საერთოდ, როგორც არაერთ ხელოვანს სჩვევია, ესეც სულ მუდამ გაღიზიანებული და უკმაყოფილოა; რამე რომ იყოს, გაბუტვაც იცის (როცა ამის აუცილებლობაა, რა თქმა უნდა!..). მოკლედ, მას არსებული ვითარება ნერვებს უშლის; ირგვლივ გამეფებულ ატმოსფეროს წონასწორობიდან გამოჰყავს… გაცილებით დიდი, მასშტაბური, გრანდიოზული მხატვრული ამოცანების დაძლევის, ე.წ. „საეტაპო მნიშვნელობის, ეპოქალური სპექტაკლების“ ხორცშესხმის ნაცვლად, სუბიექტურსა თუ ობიექტურ გარემოებათა გამო, იძულებულია საქართველოს რომელიღაც „მიყრუებული“ პროვინციული ქალაქის „ყოვლად უბადრუკ“ თეატრში დადგას წარმოდგენა… მისი აზრით, ეს სრული, ენით აღუწერელი უსამართლობაა… ამიტომ სცენაზე პირველი გამოჩენისთანავე, ყოველივე ზემოაღნიშნული მას მკაფიოდ, ნათლად აწერია სახეზე; მის არსებაში გაჩენილი შინაგანი პროტესტის გრძნობა, რომ იტყვიან, „შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს“…
აი, ასეთ უსახელო პერსონაჟს ანსახიერებს მსახიობი მანუჩარ გოგოლაური რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის მიერ მესხეთის (ახალციხე) სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში დადგმულ სპექტაკლში „მედეა ევრიპიდეს[1] წინააღმდეგ“, რომელიც ჯანრი კაშიას[2] ამავე სახელწოდების პიესის მიხედვითაა განხორციელებული. წარმოდგენის დამდგმელსა და რეჟისორის როლის შემსრულებელს კარგად აქვთ გაცნობიერებული – ოცნების სურვილს ვერავის წაართმევ; ეს ყველას უფლებაა, მაგრამ ოცნებასთან ერთად, გაცილებით უფრო ხელშესახებად, რეალობა, ყოფა არსებობს. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში კი წარმოსახვა ხშირად ძალიან სუსტი და ყოველგვარ ღონეს მოკლებულია. ამიტომაც, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენს ოცნებებს ახდენა არ უწერია. ისიცაა, მიუხედავად დიდი სურვილისა თუ ამბიციისა, ყველა გენიალური ხელოვანი ვერ იქნება… შეგვიძლია, სხვანაირადაც დავსვათ საკითხი – მხატვრულად ღირებული რამ ნებისმიერ სცენაზე შეიძლება იშვას, თუ მის შემქმნელებს ამის თავი ნამდვილად აქვთ.
რეჟისორმა გ. შალუტაშვილმა უდავოდ შეძლო შექმნა ტრაგიკომიკური ჟღერადობის წარმოდგენისა, რომელშიც ცხოვრების ირონიული ხედვა და დრამატული მოტივები ორგანულად თანაარსებობენ. მან საფუძვლიანად გადაამუშავა პიესა, რომელიც ორიგინალში არადინამიური, არაქმედითი და არასცენიურია. ლიტერატურულ პირველწყაროში მსჯელობა, მხოლოდ ტექსტი (დიალოგები თუ მონოლოგები), რომელიც სათანადო დრამატურგიულ კონფლიქტსა და სიღრმეებსაა მოკლებული, სცენაზე განხორციელებისათვის არამიმზიდველად აქცევს პიესას. ჯ. კაშია თავის თხზულებაში იმ ცნობილ ვერსიას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც მითიურ მედეას საკუთარი შვილები არ დაუხოცავს; მასზე განაწყენებულებმა, შურისძიების მიზნით, ეს ქალაქ კორინთოს მოქალაქეებმა ჩაიდინეს. შემდეგ, ცნობილი დრამატურგი, ევრიპიდე მოისყიდეს და მან თავისი უკვდავი ტრაგედიის მეშვეობით, საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთი თაობის ცნობიერებაში შეურაცხყოფილი, მიტოვებული, მოტყუებული კოლხი ქალი, რომელმაც არგონავტთა მეთაური იასონისათვის სამშობლოს, მამას (მეფე აიეტი) უღალატა, ბერძნებს კოლხეთდან ოქროს საწმისის გატაცებაში დაეხმარა და მათთან ერთად, დადევნებული საკუთარი ძმა (აფსირტე) მოკლა, ბარბაროსად, თავისი შვილების უმოწყალოდ ამომწყვეტად დატოვა.
