თამარ წულუკიძის დაკითხვის ოქმი
(გაგრძელება. დასაწყისი ჟურნალი „თეატრი“, 2020, N 5)
(მასალა მოამზადა გუბაზ მეგრელიძემ)
დაკითხვის ოქმი
B ბრალდებული წულუკიძე თამარ გრიგოლის ასული
9 მაისი 1937 წელი
საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის
სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილება
კითხვა: მოსკოვში თქვენს ნაცნობებში ავრცელებდით თუ არა ჭორებს, რუსთაველის თეატრის გასტროლების გარდუვალი ჩავარდნის შესახებ?
პასუხი: ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ გასტროლები მხატვრულად წარუმატებელი იქნებოდა. ეს მოსაზრებები ემყარებოდა იმ ინფორმაციას, როგორიც მივიღეთ თბილისიდან ჩვენი ანტისაბჭოთა ჯგუფის მონაწილეებისგან. ამ მოსაზრებას გამოვთქვამდი ჩემ ახლობელ ნაცნობებთან: თამარ ოგანეზოვასა და მარია მიხეილის ასულ რუტცთან.
კითხვა: როგორ რეაგირებდით რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობის დაჯილდოვებასთან დაკავშირებით?
პასუხი: ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელი ამბობდა, რომ სსრკ სახალხო არტისტის წოდება უტოლდება სსრკ გმირის წოდებას და ის ამ წოდების მიღებაზე ოცნებობდა, როდესაც შექმნიდა ახალ, ჯერ არნახულ, სოციალისტურ თეატრს. აღმოჩნდა, რომ ეს არც თუ ისე საჭოროა. მარინის თეატრში ახმეტელთან მივიდა მსახიობი თუშიშვილი, თავისი გრძნობების თქმის შემდეგ, უთხრა რომ რუსთაველის თეატრში მის დაბრუნებას ელოდებიან. ამის შესახებ ახმეტელმა ხუმრობით უპასუხა: `უმჯობესია ჩემს დაბრუნებას ნუ ელოდებიან, თუ მე დავბრუნდი, პირველად შენ მოგხსნი შენს ორდენთან ერთად“.
კითხვა: ამ საუბარს ესწრებოდით?
პასუხი: ამ საუბარს არ ვესწრებოდი. ამის შესახებ ახმეტელის სიტყვებიდან ვიცი.
კითხვა: რა იცით მოსკოვში რუსთაველის თეატრის მსახიობებთან ახმეტელის შეხვედრებთან დაკავშირებით?
პასუხი: მოსკოვში რუსთაველის თეატრის გასტროლებზე ჩამოსვლამდე, ახმეტელის ნომერში (სასტუმრო `მოსკოვი“) იყო შალიკიანი, რომელმაც უამბო რა ხდებოდა უარყოფითი რუსთაველის თეატრში. როდესაც თეატრი მოსკოვში ჩამოვიდა, ახმეტელი მოსკოვში ათი დღე დარჩა, მერე ლენინგრადში გაემგზავრა. ამ პერიოდში რამდენჯერმე ჩამოვედი აგარაკიდან. საღამოს 31, თუ 1-ში, ზუსტად არ მახსოვს, ახმეტელმა მითხრა, რომ პლატონ კორიშელს მასთან მისვლას დაპირდა, რომ იქ იქნებოდნენ მხოლოდ ნ.შ. დავითაშვილი და სუსანა ბეჟანიშვილი. ჩვენ წავედით. კორიშელი სადარბაზოსთან გველოდებოდა. ვსაუბრობდით თეატრზე, რომ ჯილდოები `დაუმსახურბელი“ იქნებოდა. ჩემს აგარაკზე ჩამოდიოდნენ კორიშელი, ბეჟანიშვილი, ნ.შ. დავითაშვილი. შემდეგ კიდევ ერთხელ ჩემთან ბინაში (ნოვინსკის ბულვარი) ჯავახიშვილი მოვიდა. ახმეტელთან ტელეფონზე რეკავდნენ ახალგაზრდა მსახიობები, შემდეგ მათ მიაკითხეს კულტურის პარკში, სადაც შეხვედრა შედგა (კულტურისა და დასვენების პარკში მათი საუბრის შესახებ არაფერი ვიცი. არ მიკითხავს). ტელეფონით ისინი საუბრობდნენ თავიანთ უკმაყოფილობებსა და თეატრში არსებულ მდგომარეობაზე. ნ. დავითაშვილმა შემატყობინა, თუ როგორ ჩატარდა `არსენა“ უცხოელებისთვის. თითქოს სტუმრები მეორე მოქმედების შემდეგ წავიდნენ (სპექტაკლის შემდეგ დანიშნული იყო მსახიობებისა და სტუმრების შეხვედრის გადაღება) და დარბაზში დარჩნენ მხოლოდ კერჟენცევი და ბერნშტეინი.
კითხვა: რა იცით მოსკოვში ახმეტელის ანტისაბჭოთა გამოსვლების შესახებ?
პასუხი: ჩემთვის უცნობია მისი გამონათქვამები რუსთაველის თეატრის შესახებ მოსკოვის საზოგადოებაში. ჩვენ ერთად არ გვიწევდა საზოგადოებაში ყოფნა. ახმეტელი ხშირად იყო გამოჩენილ მოღვაწეთა შორის, როგორებიც არიან: სამოსუდი, გაი, პაზოვსკი, იუზოვსკი, ოსაფიევი, ლიუბიმოვ-ლანსკოი და ა.შ. ყველაზე უკეთ ისინი უპასუხებენ ამ კითხვას.Pპირადად მე რუსთაველის თეატრის შესახებ ძალიან ახლობელ ადამიანებთან ვმსჯელობდი. ესენი იყვნენ: მ.მ. რუტცი, ოგანეზოვა და მისი ქმარი ვ. ვოლკოვი. ისინივე იყვნენ თბილისთან ჩვენი მიმოწერის საქმის კურსში. მათ პირადად არაფერს ვუყვებოდი და თამარ ოგანეზოვამ არ იცოდა, რომ ჩვენ მსახიობებთან მუდმივი მიმოწერა გვქონდა.
კითხვა: რომელი დოკუმენტები წაიღეთ მოსკოვში?
პასუხი: მოსკოვში ბუჟუჟა შავიშვილთან ერთად გავემგზავრე. ჩვენ ბევრი მსახიობი გვაცილებდა. მათ შორის ჩვენი ანტისაბჭოთა ჯგუფის წევრებიც, რომლებმაც ახმეტელისთვის გადასაცემად გადმოგვცეს ანტისაბჭოთა ხასიათის წერილები. მათი შინაარსი შეიცავდა თეატრის ახალი ხელმძღვანელობის ლანძღვასა და თეატრალური ცხოვრების ცნობებს. წერილების გარდა წავიღეთ ია ქანთარიას სტატიები – სერგო ამაღლობელის პასუხი მის სტატიაზე ჟურნალში `თეატრი და დრამატურგია“. პიესა, რომელიც გადაწერა ნინა ღვინიაშვილმა (არა მუზეუმის), კლავირი ამ პიესის დადგმისთვის (აგრეთვე გადაწერილი მუზეუმის კუთვნილების გარეშე), რუსთაველის თეატრის დირექციის ბრძანება (რაღაც ახმეტელის შესახებ). ზუსტად არ მახსოვს ჩვენ წავიღეთ, თუ უფრო ადრე გავგზავნეთ პიესა `კაცია-ადამიანი“ და ჯგუფური ფოტო, რომელიც ერთ ეგზემპლარად იყო შეკვეთილი.
