ანუ რაბლეს სამართალი
რენესანსის ეპოქის ფრანგი მწერალი და ჰუმანისტი ფრანსუა რაბლე (François Rabelais), სავარაუდოდ, 1494 წელს, შინონთან, ინდრ-ე-ლუარში ადვოკატის ოჯახშია დაბადებული. ის, როგორც თავისი დროის ყველაზე გამოჩენილი მწერალი, ამ ეპოქის თვალსაჩინო გამოხატულებასაც წარმოადგენს. რაბლე თავისი სიმპათიებითა და შეხედულებებით აღორძინების პერიოდის ადამიანია; ჰუმანისტი, ექიმი, იურისტი, ფილოლოგი, არქეოლოგი, ნატურალისტი და ღვთისმეტყველი გვევლინება ენციკლოპედიური განსწავლულობის, ჰომეროსულად თავისუფალ და ლაღ ზეკაცად. მის სახელგანთქმულ რომანში „გარგანტუა და პანტაგრუელი“ ასახულია ეპოქის მთელი ზნეობრივი და სოციალური შრეები და ფრანგული აღორძინების ზნეობრივი ბიოგრაფიაცაა. მწერლის ხუთწიგნეული წარმოადგენს გამოცანას, რომელსაც არ გააჩნია მკაცრი ლიტერატურული ერთიანობა; მას უპირველესად ცხოვრებისეული მთლიანობა ახასიათებს. „მე არაფერი გამაჩნია! ბევრი უნდა ვზღო, დანარჩენს კი ვუტოვებ ღარიბებს“.
რაბლესათვის შემეცნების პროცესი შერწყმაა ჰორიზონტებისა, რომელიც თავის თავში ერთდროულად აერთიანებს უარყოფითსა და დადებით მხარეებს; ხელი, რომელიც დაუნდობლად ანგრევს, ამასთანავე ქმნის დადებით იდეალებს, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს სიცოცხლეს. წიგნის ფორმა მითოლოგიურ-ალეგორიულია; როგორც „გარგანტუა და პანტაგრუელის“ ქართულად მთარგმნელი – გურამ გოგიაშვილი გვირჩევს, ამ წიგნის წაკითხვა-გააზრება მხოლოდ სვენებ-სვენებითაა შესაძლებელი; იგი მთელი ცხოვრების საგზალს წარმოადგენს; რაბლეს შევყავართ ისეთ ლაბირინთში, სადაც ჩვენ წინაშე გადაიშლება ცხოვრების წარმოუდგენელი პლასტები. პერსონაჟებისა და სცენების აღწერის ცოცხალი, კოლორისტული და ღრმად რეალისტური მანერით მწერალს ადარებენ მისივე თანამედროვე ფლანდრიელი პიტერ ბრეიგელის ტილოებს – ჭამა-სმის აპოლოგია, სოფლის ქორწილის სცენები და ხალხური იგავ-არაკების სულისკვეთება ესოდენ შეესატყვისება რაბლეს სტილს. ფრანსუა რაბლე, როგორც თავისი საუკუნის დიდი მეზღვაური, უპირველესად ჭეშმარიტებისა და სიმართლის მაძიებელია, „ზღვის“, სივრცის, უსასრულობის მდევარია; მისი რომანი წარმოადგენს აბსტრაქციას, რომელსაც ყველა თავისებურად ხედავს და აღიქვამს თავისი ცნობისმოყვარეობისა და საკუთარი გონის მიმართულების მიხედვით. მისი მთავარი გმირი – პანტაგრუელი ეჭვქვეშ აყენებს ნებისმიერ ქმედებას (პოლიტიკის ჩათვლით), რომელიც ცდილობს, აკონტროლოს ბუნება. როდესაც კარდინალმა Du Bellay-მ მომაკვდავი რაბლეს ჯანმრთლობის მდგომარეობას მოიკითხა, მწერალმა შეუთვალა: „მივემგზავრები დიადი რამის საძიებლად!“
თავისუფლების მეზღვაურის უკანასკნელი სიტყვები იყო – „დაუშვით ფარდა, ფარსი ნათამაშებია!“.
