„და ისევ, ისევ სიჩუმე…
ამოძახილი კიბეებზე:
„თუ გესმის, პართენიუს?
ხმა შორეთიდან:
იბიკოსის წეროები!…“
ფრიდრიხ შილერი
იბიკოსის წეროები
შორეულ წარსულში, სადღაც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში, ერთ ბერძენ ლირიკოსს – იბიკოსს ხელისუფლებისგან დაქირავებული მკვლელები ჩასაფრებიან, თურმე, მტვრიან ორღობესთან და სასიკვდილოდაც დაუჭრიათ.
სულთმობრძავ პოეტს ცაზე გართხმულ წეროთა გუნდი შეუნიშნავს უკანასკნელ წამს და ამოუგმინავს – „წეროებო, ამხილეთ მკვლელები“…
ეტყობა, ისეთი სულშეძრული ხმა ჰქონდა იბიკოსს, ცამდეც ააღწია!
ფრინველთა გუნდს მკვლელები უმხელია და ხალხსაც იქვე გამოუტანია სასიკვდილო განაჩენი მათთვის – ხეებზე ჩამოხრჩობით დაუსჯიათ.
ასე დაიწყო ამბავი იბიკოსის თეთრ წეროთა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო მერე და დიდი, დიდი ხმის მერე ერთ-ერთმა ჩვენამდეც მოაღწია…
მაროს მამა
„თუ XX საუკუნეზე არ იცინებ, მაშინ შუბლში ტყვია უნდა დაიხალო. მაგრამ არც დიდხანს სიცილი შეიძლება მასზე, რადგან აყვირდები მწუხარებისგან“ –
ასეთი იყო XX საუკუნე ერიხ მარია რემარკის თვალით –
ჭკუიდან შემშლელი.
ამ შეშლას თეთრი წეროებიღა თუ უშველიდნენ; ის წეროები, აღმოსავლეთში ღმერთისა და კაცის სამყაროებს შორის შუამავლად რომ ითვლებიან.
გამოჩნდნენ კიდეც; გამოჩნდნენ ნუგეშად კაცისა და ღმრთისა;
იმედად XX საუკუნისა!
ჩვენთანაც „გამოჩნდა“ 1901 წელს – მარიამობიდან რამდენიმე დღეში – 25 აგვისტოს.
მაროც ამიტომ დაარქვეს, უპირველესად, ალბათ.
მორცხვი. ზრდილი. ენერგიული. ლაღი. მქროლავი სული. მთელი თავისი არსით პოეტი. ან კი ვის უნდა გაჰკვირვებოდა კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილის შვილისა და ეკატერინე გაბაშვილის (დედის მხრიდან) შვილიშვილის პოეტ-მწერლობა?
არც არავის!
ხვეული თმითა და გაწელილი თვალებით მამას უფრო ჩამოჰგავდა – გამორჩეულ სახელ-გვარისა და სახის კაცს.
მაროს, თეთრ წეროდ დაბადებულს, არც XX საუკუნე მოსწონდა დიდად და არც თავისი ქალობა.
თითქოს „ქალობაზე“ მეტს ითხოვდა თავის თავისა და ღმერთისაგან;„რაღაც სხვას“!
„ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად“.
ქალთა გიმნაზიის მოსწავლეს თითქოს რცხვენოდა საკუთარი ქალობის; გაურბოდა მას. განცდებში იყო.
არც მიკვირს. მაროსგან ნახევარი საუკუნის შემდეგაც დღე და ღამ ვწვალობდი სადღაც შვიდი წლისა, რომ როგორმე იდაყვზე მეკბინა, რადგან ვიღაცამ ჩამაგონა, თუ ამას შევძლებდი, ბიჭად გადავიქცეოდი.
მადლობა ღმერთს, არაფერი გამომივიდა!
ვერც იდაყვს მივწვდი და ვერც – „გაბიჭებაზე“ ოცნებას.
ვერც მარო მისწვდა ჩემამდე, საბედნიეროდ.