თუმც, ერთია მსჯელობა, ისტორიის კვლევა და სულ სხვაა სპექტაკლის შეთხზვა. გ. შალუტაშვილმა პიესა საგრძნობლად შეკვეცა, ზედმეტი ტექსტი, მსჯელობა თავიდან მოიშორა. მან სახიერი, დინამიური წარმოდგენა დადგა, რომელიც როგორც აზრობრივად (სათქმელის მხრივ), ისე ვიზუალურ-სანახაობრივად საკმაოდ საინტერესოდ აღსაქმელ-საყურებელია. რაც მთავარია, დრამატურგის მიერ პიესაში გამოყენებული სვლა რეჟისორმა მახვილგონივრულად გაათამაშა. ვგულისხმობ იმ მონაკვეთს, როდესაც ახალგაზრდა მსახიობი გოგონა (ლია გოგიძე), რომელიც მედეას ანსახიერებს, მედეად, ხოლო სპექტაკლის დამდგმელი (მ. გოგოლაური) ევრიპიდედ გადაიქცევიან. საერთოდ, საყოველთაოდ ცნობილი ხერხი, ე.წ. „თეატრი თეატრში,“ ამ შემთხვევაში თავად ლიტერატურულ პირველწყაროშია გამოყენებული.
მაშ ასე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მ. გოგოლაურის მიერ განსახიერებული რეჟისორი რომელიღაც პროვინციულ თეატრში ევრიპიდეს ტრაგედია „მედეას“ დგამს… მსახიობი დაუფარავად, სახიერად გვიჩვენებს, რომ ამას განსაკუთრებული შემოქმედებითი აღტკინების, რომ იტყვიან, შთაგონების გარეშე აკეთებს; უბრალოდ, ხელოსანივით მუშაობს… უცხოური (ბერძნული) გრანტი აქვს მოპოვებული და იძულებულია, დადგას… გარდა ზემოაღნიშნულისა, მესხეთის თეატრის სცენაზე განხორციელებული წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი (გ. შალუტაშვილი) იმ ყოვლად აუტანელ, აბსოლუტურად არაშემოქმედებით ატმოსფეროსაც სახიერად გვიჩვენებს, რომელშიც მ. გოგოლაურის მიერ განსახიერებულ სცენურ პერსონაჟს უწევს მუშაობა.
სცენის მუშებს (კონსტანტინე კახიშვილი, ლექსო ჩემია, მალხაზ შაყულაშვილი), რომ იტყვიან, „ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ…“, მხოლოდ „ღადაობენ“, თავიანთ გასაკეთებელ საქმეს კი ყველა საშუალებით თავს არიდებენ… აბსოლუტურად გულგრილია შემოქმედებითი პროცესისადმი იასონის როლის შემსრულებელი (ნიკოლოზ გოგიძე), ეს ინდეფერენტული, ინფანტილური ახალგაზრდა კაცი… მედეას როლის შემსრულებელი, დამწყები მსახიობი (ლ. გოგიძე) დისპუტს იწყებს რეჟისორთან.
