულობისკენ… მაგრამ კიდევ ერთი ნეგატიური გზა არსებობს, გარდა ნიჰილიზმისა… ღირებულებათა გადაფასების! ღირებულებათა ურჩხულზე შეტევის! შეგვეძლო გვეთქვა, პათეტიკის გარეშე, წმინდა გიორგის სიმბოლური ველი! სწორედ ამ გზას ირჩევს დათა თავაძე, ძალაუფლების მოხვეჭის გზას, „ძალაუფლების ნების“ გზას, თუკი ნიცშეს ტერმინით ვიტყვით, და ქმნის Liberté-ს…   

Liberté – ეს არის რადიკალური შეტევა… Liberté – ეს არის სტრატეგია: დაგეგმილი, აწყობილი, მოფიქრებული; Liberté – ესაა შეტევა ზურგში, ულმობელი არტილერიით. Liberté – ეს არის დიდგორის ბრძოლა თეატრის სცენაზე: დიდი გასუფთავების ოპერაცია თავად სიბინძურით, რომელიც ამ შემთხვევაში გამწმენდი საშუალების, ერთგვარი „ფეირის“ როლშია… საქმე ეხება შინაგანსა და გარეგან განწმენდას ერთდროულად.

უნდა „გადავფრინდეთ“ ფრანგულ რევოლუციაში იმისთვის, რომ მივხვდეთ, რა არის Liberté-ს არსი…

ფრანგული რევოლუცია, ფაქტობრივად, ესაა ლუი XIV-ის, „მეფე მზის“, ნაყოფი; მელა თავის მახრჩობელას ეძებდაო, ამაზე ნათქვამი. თუმცა, მართალია, ეს ნაყოფი მისმა მემკვიდრეებმა იწვნიეს –  „მეფე მზე“ მზის სხივით (თვალების ამოწვის) სჯიდა მათ; სასახლემდე არ და ვერ აღწევდა  დამშეული ხალხის გოდების ხმა, რადგან ირგვლივ შენდებოდა წარმოუდგენელი სილამაზის სასახლეები და ბაღები; ყვაოდა ხელოვნება და მეცნიერება; ვნებათა ჩანჩქერებსა და ფუფუნებაში, მოჭარბებულ საკვებში „იხრჩობოდა“ სამეფო კარი.

სწორედ თეორიულმა იმპულსმა წარმოშვა ის მოაზროვნეები, რომლებმაც შექმნეს ფრანგული რევოლუციის იდეოლოგია  – თავისუფალი ადამიანისა და მისი უფლებების კონცეფცია: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა… და აღარ დაინდეს არც მეფე, არც დიდგვაროვნები, არც ეკლესია, რომელიც საფრად ჰქონდათ როგორც მეფეს, ასევე მის ფართო კარს.

და როგორ შეუტიეს მათ ამ დიდსა და ძლევამოსილ კლანს, რომელიც არ ანებებდა ადამიანს ადამიანობას? სწორედ, Liberté-ს მეშვეობით. Liberté კი მომდინარეობს არა მხოლოდ თავისუფლებიდან, არამედ გარყვნილებიდანაც. „ლიბერტინი“ ჰქვია თავისუფალსაც და – გარყვნილსაც, აღვირახსნილს. სწორედ ამგვარმა სოციალურმა აღვირახსნილობამ, როგორც წყალდიდობამ, წალეკა ის სტრუქტურები, სისტემა, რომელიც ჩაგრავდა უბრალო კაცს და გარყვნილებაში აგდებდა დიდგვაროვანს; ესე იგი, იწვევდა „შიმშილს“…