კითხვა: რა იცით რუსთაველის თეატრის მსახიობთა ჯგუფის შეხვედრის შესახებ პაპულია ორჯონიკიძესთან?
პასუხი: დახლოვებით იმ პერიოდში, როდესაც მოსკოვში მივემგზავრებოდი, პ. ორჯონიკიძე შეხვდა მსახიობებს: ელგუჯა ლორთქიფანიძესა და აბაშიძეს. ეს შეხვედრა პ. ლეჟავასთან შედგა თავად პაპულიას სურვილით. ის დაინტერესდა ჩვენი საქმის დეტალებით და არ გაამართლა ახმეტელის მოხსნა.
კითხვა: დააზუსტეთ თქვენი ჩვენებები სერგეი რადამსკისთან ურთიერთობის შესახებ.
პასუხი: უცხოელი მსახიობი რადამსკი ჩვენ გავიცანით 1933 წელს თეატრის მოსკოვში გასტროლების დროს. მაშინ ჩვენ არ შევხვედრილვართ. პირველად სადგურზე დავინახე, როდესაც გასაცილებლად მოვიდა. მოსკოვში რადამსკის იცნობდნენ, როგორც ცნობილ მომღერალს, რომელიც ამერიკაში საბჭოთა ხელოვნებას რეკლამას უწევდა. ჩვენ მას ასეთად ვიცნობდით. ის ძალიან გატაცებული იყო რუსთაველის თეატრით და ამბობდა, რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ ჩვენება. მისი თქმით, თეატრის შესახებ ბევრს ესაუბრებოდა ოლივერ სეილორსა და გამოჩენილ ანტრეპრენიორ გესტს. სეილორი იყო ჩვენთან სასტუმრო `ნაციონალში“ თავის მთარგმნელთან ერთად თეატრის 1933 წლის გასტროლების დროს. სხვა დროს რადამსკის ჩვენ შევხვდით ბაქოში, სადაც ის 1935 წლის გასტროლების დროს ჩამოვიდა. ის ამბობდა, რომ მისი ჩამოსვლის მიზანი იყო თავისი საყვარელი თეატრის ნახვა. თბილისში ჩამოსვლისას რადამსკი მეუღლესთან ერთად კვირანახევარი ჩვენს ბინაში ცხოვრობდნენ. ის ხშირად მოდიოდა თეატრში, ხვდებოდა მსახიობებს, მათთან რაღაცაზე საუბრობდა (ზუსტად რაზე, არ მახსოვს) და გულწრფელად წუხდა თეატრში მომხდარით. შემდეგ ის წავიდა, მგონი, ქობულეთში და დაბრუნდა, როდესაც კონფლიქტი ნათლად საბოლოოდ გამოიკვეთა. ის საუბრობდა მსახიობებთან, ცდილობდა მათი ურთიერთობის მოწესრიგებას, მისი საუბრები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოვებით ასეთ შინაარსს შეიცავდა. შემდეგ ის მოსკოვში თუ სხვაგან წავიდა არ მახსოვს. მოსკოვში რადამსკის ჩვენ 1936 წელს ვხვდებოდით. ჩემს ჩასვლამდე ახმეტელი ხვდებოდა თუ არა მას, როდის და რამდენჯერ, არ ვიცი. ჩემი ჩასვლის შემდეგ რადამსკი მეუღლესთან ერთად ხშირად მოდიოდნენ, ორჯერ კოზლოვას ბინაზე, ერთხელ პუშჩინას ბინაზე. ის ჩვენთან ხვდებოდა ახალგაზრდა კომპოზიტორ მურადელს. შემდგომ რადამსკი ჩვენთან იყო თბილისიდან ჩამოსვლის შემდეგ, მოგვიყვა სპექტაკლ `არსენას“ ნახვის შესახებ, რომელიც მოეწონა, ხოლო ვიღაც მის ნაცნობ ამერიკელ ქალს `შემოდგომის აზნაურები“ უფრო მოეწონა. ოღონდაც ახმეტელს უთხრა, რომ `არსენა“ სუსტი სპექტაკლი იყო. როდესაც რადამსკის მისი ვალი 200 მანეთი მივუტანე, მან მთხოვა ახმეტელზე ზემოქმედება მომეხდინა, რომ მას წერილი დაეწერა თავისი შეცდომების აღიარებით. ერთხელ, მისი წასვლისას, მე და ახმეტელი მასთან სასტუმრო `მეტროპოლში“ მივედით. კიდევ ერთიორჯერ მათ შევხვდით სადილად მ.მ. რუცტთან. რადამსკიმ ჩემს თვალწინ უთხრა ბუჟუჟა შავიშვილს, რომ ის და ვანო ლაღიძე მოსკოვიდან უნდა წასულიყვნენ, რადგან მათ ყოფნას შესაძლოა ახმეტელის მოსკოვში მუშაობისთვის ხელი შეეშალა. ასევე ეუბნებოდა ვანო ლაღიძესაც. რადამსკის ცოლი სალჩი გამოთქვამდა უკმაყოფილებას საბჭოთა კავშირში ელემენტარული პირობების უქონლობის გამო, ამბობდა, რომ აქედან ჩქარა გამგზავრება უნდოდა. რადამსკი პირიქით, ამბობდა, რომ დარდობს საბჭოთა კავშირზე, როდესაც ამერიკაში იმყოფება და რომ სამუდამოდ დასახლდებოდა საბჭოთა კავშირში. როდესაც ჩვენ ვიყავით მიწვეულნი ნემიროვიჩ-დანჩენკოს საოპერო თეატრში ,,ლედი მაკბეტზე“ იყვნენ: რადამსკი, მ.მ. რუტცი, მარია სალჩი და მე. ანტრაქტის დროს, დირექტორის კაბინეტში, ბევრის თანდასწრებით, რადამსკიმ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმებოდა ,,პრავდას“ სტატიას შოსტაკოვიჩის ოპერის შესახებ. სხვა ანტისაბჭოთა გამონათქვამი რადამსკის ჩემი თანდასწრებით არ უთქვამს.
კითხვა: დაასახელეთ რადამსკისთან თქვენი საერთო ნაცნობები.