არადა, იცოდა, როგორ ტყუოდნენ კაცები –
იცოდა, რომ არც „სხვა საგანია ქალი“, არც კაცის „საპატრონო“, არც ქალზე „მაღალი სულის“ და არც – მდგომარეობის მონა.
იცოდა და იქეთ უტევდა კაცებს – „ნუთუ ყოველი კაცი ეგეთი ეგოისტია, გაშმაგებული ცხოველი, რომელსაც არსებობა უნდა მარტო პირადი სიამოვნებისთვის და ბედნიერებისთვის“?
მაროს სხვა „ბედნიერება“ სურდა! სხვა ვარსკვლავზე იყო დაბადებული.
იმ ვარსკვლავზე არც იმ ბიჭის ადგილი იყო, დღიურებს რომ მიანდო ჩუმად 16 წლის გოგომ – „ამას წინად მეხუთედ შემხვდა „ის“ (დაუთვლია კიდეც). არ ვიცი მისი სახელი და გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიან მინდა, გავიცნო, როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი, რისთვის. იმიტომ, რომ ვწითლდები… ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის? ნეტა, ვინ არის? ამას წინ თეთრ ჩოხაში ვნახე, შესანიშნავი იყო. რაღაც მემართება. ახლა ძალიან შემემჩნა მარტოკობა, მინდა, დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ“…
დედა – თამარ გაბაშვილი – მუდამ მშვიდი იყო და გაწონასწორებული; სულაც არ ჰგავდა, დამონებულ, შეშინებულ ქალებს… ამიტომ სჭირდებოდა კიდევ უფრო მეტად იგი მაროს – შეყვარებულსა და გაუგებარი ემოციისგან დამფრთხალ გოგოს.
მარო მაყაშვილმა, იქნებ, ვერც გაიგო, ვინ იყო ის თეთრჩოხიანი ბიჭი; რატომ უყურებდა გოგოს; რა ერქვა. იქნებ, ვერც იმას მიხვდა, რატომ უცემდა ასე გამალებით გული, მაგრამ იმას კი გრძნობდა, „მე თუ ერთს შევიყვარებ, ეგ უკვდავია, სიკვდილამდის დამრჩება“! ის ბიჭიც დარჩა, ალბათ, ყველა განზომილებაში მის გაუგებრად აფორიაქებულ გულში.
აქ კი, ამ განზომილებაში, დამშვიდებისა და გადარჩენისთვის ისევ დედას ეძებდა მუდამ – „ჩამოვიდეს დედა. მალე მარტოობაში ლამის სული ამომხდეს. მამა თითქმის არ არის სახლში“.
ფარული გულისწყვეტაც გაჟღერდა გოგოს ხმაში.
თითქმის არ არის…. თითქმის არ არის სახლში…
ეს ფრაზა, ალბათ, როგორ უგლეჯდა გულს დარჩენილ წლებში კოტე მაყაშვილს. როგორ „სცემდა მათრახით“ შვილის სიკვდილისგან ერთ ღამეში ერთიანად გაჭაღარავებულ მამას. როგორ უნდოდა, ალბათ, კოტე მაყაშვილს, უკან დაებრუნებინა დრო, რომ მთლიანად მაროს სურნელით შეევსო იგი; არც ერთი წამი გამოეტოვებინა.
მაგრამ მარო აღარ იყო.
არადა, ესაა თეთრი წეროს ფუნქციაც ამ სამყაროში – აუცილებლად უნდა წავიდეს! გაფრინდეს, რათა ოდესმე აუცილებლად დაბრუნდეს უკან.
მაგრამ მაროს „დაბრუნებამდე“ ჯერ საბჭოთა კავშირის წნეხისა და შემდეგ ისევ თავისუფლების გზაზე შედგომის ხანგრძლივი „ეპიზოდები“ უნდა გაევლო საქართველოს; ამასთან, არც კოტე მაყაშვილმა იცოდა მაშინ, რომ მისი ხუჭუჭა გოგო სინამდვილეში „თეთრი წერო“ იყო…
ამას მერე მიხვდა; გვიან, როცა „ჯადოსნურ წრეში“ გამოემწყვდა –
„ჯადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,
ახ, უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი.
არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი.