შუასაუკუნეების სახელმწიფოებრივ მეცნიერებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე დაკვირვება მოწმობს, რომ რაბლეს ეპოქა არ გამოდგა ხელსაყრელი სახელმწიფოებრივი მეცნიერებისათვის იმდენად, რამდენადაც მეცნიერება სახელმწიფოს შესახებ გამომდინარეობს სახელმწიფოს შესახებ იდეისაგან; შუასაუკუნეობრივი შემეცნება სახელმწიფოს იდეისა კი არ იყო ავტონომიური და ნათელი. ამ ეპოქის მთავარ სულიერ ძალას რელიგია წარმოადგენდა; მეცნიერებაც რელიგიის უპირატესობა გახლდათ. სამეცნიერო სკოლები ძირითადად ეკლესიის მფლობელობაში იყო; ხოლო მცირეოდენი თავისუფალი ან სახელმწიფოებრივი სკოლები, რომლებიც იმ პერიოდში არსებობდა, ვერ ახდენდა არსებით ზეგავლენას საზოგადოებრივ აზრზე. აქ მასწავლებელი ვერც კი გაბედავდა ეკლესიის ღვთიური ავტორიტეტის უარყოფას. შესაბამისად, შუასაუკუნეების მთავარი სულიერი ძალა არ გამოდგა ხელსაყრელი სახელმწიფოს იდეის გაგებისათვის. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდშიც კი სახელმწიფო არ რჩებოდა მხოლოდ საეკლესიო დაწესებულებად, რომელიც მთლიანად ექვემდებარებოდა საეკლესიო ხელისუფლებას; მას მაინც გააჩნდა ეკლესიისაგან დამოუკიდებელი არსებობის საშუალება. შუა საუკუნეების პოლიტიკური და სამართლებრივი იდეების მკვლევარის – იოჰან კარლ ბლუნჩლის შეფასებით, ამ პერიოდში, მიუხედავად ეკლესიის დომინირებული მდგომარეობისა, ეკლესიისაგან სახელმწიფოს ავტონომიურობა ქრისტიანულ ევროპაში სრულ უარყოფას მაინც ვერ დაექვემდებარა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ებრაელი ხალხის მესიანური მოლოდინების მიუხედავად, ქრისტემ უარი თქვა სახელმწიფო მოწყობის მიწიერ ამოცანაზე; ქრისტე მოგვევლინა როგორც არა საერო კანონმდებელი. ყოველივე ამას ემატებოდა შუასაუკუნეობრივი დაქსაქსულობაც. ამდენად, ზოგადად შუასაუკუნეობრივ სულისკვეთებაშიც ჩადებული იყო რაღაც ანტისახელმწიფოებრივი. ფეოდალური დაქსაქსულობიდან გამომდინარე რთული იყო სახელმწიფოებრივი იდეის აღიარება და დამკვიდრება მის მთლიანობაში. ცალკეული დიდგვაროვნებისა და კორპორაციების განკერძოება და თავისუფლების შეგრძნება რთულად ექვემდებარებოდა მთლიანის უმაღლესსა და მთავარ ინტერესებს. ამგვარად, არა მხოლოდ რელიგიური სულისკვეთება შუასაუკუნეებისა, ასევე მატერიალისტური სულისკვეთებაც იყო მეორე მამოძრავებელი ძალა, რომელიც არ იყო ხელსაყრელი სახელმწიფოებრივი იდეის დამკვიდრებისათვის.
ამ არეულსა და დაქსაქსულ ეპოქაში სამართლიანობა იქცა რაბლეს მთავარ საზომად. „სამართლიანად? აქ იმის სუნიც არ ტრიალებს! იურიდიული წიგნები ულამაზეს მოსასხამს მაგონებს, ოქრომკერდითა და ძვირფასი თვლებით რომ არის შემკული, კალთები კი ნეხვითა აქვს გაწყობილი. ქვეყანაზე არ მოიძებნება ისეთი მშვენიერი, ისეთი კაზმული, ისეთი ნატიფი წიგნი, როგორიც პანდექტების ტექსტებია, – ამბობს პანტაგრუელი; მისი გაწყობა კი – ანუ აკურსიუსის გლოსები – ისეთი ჭუჭყიანი, მურტალი და მყრალია, ნაგავი ან ნეხვი გეგონება. რაბლეს მიაჩნია, რომ რაოდენ უცნაური, დახლართული და საჩოთიროც არ უნდა იყოს, ნებისმიერი დავის გადაწყვეტამ ორივე მხარე უნდა დააკმაყოფილოს და ერთნაირად ასიამოვნოს განაჩენმა. ბუნებითი სამართლის კონცეფციას თავიდანვე გააჩნდა ორმაგი შემადგენლობა – პირველია პრაქტიკული მოთხოვნა სამართლის გაუმჯობესებისა. თომა აქვინელი ახდენს რთულ დანაწევრებას, ესაა ღვთიური და მუდმივი კანონი, ბუნებითი კანონი და ადამიანის მიერ შექმნილი კანონმდებლობა.
ბუნებითი სამართლის შუასაუკუნეობრივი დოქტრინის თანახმად, არსებული კანონები უნდა შევაფასოთ ბუნებით სამართალთან შედარებით; ადამიანის მიერ შექმნილ ნორმებს ძალა გააჩნიათ იმდენად, რამდენადაც ისინი თანხვედრაშია ბუნებით სამართალთან. ბუნებითი და პოზიტიური სამართლის მიმართების საკითხს პრაქტიკული დატვირთვა აქვს, ამ იდეის მეშვეობით ადამიანებისთვის დაწესებული იქნა მუდმივი კონტროლისა და უზენაესობის უფლება მმართველ ხელისუფლებაზე. თუმცა, ის კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ღვთიურ განაწესს, აღარ უნდა შესრულდეს, რადგანაც ღმერთს უნდა დავემორჩილოთ უპირობოდ, და არა – ადამიანის ნებას.
