ანუ მამია მალაზონიას იკონოლოგიური სტრომატები
„მოდით, მოვძებნოთ, სად არიან დიდი ადამიანები,
ვინ გაბედავს იმ ბავშვის დაჩაგვრას,
ვისაც წიგნის კითხვა შეუძლია.“
დელმორ შვარცი
„Ах, весело! Ах, весело! – крычала Маргарита,- и все забудешь.“
ეს ციტატა „ოსტატი და მარგარიტას“ ადრეული რედაქციიდანაა. მამია მალაზონიაც, ერთი შეხედვით, „მკვირცხლი თვალით“ კითხულობს ბულგაკოვის ბედკრულ რომანს: მსუბუქად, ყოველგვარი რეზონიორობის გარეშე ასურათებს… მხატვარი ორჯერ მიუბრუნდა ამ ტექსტს.
პირველი ვარიანტი უფრო მძიმეა; პირქუში და სერიოზული. მეორე ვარიანტი გაცილებით გამჭვირვალეა და ტრანსპარენტული. სადღაც, ილუსტრაციების მიღმა, რჩება რომანის თეორიული სარჩული: „მეტარომანი“, „ორი რომანი ერთ რომანში“, „ორმაგი კოდირება“ და მისთანანი ოსტატისათვის ზედმეტი ბარგია. სამაგიეროდ, როგორ გრძნობს პროზაული ტექსტის მუსიკალურობას, როგორ იჭერს ბულგაკოვისეული ნაწერის „გაკრულ“ მანერას?!
თითქოსდა, ისევე იწყებს დასურათებას, როგორც იწყებდა წერას ბულგაკოვი, როცა რომანის ფაბულაში პირველად გაიელვებს მარგარიტას ხატი:
„За мною, читатель!“
მალაზონიამაც იცის: მის უკან მაყურებელია; დამთვალიერებელი, რომელიც უნდა გაიტაცოს…
მხატვარი სიმულტანური სარკმლებიდან გვახედებს რომანის სამყაროში. აბსურდივითაც კითხულობს ბულგაკოვს; აბსურდივით, რომელიც სიკვდილს კი არ გვაჩვევს, არამედ მოგვიწოდებს, ვისწავლოთ სიცოცხლე; ოღონდ, სიცოცხლე – გაუგებარ სამყაროში… იქნებ, ამიტომაც არ აღიქმება ეს გრაფიკული პარაფრაზები ტრაგიკულად?! ტრაგიკომიკურად – კი ბატონო!
დანიილ ხარმსს აქვს ერთი ლექსი – „Молитва перед сном“. პოეტი ღმერთს შესთხოვს: „Разбуди меня сильного к битве со смыслами“. ეტყობა, მალაზონიაც ასევე ფხიზლობს „სხვის“ საზრისებთან დიალოგში; მენიპეურობის რაღაც ბახტინისეული პეწით გვთავაზობს თავისი ილუსტრაციების სიუიტას; ფანტაზიაც, როგორც წესი, მობილიზებული აქვს: იცის, რა წაიკითხა და რა უნდა დახატოს… მიმეზისური ტაბუ იმთავითვე დადებული აქვს მხატვარს…
პარადოქსებიც მოხელთებული აქვს. რომანის პერიპეტიებს გვერდიდან უყურებს; და ზემოდანაც დასცქერის ბულგაკოვისეულ რეალიებს… არადა, ისიც იცის, რომ მის ზემოთ მწერალია; მწერალი და არა – ოსტატი… მწერალი მიხეილ ბულგაკოვი, რომელსაც არ უნდა გადაუხვიოს; ანდა, გადაუხვიოს ისე, რომ რომანს არც ეზოთერიკა დაეკარგოს და არც -ეგზოთერიკა… ბულგაკოვი ყოველ ნაბიჯზე „ხაფანგს“ უგებს მკითხველს; მით უფრო – მხატვარს… და მალაზონიაც, როგორც გამოცდილი „ავანტიურისტი“, მოხერხებულად აღწევს თავს ამ ხაფანგებს; მხატვრის ნარატივი რაღაც პლანეტარულ სივრცეში ხდება; ესაა სამყარო, სადაც ექსტერიერში ინტერიერი გამოსჭვივის და ინტერიერში – ექსტერიერი ილანდება… სამყარო, რომელსაც ოსტატისა და მარგარიტას ორი პროფილი აკვირდება…
მულტიპლიცირებული ცხოვრებაა დახატული მალაზონიასეულ „ოსტატსა და მარგარიტაში“.
უყურებ და კიდეც ცნობ და კიდეც ვერა ცნობ… ერთი გრძელი ზმანებასავითაა! და მაინც, იჯერებ, რომ ბულგაკოვიც სწორედ ასეთ – ძილ-ბურანში მოხილულ სინამდვილეს გულისხმობდა; რაღაც (ა)გნოსტიკურ (ი)რეალობას… იჯერებ, რომ საკუთრივ ასეთ სამყაროს შეუძლია გაუმკლავდეს ქაოსს (ანდა, უკეთეს შემთხვევაში, ქაოსმოსად აქციოს იგი); რომ ასეთი სამყაროა მოსაწყობი (და გადასაწყობი) საგნებით…
მხატვარიც ასევე ავსებს საგნებით სიცარიელეს; ასე ავსებს სიცარიელესაც და – უფსკრულსაც…
რომანტიკული და კარნავალური საწყისების მონაცვლეობით სუნთქავენ ეს „სურათები“. მოუხელთებელი სტილური ვარიეტეა გამეფებული მათში.
დროდადრო გვახსენებს ხოლმე ოსტატი, რომ ყველაფერი, რაც ტექსტში ხდება – მისი ავტორის ინტერპრეტატორული ნების განსხეულებაა; რომ მას, თითქოსდა, წინასწარ მოუხილავს რომანში აღწერილი ამბები და ინტერსიუჟეტური სიტუაციები…
ტექსტის „ამოყირავებულ“ სამყაროს მხატვარი არაიაფფასიანი კულბიტებით წარმოგვიდგენს;
მთელი იკონიკური ფეიერვერკია; სიცხადისა და მოჩვენების ზღვარზე მყოფი, შეტორტმანებული (ი)რეალობა დროგამოშვებით მშვიდდება, ცხრება და მომავალი პასაჟის „სასპენსისთვის“ განაწყობს დამთვალიერებელს; დამთვალიერებელს, რომელიც მკითხველიცაა (ანდა, პირიქით!)…
მხატვარი ბიბლიური რეცეფციების პარალელურად ყოველდღიურობის პასეისტურ ხატებსაც გვთავაზობს; პონტიუს პილატეს ერშალაიმის პარალელურად „გრიბოედოვის სახლს“ ხატავს.