პასუხი: ჩევნი საერთო ნაცნობები რადამსკისთან არიან: მ.მ. რუტცი, ვოლკოვი ცოლ თამარა ოგანეზოვასთან ერთად (მათ გაიცნეს რადამსკი ჩვენთან), ეკატერინა კუდრინა, ლიუბიმოვ-ლანსკოი (სახალხო არტისტი), სემიონ ჩლენოვი (პირადად არ ვიცნობ), მის პირად ნაცნობებს არ ვიცნობ, მისი სიტყვებით, ის მოსკოვში მთელ თეატრალურ სამყაროს იცნობდა და ყველასთან კარგ ურთიერთობაში იყო. ვიცი, რომ ის ხშირად იყო რომელიღაც საბჭოთა მხატვართან, სადაც `გერმანული ანგარიშით“ სადილები ეწყობოდა. ამას მ.მ. რუტცი მეუბნებოდა. თავისი შეხვედრების შესახებ თბილისში ჩამოსვლისას მიყვებოდა, რომ შეხვდა ია ქანთარიასა და წულაძეს. ისინი ეკითხებოდნენ ახმეტელის შესახებ, რომ ლაღიძე იყო მასთან სასტუმროში, მაგრამ რომ მას ფული მართებს არ აღუნიშნავს. ამის შესახებ მ.მ. რუტცი მომიყვა. მაჩვენა სურათი, სადაც ის გ. დავითაშვილთან და ხორავასთან ერთად იყო გადაღებული. თქვა, რომ ხორავას ეტყობოდა, რომ მათთან გადაღება არ უნდოდა, მან უთხრა: `ჩემს წინაშე უნდა გრცხვენოდესო“, სხვა დეტალები არ მიკითხავს და არც მას უთქვამს.
კითხვა: რის შესახებ გწერდნენ თბილისიდან თქვენი ანტისაბჭოთა ჯგუფის წევრები?
პასუხი: ჩვენი ანტისაბჭოთა ჯგუფის წევრები გვწერდნენ: 1. რომ უნდოდათ თეატრიდან წასვლა, მაგრამ მათ არ უშვებენ. რომ ისინი ისე მოიქცევიან, რომ იძულებულნი იქნებოდნენ გამოეყარათ. 2. დასცინოდნენ ახალი ხელმძღვანელობის შემოქმედებით მუშაობას. 3. შეგვატყობინეს, რომ ვასაძე სპექტაკლში `პლატონ კრეჩეტი“ მთვრალი თამაშობდა და ეს ცნობა მთელ ქალაქში გაავრცელეს. 4. რომ თუშიშვილი რეპეტიციასა თუ სპექტაკლში წაეჩხუბა იონა ტუსკიას და ამისთვის თეატრიდან უნდა გააგდონ. 5. რომ რომელიღაც სპექტაკლში აბაშიძე აჯავრებდა ვასაძეს მის როლში სპექტაკლში `შემოდგომის აზნაურები“, მაყურებელმა იცნო, გაიცინა და ტაში დაუკრა. 6. პიესაში `სალტე“ აბაშიძე თავის როლს სიტყვებს თვითნებურად უმატებდა, რითაც პიესის მხატვრულ დონეს დაბლა სცემდა, იგივეს აკეთებდა ელგუჯა ლორთქიფანიძე. 7. რომ ნინა დავითაშვილი არ ესალმება და არ ელაპარაკება ახალ ხელმძღვანელობას და უარი განაცხადა მოსკოვისთვის განკუთვნილ რეკლამაში გადაღებაზე. 8. როდესაც თეატრის ახალი ხელმძღვანელობა საბჭოთა საქართველოს მე-15 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებიდან მოსკოვიდან დელეგაციასთან ერთად დაბრუნდა, თეატრის დირექციამ ორგანიზაცია გაუწია მათ საპატივცმულოდ მომზადებულ მისალმებაზე ხელმოწერებს. ბევრმა მსახიობმა, მათ შორის ჩვენი ანტისაბჭოთა ჯგუფის წევრებმაც, ხელმოწერებზე უარი განაცხადეს. გ. დავითაშვილმა თავიდავე ხელი მოაწერა, შემდეგ დაბრუნდა და თავისი ხელმოწერა წაშალა. 9. რომ სტუდია დაიშალა, მეცადინეობები მოუწესრიგებელია. სტუდიაში ჩხუბი ხშირად ხდება. სტუდიაში მუშაობა მთლიანად დეზორგანიზებულია. ხორავა იგინება და ყველას გაყრით ემუქრება. 10. ახალგაზრდები ახალი ხელმძღვანელობის მაკომპრომეტირებელ და ახმეტელისადმი მიძღვნილ ლექსებს წერდნენ.
მოსკოვში ახალგაზრდა მსახიობთაგან წერილებს გვწერდნენ: ხუციშვილი, ბეჟუაშვილი, ა. დავითაშვილი, დოლიძე, კუპრაშვილი, შერაზადიშვილი. მათ წერილებში ერთი აზრი ტარდებოდა: საბოტაჟი, თეატრის ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია.
კითხვა: რუსთაველის თეატრის დასის მუშაკებს შორის იყო თუ არა ნაციოალისტური განწყობილებები?
პასუხი: დიახ, იყო შემთხვევები, როდესაც რომელიმე მსახიობის ბინაზე მაგიდასთან იკრიბებოდნენ: ხორავასთან, კორიშელთან, ვასაძესთან. იყო შემთხვევა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ხორავამ 1921 წელს ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა (ბოლშევიკთა წინააღმდეგ) სადღეგრძელო დალია. ვასაძემ ყველას თავი მოაბეზრა თავისი `თორმეტ მილიონიანი საქართველოთი“ და ,,თამარ მეფით“. ლორთქიფანიძეს უყვარდა `დაჩაგრულ სამშობლოზე“ ლაპარაკი.
ახმეტელის ნაციონალური გამონათქვამებიდან, მისი შემთხვევითი ფრაზებიდან მახსოვს: `ამიერკავკასიაში ქართველები ყველაზე ნიჭიერი ხალხია. ამიერკავკასიის ფედერაციაში საერთო-სახელმწიფოებრივ ენად კარგი იქნებოდა ქართული ენის გამოცხადება. ეს ენა ყველა სომეხმა და თურქმა იცის, ანდა იოლად შეუძლიათ აითვისონ. რუსული ენა აღმოსავლეთის ხალხებისთვის უცხოა. ყველაზე ძველი და მდიდარი კულტურა ქართველ ხალხს აქვს საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან შედარებით. Qქრისტიანობა ჩვენ გაცილებით ადრე საუკუნეებში მივიღეთ, ვიდრე რუსმა ხალხმა.“ ჩვენი მსახიობებისა და მათ შორის, ხელმძღვანელ ახმეტელის ჩემ მიერ ზემომოყვანილი ნაციონალისტური გამონათქვამები, რასაკვირველია, მათი პარტიული მსოფლმხედველობის რეციდივია, ვინაიდან მსახიობთა უმრავლესობა მიეკუთვებოდა ნაციონალ-დემოკრატიულ და სხვა პარტიებს. ხორავას მენშევიკთა სახალხო გვარდიის წარსულის შესახებ ვიცოდი, რის შესახებაც თვითონ მიყვებოდა. ვიცოდი, რომ ნინა ღვინიაშვილს ურთიერთობა ჰქონდა ჩოლოყაევის ბანდასთან, რისთვისაც სასჯელს იხდიდა. თინა ღვინიაშვილიც იყო დაპატიმრებული კონტრ-რევოლუციური მოღვაწეობისთვის.
1930 წლამდე თეატრში ადგილი ჰქონდა შოვინისტურ გამონათქვამებსაც, მსახიობები ლაპარაკობდნენ თბილისში სომეხთა ჩამოსახლებაზე, იმაზე რომ, დაწესებულებებში სომხებს უკავიათ ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობა და ქართველებს არ ნიშნავენ. საუბრობდნენ ქართული კულტურის უპირატესობაზე ამიერკავკასიის სხვა ხალხების კულტურაზე.