მანუჩარ გოგოლაურის მიერ განსახიერებულ რეჟისორს ცოტაღა უკლია, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს. მსახიობი გვიჩვენებს შემდეგს, ამ ადამიანს მოთმინების ფიალა აქვს ავსებული; ლამისაა, ნერვებმა უმტყუნოს… ასეთ კრიტიკულ, თითქმის ექსტრემალურთან მიახლოებულ ვითარებაში ჩავარდნილი წარმოგვიდგება ჩვენ, მაყურებელს. მიუხედავად უკიდურესი ემოციური დაძაბულობისა, მ. გოგოლაურს სპექტაკლის არც ერთ ეპიზოდში, პერსონაჟის სცენიური ცხოვრების არც ერთ მონაკვეთში, არ ღალატობს ზომიერების გრძნობა, თავშეკავება და არასოდეს მიდის სრულ ეგზალტაციამდე. პირიქით, ყველაზე კრიტიკულ მომენტში ღიმილი, ირონია აბალანსებს ყველაფერს. მსახიობი უტყუარად გრძნობს რეჟისორ გ. შალუტაშვილის მიერ დადგმული წარმოდგენის გრძნობათა ბუნებას, მის ტრაგიკომიკურ არსს და ამიტომ სათანადოდ, ადეკვატურად გადმოგვცემს განსახიერებული სცენიური პერსონაჟის ფიქრებსა თუ განცდებს.
ერთიცაა, იმაში, რომ საბოლოოდ არ დაკარგოს მოთმინების უნარი, მ. გოგოლაურის მიერ შესრულებულ რეჟისორს ორი ადამიანი უდავოდ ეხმარება. ერთი, ესაა ტექნიკური რეჟისორი (ლია სულუაშვილი); ქალი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ერთგულად მუშაობს ამ პროვინციულ თეატრში; მას ფანატიკურად უყვარს ის საქმე, რომელსაც თავდადებით აკეთებს; შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს, რეჟისორს ყველანაირად მხარში დაუდგეს… მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი და უფრო მეტიც, მთელი არსებით მიუღებელია ახალგაზრდების ამგვარი თავხედური თავაშვებულობა… მეორე ადამიანი კი რეჟისორის მეუღლე (მანანა ბერიძე), მსახიობი ქალია. ის, რა თქმა უნდა, შინაგანად, გულის სიღრმეში ნაწყენი და შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფილიც კია, მთავარი როლი ქმარმა სხვას რომ მიანდო, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს… დაამშვიდოს მეუღლე, კრიზისული, კონფლიქტური სიტუაციიდან ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გამოიყვანოს…
მანუჩარ გოგოლაურის შესრულებით, ამ კაცს ერთი მიზანი აქვს; გრანტის პირობები შეასრულოს, ეს საძულველი „მედეა“ რამენაირად დადგას; ანუ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და შემდეგ კი შედეგს დაელოდოს; ანკესით ხელში, ძველი ელადის ზღვაში სანუკვარი დიდი თევზი დაიჭიროს და ცადოს, საერთოდ არ იფიქროს უმწვავეს სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებში ყელამდე ჩაფლულ საქართველოზე… მით უმეტეს მაშინ, როცა თავს კარგად გრძნობ, ეს, ალბათ, სრულიად ზედმეტია!..
