ანა ბაქრაძე

გიორგი ჩალაძის „No exit“

, , ,

(ქართული თეატრის ცხრაკლიტული)

სამწუხაროდ, ქართველი მაყურებელი განებივრებული არ არის წმინდა წყლის ექსპერიმენტებით. თანამედროვე ქართული თეატრი ჯერ კიდევ ფორმირების იმ ეტაპზეა, სადაც გარკვეულ ექსპერიმენტებს უფრო დიდი შანსი აქვთ კრახის, ვიდრე წარმატების (თუ წარმატებას მაყურებელთა რაოდენობით არ  ვსაზღვრავთ). პრობლემა უამრავია; ძალიან ხშირად უსარგებლო რეპერტუარი, რეჟისორების განუზომელი ეგო, იდეების ღარიბი ვიზუალიზაცია, ტექსტები, როგორც ლოზუნგები, ტექნიკა, რომელიც მსახიობთა ოსტატობას ნელ-ნელა ჩრდილავს და მაყურებელი სრულიად უსახური სცენიდან ელოდება სიტყვას, რომლის უკანაც არაფერია. მოკლედ, თეატრი გახდა მოდური სანახაობა, სადაც კათარსისი ის იშვიათობაა, რომელიც ყველაზე ეფექტური ხერხია იმისთვის, რომ ადამიანს დაფიქრება ვაიძულოთ.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემი ინტერესი ხშირად სწორედ ისეთ ავტორთა ნაწარმოებების სცენაზე ხილვაა, რომელთა სახელის აფიშაზე დანახვა, პირველ რიგში, გაკვირვებას იწვევს. ჟან-პოლ სარტრის ,,ცხრაკლიტული“ მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე რეჟისორმა გიორგი ჩალაძემ წარმოადგინა სწორედ ექსპერიმენტული თეატრისთვის დამახასიათებელი ხერხებით, რაც მოსალოდნელია პიესის შინაარსიდან გამომდინარე. ამიტომ ექსპერიმენტის შესაძლო წარმატება მეტად სავარაუდო გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სარტრის ეს პიესა ეგზისტენციალიზმის არსის ერთ-ერთი ის მკაფიო და მძაფრი გამოხატულებაა, სადაც მოქმედება ჯოჯოხეთში მიმდინარეობს. თუმცა, იგი სრულებით არ ჰგავს ჯოჯოხეთის იმ ვიზუალიზაციას, რომელსაც ხშირად წარმოვიდგენთ ხოლმე ადამიანები; სარტრის ჯოჯოხეთი ის ჩაკეტილი სივრცეა, სადაც სამუდამოდ არიან ჩარჩენილები ის ცნობიერი თუ არაცნობიერი მანკიერებები, რომელთა დანახვას გავურბივართ ხოლმე. სწორედ ეს გვაქცევს იმ ბნელ სარკედ, რომელიც ერთმანეთის რეალურ სახეს ირეკლავს. მოკლედ, პიესის ღერძი უკვდავი ფრაზაა: „ჯოჯოხეთი სხვა ადამიანებია“ და სწორედ ეს უსასრულო ციკლია ასახული პიესაში სამი პერსონაჟის საშუალებით, რომლებიც ნელ-ნელა ერთმანეთის განსჯის ობიექტად იქცევიან.

მოზარდმაყურებელთა თეატრის პარტერმა, ამ შემთხვევაში, სცენაზე გადაინაცვლა. სცენისკენ მიმავალ გზაზე ეყარა ფეხსაცმელები, სკამებზე მითითებული იყო მაყურებლის სქესი, რომლის მიხედვითაც გადავნაწილდით და მსახიობებთან ერთად აღმოვჩნდით მოვლენების ეპიცენტრში, რომელიც მანათობელი კვადრატის შიგნით, ქვიშიან  ზედაპირზე მიმდინარეობდა. გარშემო დალაგებულ სკამებზე მოკალათებული მაყურებლები ერთგვარ ბარიკადად გადავიქეცით ჯოჯოხეთში გამომწყვდეული ადამიანებისთვის. ეს ყველაფერი საკმაოდ მკაფიო და პირდაპირი მინიშნება იყო იმისა, რომ პერსონაჟთა მანკიერი და, თამამად შეიძლება ითქვას, ამაზრზენი მხარეები გამონაკლისის სახით არ არსებობს; ის ადამიანური ბუნების სენია. უშუალოდ სპექტაკლის დაწყებამდე პროექტორის ეკრანიდან მეცნიერი გვიყვება ბაყაყებზე ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომლის მიხედვითაც თუ ამფიბიას უკვე დუღილის ტემპერატურის მქონე წყალში მოვათავსებთ, მას თვითგადარჩენის ინსტინქტი გაუჩნდება და წინააღმდეგობრივ ხასიათს გამოავლენს; ხოლო თუ მას თავიდან ჩვეულებრივი ტემპერატურის წყალში მოვათავსებთ, ვერც მიხვდება, ისე მოიხარშება. სპექტაკლს კი ფონად ბაყაყის ხარშვის პროცესი გასდევს; ტემპერატურა მართლაც ნელ-ნელა იწევს. თუმცა ეს იმდენად შესამჩნევია, რომ მოვლენების განვითარებასთან ერთად დასაწყისი სრულიად ალოგიკური ჩანდა. სცენოგრაფია იდეას სრული სიზუსტით მიჰყვება, დეკორაცია საკმაოდ მინიმალისტურია და შინაარსობრივი თვალსაზრისით არც ერთი დეტალი ტოვებს კითხვის ნიშანს. გაუგებარი არაფერია, თუმცა მთელი ხიბლი იმაშია, გავერკვეთ, რამდენად გვსურს გაგება.

