თეატრი ხელოვნების სხვა სფეროებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ მუდმივად განახლების პროცესშია; ის არა მხოლოდ ფორმას, გამომსახველობით საშუალებებს აახლებს და უმალ ითვისებს ტექნიკურ პროგრესს, არამედ იცვლის სივრცეს, გარემოს, სადაც ის ცოცხლობს… დასაბამიდან თეატრი (ფართო გაგებით) ღია ცის ქვეშ დაიბადა, მუდმივად ღია სივრცეში ცოცხლობდა და ასეა დღესაც. თეატრის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და გავრცელებულმა სათეატრო ფორმამ, რომელსაც არისტოტელესეულ, ხანაც ბერძნულ და შემდგომ უკვე ევროპულ თეატრს უწოდებენ, ყველაზე მეტად განიცადა ცვლილებები. მისი განვითარების გზა დიონისეს დღესასწაულებიდან დაიწყო და შემდგომ ანტიკურ თეატრონში გადაინაცვლა. ადრეულ შუასაუკუნეებში, პოლიტიკური თუ რელიგიური ფაქტორების გამო, ევროპულმა თეატრმა ჯერ ქუჩაში, ქალაქებისა თუ სოფლების მოედნებზე, იტალიურ ეზოებში, ხოლო შემდეგ კათოლიკურ ტაძარში გადაინაცვლა. გვიანი შუასაუკუნეებიდან (XVI-XVII საუკუნიდან) თეატრმა (ანტიკურის (ბერძნულ-რომაულის) მსგავსად) საგანგებოდ მისთვის აგებულ შენობებში გადაინაცვლა. თეატრს, როგორც ხელოვნებას, მაყურებელთან კომუნიკაციისთვის ერთგვარი შეზღუდული პლატფორმა – სცენა, ხოლო მაყურებელს – პარტერი, ამფითეატრი და იარუსები გამოეყო და აგერ უკვე მესამე საუკუნეა ევროპული მოდელის თეატრი შენობაში ფუნქციონირებს.
XX საუკუნის მეორე ნახევარში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები და გალერეები სწორედ ძველ, მიტოვებულ, უფუნქციოდ დარჩენილ შენობებში გაიხსნა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების შედევრებმაც ასეთ შენობებში დაიდეს ბინა. ასეთ სამუზეუმო სივრცეებს შორისაა მსოფლიოს გამორჩეული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები: „ტეიტ მოდერნი“ ლონდონში, „დ’ორსე“ და „პოიმპიდუს ცენტრი“ პარიზში.
XX საუკუნის 80-იანი წლების ევროპაში, ხოლო 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩნდა ერთგვარი ტენდენცია, რომელიც აშკარად გაურბოდა საუკუნეების მანძილზე დაკანონებულ სცენასა და პარტერს. რეჟისორებმა სპექტაკლების დადგმა დაიწყეს თეატრების ფოიეიში, ვესტიბიულში, პარტერში, სხვენებსა თუ სადეკორაციო საამქროებში, მაყურებელი ამოიყვანეს სცენაზე და უფრო დააახლოვეს მსახიობს. ახალი ფორმების ძიებისთვის, რომელიც თეატრის განვითარებას ემსახურება, ახალი ტიპის დრამატურგიასთან ერთად, მნიშვნელოვანია მხატვრული პროდუქტის შესაქმნელად ალტერნატიული სივრცის პოვნა. გასული საუკუნის ბოლოს ევროპულმა თეატრმა საკმაოდ წარმატებით სცადა ტრადიციულის პარალელურად, ახალ, ალტერნატიულ სივრცეებში ექსპერიმენტების ჩატარება. ამ მხრივ ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა პოლონეთი, რომლის თეატრი XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთ-ერთი საუკეთესო გახდა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ – მსოფლიოში. ევროპის სხვა ქვეყნების თეატრის მოღვაწეებმაც მიაშურეს ძველი ფაბრიკა-ქარხნების, ფოსტის, საკონცენტრაციო ბანაკების, საჯინიბოების, სავაჭრო ცენტრების, რკინიგზის სადგურებისა და სხვა დაწესებულებათა შენობებს, რომლებმაც დღეს მულტიკულტურული სივრცეების სტატუსი შეიძინეს.
საქართველოში ალტერნატიული სათეატრო სივრცეები XX საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაჩნდა, მაგრამ თავისი არსით, ეს თეატრები: „თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“, „თავისუფალი თეატრი“, „ახალი თეატრი“, „სამეფო უბნის თეატრი“, „თეატრი ათონელზე“, „აბრეშუმის თეატრი“, „თეატრალური სარდაფი ვაკეში“, „ჯიბის თეატრი“ და სხვა – არ იყო არც აგებულება-განლაგების მიხედვითა და არც მხატვრული პროდუქტის ფორმით ალტერნატიული. 90-იანებში ჩვენში გახსნილი კერძო თეატრების უმრავლესობა აგრძელებდნენ და დღესაც აგრძელებენ ტრადიციული თეატრის მხატვრულ ფორმას ალტერნატიულ, არატრადიციულ სივრცეში.