სულ სხვანაირია მ. გოგოლაური ევრიპიდეს როლში. მსახიობი ამ ადამიანის მჭმუნვარე, ფიქრიან სახეს გვიჩვენებს. იგი ყოყმანობს, აშკარად არ სურს საკუთარ სინდისთან გარიგებაზე წავიდეს. არადა, კორინთოს მოქალაქენი (კ. კახიშვილი, ლ. ჩემია, მ. შაყულაშვილი) მაცდუნებელ, საამურად ჩხრიალა, გვარიანად გაბერილ ქისას სთავაზობენ. უკიდურესად დაძაბული, სახეწამოწითლებული, ოფლით შუბლდაცვარული წარმოგვიდგება ევრიპიდე. მ. გოგოლაური ახერხებს, მოქმედი პირის შეგრძნებები, ფიქრები, განცდები ჩვენამდე მოიტანოს. მის სახეზე, როგორც კინოეკრანზე, ყველა ემოცია ნაირფერად აირეკლება… გრძელ თეთრ ტოგაში გახვეული მისი სხეული, თითქოს, ენითაღუწერელი, უხილავი ზნეობრივი ტვირთის ქვეშ მოქცეული, ლამისაა, გაიჭყლიტოს… უსუსური ჭიაყელასავით ცახცახებს… სოლიდური ქრთამის გარდა, კორინთოელები დარწმუნების სხვა უებარ მეთოდსაც – უხეშ ფიზიკურ ზემოქმედებასაც მიმართავენ… მ. გოგოლაურის მიერ განსახიერებული ევრიპიდე ჩვენ თვალწინ გადაიქცევა ნაცემ, დამცირებულ, ლამის ტირილის პირას მისულ, შეურაცხყოფილ არსებად, რომელსაც იოტისოდენა თავმოყვარეობა, ღირსების შეგრძნებაც კი აღარ შერჩენია. პატივაყრილი, ოთხად მოკეცილი, ამაოდ ცდილობს, თავი სოროს შეაფაროს, საერთოდ გაქრეს და გაუჩინარდეს. მსახიობი ყოველივე ამას იმდენად სახიერად აკეთებს, რომ დარბაზში მყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. და ხდება რაღაც საოცარი რამ, მ. გოგოლაურის მიერ განსახიერებულ ევრიპიდეს კომპრომისზე წასვლის გამო აღარ კიცხავ… არა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ამართლებ, მაგრამ თანაუგრძნობ, გესმის მისი… იგებ, თუ რატომ ჩაიდინა ეს… ამას უდავოდ ახერხებს მსახიობი…
ჩვენს თვალწინა არაერთი ნაწარმოებიდან კარგად ცნობილი, ლამის ქრესტომატიური ე.წ. „პატარა ადამიანი“. სწორედ ასეთია მ. გოგოლაურის მიერ განსახიერებული მიკოლა ზადოროჟნი ლიტველი რეჟისორის, ლინას მარიუს ზაიკაუსკასის მიერ მესხეთის თეატრში დადგმული სპექტაკლიდან „მოპარული ბედნიერება“, რომელიც ივან ფრანკოს[3] ამავე სახელწოდების პიესის ადაპტაციაა. მსახიობის შესრულებით, ესაა, ერთი შეხედვით, ყოვლად უბადრუკი ადამიანი, რომ იტყვიან – სრული არარაობა… გოგოლაურის განსახიერებით, ზადოროჟნი საკუთარ თავს თავადვე არ სცემს პატივს. ჩვენ თვალწინაა ტანმორჩილი, გარეგნულად არაფრით გამორჩეული (ყველანაირ მიმზიდველობას მოკლებული) ადამიანი, რომელიც სოციალური თვალსაზრისითაც უმდაბლეს კლასობრივ საფეხურზე დგას. მას აბსოლუტურად ნათლად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი მდგომარეობა. ამიტომ, მ. გოგოლაურის მიერ შესრულებული მიკოლა, უმეტეს შემთხვევაში, თავჩაქინდრული, მხრებში მოხრილია; მოსაუბრეს თვალებში შეხედვას ვერ უბედავს; სულ მუდამ მიწას ჩასჩერებია… ლაპარაკობს ხმადაბლა, გაუბედავად; როგორც ეტყობა, თავის თავში ბოლომდე დარწმუნებული ვერ არის… სიარულიც რაღაც მკვეთრად თავისებური, უცნაური აქვს, თითქოს, ფეხათრევით, ბორძიკით დადის… მოკლედ, მსახიობი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ ადამიანს წარმოგვიდგენს…