პიესას ოთხი გმირი ჰყავს: ინესი, ესტელი, გარსენი და მოსამსახურე ბიჭი, რომლის დანიშნულებაც რეჟისორის მიერ თავიდან ბოლომდე ინტერპრეტირებული ერთადერთი პერსონაჟია სცენაზე. ამ როლს გიორგი ჯიქურიძე ბუნებრივად მოზომილი სითამამით ასრულებს; ის მუდამ ჩვენ თვალწინაა. მწვანე შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, მანიაკური გამომეტყველებით უსიტყვოდ შემოდის ინტერაქციაში მაყურებელთან და საკმაოდ სასიამოვნო დისკომფორტს ქმნის. პიესაში ის გვხვდება მხოლოდ კარიბჭის მცველად, როგორც ჯოჯოხეთის წესრიგის კურატორი; მისი სახე დისტანციურია და არამიწიერის ელფერიც ახლავს; ემპათია კი არ გააჩნია  პერსონაჟების მიმართ, პირიქით, ცივი ირონია და გულგრილობა ახასიათებს. მოსამსახურე ბიჭი არც პიესაშია უბრალოდ დამატებითი პერსონაჟი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ დასაწყისში ჩნდება, დაკვირვების დიდ ობიექტს არ წარმოადგენს. სპექტაკლში კი პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მაყურებლის მთელი პერსპექტივა ამ პერსონაჟიდან გამომდინარე იშლება. მას არც არამიწიერის ელფერი დასდევს და მიუხედავად თავისი ექსცენტრულობისა, მაყურებლის სახე უფროა, ვიდრე შორეთში გამოკეტილი ავი სულების განმწესებლის.

რაც შეეხება დანარჩენ პერსონაჟებს, მათი სახეები პირდაპირაა გადმოტანილი პიესიდან. ისინი არიან ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი ინდივიდები, რომელთა ფსიქოლოგიური და მორალური კონფლიქტები სიმბოლურად ავლენს ადამიანის შინაგანი სამყაროს უკეთურებებს, შიშსა და ტანჯვას, რაც აღიარებასა და საკუთარი თავის სააშკარაოზე გამოტანას მოსდევს. მაგალითად, გარსენი – ჟურნალისტი, რომელიც ჯოჯოხეთში სიმხდალისა და ცოლის ღალატის გამო მოხვდა, ცდილობს, თავი წარმოადგინოს უშიშარ ადამიანად, რომლის სინდისიც სუფთაა. კაცის მთავარი ტანჯვა მისივე ბუნების ის ნაწილია, რომელსაც ჰაერივით სჭირდება სხვების აღიარება. გარსენის როლში ნიკოლოზ ფაიქრიძე გვევლინება. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ აქტიორი ბეწვის ხიდზე გადის. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, როგორღაც ახერხებს პათეტიკისგან თავის დაღწევას.