… მაგრამ არა, წუთიერი სისუსტეა! შემინდე!
მაროს მამა ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?“
ასე „დასრულდა“ 1921 წლის 19 თებერვალს სამუდამოდ კოტე მაყაშვილი და ერთ ღამეში გადაიქცა მხოლოდ მაროს მამად!
იმ დღიდან მაროს მამამ მხოლოდ 6 წელი გაუძლო სიცოცხლეს და ჭლექისა და დარდისგან შეჭმული 1927 წლის 29 აგვისტოს აღესრულა 52 წლისა.
ტიციან ტაბიძე წერდა – „არის რაღაც საბედისწერო მაყაშვილების გვარში, უკანასკნელ წლებში ყველა ფრონტი საქართველოში პირველად მაყაშვილის სიკვდილით იხსნება. ამ შემთხვევაშიც ბედისწერამ თავისი გაიტანა“.
ამიტომ ემუდარებოდა, ალბათ, მამა 19 წლის მაროს, უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს, არ წასულიყო მოწყალების დად ომში. ვაჟს – შალვას უარი ვერ უთხრა; მაროსთანაც ვერაფერს გახდა. არადა, ბედისწერის შიშიც კლავდა, ალბათ, მამას… მერე წერდა – „1921 წლის თებერვალში თბილისის გარშემო ახმაურდნენ ზარბაზნები. ვერავითარმა მუდარამ, რჩევამ ვერ გაჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად.“
არადა, უარი უთქვამთ მაროსთვის. ადგილები აღარ ყოფილა; მაგრამ გოგოს სიჯიუტეს წინ ვინ ან რა დაუდგებოდა? მეგობრისთვის – ქეთოსთვის უთხოვია ადგილის გაცვლა, შენ მერე წადიო და თავისი გაიტანა; თითქოს მის ნაცვლადაც მოკვდა ზუსტად 2 დღეში.
მამას თავისი ხელით წაუყვანია მეგობრებთან გამოსამშვიდობებლადაც გოგო. მოწყენილი და თავჩაქინდრული იყოო კოტე მაყაშვილი – მაროს მეგობრები იგონებდნენ მერე.
იცოდა მაროს მამამ. გრძნობდა. ხვდებოდა, რომ ბედისწერა თავისას ითხოვდა და მაყაშვილების ტანჯვა ახლოვდებოდა; მაგრამ ვერაფერს აკეთებდა ბედისწერის შესაცვლელად.
თუმცა, არც 1921 წლის 19 თებერვლით დასრულებულა მაყაშვილების ოჯახის ტკივილი – რამდენიმე თვეში მაროს უმცროსი და – 14 წლის კატოც „ისპანკამ“ იმსხვერპლა…
ფეხმძიმე თამარ გაბაშვილი რამდენიმე თვეში ორი შვილის ცხედარს ეჯდა თავთან და, ალბათ, უკანასკნელ ძალებს იკრებდა, რომ მესამე, მუცლად მყოფი შვილიც არ დაეკარგა…
ახალშობილისთვის მარიამი დაურქმევიათ, მაგრამ მაროს დაძახება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ და ნუგეშად დაბადებულს ნუგეშა შეარქვეს სამუდამოდ…
როგორ შეძლო ნუგეშობა ახალშობილმა, ვერავინ გვეტყვის.
ცხადია, მისი ცხოვრება არ იქნებოდა იოლი. დიდხანს კი იცოცხლა დედასავით – 90 წელსაც გადააბიჯა და ბოლომდე ატარა მაროს სევდა. მერე იგონებდა – „მაროს სახელი ჩვენს ოჯახში იდუმალებით იყო მოცული. ამიტომ იგი ჩემთვის ახლობელიც იყო და შორეულიც. ზღაპრული. დედაჩემის საწოლთან ეკიდა მაროს სურათი მისივე ხელით ნაქარგ ჩარჩოში. საწერ მაგიდაზე, ზარდახშაში, მაროს დღიურები და მისი მოჭრილი თმა ინახებოდა. ეს იყო ჩვენი ოჯახის წმინდათაწმინდა რელიკვია. დედისგან ანდერძად მქონდა – თმა მისთვის ჩამეყოლებინა საფლავში. ზარდახშა პირველად დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ გავხსენი. მაშინ წავიკითხე მაროს დღიურები“.