ორი რამ რჩება უცვლელი: ინტიმიზაცია და გაუცხოება! გაუცხოება (остранение) – ბრეხტისეული გაგებით; და გაუცნაურება (отстранение) – შკლოვსკისეული გაგებით; თუმცა, ზედმეტ „გირებსაც“ ნუ დავკიდებთ ამ თავისთავად ბრწყინვალე ილუსტრაციებს!
აკი მივანიშნე: მხატვარი არასოდეს ამძიმებს თავის ოპუსებს; მსუბუქად, ოღონდ, არა მჩატედ, ასურათებს ბულგაკოვის რომანს. სიმსუბუქე საგნის თვისებაა; სიმჩატე – სიცარიელისა… მალაზონიას ენა კი საგნობრივია; უფრო ზუსტად – ნივთიერი… ლიტერატურის ნივთიერებასაც სწვდება ოსტატი (ამ შემთხვევაში – მალაზონია!); იმ ალქიმიურ შენადნობს, ბულგაკოვი რომ ხარშავს თავისი ფანტაზმების კოლბაში… შაგალივით, რაც უფრო მეტს დაფრინავენ მისი პერსონაჟები, მით უფრო მყარად იკიდებენ ფეხს მიწაზე…
„ეშმაკი დეტალებში იმალებაო“ და ოსტატიც (ისევ მალაზონია!) დეტალებში ეძებს რომანის ინფერნალიათა კოდებს… ეშმაკური ღიმილითვე ავყავ-ჩავყავართ „მრავალსართულიანი“ რომანის კიბეებზე… ზოგჯერ ყოვნდება საფეხურზე და ოსტატის ფიქრებში იძირება…
მერე ისევ თავაწყვეტილი გარბის, რათა თავისივე ოპუსის გმირად გარდაისახოს და არბატზე გადააწყდეს ქალს – საზიზღარი და საგანგაშო ყვითელი ყვავილებით ხელში…
„ოსტატი და მარგარიტა“ მალაზონიას გემოვნების რომანია; მისი ჰორიზონტის რომანი; მხატვრის კულტურული თეზაურუსის ტექსტი… ბულგაკოვისეული გროტესკული რეალიზმის სივრცეში შინაურულად გრძნობს თავს; ტრაგიფარსი, ბურლესკი, ტრავერსია თუ ბუფონადა მისი სტიქიაა; ოღონდ, არასოდეს ვარდება კარიკატურულობის უკიდურესობაში.
რესპექტაბელური ოსტატობით გვიყვება ვოლანდისა და მისი „ბანდის“ ფანტაზმატურ ოინბაზობებს; დამაჯერებლად შედის „უცნობ“ პერსონაჟებთან დიალოგში.
დეტექტივის ინტუიციით ათვალიერებს გაურკვეველი ჯურის პერსონაჟებს. ზემოდან დასცქერის მათ „შავი მაგიის“ კვაზისატანისტურ პერფორმანსებს და „შავი იუმორითვე“ აფრთხობს… დაკვირვებას გაკვირვება მოსდევს; რეფლექსიას – თანაგრძნობა…
მალაზონია გრძნობს, როგორც პაულ კლეე იტყოდა, „ბუნებრივი მექანიკის კანონზომიერებებს“ და რომანის სიუჟეტზე გადააწყობს გამოსახულების ფორმალურ სიუჟეტს. მთავარი მაინც აურის მოხელთებაა; აურა და სემიოტიკური ციმციმი… ნიშნის გაცოცხლება და ხატად გადაქცევა…
ყველა დანარჩენი: ფანტაზმების ვიზუალიზაცია თუ სახვითი რიტორიკა ტექნიკის საქმეა. ოღონდ, ეს ტექნიკაც გასაფრენად სჭირდება მხატვარს; მხოლოდ ტექნიკის ფრინველი თუ დაეწევა ჟანრის ცხოველს… თუმცა, შაგალის ქართველ მოციქულთან ცხოველებიც დაფრინავენ!
***
ჰერმან ჰესეს რომანში – „თამაში რიოში მარგალიტებით“ თამაში განსაზღვრული აქვს, როგორც „კულტურის ყველანაირი შინაარსითა და ღირებულებებით თამაში“.
მამია მალაზონიას მხატვრობა, კერძოდ, მისი მეგასერია – „მსოფლიო ლიტერატურის დიდი ალბომი“ სწორედ ამგვარ თამაშად მესახება; ოღონდ ერთი პირობით: ჰესესეულ „თამაშის სახელმწიფოში“ – კასტალიაში – მკაცრადაა აკრძალული ვირტუოზულობის თამაში, ხოლო მის სანაცვლოდ ჭვრეტის თამაშია დაშვებული; ქართველ მხატვართან კი ვირტუოზულობისა და ჭვრეტის თამაში თანაბრად ფასობს.
ჰენრიხ ვიოლფლინი წერდა, ვინც იცის მხოლოდ ერთი ენა, არც ერთი ენა არ იცისო…
მამია მალაზონიამ არაერთი ენა იცის: კულტურის ენა… და ამ „ენების“ სრულყოფილი ფლობა აძლევს საშუალებას, იმოგზაუროს „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკაში“.
მალაზონიასათვის წიგნი ლიტერატურული ნაწარმოების სივრცული ხატია; ის მხოლოდ არქიტექტორი არაა წიგნისა; რეჟისორიცაა. ლიტერატურულ ტექსტთა მარტოხელა დამდგმელია, ყოველ ახალ სერიაში ხელახლა რომ წარმოგვიდგენს თავისებურ სპექტაკლს.
მხატვრული ტექსტისა და არტეფაქტის მიმართება ერთობ სპეციფიკურია.
სიტყვიერი ხელოვნება, არც თუ იშვიათად, თავად ხელოვნების ორბიტის გარეთ რჩება: ხელოვნება ერთია და მწერლობა – მეორე (ანდა, პირიქით).