კითხვა: ვინ აგროვებდა თანხას კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციისთვის?
პასუხი: 1924 თუ 1925 წელს მსახიობებისგან გამიგონია ასეთი ფაქტის შესახებ: თეატრის დირექტორი დათიკო ჩხეიძე მსახიობებისგან ჩუმად კრეფდა ფულს, რომელიღაც კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციისთვის გადასაცემად, როგორც ჩანს, მენშევიკურისათვის. ხელფასის გაცემისას ის მსახიობებს უბრალოდ უკავებდა ფულს, რომელსაც არსად აფიქსირებდა. ახმეტელისთვის 600 მან. უნდა დაეკავებინა დასახელებული ორგანიზაციისთვის და ეს ფული რამდენიმეჯერ დაუქვითა მის გულმავიწყობის იმედით. იგივეს აკეთებდა სხვა მსახიობების მიმართაც, რომლებიც დათანხმდნენ თავიანთი თანხების გადარიცხვას კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციისთვის. მერე აღმოჩნდა, რომ ამ ფულს ჩხეიძე დანიშნულებისამებრ არ გადასცემდა. კორპორაციაში ის გაასამართლეს.
კითხვა: თეატრის დასში იყო თუ არა ანტისაბჭოთა განწყობილებები?
პასუხი: ანტისაბჭოთა განწყობილებებს თეატრში, რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა. ამით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: სტეფანე ჯაფარიძე, ელ. ლორთქიფანიძე, ბ. წულაძე, ვასაძე, აფხაიძე, ყაზაიშვილი, მჟავია და სხვები. ხშირად მათში ეს განწყობა ვლინდებოდა ობივატელურ ანტისაბჭოთა ლაზღანდარობის ფორმით ყველა საბჭოთა ყოფით მოვლენებზე _ ანტისაბჭოთა ანეგდოტების მოყოლასა და ხუმრობებში რეჟისორის თანაშემწის თანდასწრებით. ვასაძემ კედლის გაზეთი ჩამოხია რეჟისორის თანაშემწის ჩალიგოვის თანდასწრებით.
ვასაძე წაეჩხუბა თორაძეს, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ რეპეტიციის ჩატარება არ შეუძლია და ა.შ. პარტაქტივის კრების მსვლელობისას ვასაძემ მას უთხრა: `უნდა იყო ან კომკავშირელი, ან მსახიობი“. ეს შემთხვევა განიხილა პარტუჯრედმა, მაგრამ როგორ დამთავრდა, არ მახსოვს. კიდევ იყო შემთხვევა, როდესაც მანვე სპექტაკლის მსვლელობისას დაარტყა კომკავშირელ ოქროპირიძეს, რისთვისაც მან იუხეშა.
1928-29 წ.წ. სეზონში იყო შემთხვევა, როდესაც თეატრში აფხაიძემ რომელიღაც კომკავშირელს დაარტყა, რისთვის, არ მახსოვს. იყო უკმაყოფილების მკვეთრი გამონათქვამების შემთხვევებიც, როდესაც თეატრში ხელფასი ერთი თვით, ან თვენახევრით იგვიანებდა. ამ შემთხვევებში განსაკუთრებული თავშეუკავებლობით მჟავია გამოირჩეოდა. თეატრიდან ჩემი წასვლის შემდეგ, პირადად მე, ბევრი ანტისაბჭოთა გამონათქვამი მქონდა. მე ვამბობდი: `საქართველოში ნამდვილი, გულწრფელი და გამბედავი ადამიანის ადგილი არ არის. საქართველოში საჭიროა ლავირებისა და შემგუებლობის უნარი“.
ჩემ მიმართ პარტიისა და ხელისუფლების დადგენილების შესახებ ვამბობდი: `როგორც ჩანს, კანონები იმიტომ იწერება, რომ არ შესრულდეს“. როდესაც გაფრთხილების გარეშე პროფკავშირიდან გამრიცხეს, ვამბობდი, რომ კავშირი უბრალოდ ფიქციაა. ახლა არ შემიძლია ჩემი სხვა გამონათქვამები გავიხსენო, მაგრამ ვაღიარებ, რომ ძალიან თავშეუკავებელი ვიყავი. თეატრის ფოიეში მსახიობებს შორის, ანდა დირექციის კაბინეტებში, არაერთხელ ყოფილა პოლიტიკურ საკითხთა განხილვა. ამ საკითხების განმარტება ხანდახან ანტისაბჭოთა ხასიათს ატარებდა. ეს საუბრები და კამათი არ შეიძლება არ გაეგოთ ახალგაზრდობასა და ტექნიკურ პერსონალს. ამას გარდა, ახალგაზრდობა თავად მიმართავდა უფროს მსახიობებს ამა თუ იმ პოლიტიკური საკითხების გასარკვევად, უფრო ხშირად მომავალი ომის შესახებ. ამ საკითხზე უფროს მსახიობებს ასეთი მსჯელობა ჰქონდა, როგორიცაა: ისინი გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ გერმანიას, როგორც ძლიერ სამხედრო მექანიზმს, თავისი ძალით, შეუძლია საბჭოთა კავშირს აჯობოს. პირველმა მსოფლიო ომმა აჩვენა, როგორი რკინის დისციპლინითაა შეკრული გერმანიის არმია. გერმანიის შეიარაღება აჭარბებდა საფრანგეთისა და რუსეთის გაერთიანებულ ძალებს, რომ ფაშისტები ახლაც მიისრაფვიან ასეთი მდგომარეობისკენ. დანამდვილებით არ შემიძლია იმის თქმა, თუ ვისთან გამოვთქვამდი ამა თუ იმ აზრს, მაგრამ ამ საუბრების აზრი ნამდვილად ასეთი იყო. საბჭოთა კავშირის შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაზე უკმაყოფილებას გამოვთქვამდით სხვადასხვა ღონისძიებებით. მაგალითად: როდესაც გაუქმდა პურის ბარათები, ვამბობდით, რომ გარეგნულად ეს კარგი იყო, მაგრამ სინამდვილეში ბევრი დაზარალდება თავისი მოკრძალებული ბიუჯეტის გამო. თეატრში მსგავსი საუბრები უამრავი იყო. შეუძლებელია იმის გახსენება, პერსონალურად ვინ რას ამბობდა. ხშირად აგინებდნენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კულტპრომისა და განათლების სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელ მუშაკებს. თავად თეატრის ხელმძღვანელი ახმეტელი ძალიან თავშეუკავებელი იყო ზოგიერთი პასუხისმგებელი მუშაკის მიმართ, კონკრეტულად: თათარიშვილის, მგალობლიშვილისა და ბაქრაძის მიმართ.
კითხვა: გამოძიებას რა შეგიძლიათ შეატყობინოთ თეატრში მოტანილ კონტრ-რევოლუციური ლიტერატურის შესახებ?
პასუხი: ნამდვილად იყო შემთხევევა, როდესაც ახმეტელს ჰქონდა რომელიღაც ქართული ემიგრანტული ჟურნალი, რომლის სათაური არ მახსოვს. ამ ჟურნალიდან მახსოვს სტატია `26 მაისი“, შეიძლება ეს იყო ჟურნალი `ბრძოლა“, მაგრამ საიდან ჰქონდა, არ ვიცი.