თამარი ყველასგან მალავდა მაროს დღიურებს; როგორც დიდ საგანძურს, ისე იფარავდა კომუნისტებისგან. წართმევის მცდელობა იყო. იცოდნენ (რაღა არ იცოდნენ კომუნისტებმა?), მარო რომ დღიურებს წერდა 16 წლიდან და მოაკითხეს. თამარ გაბაშვილმა – მოხერხებულმა და ჭკვიანმა ქალმა – კიდევ ერთხელ დააწყნარა მაროს „აფორიაქებული სული“ და გამოსავალი იპოვა – თქვა, რომ გრიგოლ რობაქიძეს გაატანა მაროს დღიურები გამოსაქვეყნებლად და მწერლის ემიგრაციის მერე დაკარგა.
გრიგოლ რობაქიძეს საიდანღა მიწვდებოდნენ კომუნისტები?
არადა, მაროს ფურცლები იქვე იყო, ერთი ხელის გაწვდენაზე – ძველ, საგვარეულო ზარდახშაში… საფლავისთვის ვერ გაიმეტა დედამ ფერდაკარგული და სიტყვებგაცრეცილი ფურცლები, რომელზეც გარედან დიდი, მრგვალი ასოებით ეწერა – „მარო“. იქვე, კუთხეში მიუწერია გოგოს – „რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია“. საქართველოს სამფერი დროშაც მიუხატავს ხელმარცხნივ.
ნახევარი საუკუნე ზარდახშაში იმალებოდა მაროს ოცნებები.
თამარ გაბაშვილის გონებაში მაროს სიკვდილმა, თითქოს, ყველა და ყველაფერი გადაფარა. ყველა სხვა ტკივილი გააწყალა. მაროდ იქცა სამყარო და მარო იქცა სამყაროდ. კოჯორსაც გაურბოდა იმ დროიდან დედა და საქართველოს მთავრობის სასახლესაც, ღვთისმშობლის ტაძართან ერთად მაროსა და სხვა იუნკერთა საფლავები რომ გადაშალა სამუდამოდ…
თამარ გაბაშვილი 41 წლისა იყო გოგოს გარდაცვალებისას და კიდევ 51 წელი იცოცხლა მაქმანებიან კაბაში გამოწყობილ მაროს სურათთან ერთად. თითქოს ერთად დაბერდნენ და გამოხუნდნენ. თითქოს მაროს ნაწერების მცველად მანამ გაძლო, სანამ უსაფრთხოდ დატოვებდა თავისი გოგოს ფიქრებს.
ეტყობა, გულში, ჩუმად მაინც ჰქონდა იმედი, რომ ერთ დღესაც მისი მარო, მისი თეთრი წერო, ისევ დაბრუნდებოდა უშუქობისგან ამომწვარი ფურცლებით იქ, საიდანაც დაიწყო მისი მოგზაურობა დედამიწაზე.
რა იქნა?
იქნებ, ესეც სამყაროს ნიშანია!
ნიშანი იმისა, რომ მაროს მსგავსად ცოტას უყვარდა საქართველო!
ცოტას თუ შეეძლო, ზოგადად, ასეთი სიყვარული და ასეთი სიძულვილი – რუსის სიძულვილი. 1918 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 6 დღით ადრე, თავის დღიურში ჩაუწერია –
„რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა? მანდილი გადააფარა, ალბათ, ყველაფერს ოხრადდარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან. მეტადრე ეხლა, ამ ომის დროს და მერე… ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა. ეგ ერთი ერია, მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი.“
ღმერთისგან დაწყევლილებთან ბრძოლა ყველაზე რთულია; მით უფრო მაშინ, როცა „ოხრადდარჩენილ“ რუსებს ადგილობრივი „ოხრანკებიც“ – ალექსანდრე ყაზბეგის ქართველთმოძულეებიც ემატებოდნენ და ემატებიან დღესაც.