ცნება – „მხატვრის წიგნი“ – ცდილობს ამ ორი მოდუსის მორიგებას. მალაზონია თავის წიგნს ქმნის; „მამია მალაზონიას წიგნს“… მწერლობის დასურათებას ტრადიციული ილუსტრირებით იწყებს (შექსპირის „ორი ვერონელი“ და „ზამთრის ზღაპარი“, „რუსუდანიანი“, „შუშანიკის წამება“…).
დამწერლობაზე რეფლექსია მერე იწყება.
მატიანე დალხინებული ცხოვრების ნიშანი არაა; მატიანედ საკუთრივ ექსტრემალური ხდომილებანი აღიწერება – ომები, უბედურებანი… მშვიდობიანი ცხოვრება კი ისტორიის მიღმა მიედინება და დამწერლობას არ საჭიროებს.
წიგნები „კონსერვებია“, დიდი ხნის ვადაზე რომაა გათვლილი, ზეპირი კულტურა კი „მალფუჭებად პროდუქტს“ ამზადებს.
ოსტატი წიგნებს ისტორიული თანმიმდევრობით კი არ „კითხულობს“, არამედ ანაქრონისტულად, ბანქოსავით ურევს ერთმანეთში სხვადასხვა ეპოქების ლიტერატურას და ასე აუქმებს ლიტერატურის ლინეარულ ისტორიას. ბორხესი ამგვარ ჩანაცვლებაში მარადისობის ანალოგიას ჭვრეტდა.
მამია მალაზონია, როგორც ოსტატი და ალექსანდრიელი, ანაქრონიზმს მისდევს და ეტყობა, ისიც სჯერა, რომ მწერლები არა მხოლოდ მიმდევრებს, არამედ წინამორბედებსაც წარმოშობენ.
ასე უსწრებს „ოსტატი და მარგარიტა“ „მათეს სახარებას“…
მალაზონიამ ჯერ „ცხოვრება იესო ქრისტესი“ დაასურათა. ეს სწორედაც ცხოვრებაა და არა – პასიონები. „ახალი აღთქმის“ იკონიკურ რეპლიკებში ავტორი ისტორიულ-კანონიკური პროგრამისამებრ კი არ გვიხატავს ბიბლიურ მისტერიას, ანდა სანტიმენტალურად კი არ მისტირის მაცხოვარს, არამედ მსუბუქად ირონიზირებული და პროფესიულად ინფანტილიზებული ენით გვიზიარებს იგავურ ნარატივს.
ძირეული ქართული იკონიკური მოტივები დაედო საფუძვლად „Вита Нова“-ს მიერ გამოცემულ „Евангелие от Матфея“-ს ილუსტრაციებსაც; მხატვარი მოხერხებულად „გაექცა“ ქართულენოვან „იესო ქრისტეს ცხოვრებას“ და ყოველ ფურცელში მოკლე მონტაჟით შეერთებული კადრ-ეპიზოდებით მოგვითხრო მაცხოვრის „დაწურული“ ვნებები.
„მათეს სახარებისათვის“ უცხოა ყოველგვარი მანერულობა და ფსევდორომანტიკული ბურუსი. ოსტატი წყვეტილებით ასურათებს წიგნებს და ამ წყვეტილობას კულტურის ციტატების სახით გვთავაზობს. იმასაც გრძნობს, რომ „რაც წყვეტილი არაა, ის არცაა კულტურა“.
უზარმაზარი სხვაობაა, როგორ ხედავ საგანს უფანქროდ და როგორ ხედავ იმავე საგანს ხატვის დროსო – გვარწმუნებდა პოლ ვალერი. მართლაც, სულ სხვაა, კითხულობდე ტექსტს „შენთვის“ და სულ სხვაა, კითხულობდე „ფანქრით ხელში“, ანუ დასურათების ინტენციით – ანუ განზრახვით…
მალაზონიასთვის კითხვის აქტი მარტო დასურათებას კი არა, გადაწერასაც გულისხმობს. ამ დროს მხატვარი „ორმაგი ავტორის“ როლსაც ასრულებს.
ძველი ჩინელები, ლექსით რომ დამტკბარიყვნენ, მათ გადაწერასაც მიმართავდნენ. ეს დაახლოებით იგივეა, რაც საყვარელი სურათის კოპირება.
მალაზონია სხვაგვარად „იწერს“ გალაკტიონ ტაბიძის ლექსებს. მანამდე კი – სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებს…
***
მალაზონიას ოპუსებში ყველაფერი მხატვრულად ლიმიტირებულ დრო-სივრცეში ხდება. ამ ქრონოტოპს იგი კადრულ (ან მიზან-კადრულ) ხდომილებად ანაწევრებს და ხან ერთდროულ (სიმულტანურ) ისტორიად ამონტაჟებს, ხან – მისტერიად, ხან – ფარსად, ხან – იგავად… იგავურობაა ის პრიზმა, რომელშიც გარდატეხს მხატვარი ნებისმიერ ამბავს; იგავია ის დისკურსი, რომლითაც ავტორი რაციონალურად, მომჭირნედ მოგვითხრობს ისტორიას – ფურცლის არშიებზე გაბნეული სიტყვები ხან წამლად გვევლინება, ხან – შხამად! ხან – სიკეთედ და ხანაც – ბოროტებად!
წიგნი „სიბრძნე-სიცრუისა“ შეიძლება, დეკონსტრუირდეს, როგორც ავტორისეული – საბასეული ნაწერის, ანუ მისი ცოცხალი ხმის ორეულის იმიტაცია; ოსტატის მიერ გადაწერილი და დასურათხატებული „წიგნი“ კი, როგორც ამ იმიტაციის იმიტაცია, თუნდაც მეტაიმიტაცია: წიგნის წიგნი, ანუ მეტაწიგნი.
სულხან-საბასეული იგავების დასურათხატება საკუთარ თავთან გაბმული, მდუმარე დიალოგია – ჟესტებითა და ფიზიოგნომიკური თამაშის სახით ჩაწერილი.