ზადოროჟნის მკვეთრი სახეცვლილება, მეტამორფოზა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ის თავის ცოლთან, ახალგაზრდა ანნასთან (ლია გოგიძე) განმარტოვდება ხოლმე. ასეთ დროს ჩვენ თვალწინაა მხურვალე ალერსსა და ცეცხლოვან ვნებას დანატრებული კაცი. მეუღლე განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე, მხოლოდ მოვალეობის გამო პასუხობს ქმარს… ამ წყვილის ხილვისას თავიდანვე მკაფიოდაა შესამჩნევი ერთმანეთთან აბსოლუტური შეუსაბამობა; შეიძლება ითქვას, უთანასწორობაც კი. ლ. გოგიძის მიერ განსახიერებული ანნა ეშხიანია, მიმზიდველი. იგი არაერთ მამაკაცს აღუძრავს სურვილს. თანაც, საკმაოდ თავნება ხასიათით გამოირჩევა. მოუთოკავ ტემპერამენტსაც ვერ მალავს… მაშ, რა უნდა ამ ორ აბსოლუტურად, რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს ერთ ქოხში, ერთ ჭერქვეშ და რაც ყველაზე მთავარია, ერთ საწოლში?!.. პიესის ავტორი მოგვიანებით ამის თაობაზე ტექსტის მეშვეობით სათანადო ინფორმაციას გვაწვდის. თურმე, სწორედ თავნება, უხიაგი, დაუმორჩილებელი ხასიათის გამო ძმებმა ანნა ძალის გამოყენებით დააშორეს შეყვარებულს და დასჯის მიზნით, ყველაზე ღატაკ, შეუხედავ, უბადრუკ ზადოროჟნის შერთეს ცოლად…
პარადოქსი იმაშია, რომ მიკოლას სიგიჟემდე უყვარს თავისი ცოლი. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორისა და მსახიობის ინტერპრეტაციით, ზადოროჟნიმ მშვენივრად იცის ერთი რამ – იგი ანნას შესაფერისი, შესატყვისი არაფრით არის; ინტიმურ მომენტებში თითქოს საკუთარი თავის, არსების ცხვენიაო; მ. გოგოლაურის მიერ განსახიერებულ სცენურ პერსონაჟს, ცოლისთვის თვალის გასწორება უჭირს; მის თამამ, ჯიქურ, პირდაპირ გამოხედვას მზერას არიდებს; ანნას მიერ დასმულ კითხვებს ლუღლუღით, გაუბედავად პასუხობს… ამასთან ერთად, მზადაა, მეუღლეს დაუჩოქოს, ფეხები დაუკოცნოს, ოღონდ ქალმა არ მიატოვოს, სხვასთან არ წავიდეს… მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა ამ ტიპის ეპიზოდების ყურება. ჩემში, ჩემდაუნებურად, შინაგანი პროტესტის გრძნობამ გაიღვიძა. ვერაფრით ავიტანე ერთი ადამიანის მიერ მეორის მიმართ ასეთი აშკარა, თანაც აბსოლუტურად ნებაყოფლობითი თვითდამცირება; მაგრამ, გულწრფელად ვიტყვი, იმდენად დამაჯერებელი, ორგანული, ბუნებრივი გახლდათ მ. გოგოლაურის მიერ შესრულებული მოქმედი პირის სცენური ცხოვრება, ყოველგვარ სიყალბეს, ხელოვნურობას მოკლებული, რომ უმალ ვირწმუნე ნანახის უტყუარობა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, მსახიობმა, რეჟისორთან ერთად, ნამდვილ სცენიურ სიმართლეს მაზიარა.