პირველი ალტერნატიული სივრცე საქართველოში, თბილისის გარე უბანში, ყოფილი ელექტროგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რეჟისორების – მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის თაოსნობით 2016 წელს გაიხსნა და მას „ღია სივრცე/Open Space“ ეწოდა. სივრცის ადგილმდებარეობა პრინციპულია და გულისხმობს სახელოვნებო პროცესების გადატანას გარეუბანში, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის დეცენტრალიზაციას. მათ მიერ განხორციელებული პროექტები მწვავე სოციალურ საკითხებს ეხება, რითაც ცდილობენ, გააკრიტიკონ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა და თეატრის ენით მოგვითხრონ არსებული პრობლემების შესახებ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე საქართველოში.
„ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ არის სახელოვნებო კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პროგრამა აერთიანებს ქართველსა და საერთაშორისო არტისტებს და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს, არის ინტერდისციპლინარული და იძლევა ხელოვნების სხვადასხვა დარგში სინთეზურად მუშაობის შესაძლებლობას. „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ შეიქმნა ქართული თანამედროვე სახელოვნებო სივრცის, მისი შესაძლებლობებისა და ფუნქციების ნათლად წარმოსაჩენად. კომპანიის მიზანია, აღმოაჩინოს არტისტები და მისცეს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, თვითგამოხატვისა და ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა, შექმნას გარემო სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა და თვითრეალიზების მეთოდების შეუზღუდაობისთვის. ორგანიზაციის ინტერესებშია, რომ მსურველებს შესთავაზოს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამა. „ღია სივრცეში“ ათობით სპექტაკლი, პერფორმანსი, გამოფენა გაიმართა. 2020 წელს ღია სივრცემ უმასპინძლა ახალი დრამის ფესტივალს.
„ღია სივრცის“ თეატრალური ლაბორატორია მიმართულია ახალი ხერხების, მეთოდების, ფორმების კვლევისკენ და გზას უხსნის არტისტებს, რომლებსაც სურთ არაკლასიკური თეატრალური პროცესის შექმნა ალტერნატიულ სივრცეში. საშემსრულებლო ხელოვნების გარდა, ლაბორატორია მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებით, რაც მოიცავს უორქშოპებს, მასტერკლასებს, სპეციალური ლიტერატურის შექმნას/თარგმნასა და გამოცემას. კომპანიისთვის უპირატესია ხელოვნება, რომელიც პასუხობს იმ სოციალურსა თუ პოლიტიკურ ფაქტორებს, რომლებიც აქ და ახლა ჩვენს ცხოვრებაზე აქტიურად ზემოქმედებენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე თავისუფალი, დამოუკიდებელი ხელოვანები ალტერნატიული სივრცეების სიმწირეს უჩივიან და აი, 2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის – თეა წულუკიანის ინიციატივით, ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ალტერნატიული კულტურული სივრცე გაიხსნა. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში, როდესაც ციხის შენობასა და ტერიტორიაზე კულტურის კერა გაჩნდება და ის ადგილი, რომელიც ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდათა შეკრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური კერა გახდება. მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა ნებისმიერ ხელოვანს შეეძლება. პროფესიულსა თუ სამოყვარულო დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები.
ახალ ალტერნატიულ კულტურის ცენტრს „სივრცე N12“ ეწოდა და ის 2021 წლის 10 აგვისტოს გაიხსნა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით – „მარინა რევია“, რომელიც რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ დადგა ალექსი ჩიღვინაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. სპექტაკლის მხატვარია ტატო გელიაშვილი, დადგმაში მონაწილეობდნენ მსახიობები: მარინა ჯოხაძე, თათია თათარაშვილი, ქეთი აბაშიძე და ზურა ხაფთანი. პიესაში მოქმედება მიმდინარეობს ერთ ოჯახში, სადაც 15 წლის შემდეგ, სასჯელის მოხდის შემდეგ, ციხიდან ოჯახში დედა – მარინა რევია ბრუნდება.
„ხელოვანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სივრცეები და თანამედროვეობას უფრო შეეფერება, რომ გარკვეული შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობდეს არა ისეთ ტრადიციულ, კლასიკურ სივრცეებში, როგორიც შეიძლება იყოს დიდი თეატრები ან თუნდაც, ოპერა ან მუზეუმი, არამედ ეს ხდებოდეს ალტერნატიულ სივრცეებში. თბილისში ასეთი იქნება „ალტერნატიული სივრცე N12“. ჩვენ სიმბოლურად შევინარჩუნეთ ეს სახელი, რათა ჩანდეს, თუ საიდან მოდის ეს ადგილი, ნეგატივის, თავისუფლების აღკვეთის, დანაშაულის ადგილი გადაიქცევა კულტურულ სივრცედ, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდასა თუ უფროსი თაობის წარმომადგენელს შეეძლება, რომ თავისი შემოქმედებითი პროექტი განახორციელოს…“ – თქვა მინისტრმა თეა წულუკიანმა ალტერნატიული სივრცის გახსნისას.
„სივრცე N12“ მალე პერფორმანსების ფესტივალს, სხვადასხვა თეატრის ძველსა და ახალ პროექტებს უმასპინძლებს.