წერის „უბრალო აქტი“ მალაზონიამ გალაკტიონ ტაბიძის „შვიდ ლექსშიც“ გვიჩვენა; ამ ციკლში „მიაგნო“ პოეტისეულ კვაზიფაქსიმილეს, „გაკრული“ ხელნაწერის იმიტაციურ-მოძრავი გამოსახულებისა და ფერადოვან-მელოდიური გამის სინქრონიზაციას, ხან „ფერმკრთალი ოცნების“ ჰარმონიით რომ მსჭვალავს სივრცეს და ხანაც „შეშლილი ფერივით“ ამღვრეულია, პალიმფსესტური გადარეცხვით ემუქრება ხელნაწერს.
ჩვენმა ოსტატმა კალიგრამათა „მამას“ – გიიომ აპოლინერსაც „მიაკითხა“და საგანგებო ციკლიც მიუძღვნა. ფრანგი პოეტის კალიგრამათა ილუსტრაციები კი არა, დამოუკიდებელი გრაფიკული სიუიტა შეთხზა: კალიგრამები კალიგრამების შესახებ – მეტაკალიგრამები.
მალაზონია მხატვარი-პოეტის თვალით აღიქვამს პოეტური სივრცის ამ „ახალ რიტორიკას“… ეს უკვე კალიგრამირებული ტექსტის განმეორება კი არა, პოეტურ ტექსტთა იკონიკური დეკლამაციაა. სულ სხვა „სუნთქვაა“ გამომცემლობა „Вита Нова“-ს დაკვეთით შესრულებულ „ქართულ ხალხურ ზღაპრებში“. ესაა დასურათების მთელი პაკეტი – ტექსტების თავსართი პრელუდიებით, მერე საკუთრივ ილუსტრაციებით და ლამისაა, კოლოფონამდე მისული აქსესუარებით… კალიგრამა ანაგრამაში გადაიზრდება და ელეგანტურად ერთვის ფოლკლორული ფანტაზიითა და „ღიაობით“ დახუნძლულ ფერადოვან კომპოზიციებს. ლამაზი და მახინჯი, საზარელი და მხიარული, თითქოსდა, ერთ თარგზეა გამოჭრილი. ექსპრესიას – სირბილე, ირონიას კი კეთილმოსურნე ღიმილი ჩაენაცვლება.
შუა საუკუნეების ფრანგული ყოველდღიურობისა და ვიზუალურ ჟარგონთა „ლექსიკონივით“ იკითხება მალაზონიას დასურათებული ფრანსუა ვიიონის პოეტური თხზულებები. აქ გვერდიგვერდ გადააწყდებით ბალაგანურ აღვირახსნილობასაც და ბალადურ აღმსარებლობასთან შეუღლებულ კათოლიკურ მისტიციზმსაც; წყალში გაზავებული ტუშით „დაგრუნტულ“ ფურცლებზე მარგინალიებივით აღიქმება ფანქარში დახატული კომპოზიციები, „Вита Нова“-სავე გამოცემულ წიგნში მიკროსცენებად რომ ნაწევრდება და „მსხვილი კადრით“ გვიახლოვდება. გამომცემელი არ შემცდარა და ვიიონის ილუსტრაციებმა 2018 წელს ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსში – „წიგნის ხატი“ გაიმარჯვა ნომინაციაში – „მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ილუსტრაცია“.
მამია მალაზონია „პოლიგლოტი“ მხატვარია. და ეს პოლიგლოტობაა ის საშვი, რომლითაც იგი თავისუფლად შედის ხოლმე განსხვავებულ კულტურულ-ენობრივ სივრცეებში.
ასე „კითხულობს“ იგი იბსენის „პიერ გიუნტს“, ნორვეგიული ხალხური ზღაპრის დისკურსით მოთხრობილ დრამას, მეტიც, ტრაგედიას, რომელსაც ნ. ბერდიაევი თავისი მნიშვნელობით, გოეთეს „ფაუსტს“ ადარებდა.
მალაზონიასეული „პიერ გიუნტის“ ინტონაციური გამა, თითქოსდა, გრიგისეული სიუიტის მუსიკალური აკორდებით ჟღერს. ამ სურათებში აუდიტორიაც თავის როლს თამაშობს. ოსტატს ისინი ფართო პლანით შემოჰყავს და ზურგით სვამს. ასე უცქერის აუდიტორია აუდიტორიას… დარბაზი – დარბაზს!
აი, „დეკამერონი“ კი, უბრალოდ, ლამაზიცაა და არქიტექტონიკურად ხომ ზუსტადაა „დაპროექტებული“… მისი, როგორც პუშკინი იტყოდა, „გეგმის ფორმა“ ზოგადად რენესანსული კულტურის გეგმასაც ეხმიანება, ოღონდ ამ კულტურის იმ ჰიპოსტასს, რომელიც თავად ბოკაჩოს აქვს დახასიათებული, როგორც istilo umilissimo – „ყველაზე დაბალი სტილი“, რითაც „დეკამერონის“ ავტორს „ცალი ფეხი“ შუა საუკუნეების კარნავალურ კულტურაში აქვს გადგმული; მალაზონიას ილუსტრაციებშიც, გარკვეულწილად, არაკანონიკური „exemple“-ს ჟანრული მოტივების გამოძახილიც იგრძნობა…
მალაზონიამ გოეთესეული „ვერთერიც“ ჩვეული გალანტურობით გაითამაშა. აქცენტი გადაიტანა არა ახალგაზრდა კაცის „მსოფლიო სევდაზე“, არამედ, ულრიხ პლენცდორფის პიესის სათაურს თუ გამოვიყენებ, „ახალგაზრდა ვ-ს ახალი ვნებები“ დაგვანახა; წერილების ფორმით დაწერილი გეტეს (ერთხანს ასე ეძახდა კ. გამსახურდია გოეთეს) რომანი მულტი ემბლემატურ ჩარჩოში მოაქცია და ისევ და ისევ ორმაგი კოდირების წესით წაგვაკითხა ახალგაზრდა ვერთერის „ტრაგიფარსული ავანტიურები“…
ბოდლერი წერდა, თომას დე კუინსმა ისე ისწავლა ძველი ბერძნული, რომ ამ მკვდარ ენაზე თანამედროვე აზრებისა და სახეების გადმოსაცემად შექმნა საკუთარი ლექსიკონი…
მალაზონიაც ასევე იყენებს „პერსონალურ“ სიტყვარს: ერთი ლიტერატურული ტექსტის ლექსემები მეორე იკონიკური ტექსტის „სიტყვებით“ იხსნება… როგორც მხატვარი-სკრიპტორი, ისიც არა იმდენად პასიონარიებით, რამდენადაც საკუთრივ ამ „ლექსიკონით“ მანიპულირებს ანდა იმგვარი ინტერტექსტუალური „პერსონალური კომპიუტერით“ სარგებლობს, მისი, როგორც „ხელოვნების ისტორიკოსი-მხატვრის“ სტატუს-კვოს რომ ადასტურებს.