დათა თავაძემ მოიმარჯვა სწორედ ეს Liberté და შეუტია იმ ქართულ სტრუქტურებს, რომლებიც აწ უკვე ვარდების რევოლუციის შემდეგ განმტკიცდნენ და რევოლუცია არ შეხებიათ: შეუტია პოლიტიკურ მანქანას, სოციალურ კლანებს, ეკლესიურ კლანებს, ერთი სიტყვით – საზოგადო და კერძო ფარისევლობას, კორუფციას. ამხილა ისინი, სხვათა შორის, როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ, ქართულ ნიადაგზე ფაქტების უწყვეტი სერიებით, პოეტურად მახვილი ფრაზებით რომ მოედინება მსახიობთა ტურფა ბაგეთაგან… რეჟისორმა არ დაინდო არც ერთი თავშესაფარი უსამართლობისა, უპირველეს ყოვლისა – ეკლესია, შემდეგ – პოლიტიკური იდეოლოგია. მან სახელმძღვანელოდ მოიმარჯვა მარკიზ დე სადი (თქვენი მონა მორჩილის მიერ თარგმნილი) და სხეულებრივ, სრულიად ზღვარს მიღმა ორგიათა (თუმცა ამით ჩვენს დროში ვიღას გავაკვირვებთ?) ქარბუქით მოიტანა ამბები ჩვენამდე.

„როცა ადამიანს ეშინია, ის განსჯას წყვეტს“,- ვკითხულობთ „ფილოსოფია ბუდუარში“. „ხალხი აიძულეს, გონებაზე ხელი აეღო, ჭკუაშერყეული კაცი კი არაფერს იკვლევს და ყველაფერს იჯერებს“,- წერია იქვე. ვფიქრობ, დათა თავაძემ „ბილწი მომენტები“ გამოიყენა ჩვენი დაბინძურებული ტვინების გამოსარეცხად; მან პირველმა მოგვიშვირა მდუღარე წყლის ჭავლი, ვიდრე მანქანა მრავალ ადამიანს რუსთაველის გამზირზე გაყინული წყლით გააცივებდა.

მაგრამ ჩემთვის პასაჟი-გასაღები სადისა, ისევე, როგორც Liberté-სი, „ფილოსოფია ბუდუარში“-ს ქართული გამოცემის 69-ე გვერდზეა, რომელშიც ვკითხულობთ:

„ასეთი წესი მაქვს, როცა ამიდგება, ღმერთის გინებას ვიწყებ და ძლიერ მსიამოვნებს… ჩემი სული ათასჯერ უფრო აღტყინდება ამ საშინელი მოჩვენების ლანძღვა-გინებით. სულ იმის ძიებაში ვარ, როგორც ვაგინო უკეთ და შეურაცხვყო, როცა მიდგება. როცა ჩემი წყეული ფიქრი ბოლომდე დამარწმუნებს ამ ამაზრზენი არსების არარსებობაში, ძლიერ ვღიზიანდები და მინდება, ხელახლა შევკრა მისი ხატი, რათა ჩემი ცოფი და გაგიჟება რამეზე მივმართო. მე მომბაძეთ, კოხტა ქალებო, და დაინახავთ, როგორ შეგძრავთ გრძნობის მოჭარბება.“

ამ პასაჟიდან ვიგებთ, რას ნიშნავს რევოლუციური სულისკვეთება. ესაა ადგომა გრძნობის მოჭარბებით გრძნობისთვის; რადგან გრძნობაა სწორედ ის, რასაც მჩაგვრელი მანქანა, უპირველეს ყოვლისა, აჩლუნგებს და საბოლოოდ კლავს. ვფიქრობ, დათა თავაძემ Liberté-თი რევოლუციურად აგვაყენა და გაგვიღვიძა ის გრძნობა, ჩვენში რომ თვლემდა.

რევოლუცია არ არის მებრძოლი ათეიზმი. ესაა, თუ შეიძლება ასე ითქვას – მორწმუნე ათეიზმი, როგორც უკიდურესი აუცილებლობა, ტრაგიკული კოლიზია, რომელიც ემსახურება სწორედ ღვთაებრივის (რელიგიის მიღა) მთავარი ელემენტის – გრძნობის გადარჩენას. Liberté-ც  ამ მიზანს ეძღვნება.