კანონის სამართალთან გაიგივება წარმოადგენს უმძიმეს მეთოდოლოგიურ შეცდომას, ჰუგო გროციუსმა, წინამორბედი თეორეტიკოსებისაგან განსხვავებით, პირველმა გამოიყენა „ჯუს ნატურაეს“ ცნება „ლეხ ნატურაეს“ საწინააღმდეგოდ იმ თვალსაზრისით, რომ კანონი ისევე განსხვავდება სამართლისგან, როგორც მიზეზი შედეგისგან.
პირველ ადგილზეა უფლება – პიროვნების დაბადებითი უფლებები, რაც უნდა იყოს ყოველგვარი კანონმდებლობის მიზანი. ბუნებითსამართლებრივი დოქტრინა დაიტვირთა ინდივიდუალიზმით, გააძლიერა პიროვნული საწყისი, რამაც განვითარება ჰპოვა ახალ დროში და გახდა მისი არსის ძირითადი განმსაზღვრელი. ამ დროიდან ბუნებითი სამართალი გახდა უფრო მეტი, ვიდრე კანონმდებლობის სრულყოფილების მოთხოვნაა, იგი გამოხატავს პროტესტს სახელმწიფოებრივი აბსოლუტიზმის საწინააღმდეგოდ.
საბოლოოდ, ბუნებით-სამართლებრივი დოქტრინის სიმძიმის ცენტრი მდგომარეობს სამართალის თავზე ზნეობრივი სასამართლოს არსებობის შესაძლებლობაში.
პიროვნების განმსაზღვრელი თვისება არის შეუზღუდავი თავისუფლების წადილი. ბრძენთ უთქვამთ, რომ სხვებზე ბატონობა იგივე მონობაა და რაც მეტ მონას მბრძანებლობს ადამიანი, მით უფრო მონაა იგი. რაბლეოლოგთა შეხედულებით, სწორედ ამას გულისხმობს ძმა ჟანის პასუხი, როდესაც გარგანტუა სხვადასხვა სააბატოს ჩაბარებას სთავაზობს: „სხვას რარიგ გავუძღვე – ეტყვის ბერი, – ოდეს თავად გასაძღოლი ვარ?“ არც რაბლე და არც მისი გმირები თავს არავის ახვევენ ცხოვრების რაიმე მოდელს და უარყოფენ სხვისი ჭკუით ცხოვრებას.
ისეთი სააბატო მინდა, როგორიც არსად არსებობსო, ამბობს ძმა ჟანი და გარგანტუაც ამ ერთი სიტყვით ხვდება მეგობრის სანუკვარ წადილს.
– „მაშ, აბა, უგალავნო აგვიგია, – მიუგო გარგანტუამ, – რამეთუ დანარჩენი სააბატონი გალავნიანია ყველა. – დიახაც უგალავნო, – კვერი დაუკრა ბერმა, – რასაც გალავნის კედელი არტყია, იქ შურია და ზაკვა“.
რაბლე ყოველგვარ აკრძალვათა წინააღმდეგია. მას შემეცნების პროცესი ადამიანის ყველაზე ბუნებრივსა და აუცილებელ ფუნქციად ესახება. მისი გმირები ზემოქმედებენ ადამიანების მსოფლაღქმის ჩამოყალიბებაზე – ოღონდ ჭკუის სწავლებით კი არა – საკუთარი არსებითა და არსებობით.
რაბლეს სწამს ადამიანის, რადგან ადამიანის მბრძანებელი სხვა არსება ბუნებაში არ ეგულება. რაბლესა და ძმა ჟანისთვის სიამენი ამა ქვეყნისანი ფასს თავისუფალი არჩევანით იძენენ. ძალა ის არის, რომ თავისუფლება ადამიანებს ურთიერთგათიშვისა და განადგურების გზაზე კი არ აყენებს, არამედ კეთილი საქმეებისთვის აერთიანებს.
რაბლეს ღმერთსა და ადამიანის თავისუფლებას შორის წინააღმდეგობა არ ესახება და ამიტომაც ამოიკითხავს თელემის სავანის შესასვლელთან წარწერას: „Fais ce que voudras“!
„ჰქმენ შენის ნებისამებრ!“, რამეთუ თავისუფალთ, კეთილშობილთა ჩამომავალთ, განსწავლულთა და წესიერ საზოგადოებაში გარეულთ დედისა მუცლითვე თანა ჰყვებათ ალღო და ძალა ლტოლვისა, მიწყივ სიქველისაკენ, რომ მიაქცევს და განარინებს ყოვლისაგან ბილწისა, და ამ ძალის ღირსებას უხმობენ.“