ასე ჰბაძავს მალაზონიას ოპუსებში ცხოვრება წიგნს… ეს წიგნი კი ნიშნებითაა მოქსოვილი!
ოსტატი ციკლიდან ციკლში, თითქოსდა, ერთ ტრაგიფარსულ პერსონაჟს ათამაშებს; პერსონაჟს, რომელსაც, ლამისაა, მთელი კაცობრიული როლების შესრულება უწევს. მხატვარი განუწყვეტლივ „ჰბაძავს“ არა მხოლოდ იმას, რაც მანამდე დაიწერა, არამედ იმასაც, რაც მანამდე დაიხატა, ოღონდ ეს დახატულიც არ წარმოადგენს მისთვის პირველადს. დახატულის (დაწერილის) სხვადასხვა ტიპების აღრევა – აი, მისი სტიქია! და ეს აღრევაც თამაშისა და რიტუალის „ღრიჭოებიდან“ მოიხილება. ამგვარი „ღრიჭოებიდანვე“ გვეცხადება მხატვრის „დიდი ალბომის“ ცალკეულ ციკლთა მისტერიალური რეალიებიც, დრამატული პერიპეტიებიც, კარნავალური სიტუაციებიც, ჯანსაღი ადამიანურობით გახალისებული ნებელობანიც…
***
2003 წელს თბილისში, სურათების ეროვნულ გალერეაში, მამია მალაზონიამ გალაგამოფენა მოაწყო. ვერნისაჟზე მისულს გიგა ლორთქიფანიძემ მკითხა: ჰა, როგორია ჩვენი მამია? ხომ არის გიგანტი? მერე გულიანად გაიცინა და, არა, გიგა მე ვარ; მამია არის -ნტიო…
1965 წელს მარჯანიშვილის თეატრში გიგა ლორთქიფანიძემ დადგა პოლიკარპე კაკაბაძის პიესა – „კახაბერის ხმალი“. სპექტაკლი მალაზონიასეული ფარდით იხსნებოდა და თანდათანობით ცოცხლდებოდა წარმოდგენაში. არადა, იქაც ინარჩუნებდა თავისებური სცენოგრამატიკული წიგნის იმიჯს. დრამატურგის მიერ „კახაბერის ხმლისათვის“ სპეციალურად დაწერილ პროლოგში მალაზონიას უზარმაზარი ქართული ურმით შემოჰყავდა შენიღბულ არტისტთა კარნავალური კოჰორტა. სწორედ ეს ურემი, როგორც ემბლემა (და სიმპლემა) იყო მესიჯი იმისა, რომ ჩვენ წინაშე უნდა გათამაშებულიყო ქართველი ბერიკების მოხეტიალე დასის ნომადური სახიობა; წარმოდგენა „ნიღბების თეატრისა“, სადაც სალოსებივით გაათამაშებდნენ წარსულის ტრაგიფრივოლურ სურათებს, რომლებიც, თითქოსდა, ფარდაზე გამოსახულ ჰიერატულ ფიგურათა ჰაბიტუსებსაც „იმეორებდნენ“.
სცენოგრაფიიდან სცენოგრაფიკამდე და შემდგომ, წიგნამდე მისვლა მალაზონიასათვის სულაც არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპორადული „სვლა“.
მხატვრის ამპლუა არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ მხატვრული სიტყვიერების კატეგორიებითაც შეიძლება აღიწეროს: და მაშინ მამია მალაზონიას დავახასიათებდი, როგორც მხატვარ-მეიგავეს; მის მეთოდს კი, როგორც სურათოვან იგავმეტყველებას.
ოსტატი (დროდადრო „დიდიც“ წავუმძღვაროთ) თავისი „ტექნიკური“ რეპერტუარის მინიმალურ რეალიზებას ახდენს. ამ მინიმალიზმით გვხიბლავენ „დიდოსტატის მარჯვენის“ შავ-თეთრი აკვარელები.
ვახტანგ ტაბლიაშვილის მიერ თეატრალიზებულად დადგმული კინოსურათისათვის შესრულებულ კოსტიუმებში შუა საუკუნეების გაუცხოებული ფაქტურაც იგრძნობა, ტექსტურაცა და – ტინქტურაც.
ამ ვირტუოზულ „ექსპრომტებს“ პირობითად თუ დავარქმევთ ესკიზებს; ისტორიზმის გაქვავებული სიმძიმე მსუბუქად არტიკულირებული აკვარელის ლაქებითაა „გაწოვილი“, პასეისტური მელანქოლია კი შეუმჩნევლად ირონიზებული ხატებითაა კორექტირებული.
მალაზონიამ არც ესკიზების შუა გზაზე მიტოვება იცის და არც „ესკიზებში გაქცევა“ სჩვევია. მას არც სცენოგრაფიაში მოეპოვება ზედმეტი ოპუსები – ძირითადად ორი-სამი ზუსტად „დამისამართებული“ ესკიზით კმაყოფილდება.
ოსტატი ვირტუოზულად მოიხმობს ინტერტექსტუალურ ტექნიკას; თითქოსდა აფეთქებს ლინეარულ ფაბულას და ერთმანეთს „შეუწყობს“ სცენური „ნაწერისა“ და რიტმის საპირისპირო მოდუსებს. როცა საჭიროდ ჩათვალა, საოპერო სცენის მონუმენტურ ანექსიასაც არ მორიდებია.