კითხვა: როგორი იყო ახმეტელისა და მისი ანტისაბჭოთა ნაციონალური ჯგუფის ურთიერთობა პრესასთან?
პასუხი: ხანდახან თეატრისა და მისი ხელმძღვანელის დამოკიდებულება ქართული პრესისადმი მჟღავნდებოდა არაჯანსაღი ფორმით, კონკრეტულად, ისეთ ავტორთა რეცენზიები, როგორებიც იყვნენ: ჟღენტი, ამაღლობელი და სხვები აღიქმებოდა მტრულად. ასე მოხდა ბელა ილეშას სტატიაზე `გენერალი ნობილე“. მსახიობებმა გადაწყვიტეს, რომ ვიღაცამ განაწყო თეატრის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან დასკვნები ძალიან მკვეთრი იყო. იყო რეცენზენტების მიმართ პირადი შეურაცხყოფის მაგალითები (ჟღენტი და სხვები).
კითხვა: როგორ დაახასიათებთ ალექსანდრე ახმეტელის პოლიტიკურ მსოფლმხედველობას?
პასუხი: ახალგაზრდობაში პარტიზანულ-ტერორისტული რაზმი ანარქისტული ხასიათის `ტყის ძმები“, მოგვიანებით რადიკალ-დემოკრატიული პარტია. თბილისიდან მენშევიკებთან ერთად უკან დახევა. მისი ტერორისტული რაზმის პირველი პერიოდის შესახებ რაღაცებს მიყვებოდა: რაზმი წარმოიქმნა რეაქციის წლებში 1907 წ. (არაზუსტია). მაშინ ახმეტელი მე-7-8 კლასის მოსწავლე იყო. რაზმში შევიდნენ ძირითადად გლეხები (მათი მოქმედების ადგილი კახეთი – თელავისა და სიღნაღის მაზრები იყო). ყველა, ვინც ხელმძღვანელობდა რაღაც რევოლუციური იდეებით, ახმეტელის რაზმს უერთდებოდა. ახმეტელი მეუბნებოდა, რომ ის და მისი რაზმი თავს უწოდებდნენ ბოლშევიკებს, რომ თითქოს მათ კავშირი ჰქონდათ ბოლშევიკურ პარტიასთან, რომლის მითითებებსაც რაზმი არ ემორჩილებოდა. ამისთვის ახმეტელს იძახებდნენ და ლანძღავდნენ, ემუქრებოდნენ მისი რაზმის დაშლით. ამიტომაც ვამბობ, რომ ახმეტელის რაზმი ანარქისტული ხასიათის იყო. მერე ახმეტელი პეტერბურგში გაემგზავრა, იქ უნივერსიტეტში სწავლობდა, საქართველოში მსოფლიო ომის დასაწყისში ჩამოვიდა.
პირველად პრესაში ნაციონალური ქართული თეატრის შესახებ გამოვიდა. პრესაში მუშაობდა `სამხედრო მიმომხილველის“ განყოფილებაში. კვლავ წავიდა და რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. მისი თქმით რადიკალ-დემოკრატიული პარტია ს. შანშიაშვილთან ერთად დააარსა. მათვე დააარსეს გაზეთი, რომელიც მენშევიკებმა ჩამოართვეს. შედიოდნენ დამფუძნებელ კრებაში, ეჩხუბებოდა მენშევიკებს, ერთხელ დააპატიმრეს. 25 თებერვალს თბილისიდან მენშევიკების არმიასთან ერთად ბათუმისკენ დაიხია. მას დაავალეს რომელიღაც პოლკის მეთაურობა, ვინაიდან გენერლები არ ყოფნიდათ და დროებით სამხედრო პირი გახდა. თბილისში დაბრუნდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ჯერ 1922 წელს, შემდეგ 1923 წელს დააპატიმრა. მისი ცხოვრების ამ პერიოდზე მისგან ძალიან ცოტა გამიგონია. მეუბნებოდა, რომ გენერალ აფხაზთან, წულუკიძესთან და სხვებთან ერთად ციხეში იჯდა. მათ მისჯილი ჰქონდათ დახვრეტა, მაგრამ ის გაანთავისუფლეს. ამის მერე ის თეატრში მუშაობაზე გადაერთო. მეგობრები თანდათან თეატრს დაუახლოვდნენ. თეატრის კულისებს მიღმა მის ცხოვრებაში გამოჩნდნენ პოეტები: ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი. სიმბოლისტთა სკოლის ეს უმაღლესი ჯგუფის წარმომადგენლები, `ცისფერყანწელთა“ მოთავეები – სინამდვილეში, მათ არ შეეძლოთ თეატრის კოლექტივის ფსიქიკის გარდაქმნა, საბჭოთა სინამდვილის მართებული აღქმნისკენ.
დოლიძე _ პარტიის ყოფილი წევრი, უკლონისტი, ტაბიძე და იაშვილი მაშინ ჩვენს სახლში არ დადიოდნენ, მაგრამ თეატრში მსახიობთა შორის ხშირად იყვნენ. უფრო ხშირად, ღამის 12 საათის შემდეგ, რუსთაველის პროსპექტზე იკრიბებოდნენ. კიდევ ერთმანეთს ხვდებოდნენ დიტო შევარდნაძესთან მუზეუმის ქვეშ მდებარე მის ოთახში. ამ საუბრებს არ დავსწრებივარ და ამიტომ არ ვიცი მათი შინაარსის შესახებ. ვასახელებ იმ საყვარელ ადგილებს, სადაც ქართული ინტელიგენციის ნაწილი იკრიბებოდა. იქ იყვნენ თეატრის წამყვანი მსახიობები: ხორავა, ვასაძე, პატარიძე, ახმეტელი, გამრეკელი, აფხაიძე. თეატრის კულისებს მიღმა ცხოვრების მუდმივი დამსწრეები იყვნენ: ტაბიძე, იაშვილი, დოლიძე, ბოკერია, შანშიაშვილი, წუწუნავა, სვიმონიშვილი, ვლ. ჯიქია, მაჩაბელი, საყვარელიძე, ზურაბ ინაშვილი. მათგან თეატრის წევრები იყვნენ: შანშიაშვილი და ბოკერია. შანშიაშვილი თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობით წარსულში რადიკალ-დემოკრატი იყო. სინამდვილეში, თანამედროვე პირობებს უბრალოდ შეგუებულია. მისი საყვარელი ანდაზა იყო: სოციალური მდგომარეობით ყოფილი კულაკი.
ბოკერია – პარიტეტული კომიტეტის ყოფილი წევრი. გარკვეული საქმიანობის გარეშე თეატრისგან მატერიალური მოგება ჰქონდა. თეატრის წყალობით საზოგადოების ზედა ფენებში ტივტივებდა.