ვფიქრობ, სადი მაინც არ არის სათანადოდ გაგებული, შეფასებული და განმარტებული ფილოსოფიაში, სწორედ მისი, უპირველეს ყოვლისა, მოჭარბებული „გარყვნილების“ გამო… ფუკოს ბრწყინვალე ანალიზიც, ჩემი აზრით, მიკერძოებული და ზედმეტად „ფუკოიანურია“. ვერც ფუკო გამოდის „გარყვნილების“ ჩარჩოდან, ვერ სცდება ამ მემბრანას; ისიც „გარყვნილების“ ტყვეობაშია. მას ავიწყდება ან სათანადო ყურადღებას არ აქცევს იმ სასოწარკვეთას, რომელიც ცოცხალ ინდივიდში შობს რევოლუციას, სიცოცხლის მოზღვავებას; ავიწყდება სადის ეს ფრაზა: „ამგვარად, უბედური არსება, სახელად ადამიანი, მისდა უნებურად ამ მოსაწყენ სამყაროში გადაგდებული, ცხოვრების ეკლიან გზაზე რამდენიმე ვარდს მაინც დასთესს.“

სადის ამ ფრაზაში ნაწინასწარმეტყველებია როგორც შოპენჰაუერი, ასევე ნიცშე და ეგზისტენციალიზმი (სარტრი თუ ჰაიდეგერი). სწორედ პესიმიზმის ღრმა საფრთხის, ძალაუფლების ნების ცდუნებისა და ცხოვრების აზრის ეგზისტენციალური ძიების (კრიზისის) გადაკვეთაზე იგება დათა თავაძის Liberté და ამ აზრით, ის აბსოლუტურად გამორჩეული ქმნილებაა XXI საუკუნის ქართული თეატრისთვის.

ცხადია, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მსახიობების შესრულება. ოთხი ვარსკვლავი, ორი ქალბატონი და ორი მამაკაცი, საშურად ასრულებს „ფრანგულ“ ფუნქციას. გგონია, რომ ნატუკა კახიძე უშუალოდ XVIII საუკუნის საფრანგეთიდან გადმოსულა; მაგდა ლებანიძის ხმაში იკითხება ნაპოლეონის მეუღლის სინაზეცა და სევდაც, გაგა შიშინაშვილი სადიანურ ამბოხს გადმოსცემს და ლამის სადის ერთ-ერთი პერსონაჟია; მაგალითად, დოლმანსე; რაც შეეხება სანდრო სამხარაძეს, ის, ერთი მხრივ, გზააბნეული პრინცია, მეორე მხრივ კი ფრანგულ და ქართულ პოლიტიკურ თუ კულტურულ ბორდელში დატყვევებული ახალგაზრდა, რომელიც წელს ქვემოთ იხდის და  წელს ზემოთ ვერცხლისფრად ბზინვარე აბჯრით რჩება ხმალშემართული; პირიც  აჰქაფებია უშუალოდ სიტყვისა და საქმისთვის (და კიდევ, ვინ იცის, რისთვის…).

სვიმონ მაჩაბლის კოსტიუმები ცოცხალი არტეფაქტია. მსახიობები ამ კოსტიუმებით დანარნარებენ სცენაზე განთავსებულ მაყურებლებს შორის; სურვილი გიჩნდება, მათ ქსოვილებში ალისასამებრ ჩაძვრე, რადგან იცი, რომ იქ სულ სხვა ჯადოსნური სამყაროა; სამყარო, რომელიც საზოგადოების მცირე ნაწილისთვისაა მხოლოდ განკუთვნილი.

ქეთი ნადიბაიძის მინიმალისტური სცენოგრაფია და ნიკა ფასურის გამორჩეული მუსიკა სიმეტრიულად ირეკლავს ვიბრაციას, რომელსაც სცენაზე  ქმნიან მსახიობები.

ბოლოში, ჩახუტების ძალიან გაწელილი და დაუსრულებელი მომენტი უცნაურ, ჩუმ აღსარებას და მძიმე ზიარებას ჰგავს. ეს განწმენდასავითაა; არაფერია მასში ცნობილი და განცდილი; უცხო აქტია, რომელსაც მაყურებლები ჩადიან… ამ ჩახუტებით აღძრული განწმენდა შემდეგ, შესაძლოა, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს თითოეულის ცხოვრებაში.  

რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგა ყველამ, ვინც ამ სპექტაკლზე ვერ მოხვდა; რაღაც სრულიად უცნაური გაღვიძება და განწმენდა…

Liberté!…

Valery OtkhozoriaLiberté , as opposed to „Hunger“

The author reviews the play “Liberté” staged by director Data Tavadze at the Royal District Theater and discusses the performance in the context of new and cutting-edge European philosophical paradigms. He evaluates both the director’s and the actors’ work.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…