გიზო ჟორდანიასეული „აბესალომ და ეთერის“ სცენოგრაფიული „ტესიტურა“ წარმოუდგენელ სიმაღლეზე ასწია. არქიტექტონიკურ-სემანტიკური გაგებით კი ეს მართლაც დეკორაცია იყო – ეფექტური და რეპრეზენტატული…
მამია მალაზონია სერიოზული „არტლუდენსია“ – ყველაფერს მტკიცე გადაწყვეტილებით ახორციელებს; გულმოდგინედ, გნებავთ, პატივმოყვარეობით თამაშობს… ამგვარ თამაშში კი საკუთარ თავს მაყურებლის როლში წარმოადგენს.
თითქოსდა მაყურებლის ამგვარ როლზე წერდა ველიმირ ხლებნიკოვი: „Хорошо, подумал я,- теперь я одинокий лицедей, а остальные–зрители. Но будет время, когда я буду единственным зрителем, а вы – лицедеями.“
ეს „Одинокое лицедейство” საერთოდ ახასიათებს მალაზონიას მხატვრობას;
ისევ ხლებნიკოვს თუ დავესესხები, მალაზონიამ შეძლო, შეეთხზა თავისი უნიკალური „შეუძლებლის თეატრი“ („Театр невозможного“).
***
არნოლდ ტოინბიმ ჩაატარა თავის დროზე ასეთი ექსპერიმენტი: ბერძენ ისტორიკოსთა ფრაგმენტები თარგმნა და და მათი სტილი უკიდურეს მოდერნიზებულ ზღვრამდე მიიყვანა – ასე ვთქვათ, „ზემოთ“ აიტანა ერთგვარი სქოლიოები, თავისებურ ბრჭყალებში ჩასვა და ხელახლა გადაათამაშა ანტიკურ ლექსემათა სემანტიკური რეპერტუარი… ბერძნული აგორა პიაცად მოგვივლინა, კატონის თვითმკვლელობა – ხარაკირად…
რაღაც ამდაგვარ ექსპერიმენტს გვთავაზობს ჩვენი ოსტატი (და ალექსადრიელი)… რაც მთავარია, გვარწმუნებს, რომ უცხო, ანდა უფრო ზუსტად, „სხვა“ კულტურასთან ზიარებისთვის აუცილებელია პირველად ტექსტთა ერთგვარი რედუცირებაცა და ადაპტაციაც; ამ ტექსტების მეტაფრასული რედაქტირება და ახალ კულტურულ ენაზე თარგმანება… შეუმცდარი ალღოთი გრძნობს, თუ კულტურის რომელი ტექსტია დედანში „კარგი“ და რომელი – „ცუდი“… და ეს „კარგიცაა“ და – „ცუდიც“; კოგნიტური კი არა, გემოვნებითი ცნებებია ანდა – კატეგორიები…
მალაზონიასეულ ლიტერატურულ ტექსტთა „კითხვა“ განვრცობილი წამის ხელოვნებაა. მახე კურდღლის დასაჭერადაა საჭირო: კურდღელი დაჭერილია, მახე კი გვავიწყდებაო. სიტყვებიც საჭიროა, რათა დაიჭირო აზრი: როცა აზრი დაჭერილია, სიტყვები გვავიწყდებაო – ესე იტყოდა ჩჟუან-ცზი.
მალაზონიაც ასევე უცქერის სიტყვის ხელოვნებას; რჩება მხოლოდ სიტყვის გამოსახულება – იკონემა; ხატი სიტყვისა, დიალოგს რომ ეფუძნება; დიალოგს სიტყვების გარეშე…
ვლადიმერ ნაბოკოვს თავისი რომანის – „Приглашение на казнь“ – შავ ვარიანტში ჰქონია „Как это можно так просто“… მერე მთელი აბზაცი გადაუხაზავს.
ეს ფრაზა მალაზონიასაც შეეფერება.
ნაბოკოვ-სირინის რომანს მხატვარი თამაშის მეტაფიზიკის კონტექსტში კითხულობს. სხვათა შორის, თეატრი თავად მწერალს მიაჩნდა „მესა“ და „არა მეს“ შორის არსებული გადაულახავი დუალიზმის ფილოსოფიურ ილუსტრაციად. მალაზონია ჩვეული სემიოტიკური „ციმციმით“ წარმოგვიდგენს „ორი“ ცინცინატის ბრძოლას. გაცრეცილი ფაქტურით გვიხატავს ფანტაზმატური ფიქციებითა თუ უბადრუკი აჩრდილებით დასახლებულ სამყაროს; ასე გვითრევს რომანული ტექსტის ბუტაფორულ-მარიონეტულ კარნავალში, მთავარი გმირის – „უკვდავი ცინცინატის“ მიერ დაქცეული ქალაქის დატოვებით რომ მთავრდება.
გრაფიტის მონოქრომული ფაქტურითვე იხატება „ვერცხლის საუკუნის“ რუსული პოეზია თავისი კულტურული სიმბოლოებითა და ნიშან-ინდექსებით.
სამაგიეროდ, პოლიქრომატული ტექნიკითაა დასურათებული სალტიკოვ-შჩედრინის „ერთი ქალაქის ისტორია“. მხატვარი-რეჟისორი „არანორმალური“ სიტუაციების მხატვრულ ნორმალიზებას ვირტუოზული მისტიფიკაციური სვლებით აღწევს, რაშიც არანაკლებ ეხმარება პარადოქსული ჟანრული ტექსტის გონივრული ინტერპრეტაცია.
პოეზიაში, პლასტიკასა და, საერთოდ, ხელოვნებაში მზამზარეული საგნები არ არსებობსო – წერდა ოსიპ მანდელშტამი. არც მალაზონიას ეგულება მზამზარეული საგნები – არც პოეზიაში, არც – პლასტიკაში… მან იცის, რომ სიტყვის „გამოხატვა“ მისივე გამოსახულების ტოლფასია.
რაც უფრო საგნობრივად „კითხულობს“ მხატვარი გოგოლის „შინელსა“ თუ „ცხვირს“, მით უფრო ინტერპრეტატორულ სივრცეს აღმოაჩენს ტექსტებში და გაცილებით მეტ საფუძველს გვაძლევს, ვილაპარაკოთ სურათის პარადოქსულ „შინაგან ლოგოსზე“.