ნიკოლოზ დოლიძე 1926 წლიდან თეატრს არ მოშორებია, ჩვენს სახლში ხშირად მოდიოდა. ხშირად ვესწრებოდი საუბრებს, რომლის თემაც თეატრალური საქმეები იყო. ლაპარაკობდნენ საერთაშორისო პოლიტიკაზეც. მახსოვს მომავალ ომზე საუბრობდა ახმეტელი. დოლიძე ეთანხმებოდა. სვიმონიშვილი, ზურაბიშვილი, საყვარელიძე, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი – ესენი ყველანი ძველი ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან. წარსულში მათი პოლიტიკური განწყობის შესახებ არაფერი ვიცი, არ დავინტერესებულვარ. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ამ ადამიანების განწყობილებებში ჭარბობს დიდი მიდრეკილება ნაციონალური პატრიოტიზმისკენ. მათი ხაზგასმული პატრიოტიზმი რუსთაველის თეატრისადმი ურთიერთობაშიც იგრძნობოდა. ისინი ამაყობდნენ არა როგორც საბჭოთა თეატრით, არამედ როგორ ქართულით. ამ მხრივ, ახმეტელზე მათი გავლენა, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო.
კითხვა: დააკონკრეტეთ თქვენი ჩვენებები ა. ვ. ახმეტელის გამონათქვამების შესახებ.
პასუხი: ახმეტელის საუბრის საყვარელი თემა საერთაშორისო პოლიტიკა იყო. ამის შესახებ ხშირად მელაპარაკებოდა. ხანდახან ვთხოვდი ამა, თუ იმ მოვლენის ახნას. ახმეტელის ცალკეული გამონათქვამებიდან მახსოვს: `მსოფლიოში მზადდება ორი ძალის კოლოსალური შეჯახება, იზრდება მუშების რევოლუციური მოძრაობა, მეორეს მხრივ იზრდება რეაქციული ძალა. ევროპაში დიდი ინტენსივობით მზადდება და იზრდება ფაშისტურ სახლმწიფოთა გაერთიანება, რომ საბჭოთა კავშირს დაარტყან. თუკი ინგლისი ხელს შეუშლიდა გერმანიას შეიარაღებაში ეს ხსნა იქნებოდა, მაგრამ ინგლისი დამთმობ პოლიტიკას აწარმოებს. საფრანგეთში პოლიტიკური მდგომარეობა არამყარია. სახალხო ფრონტის მთავრობა მერყევია. იქაც შეიძლება ფაშისტური გადატრიალება მოხდეს.
დოლიძის თანდასწრებით, ახმეტელი გერმანიის შეიარაღების შესახებ ამბობდა: `როდესაც შეიარაღება ჯერ კიდევ საიდუმლოდ მოდიოდა, ქვემეხების ნაწილები ნაწილდებოდა ყველა მაღაზიაში, სადაც თაროებზე ეწყო, შეფუთული როგორც ყველაზე უბრალო საქონელი. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ შეიარაღება შეენიღბათ. რომელიღაც დღესასწაულზე გერმანიაში ჰიტლერმა არმიას განკარგულება მისცა აღლუმი ბერლინში ჩატარებულიყო და მოსამზადებლად 3-4 საათი გამოყო და დანიშნულ დროს მთელი გერმანიიდან ჯარი ადგილზე იყო და აღლუმი ჩატარდა. ასეთი დისციპლინის მიღწევა მხოლოდ შიშით შეიძლება. ჰიტლერის შესახებ რაღაცნაირად მითხრა, რომ ეს არის კოლოსალური ენერგიის ადამიანი, მაგრამ შემოქმედებითი ფანტაზიის გარეშე. საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების შესახებ მეუბნებოდა, რომ მისი შეიარაღება საკმარისია, მაგრამ Gგერმანია ამ საკითხში უფრო სწრაფად მიდის. ამბობდა, რომ ცუდი იყო, რომ საბჭოთა კავშირს ძალიან გრძელი სახელმწიფო საზღვარი ჰქონდა. ომის შემთხვევაში ფრონტი გაიწელებოდა ათას კილომეტრებზე. საბჭოთა კავშირს მოუწევდა თავისი ძალები გადაენაწილებინა დასავლეთისა და შორეული აღმოსავლეთის ფრონტებზე. საკმარისია თუ არა საბჭოთა კავშირის სამხედრო მეთაურების მომზადება, რომ ამ ამ დარტყმას გაუძლონ, საეჭვოა. მათ მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვთ და არა აქვთ არავითარი გამოცდილება.
კითხვა: ყველაზე ხშირად ახმეტელი ვის ხვდებოდა?
პასუხი: ყველაზე ხშირად ახმეტელი ხვდებოდა პარტმუშაკებისგან: მგალობლიშვილს, ვლადიმერ ჯიქიას. ერთხელ ჯიქია მოვიდა ჩვენს აგარაკზე კიკეთში (1935 წ). ისინი ტყეში წავიდნენ სასეირნოდ, ასე რომ, ჩემი თანდასწრებით საუბარი არ ყოფილა. თეატრიდან ახმეტელის გათავისუფლების შემდეგ, აღნიაშვილი ურჩევდა, დაეწერა წერილი ამხ. ბერიასადმი. ის ეუბნებოდა: `ახლა დაემორჩილე დადგენილებას, მერე ისევ მოგცემენ უფლებებს თეატრში და ხორავასა და ვასაძეს საკუთარი შეხედულებით მოექცევი, ხელს არავინ შეგიშლის“. შემდგომ ის ეუბნებოდა მსახიობებს (ახმეტელის გამგზავრების შემდეგ), რომ მათ მოეთმინათ, პროტესტი არ გამოეხატათ, ქალაქში არ ელაპარაკათ თეატრში მომხდარზე, რომ ეს მაინც ახმეტელს დაუშავებდა. მოსკოვში ახმეტელს კარგი ურთიერთობა ჰქონდა კახიანთან. როდესაც ჩვენ მოსკოვში ვიყავით, ახმეტელმა მითხრა (სასტუმრო `მოსკოვში”), რომ მასთან იყო ვიღაც ციმბირიდან ჩამოსული. რომ ქართველიშვილი სთავაზობდა თეატრის ორგანიზებას შორეულ აღმოსავლეთში. ჩემი თანდასწრებით ჩვენს ნომერში მოვიდა უცნობი პირი (გვარი არ მახსოვს, მაგრამ მას ადრეც ვიცნობდი). ის ამბობდა, რომ ვლადივოსტოკში გახსნეს კონტრ-რევოლუციური ორგანიზაცია და ამ საქმესთან დაკავშირებით ჩამოვიდა, რომ ამის შესახებ სადაც საჭირო იყო იქ შეეტყობინებინა. ამ ადამიანმა გადასცა თუ არა ახმეტელს მოწვევა, არ ვიცი. მოსკოვში ქართველ პარტმუშაკთაგან ახმეტელი იცნობდა ქავთარაძეს, ღოღობერიძეს. ქავთარაძეს არ შეხვედრია, ღოღობერიძეთან მტრულ დამოკიდებულებაში იყო. 1933 წელს ახმეტელთან ერთად ქუჩაში შევხვდით ქავთარაძეს, ახმეტელმა ის გამაცნო.
უპარტიო ინტელიგენციისგან, როგორც ადრე აღვნიშნე, ახმეტელს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა: ზურაბიშვილთან, საყვარელიძესთან, ტაბიძესთან, იაშვილთან, წუწუნავასთან, შანშიაშვილთან, სვიმონიშვილთან, რადამსკიმ ჩვენთან გაიცნო სვიმონიშვილი. ჩვენ მასთან ერთად ვიყავით სვიმონიშვილთან, სადაც ასევე იყვნენ: ლუარსაბ ანდრონიკოვი, საყვარელიძე ცოლთან ერთად და ზურაბიშვილი. რადამსკი რომ სვიმონიშვილს შეხვდა თბილისში ჩამოსვლისას 1936 წელს, თვითონ თქვა, როდესაც მოსკოვში დაბრუნდა. რატომ და რისთვის ხვდებოდა, არაფერი უთქვამს.