მაშინ გადავრჩით – 6 დღეში ყველაფერი შეიცვალა; 6 თვეში კიდევ უფრო შეიგრძნეს ქართველებმა თავისუფლების ჰაერი.
მაგრამ საფრთხის ფარული მოლოდინი არ ტოვებდა მაქმანებიან გოგოს. ხან საქართველოში შემოსული გერმანელები ედარდებოდა, ხან – ფრანგები და ბრიტანელები. სასმლისგან გაბრუჟებული ვიღაც ორი რუსის წასისინებაც არ ასვენებდა – „пой ласточка, пой, и могилу себе рой!“
სამარის შიშს ისე შეეპყრო, ტირილიც კი მინდოდაო – ფურცლებს უმხელდა. საიდანღაც „ამოყელყელავებულ“ ევროპელებზე მეტად ქართველი სოციალისტების შიშიც კლავდა -„ყოველი სოციალისტის ლაპარაკში ეხლა ნაციონალურ-პატრიოტული ელემენტებიც შეიპარა. ყველამ იგრძნო, რომ საქართველოში სოციალისტობა შეუძლებელია.“
ფურცლებიდან და გონებიდან ფაქტების გადარეცხვაში ხედავდა გამოსავალს მარო;
1918 წლის 16 ივნისს – ახალაღერებული დამოუკიდებელი საქართველოს ფონზე – კიდევ უფრო გამწვავებია ეს სურვილი – „ეხლა მინდა, ცოტა რამ ჩემ თავზეც ვილაპარაკო. მე იმიტომ გადმოვიტანე ჩემი დღიური აქ, რომ ძველი მეზიზღება. იქ არასასიამოვნო (ეხლა) ჩემთვის ამბები და ჩემი გრძნობები არის. მერე იმაში წერაც არ მიმიწევს, რადგან სულ დაჯღაბნულია. ერთი ფურცელი არ არის, რომ რამე წაშლილი არ იყოს. კარგიც ვქენი. ძველი ყველაფერი დავივიწყე და ახალ გრძნობას მივეცი“.
„ახალ გრძნობებზე მიცემა“ სულაც არ იყო იოლი საქმე.
„სევდა და დაღონებაც“ „ხრავდა“; ერთი ბატონის გადაგდებიდან მეორე ბატონამდე გასავლელი გზის საფრთხეც არ ასვენებდა. შიგა და შიგ საყვედურიც წამოსცდებოდა – „ღმერთო, ზეციერო, რა დაგიშავა ამ პატარა ერმა, რომ მთელ თავის ჯავრს ჩვენზედ იყრი?“
ვინ იცის, რა დააშავა? ფაქტია, ისევ აგრძელებდა საქართველო იობის ტანჯვას და 1921 წლის საბედისწერო თებერვალიც ახლოვდებოდა“!
წეროების გადაფრენა
მაროს უცნაური ინსტინქტი ჰქონდა; ისეთი, მხოლოდ მაყაშვილებს რომ დაჰყვებათ თან; 1921 წლის თებერვალიცა და თავისი წეროდ გადაქცევაც წინასწარ დაუნახავს… დაუნახავს და ლექსადაც მოუნიშნავს –
„ჩემი ძმები და ამხანაგები,
ვინც შეიწირა ომმა წყეულმა,
ასე მგონია, რაღაც განგებით, თეთრ წეროებად გადაქცეულან…
წეროთა გუნდი ყივის და ყივის,
ისინი მართლაც ჩემი ძმებია.
სადღაც გამქრალა მიჯრილი მწკრივი
და, ალბათ, ჩემი შესავსებია“….
