დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , , ,

პლატონი ხომ გახსოვთ?

ის პლატონი კი არა, ბეკინას ბიჭი!

არისტონის  ვაჟზე მოგახსენებთ – სადღაც ათენის თუ ეგინას მიდამოებში რომ დაიბადა „ძველ დროში“ – სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი პლატონი.

რამ გამახსენა?

რა გითხრათ? ან რა დამავიწყებს?

ერთი, პლატონ სამანიშვილის ფრაზა მაქვს აკვიატებული – „ამაზედაც გმადლობ, უფალო“ და მეორე – პლატონ არისტონის ძისა – „შენი დუმილი თანხმობის ნიშანიაო“…

რომელს გინდა, არ ენდო?

ქართველებს, როგორც ჩანს, ფარულად გვიყვარს ორივე პლატონი; მარჯვენით ღმერთს ვემადლიერებით მუდამ  და მარცხენით… ვინ დუმილს ვებრძვით და ვინ – ხმაურს (სინდისს გააჩნია).

ამ „ხმაურსა და მძვინვარებაში“ ვართ დღენიადაგ გამომწყვდეულნი.

და მაინც, რამ გამახსენა „ძველი“ პლატონი?

რად ამეკვიატა?

რამ და პირველი აყვირდა 380 წელს,  ანტიკურ დროში – ძირს თეატრიო!

ზუსტად ასე ბრძანა!

ფილოსოფიურად არასასურველ მოვლენად შეაფასა თეატრი!

უწოდა –

ტყუილი.

ფარსი.

საზოგადოებისათვის შეუფერებელი.

რა გინდა, რომ ქნა?

პლატონი კია, მაგრამ ჭეშმარიტებაც ჩემი მეგობარია.

ან პირიქით –

რა გინდა, რომ ქნა, როცა იმისთანა სიმართლეა, „ძველ წიგნებში“ რომ იპოვი მხოლოდ.

დაბადებულიყო ცხონებული ამ საუკუნეში – აღარც იფილოსოფოსებდა და აღარც თეატრს შეაწმენდდა ამდენ მტვერს.

დუმილს როგორ დავაბრალებთ დღეს თეატრს?

„ამაზედაც გმადლობ, უფალო!“

საბედნიეროდ, ყველგან ისმის მისი ხმა!

მერე რა, რომ ისეთი თეატრებიცაა ირგვლივ, ხმაც რომ მინავლიათ და დღენიადაგ „შავი პარასკევიც“ დასდგომიათ.

ახლა მთავარია, თეატრმა პლატონის მეორე თეორიის მცდარობა დაამტკიცოს!

დაამტკიცოს, რომ თეატრი არც ფარსია, არც – ტყუილი და არც – საზოგადოებისთვის შეუფერებელი!

ხმაურია თეატრი! სხვა არაფერი!

ისეთი ხმაური, პლატონსაც რომ ჩასწვდებ-გადასწვდება იმ ძველ დროში!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…