დაკითხვის ოქმი წავიკითხე, დაწერილია ჩემი სიტყვებითა და ჩვენებებით. ჩემ მიერ გაკეთებული შესწორებები შეტანილია. რაც შეეხება ჩემს ჩვენებებს: 1. `დაგვქონდა მთელ ქალაქში (6 გვ). 2. `ამიერკავკასიის ფედერაციაში საერთო სახელმწიფო ენად შესაძლებელი იყო ქართული ენის გამოცხადება, ყველა სომეხმა და თურქმა იცის ეს ენა, ან იოლად შეუძლიათ ათვისება, რუსული ენა უცხოა აღმოსავლეთის ხალხისთვის (7 გვ). 3. სათანადოდ არის თუ არა მომზადებული საბჭოთა მეთაურები, რომ ამ დარტყმას გაუძლონ, საეჭვოა. მათი ცოდნა მხოლოდ თეორიულია და არავითარი გამოცდილება არა აქვთ (15 გვ), რომლებიც ჩემი ხელით დავწერე – სიცრუეა. წულუკიძე.
კითხვა: რით არის გამოწვეული თქვენი ცრუ ჩვენებები ამ საკითხებთან დაკავშირებით?
პასუხი: სპეციალურად გამოვიგონე. ამ ფანტაზიის ახსნა იმით შემიძლია, რომ დასაწერი არაფერი მქონდა და დავწერე.
დაკითხეს: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის
სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს
მე-3 განყოფილების უფროსი სახელმწიფო უშიშროების მაიორი (მხეიძე)
მე-3 განყოფილების ოპერრწმუნებულის თანაშემწე (პოდოლსკაია)
საბრალდებო დასკვნა
საქმეზე #8134 ბრალდებისა თამარ
გიორგის ასულ წულუკიძე-ახმეტელის
მიმართ საქ. სსრ ს/ს მუხლებით: 58/I, 17-
58/8 და 58/6.
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გაიხსნა და ლიკვიდირებულია კონტრ-რევოლუციური ტროცკისტული ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებდა აქტიურ მავნებლურ საქმიანობას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის, აჯანყების მომწყობი ორგანიზაციებისა და საბრძოლო ჯგუფების მიმართულებით, საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და ხელისუფლების მიტაცების მიზნით. ერთდროულად მითითებული ორგანიზაცია ამზადებდა ინდივიდუალურ ტერორს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ხელმძღვანელობისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მზადდებოდა ტერორისტული აქტი ამხ. სტალინის წინააღმდეგ და პოლიტბიუროს სხვა წევრების მიმართ მოსკოვში და საქართველოში კომუნისტური პარტიის ცენტრალური მდივნის ამხ. ბერიას წინააღმდეგ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ წულუკიძე მონაწილეობდა კონტრ-რევოლუციურ ტროცკისტულ ტერორისტულ ჯაშუშურ ჯგუფში, რომელიც რუსთაველის თეატრში 1934 წელს შეიქმნა საქართველოს ტროცკისტულ ტერორისტული კონტრ-რევოლუციური ცენტრის დავალებით, მისი ქმრის ა. ვ. ახმეტელის ხელმძღვანელობით. კონტრ-რევოლუციურ საქმიანობაში წულუკიძე ჩააბა მისმა მეუღლემ – ახმეტელმა. იგი ატყობინებდა ორგანიზაციის ტერორისტული საქმიანობის შესახებ, რომელიც ტერორისტულ აქტებს ამზადებდა ამხ. სტალინისა და ამხ. ბერიას წინააღმდეგ.
წულუკიძე მთლიანად იზიარებდა ორგანიზაციის ტერორისტულ მიზანდასახულობას, თუმცა უშუალოდ არ მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. ამასთან ერთად, 1936 წელს მოსკოვში გამგზავრების შემდეგ, წულუკიძე აგრძელებდა რუსთაველის თეატრში არსებულ თბილისის კონტრ-რევოლუციურ-ტეროტისტულ ჯგუფთან არალეგალურ კავშირს, ამ მიზნისთვის იყენებდა არსებულ დაშიფრულ კოდს და პირობით მისამართებს. თბილისის კონტრ-რევოლუციურ-ტეროტისტულ ჯგუფს უგზავნიდა კონტრ-რევოლუციურ მავნებლური ხასიათის მითითებებს, მავნებლური საქმიანობისთვის საბჭოთა ხელოვნების მამართულებით. `ჩვენი მიმოწერით პირდაპირ ვუბიძგებდით ჩვენს ანტისაბჭოთა ნაციონალისტურ ჯგუფს მავნებლური საქმიანობისკენ“ (წულუკიძის ჩვენებიდან 11/2-37 წ. 513 გვ. ტ. IV).
1936 წლის იანვარ-თებერვალში მოსკოვში წულუკიძეს იყენებენ ქართული თეატრალური სტუდიის შესაქმნელად, რომლის საფარქვეშ იგეგმებოდა კონსპირაციული ტერორისტული ჯგუფის შექმნა, ტერორისტული აქტის მოსამზადებლად ამხანაგების – სტალინის, ორჯონიკიძის, კაგანოვიჩისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების წინააღმდეგ. წულუკიძის მხრიდან შეინიშნებოდა არაერთჯერადი კონტრ-რევოლუციური გამოხდომები სკპ (ბ) ხელმძღვანელობისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. `მე არაერთხელ ვაფრთხილებდი თამარ წულუკიძეს, რომ ამ ანტისაბჭოთა გამოვლინებებისგან თავი შეეკავებინა, იგი მეკამათებოდა, რომ ეს ყველაფერი ახმეტელისგან მომდინარეობდა და რომ ასე უნდა გაგვეკეთებინა“ (შავიშვილის ჩვენებიდან 16/4-37 წ. გვ. 672. ტ. IV).
წულუკიძე დაკავშირებული იყო ერთ საზღვარგარეთული ქვეყნის მზვერავ რადამსკისთან, რომელიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აწარმოებდა ჯაშუშურ საქმიანობას, ასევე ჰქონდა უშუალო ურთიერთობა კონტრ-რევოლუციურ მავნებლური საქმიანობისადმი, რომელსაც ახმეტელის ჯგუფი აწარმოებდა საბჭოთა ხელოვნების მიმართულებით.
გადმოცემულის საფუძველზე ბრალი ედება: თამარ გრიგოლის ასულ წულუკიძე-ახმეტელს, დაბადებულს 1903 წელს, წარმოშობით ქ. თბილისიდან, სსრკ მოქალაქეს, რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობს, მასზედ, რომ: 1. იყო კონტრ-რევოლუციურ ტროცკისტულ ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური მონაწილე, რომელიც ჩათრეულ იქნა 1934 წელს თავისი ქმრის – ახმეტელის მიერ. 2. აწარმოებდა აქტიურ მავნებლურ მუშაობას საბჭოთა ხელოვნების მიმართულებით და დაკავშირებული იყო ერთ-ერთი საზღვარგარეთული ქვეყნის მზვერავთან.