ანნა მიკოლასათვის ქმრის უბადრუკი, გაუხარელი ცხოვრების ერთგვარი გამართლებაა; ის ჯილდოა, რომელიც მას განგებამ ამდენი ტანჯვის, ხელმოკლეობის, დამცირების შემდეგ არგუნა. ამიტომ ის მზადაა, ცოლს ფეხებში თვალცრემლიანი ჩაუვარდეს; უფრო მეტიც, მკრეხელობასაც არ მოერიდოს – როგორც ზეციურ ღვთაებას, თაყვანი სცეს… მ. გოგოლაურის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ამ წუთებში მართლაც უზომოდ ბედნიერია. ოღონდ მუდამ შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება. რამდენ ხანს გასტანს მისი ნეტარება?!.. როდის აევსება მოთმინების ფიალა ანნას, როდის მიატოვებს მას?!.. მოპარული ბედნიერებით ტკბობა რომ დიდხანს არ გასტანს, ამდენსაც კარგად აცნობიერებს უბედური მიკოლა ზადოროჟნი… მაგრამ იცის, საკმარისია, ცოლმა მიატოვოს და ის, როგორც ადამიანი, სულიერი არსება, იმ წამსვე, მყის შეწყვეტს არსებობას…
საბედისწერო ჟამი, რა თქმა უნდა, მაინც დადგება. ხუტორში ჟანდარმი მიხაილო გურმანი (ლექსო ჩემია) გამოჩნდება… ანნას ლტოლვა ამ კაცის მიმართ, თურმე, სულაც არ გამქრალა… ქალი თავის საყვარელთან ცხოვრებას რაღაც გიჟური, აულაგმავი გახელებით, მოუთოკავი ჟინით განაახლებს… თანაც ეს ყველაფერი ერთ ჭერქვეშ ხდება… ანუ, ცოლი, ქმარი და ცოლის საყვარელი ერთად ცხოვრობენ… სიტუაცია ერთდროულად აბსურდული, ამაზრზენი და გულისამრევია… ამასთან, თავიანთი დაუფარავი, თავაშვებული ქმედებით ანნა და მიხაილო ზნეობის, ეთიკის ყველა ზღვარს გადადიან.
მიკოლა კი ყველაფერს ითმენს, ოღონდ ცოლი მისგან არ წავიდეს… მ. გოგოლაური გვიჩვენებს, რის ფასად უჯდება მის მიერ განსახიერებულ სცენიურ გმირს ყოველივე ეს. მაყურებელთა დარბაზში მყოფნი აღშფოთებას ვერ მალავენ. მძაფრი განცდები მათ თვალებში, სახეზე, რეაქციებში დაუფარავად გამოსჭვივის. ლამის გააფთრებამდე მიჰყავხარ წყვილის თავხედობას… თქვენ წარმოიდგინეთ, ცინიკურად რქებდადგმული ქმრის უდრტვინველ მოთმინების უნარსაც… თანდათან ვიმუხტებით უარყოფითი ენერგიით, აგრესია იღვიძებს ჩვენში… თითქოს, ზადოროჟნის ნაცვლად ჩვენ გვექავება ხელები… რადგან, ალბათ, არავის აქვს უფლება, ასე უმოწყალოდ გათელოს სხვისი თავმოყვარეობა; სულში ჩააფურთხოს, ღირსება წაართვას ადამიანს, მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს ის… ყველას აქვს არსებობის, ბედნიერების უფლება; თუნდაც პატარა, მაგრამ ადგილი მზის ქვეშ ყველასთვის უნდა გამოიძებნოს…
მართალი გითხრათ, მ. გოგოლაურის მიერ შესრულებული სცენიური პერსონაჟის მოთმინების უნარს წონასწორობიდან გამოჰყავხარ. ვერაფრით აგიხსნია, რატომ იტანს ასე ხანგრძლივად იგი მსგავს დამცირებას. ყოველივე ამასთან ერთად, მსახიობი იმასაც ახერხებს, რომ იგი გეცოდება; აშკარად მის მხარეს დგები და თანაუგრძნობ კიდეც… მოცემულ ვითარებაში კი ამის მიღწევა ნამდვილად არ არის იოლი საქმე. მ. გოგოლაური ამ შედეგს უკიდურესი დამაჯერებლობით, ზედმიწევნითი გულწრფელობით, უტყუარობით აღწევს. თამამად შემიძლია ვთქვა, თანამედროვე ქართულ თეატრში მსგავსი სცენიური სიმართლე, რომ იტყვიან, „სანთლით საძებნელია“… ასეთი ნამდვილობის შეგრძნების მიღწევა დღეს თითქმის შეუძლებელიც კია…