ინესი, რომლის როლსაც თამარ მამულაშვილი ასრულებს, ყველაზე მკვეთრი და პირდაპირი პერსონაჟია. ის აღიარებს თავის ბოროტ ბუნებას; ყოველი შემთხვევისთვის, ამას არ გაურბის. მას აქვს გამოხატული სექსუალური მიზიდულობა ქალების მიმართ და ცდილობს, ესტელი დაიმორჩილოს. არ გააჩნია ილუზიები და რეალობის დანახვაც შეუძლია; სწორედ ამიტომ ის თითქმის მაცდუნებლის ფიგურას უახლოვდება. მისი მიზანია სხვების სისუსტეების აღმოჩენა და მათი ტანჯვით სიამოვნების მიღებაც კი შეუძლია. თამარ მამულაშვილის მიერ განსახიერებული ინესი სიბრაზის მკვეთრი გამოხატულებით, იმპულსურობით და მკაფიო დიქციით გამოირჩევა, რაც საერთო ჯამში, გარემოს გათვალისწინებით, საკმაოდ პათეტიკურად გამოიყურება. თუ პიესას და რეჟისორულ გადაწყვეტას გავიაზრებთ, მეტად სავარაუდოა, ეს პათეტიკა გ. ჩალაძისათვის სასურველი ყოფილიყო.

ესტელის პერსონაჟი, რომელსაც ხატია მელქაძე ასრულებს, რადიკალურად განსხვავდება ინესისაგან. ახალგაზრდა, ლამაზ, ნარცისიზმისაკენ მიდრეკილ ქალბატონს, რომელიც სხვისი აღტაცების მოპოვებაზეა ორიენტირებული, სრულებით არ ხიბლავს მოცემული სიტუაცია. მითუმეტეს, აქ არც მხიარული წვეულებებია, სადაც იცეკვებს და არც – სარკე, რომ ტუჩსაცხი შეისწოროს. მისი ცხოვრება ეგოისტური გადაწყვეტილებების გარდა არაფერია; პასუხისმგებლობის ტვირთი არასოდეს უტარებია მხრებით და არც ახლა აპირებს. ამიტომ ხატია მელქაძე წარმოგვიდგენს ისეთი ჩვეულებრივი, რიგითი ქარაფშუტა ქალის სახეს,  ძველ ჰოლივუდურ ფილმებში რომ გვხვდება ხოლმე, თუმცა მას საგრძნობლად აკლია სიღრმე; ეს ხომ არც ტიპური ჰოლივუდური ფილმის სცენარია და არც – გადასაღები მოედანი.

პიესის შინაარსობრივი სიღრმიდან გამომდინარე, რომელიც სცენაზე საკმაოდ პირობითად არის გადმოტანილი, მსახიობების ამგვარი თამაში ცოტა გაუცხოებას იწვევს. გარემო, რომელიც სკამზე მოკალათებისას მომენტალურად გავისიგრძეგანე, ნელ-ნელა კარგავდა აზრს. დასაწყისში აღვნიშნე, რომ სცენოგრაფია და რეჟისორული გადაწყვეტა მკაფიოდ მიანიშნებდა სპექტაკლში მაყურებლის როლზე, თუმცა გადამეტებულ ემოციათა კასკადი, რასაც მსახიობებისგან ვიღებდით, არასასურველ დისტანციას ქმნიდა ჩვენ შორის.

რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას, საკმაოდ ავთენტური გახლდათ და სრული სიზუსტით იმეორებდა თუ წინ უძღვოდა ემოციებს, ისევე როგორც განათება, რომელიც ფაქიზად შემოდიოდა თვალთახედვის არეალში. ამიტომ მათი სინთეზი საკმაოდ დაბალანსებულ ემოციებს აღძრავდა.

აღსანიშნავია ქორეოგრაფიაც, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ვერბალურ ნაწილზე მეტად ეფექტური იყო.

საბოლოო ჯამში, სპექტაკლი არ არის იდეალური, არც იდეალურთან ახლოს მდგომი, თუმცა ტოვებს განცდას, რომ ქართული თეატრის ისეთ ჩარჩოებს, რომელიც თვითმყოფადი, თავისთავად განსაზღვრული ნიშნებით ხასიათდება და მისი იდენტობის განმსაზღვრელია, ხშირ შემთხვევაში პერფორმანსულ ხასიათს ვერ იტევს, აქვს უნარი, მოერგოს ნებისმიერ მიმართულებას, თუ, რა თქმა უნდა, მას, როგორც ჩარჩოს, ისე შევხედავთ; ხოლო იდეას იმ ტილოდ აღვიქვამთ, რომელიც მასში უნდა მოთავსდეს და არა – პირიქით. ყველა სპექტაკლი ვერ იქნება ერთნაირად წარმატებული, თუმცა ყველა სპექტაკლში უნდა იგრძნობოდეს თეატრის პერსპექტივა.

Ana Baqradze – Giorgi Chaladze’s „No exit“

The review concerns Jean-Paul Sartre’s “No exit” performed by director Giorgi Chaladze on the stage of the Youth Theatre. This was a bold experimental work, which was expected given the content of the play. The reviewer devotes a lot of space to comparing and analyzing the acting of the play.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…