დანაშაული გათვალისწინებული საქ. სსრ ს/ს 58/11, 58/17 და 58/6 მუხლებით. თავი დამნაშავედ ცნო კონტრ-რევოლუციურ ჯგუფის მონაწილეობაში, რომელიც აწარმოებდა აქტიურ მავნებლურ საქმიანობას საბჭოთა ხელოვნების მიმართულებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა კონტრ-რევოლუციურ ტერორისტული დაზვერვითი ჯგუფის ორგანიზატორი ახმეტელი.
თავს დამნაშავედ არ ცნობს ტერორისტულ საქმიანობაში, მაგრამ არ უარყოფს, რომ მასთან საუბრებში ახმეტელი გამოთქვამდა მკვეთრ კონტრ-რევოლუციურ მოსაზრებებს და უშვებდა მტრულ თავდასხმებს სკპ (ბ) ხელმძღვანელების წინააღმდეგ.
იმხილება ბრალდებულთა ჩვენებებით – კონტრ-რევოლუციურ ტერორისტული ორგანიზაციის წევრების: ელ. ლორთქიფანიძის, ი. ქანთარიას ჩვენებებით.
საქმე ექვემდებარება სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიაში წარსადგენად, 1934 წლის 1 დეკემბრის კანონის მიხედვით განსახილველად.
საქმე ახმეტელის, ლორთქიფანიძისა და სხვა ბრალდებულთა წინააღმდეგ გამოყოფილია ცალკე წარმოებად.
ცნობა: ბრალდებული თ. გ. წულუკიძე პატიმრობაშია საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შიდა იზოლატორში 1937 წ. 27 იანვრიდან.
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილების ოპერრწმუნებული (შჩეკოტიხინი),
მე-3 განყოფილების უფროსი სახელმწიფო უშიშროების მაიორი (მხეიძე).
Oოქმი
მოსამზადებელი სხდომისა სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიისა. 1937 წლის 28 ივნისი. ქ. თბილისი.
თავმჯდომარე სამხედრო იურისტი ი. ო. მატულევიჩი.
წევრები: დივიზიის სამხედრო იურისტი ა. მ. ორლოვი.
B ბრიგადის სამხედრო იურისტი ს. ნ. ჟდანი
მდივანი _ 1 რანგის სამხედრო იურისტი ა. ა. ბატნერი
მონაწილეობს მთავარი სამხედრო პროკურორი, სამხედრო იურისტი ნ. ს. როზოვსკი
მოისმინეს: საქმე დამტკიცებული მთავარი სამხედრო პროკურორის, სამხედრო იურისტის ამხ. როზოვსკის მიერ, საბრალდებო დასკვნით საქ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მიერ, უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიისთვის თამარ გრიგოლის ასულ წულუკიძე-ახმეტელის გადასაცემად საქ. სსრ ს/ს 58-6, 17-58-8 და 58-11 მუხლებით 1934 წლის 1 დეკემბრის სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილების გამოყენებით.
დაადგინეს: 1. საბრალდებო დასკვნა, დამტკიცებული მთავარი სამხედრო პროკურორის, სამხედრო იურისტ ამხ. როზოვსკის მიერ, მიღებულ იქნას და საქმე გადაეცეს წარმოებაში სსრკ უმაღლესი სასამრთლოს სამხედრო კოლეგიას. 2. თ. გ. წულუკიძე-ახმეტელი გადაეცეს სასამართლოს ბრალდებით გათვალისწინებულს საქ. სსრ ს/ს 58-6, 17-58-8 და 58-11 მუხლებით. 3. საქმე განხილულ იქნას დახურულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების, დაცვისა და მოწმეთა გამოძახების გარეშე 1934 წლის 1 დეკემბრის სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილების გამოყენებით. 4. ბრალდებულის აღკვეთის ადგილად დარჩეს პატიმრობაში.
თავმჯდომარე სამხედრო იურისტი ი. მატულევიჩი.
მდივანი 1 რანგის სამხედრო იურისტი ა. ბატნერი.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახელით სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესია შემადგენლობით: სამხედრო იურისტი ი. ო. მატულევიჩის თავმჯდომარეობით,
წევრების: დივიზიის სამხედრო იურისტ ა. მ. ორლოვის
B ბრიგადის სამხედრო იურისტ ს. ნ. ჟდანის
მდივნის – 1 რანგის სამხედრო იურისტ ა. ა. ბატნერის მონაწილეობით.
ქ. თბილისში, 1937 წლის 29 ივნისის დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა ბრალდებულ თამარ გრიგოლის ასულ წულუკიძე-ახმეტელის საქმე, დაბადებული 1903 წელს, მხილებული დანაშაულში საქ. სსრ ს/ს 58-6, 17-58-8 და 58-11 მუხლებით.
წინასწარი და სასამართლო გამოძიებით დადგებილია: განსასჯელი წულუკიძე-ახმეტელი არის კონტრ-რევოლუციურ ტროცკისტულ ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური მონაწილე, რომელშიც ჩაითრია მისმა ქმარმა ტერორისტმა ახმეტელმა და რომლისგანაც მიიღო სრული ინფორმაცია ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. 1936 წელს მოსკოვში გამგზავრების შემდეგ აწარმოებდა არალეგალურ ჯაშუშურ საქმიანობას თბილისის ორგანიზაციის წევრებთან. ამისთვის პირობით მისამართებსა და შიფრს იყენებდა. წერილებში ახმეტელისგან იგზავნებოდა მავნებლური ხასიათის მითითებები საბჭოთა ხელოვნების მიმართულებით. ბრალდებული წულუკიძე-ახმეტელი დაკავშირებული იყო ერთ უცხო სახელმწიფოს ჯაშუშ რადამსკისთან. აქედან გამომდინარე, დამტკიცებულია წულუკიძე-ახმეტელის ბრალდება დანაშაულის ჩადებაში გათვალისწინებული საქ. სსრ ს/ს 58-6, 17-58-8 და 58-11 მუხლებით.
გადმოცემულის თანახმად, სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ იხელმძღვანელა რა 319 და 320 მუხლებით დაადგინა: თამარ გრიგოლის ასულ წულუკიძე-ახმეტელს მიესაჯოს პატიმრობა 10 წლით, პოლიტიკური უფლებების 6 წლით აღკვეთით, მისი კუთვნილი პირადი ქონების კონფისკაციით. თამარ გრიგოლის ასულ წულუკიძე-ახმეტელის პატიმრობის ვადა აითვალოს 1937 წლის 27 იანვრიდან.
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
თავმჯდომარე სამხედრო იურისტი ი. მატულევიჩი.
წევრები: დივიზიის სამხედრო იურისტი ა. ორლოვი.
B ბრიგადის სამხედრო იურისტი ს. ჟდანი
Following a Minotaur
The story about minotaurs, and the story about living with them
Interrogation transactions of Tamar Tsulukidze Following a Minotaur
The magazine continues publishing interrogation transactions of Georgian artists from the so-called “repression period” that were held at public agencies. This time, the magazine publishes the transaction of Tamar Tsulukidze, a famous actress and the wife of the great Georgian director Alexander (Sandro) Akhmeteli. The publication was prepared by Gubaz Megrelidze.