რაღაც მომენტში იჯერებ, რომ მ. გოგოლაურის მიერ განსახიერებული ზადოროჟნი სრული მორჩილებისთვის, ყველანაირი დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანისთვისაა მოვლენილი ამქვეყნად… ამიტომ მოულოდნელიც კია მისი უეცარი აფეთქება. ბოლოს და ბოლოს, მიკოლა საკუთარი ხელით სიცოცხლეს უსპობს თავისი ცოლის საყვარელს… ნახეთ, ჩემდა უნებურად წამომცდა, „ბოლოს და ბოლოს“-მეთქი!.. ანუ ჩვენ, მაყურებელთა დარბაზში მყოფნი, ამას კარგა ხანია ვითხოვდით მისგან. პარადოქსია, ერთი ადამიანის მიერ მეორის მოკვლის მძაფრი სურვილი ნამდვილად ვერაა გამართლებული და მოსაწონი. თუმც, მესხეთის თეატრის სპექტაკლში მკვლელობით ერთ-ერთი მოქმედი პირი, თითქოს, საკუთარი ღირსების გრძნობას ხელახლა იბრუნებს… როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, მაყურებელი აშკარად თანაუგრძნობს მ. გოგოლაურის მიერ განსახიერებულ სცენიურ გმირს და დაუფარავად მის მხარეს იჭერს. ამის მიღწევას უდავოდ ახერხებს მსახიობი, რომელიც გვაიძულებს, ამ ადამიანის განცდები სრულად გავიზიაროთ.
[1] ძველი ბერძენი დრამატურგი (დაახლოებით 480-406 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ანუ ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნე). ანტიკური ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიების (ბუნებრივია, ესქილესა და სოფოკლესთან ერთად) შემქმნელი. როგორც მკვლევართათვისაა ცნობილი, იგი 90-ამდე ნაწარმოების ავტორია, რომელთაგანაც ჩვენამდე მხოლოდ 17 ტრაგედიამ და ერთმა სატირულმა დრამამ („კიკლოპი“, ძვ.წ. 408 წ.) მოაღწია. ჩვენამდე სრულყოფილად მოღწეული ტრაგედიებიდან აღსანიშნავია: „მედეა“ (ძვ.წ. 431 წ.), „ჰერაკლიდები“ (ძვ.წ. 430 წ.), „იპოლიტე“ (ძვ.წ. 428 წ.), „ანდრომაქე“ (ძვ.წ. 425 წ.), „ჰეკუბა“ (ძვ.წ. 424 წ.), „მავედრებელნი“ (ძვ.წ. 423 წ.), „ელექტრა“ (ძვ.წ. 413 წ.), „ჰერაკლე“ (ძვ.წ. 416 წ.), „ტროელი ქალები“ (ძვ.წ. 415 წ.), „ორესტე“ (ძვ.წ. 408 წ.), „იფიგენია ავლიდში“ (ძვ.წ. 407 წ.).
[2] ქართველი ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე (დაიბადა 1939 წელს, 8 მაისს, ქ. ბათუმში – გარდაიცვალა 2012 წლის 11 მარტს, ქ. პარიზში). პიესა, ანტი-აბსურდი „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“ დაწერილია 1985 წელს. 1993 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მეუღლე.
[3] უკრაინელი მწერალი, პოეტი, სწავლული, პუბლიცისტი (1856-1916 წ.წ.). ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, გალიციისა და ლოდომერიის სამეფოში რევოლუციური სოციალისტური მოძრაობის აქტიური მონაწილე. წერდა უკრაინულ, პოლონურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. 1915 წელს მისი კანდიდატურა წარდგენილ იქნა ნობელის პრემიის მიმნიჭებელ კომისიაში, მაგრამ მოულოდნელი გარდაცვალების გამო, ნომინანტთა სიიდან ამოიღეს. მის პატივსაცემად, უკრაინაში ქალაქ სტანისლავს ივანო-ფრანკოვსკი ეწოდა; მის სახელს ატარებს კიევში სახელმწიფო დრამატული თეატრი.