ასეც მოხდა – თეთრ წეროებად გადაქცეულ პირტიტველა იუნკრებთან ერთად შეავსო სულ მალე „მიჯრილი მწკრივი“. მერე, არავინ იცის, როგორ, მაგრამ ლექსი დაღესტნელ პოეტს – სოციალისტური შრომის გმირს – რეჟიმის სახეს – რასულ გამზატოვს ჩავარდნია ხელში; იქნებ, თამარ გაბაშვილმა აჩვენა თავად? ან – ვინმე სხვამ – ახლობელმა, ვინც ლექსის არსებობა იცოდა… აჩვენა ნიჭიერი, ნაადრევად დაღუპული გოგოს ხელნაწერი. გამზატოვს სინდისი სულაც არ ჰქონია; შემჩნეულიც ყოფილა „ქურდ-ბაცაცობაში“; მაროს ლექსით აღფრთოვანებულსაც ვერ შეუკავებია თავი და მიუთვისებია; ჯერ დაღესტნურად უთარგმნია ლექსი; მერე გრებნევას ათარგმნინა რუსულად და კიდით-კიდემდე მოედო მაროს „წეროები“ საბჭოთა კავშირს. ბოლოს რუსულიდან ქართულადაც „უთარგმნია“ შოთა ნიშნიანიძეს… არადა, ნათარგმნი მაროს ორიგინალთან იმდენად ახლოსაა, არაერთი არც თუ უსაფუძვლო ეჭვი ჩნდება.
ბედის ირონიით, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, მთელი საბჭოთა არმიაც მღეროდა მაროს „წეროებს“ ხმის ჩაწყვეტამდე –
„Мне кажется порою, что солдаты,
С кровавых не пришедшие полей,
Не в землю нашу полегли когда-то,
А превратились в белых журавлей.“
თამარ გაბაშვილს როგორ უჭირდა, ალბათ, ამ სიმღერის მოსმენა; ისეთი შეგრძნება ექნებოდა, თითქოს ხელახლა აფეთქებდნენ კოჯრის მისადგომებთან სანიტარულ ორთვალაში მაროს, რომელიც გააზრებასაც ვერ მოასწრებდა, რომ მისი წეროდ გადაქცევის წამი დადგა…
თეთრი წეროს სიკვდილი
დღეს 2025 წლის 23 თებერვალია. დღის 12 საათი.
დილიდან აფორიაქებულად და ცალყბად თოვს თბილისში ზუსტად ისე, როგორც 104 წლის წინ!
მაშინ კი, 104 წლის წინ, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ პირველ გვერდზე იტყობინებოდა, რომ „ვერაგ მტერთან ბრძოლის პირველი მსხვერპლი ქალის, თავგანწირულად და გმირულად თავის მოვალეობის აღსრულების დროს მოკლულის, მოწყალების დის, უნივერსიტეტის სტუდენტის – მარო მაყაშვილის დაკრძალვა მოხდებოდა სამხედრო ტაძრის გალავანში, ოთხშაბათს, 23 ამა თებერვალს, დღის 12 საათზე.“
მაროს თავი დოლბანდით ჰქონია გადახვეული. დილის 10 საათზე გამოასვენეს, იუნკრებთან ერთად, მიხეილის საავადმყოფოდან. სამგლოვიარო პროცესია „კიროჩნი ქუჩას“ აუყვა ვერის აღმართით და რუსთაველის პროსპექტით მიუახლოვდა სამხედრო ტაძარს.
იმ დღესაც დუმდა თბილისი.
კოტე მაყაშვილმა, ალბათ, არ იცოდა, სად წაეღო აკანკალებული თითები. იქნებ, ჯიბეში ხშირ-ხშირად იმოწმებდა, რამდენიმე დღის წინ ფრონტის წინა ხაზიდან მიღებულ მაროს პირველსა და უკანასკნელ წერილს; თხილსა და ტკბილეულს სთხოვდა გოგო. ამის მოგონებაზეც ცრემლები დაახრჩობდა, ალბათ, მამას. ყველაზე მეტად მაინც შვილის უკანასკნელი თხოვნა დაანგრევდა – „თავს გაუფრთხილდიო“; უნდა გაეძლო, მაროს ხათრით.