მალაზონიას ისტორიზმის არაჩვეულებრივი შეგრძნება ახასიათებს – როგორც „დიდი დროის“, ისევე ლოკალური დროის შეგრძნება…
ამ ორი „დროის“, ორი ტემპორალობის სინთეზია მოსკოვის დიდი თეატრისა და გამომცემლობა „Редкая книга из Петербурга“-ს დაკვეთით დასურათებული „სპარტაკი“. ხაჩატურიანის ბალეტის პარტიტურა – ეს უნიკალური, სასაჩუქრე, ხელით ნაკეთი „გიგანტი“ – საკითხავი ანდა დირიჟორის პიუპიტრზე გასაშლელი კლავირი კი არა, უძვირფასესი არტეფაქტია; ხელიხელსაგოგმანები გულანია, რომლის ტირაჟიც… მხოლოდ 20 ეგზემპლარია.
ოსტატს ან სცენები უნდა დაეხატა ბალეტიდან, ანდა ხელახლა უნდა შეეთხზა დამოუკიდებელი საავტორო „ექსემპლები“. მან მეორე გზა აირჩია და ეპოქის ცივილიზაციური „პორტრეტი“ შემოგვთავაზა. ოსტატი ხალხურ-პლებეურ დისკურსს ირჩევს და რომაული გრაფიტის კვალობაზე შევყავართ ლიმინალურად „შემოღობილ“ სცენებში… ესაა ძველი რომის ისტორიისა და ყოველდღიურობის ჰერალდიკური ნიშნები, ემბლემები, სიტყვები („სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“)… ფასციები, ლაბრისები, ციფრები…
გახუნებული ფრესკებიდან ასხლეტილი ტონალური პარტიტურაც როგორი ტრანსპარენტულია და იმავდროულად, მკვრივი, აწონილი და გამოზოგილი! რაღაც „კარგად ტემპერირებული კლავირივითაა“…
მოკლედ, რომის იმპერიისმთელი „ბრწყინვალება და სიღატაკეა“ გადმოფენილი ამ საოცარი ციკლის ყოველი მომდევნო ფურცლის იკონოლოგიურ სპექტრში…
„მდიდრულობა“ – აი, მალაზონიას ესთეტიკის (გნებავთ, ესთეტიზმის) კიდევ ერთი თვისება! გამოსახულების „სათამაშო მოედანი“ ამ „წიგნშიც“ ზუსტადაა მონიშნული; და ესეც „რაპორტს“ სჭირდება!
არც ერთი მკვდარი პუნქტი! ადგილთა, როგორც შესაკრებთა, გადანაცვლებით მთლიანი მხატვრული ლანდშაფტიც იცვლება. რაც უფრო მეტად სწყალობს ოსტატს „დეტალის ღმერთი“, მით უფრო გვიპყრობს რაღაც ფასცინაციური, დამატყვევებელი მშვენიერების საარაკო ილუზია…
***
იკონიკური ასინდეტონი-დისკრეტული მიზან-კადრები და მათ ტემპო-რიტმზე გადაწყობილი კომპოზიციის ჰიპოტაქტიკური სინტაქსი ემარჯვება ოსტატს… ალაგ „პოლისინდეტონსაც“ მიმართავს ხოლმე: იკონიკურ ფრაზათა რიტმი დროებით კი ფერხდება, მაგრამ ერთიანი სურათოვანი ველი მაინც მყარადაა ჰიპოტაქტიკურ კომპოზიციურ გრაფიკში ჩართული. პარატაქტიკური, დეკონსტრუქტივისტული თამაშები ხომ რახანია მალაზონიას სტიქიაა!
თავის განუმეორებელ იკონიკურ ტექსტებში მუდამ ჩვეული ტაქტითა და გემოვნებით შეჰყავს რაღაც კვაზიჰიერატიული ნაწერის კვალი და ამით აძლიერებს ამ პოსტმოდერნიზებული ტექსტების სტრომატებს (ესეც კლიმენტი ალექსანდრიელის ალუზია!).
სტრომატული მეთოდი გასდევს წითელ ზოლად ოსტატის შემოქმედებით პროცესს; და ამ პროცესში, თითქოსდა, პრინციპული სტოქასტურობა, გნებავთ, ისევ და ისევ, პოსტმოდერნიზებული ალეატორიკაა დაპროგრამებული, რაც ამ შეუდარებელი მაესტროს „შემთხვევითი ლოგიციზმის“ რეგულარობას მოასწავებს.
***
მალაზონიას უყვარს ტექსტი ტექსტში“, „სურათი სურათში“, „სცენა სცენაში“, „კადრი კადრში“… ყველაფრის თავი და თავი კი მაინც პოეზიაა. აქ ყველაფერი სიტყვით რეგულირდება. ესაა სწორება სიტყვაზე – „სიტყვაზე დაჭერა“…
მალაზონია, როგორც ნეოავანგარდისტი, უარყოფს სახვით „ჟურნალისტიკას“; მასში უცნაურად თანაარსებობს არქაისტი და ნოვატორი, კონსერვატორი და – მეტამოდერნისტი… მისი სტიქია „მეთოდოლოგიური ირონიაა“, თამაში მსოფლიო კულტურის იმგვარი ფორმებით, რომლებიც, თომას მანის თქმისა არ იყოს, „ცხოვრებამ მიატოვა“. აქედანვე იწყება ამ ცხოვრების „ბორტს მიღმა“ დარჩენილ ფორმათა კულტურული ინსცენირება, ირონიული რე-ანიმაცია და პაროდიული რე-პრეზენტაცია… შუა საუკუნეების კულტურის თვალითვეა დანახული „ვეფხისტყაოსანიც“. შოთა რუსთაველის პოემის პერსონაჟთა „ოდისეას“ ლაიტმოტივად უტოპია გასდევს. უტოპია ქვედა ფენების დღესასწაულია, სადაც ინდივიდი ანიჰილირებულია, მის ადგილს კი კოლექტიური სხეული და ამ სხეულის ენა „იკავებს“. ამ უკანასკნელს ურბანიზმი ქმნის. ორი საპირისპირო პარადიგმა – ქალაქი და კარავი… ქალაქი, როგორც კულტურის ტოპოსი და კარავი, როგორც ბარბაროსობის ადგილი! სკასავით აგებულ ილუსტრაციებში მხატვარს პოსტმოდერნისტულ-პასტიშური „რიმეიკებიც“ შემოაქვს და „ვეფხისტყაოსნის“ ციკლს კიდევ უფრო „აუცხოებს“ რუსთველის პოემის პომპეზურ-ვიზუალურ კიჩ-კემპებზე „აღზრდილი“ მაყურებლისგან, ვისთვისაც პოემა პოეტური კულტურა კი არა, კულტურიზმი უფროა (სხვათა შორის, ერთი თანამედროვე ამერიკელი არტკრიტიკოსი ერთგან აღტაცებით წერს კულტურისტებზე, როგორც „ახალ რაინდებზე“, რაც უკვე ახალი პაროდიული სიუჟეტია).