მაროს გადახვეული თავისკენაც გაუჭირდებოდა გახედვა მამას. თვალს აარიდებდა მასაც და სამხედრო ფარაჯიან შალვასაც, რომელიც ფრონტის ხაზიდან პოლკოვნიკმა კოტე ჯანდიერმა მიიყვანა; გზაში გაუფრთხილებია, აღარ გაბედო ნაწილში დაბრუნება! კმარა შენი ოჯახისთვის მსხვერპლიო. შალვაც ჩუმად იქვითინებდა მაროს ცხედართან. იკანკალებდა. შერცხვებოდა თავისი სიცოცხლის; დაკრძალვის პროცესიის დასრულებისთანავე უკან გაჰკიდებია უცებ დაკაცებული ბიჭი მშიერსა და გაყინულ ქართულ არმიას; სადღაც გორთან წამოსწევია მეომრებს და ბათუმის გასათავისუფლებლად დის ნაცვლადაც წასულა. აბა, მაროს დაკრძალვის მერე სახლში თბილ ბუხართან რა დასვამდა?
იმ 23 თებერვალსაც ციოდა თბილისში, თურმე.
მაშინაც ცალყბად თოვდა.
ტიციან ტაბიძე იგონებდა მერე – „წარმოუდგენელია მეტი მწუხარება, რასაც განიცდის ქართველი საზოგადოება ამ ტრაგიკული სიკვდილის გამო. ბევრი მებრძოლი მხედარი იმსხვერპლა ამ ბრძოლამ, ბევრს კიდევ იმსხვერპლებს, მაგრამ ასეთი უცაბედი სიკვდილი უფრო მტანჯველია მაინც. თითქოს სიწმინდემ აკურთხა პირველ უმანკო სისხლით ქართული ფრონტი.“
გაზეთ „საქართველოშიც“ დაუწერია -„ტფილისი სტიროდა ერთხმად მის დაკრძალვაზეო“.
პანაშვიდი კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს აღუვლენია იმ დღეს.
ზღვა ხალხი მოსწყდომია სამხედრო ტაძარს.
ქუდზე კაცი გამოსულა.
მარო იუნკრებთან ერთად დაკრძალეს, ოღონდ გამორჩეულ ალაგს – როგორც ნამდვილი თეთრი წერო!
მთელი ქალაქი ტკივილისგან თრთოდა, თურმე.
თრთოდა, რადგან 25 თებერვალიც ახლოვდებოდა.
თითქოს მარო მაყაშვილი ამ დღეს არ უნდა მოსწრებოდა.
თითქოს არასდროს უნდა ენახა, როგორ ააფრიალებდა ცვედანი და ნახევრად ყრუ სერგო ორჯონიკიძე თბილისის თავზე წითელ დროშას…
თითქოს „გადაფრენისას“ მხოლოდ თავისი რექტორის – ივანე ჯავახიშვილის სიტყვები უნდა წაეღო თან – „იარაღისკენ მოგიწოდებთ…“
***
იქნებ, ის ბიჭიც იყო იმ დღეს დაკრძალვაზე, თეთრი ჩოხა რომ ასე უხდებოდა. იქნებ, მოაგონდა, გოგოც როგორ აპარებდა თვალს გიმნაზიაში სწავლისას მისკენ; და, იქნებ, შერცხვა კიდეც თავისი წარმოსახვის – სად ის და სად – თეთრი წერო! გმირი გოგო – მარო მაყაშვილი, რომელიც იუნკრებთან ერთად დაეცა ბრძოლის ველზე 6 დღით ადრე საქართველოს გასაბჭოებამდე…
დასრულდა ოცნება საფრანგეთსა და იტალიაზეც. ბედნიერი საქართველოზე. თეთრჩოხიან ბიჭზე. ყველაფერი დასრულდა.
***
დღეს კი, 104 წლის მერე, კვლავ საფრთხეა ირგვლივ, რადგან „მტერი ისევ გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს“.
ამიტომაც დაბრუნდი, მარო!
დაბრუნდი, რადგან თეთრი წეროების სეზონი დადგა!
„გავიმარჯვებთ სახელოვნად!“
Eka Tkhilava – White crane
This essay is dedicated to the first national heroine of Georgia – Maro Makashvili, who died in the difficult days of February 1921 during the annexation of Georgia by Russia. The author chronicles the events of those bloody days and gradually paints a spiritual and poetic portrait of Maro Makashvili. Against the backdrop of cataclysms, he essay shows the most difficult psychological and political processes that took over the country.