მალაზონიასეულ „ვეფხისტყაოსანში“ ყველაფერი ექსტერიორიზებულია (და ექს-ტერიტორიზებული); ალაგ-ალაგ ბავშვთა ნახატებივით „აღებს“ მეოთხე კედელს და ინტერიერებში გვახედებს; მოხდენილად სვამს კომპოზიციაში ამა თუ იმ ტოპოსის ერთგვარ გერბს, ემბლემას, ტოპოგრაფიულ რუკას და ასე ქმნის „სურათ-სახელმწიფოს“ ხატს. ამ „სურათებში“ ვასალთა ჟანრულ საქციელს თავისი ქრონოტოპი აქვს; სამეფო კარის ჟანრებს – თავისი… აუდიენციის ქრონოტოპი ინტრიგის ქრონოტოპისაგან განსხვავებულად იხატება…
მალაზონია ლიტერატურულ ტექსტებს მაინც და მაინც კულტურის ძეგლებად სულაც არ აღიქვამს; მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ნაწარმოებთან „შენობით“ მიმართვა; ერთგვარი ფამილარიზაციაცა და თავისი „კალენდრით“ წაკითხვა…
ასე კითხულობს ოსტატი საიათნოვას პოეზიასაც… ქართული და სომხური მინიატიურები მოდერნისტულადაა არანჟირებული და მსუბუქად, აჟურულად „დატვირთული“; კომპოზიციური სინტაქსი კი მაინც „კლასიკურია“…
როლან ბარტს უთქვამს, „ტექსტში მუდამ მკითხველის ხმა ისმისო“. მალაზონიას დასურათებულ „საიათნოვაშიც“ ესაა ნიშანდობლივი – ფურცლებიდან მკითხველის ხმაც ისმის და – ოსტატისაც… აქ ყველა ფერი კამკამა და „დაწმენდილია“; ცხადი, ევიდენტური… ევროპულ პორტალებზე გამოფენილი აზიური ხალიჩებივით მოჩითული… ეს უკვე რაღაც დასავლურ-აღმოსავლური იკონიკური დივანია!
***
მწერლობის დასურათება მაშინ ფასობს, როცა ლიტერატურის მიერ უკვე აღწერილ სიტყვას გამოსახავს და ისევ ლიტერატურას უბრუნებს; ლიტერატურა მევახშეა; ტყუილუბრალოდ გროშ-კაპიკსაც არ გასესხებს. ვალს დროულად მოითხოვს, თანაც – თამასუქით… მალაზონია ამ ვალს იღებს და ისტუმრებს კიდეც თამასუქით…
მამია მალაზონია, როგორც ოსტატი, გარემომცველი სამყაროსადმი ინდიფერენტული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბოლოდროინდელმა დაზგურმა ოპუსებმა, რომელსაც მხატვარი „ანტრაქტის“ შემდეგ ისევ მიუბრუნდა ავტობიოგრაფიულ ციკლში – „წყნარად, წარსულო, წყნარად!“ – მოიყარა თავი. ეს სერიაც თავისებური „გულგრილობითაა“ დახატული. მასში გამოსახულების ეთიკა სჭარბობს ესთეტიკას…. და კიდევ, საიდუმლო! ასეთ საიდუმლოს შენახვა სჭირდება. ესაა თვითშეზღუდვით მანიპულაცია ანდა თავისუფლების გამოზოგვა… ბორკილი, რომლითაც გამუდმებით იწაფავს ხელს ოსტატი…
ასეთი „ბორკილით“ უფრო გულმოდგინედ, მტკიცე გადაწყვეტილებით, სერიოზულად თამაშობს მამია მალაზონია. და ამ დროს საკუთარ არტისტულ პერსონასაც მაყურებლის როლში წარმოიდგენს… მისი პოეტიკა დისციპლინირებულია, სამყარო კი – კანონიკურობამდე მოწესრიგებული; თუნდაც ნაივურად კანონიკური… და კანონიკურად ნაივურიც… რაც უფრო გულმოდგინედ ხატავს, ანუ რაც უფრო გულმოდგინედ თამაშობს, მით უფრო გულმოდგინე აღქმისკენ მოუწოდებს მაყურებელს.
ამ დიდი ოსტატის მიერ შემოთავაზებული თამაშის ადგილი კულტურის სივრცეა. დაამ თამაშის მაყურებელიც „წარმოშობით“ ამ სივრციდან უნდა იყოს – მაყურებლის როლის თამაშით უნდა აღმოაჩინოს და ხელახლა ააგოს სამყარო…
ხელოვნებაც ხომ ამ გაგებითაა ყოველივე არსებულის გადათამაშება; გადათამაშება „რეალიბუსებისა“ თუ „რეალრებუსების“… ანდა, უბრალოდ, გადათამაშება სინამდვილისა, რომელიც, თითქოსდა, „არც ყოფილა თითქმის“…
ასეთია მამია მალაზონიას „დიდი თამაში“… თამაში მოვალეობის დიდი განცდითა და შეგ(რძ)ნებით…
ასეთია მამია მალაზონიას „წიგნის თეატრი“… სახილველი ოსტატისა და ალექსანდრიელისა, კულტურის დიად ტექსტებში, ამ ტექსტებში ჩაკირულ ზმანებებსა და აპერცეფციებში რომ იბადება და მით უფრო განჭვრეტს თანამედროვე კულტურის პრომეთეულსა და პოსტმითიურ ტრაგედიას.
David Andriadze – The master and the Alexandrian, or Mamia Malazonia’s iconological stromata
David Andriadze’s essay is dedicated to the great contemporary artist, illustrator, and scenographer Mamia Malazonia.
The author aims to display the artistic method of this great maestro, and his wide range that manifested in Malazonia’s megacycle, “The large album of world literature”.