დავით ანდრიაძის ესე

დავით კაკაბაძის კატარაქტა

, , ,

მიშელ ფუკო თავის „კლინიკის დაბადებაში“ აბსოლუტური თვალის დისპოზიტივს იკვლევს და ცდილობს, გვიჩვენოს თანდათანობით როგორ იწყებს განმტკიცებას XVII-XVIII საუკუნეების მედიცინაში  პერცეპტუალური ძალაუფლება.

ეს თვალი არა იმდენად სამედიცინო ინსტრუმენტარიათა განვითარების ისტორიული ლოგიკის შედეგია, რამდენადაც სიკვდილისადმი ახლებური დამოკიდებულების უშუალო გამოვლინებაა.

ბიშის მიერ „პათოლოგიური ანატომიის“ აღმოჩენის შემდეგ სიკვდილი უკვე აღარ განიხილება როგორც სასიცოცხლო ჯაჭვის უხეში წყვეტა, უკანასკნელი გაჩერება, შემდეგ კი – რეგრესი.

არა!

ის ახალი სამედიცინო ხედვის მეოხებით წარმოჩენილი შენელებული სიკვდილის სიცოცხლეს შეენივთა.

ამიერიდან მათი დაცალკევება წარმოუდგენელია.

ასე გადაიხსნება აბსოლუტურად ინტეგრირებადი მზერა, ნებისმიერ პერცეპტუალურ გამოცდილებას რომ ედება საფუძვლად.

და ეს მზერა ახდენს სუვერენულ ტოტალობაში ყოველივე იმის სტრუქტურირებას, ხედვის, სმენისა და შეხების გაცილებით დაბალ განზომილებას რომ შეესაკუთრება.

ამგვარი მზერა კლინიკურ სამკუთხედში – „ავადმყოფობა-სიკვდილი-სიცოცხლე“  სიკვდილის მნიშვნელობის რადიკალურმა გადააზრებამ გამოიწვია;

აქ სიკვდილი შუალედურ ადგილს მოიზომავს.

ამიერიდან უკვე შესაძლებელია ავადმყოფობის „წმინდა დროის“ გამოკვლევა, რადგანაც მკვდარ სხეულში უკვე აღარ ხედავენ სასიცოცხლო ციკლის დასასრულს.

ამიერიდან ავადმყოფის სიკვდილი წინაღობა კი არა, თითქმის ერთადერთი პირობაა, რომლის წყალობით შეიძლება ჩავწვდეთ ავადმყოფობას მის ფიზიკურ ხილულობაში, გარკვეულობაში, განსაზღვრულობაში, ხანიერებაში და საერთოდ, მიზეზთა იმ ჯამში, რომლებმაც მიიყვანეს ორგანიზმი ლეტალურ დასაბამამდე.

დიახ! არა დასასრულამდე, არამედ – დასაბამამდე, რადგან სიკვდილი (და)საწყისია!

ასე იხსნება ადამიანის ტანის ახალი განზომილება – მკვდრის სიცოცხლე.

ასე იძენს გვამი საზრისსა და ღირებულებას.

ასე იბადება მზერა, რომელსაც ძალუძს სიკვდილის დანახვა, სიკვდილისთვის თვალებში შეხედვა.

ამგვარი მზერის მეტაფორაა 1632 წელს დახატული რემბრანტის „დოქტორ ტულპის ანატომიის გაკვეთილი“.

ასე დაიწყო ევროპულმა ფერწერამ მიცვალებულის (გა)კვეთა და ამ (გა)კვეთაში გამოიხატა ახალი ეპოქის მხატვრობის ეპისტემოლოგიური დაკვეთა.

კლასიკურმა ავანგარდმა გააცნობიერა, რომ ხელოვნების ერთადერთი საქმე – პრაქსისი – საკუთარი სიკვდილის დანახვა, დასახვა, დასახსვრა და ინსცენირებაა.

როგორც ბორის გროისი იტყვის, ეს არაა მხატვრის ან მაყურებლის და არც, ზოგადად, ადამიანის სიკვდილი.

ეტყობა,  ხელოვნებას ადამიანი მართლა არ აინტერესებს, ისევე როგორც მისი სიცოცხლე ანდა სიკვდილი.

ადამიანი მხოლოდ მასობრივ კულტურას აინტერესებს.

 ხელოვნება კი, დიახაც, მხოლოდ საკუთარი სიკვდილითაა დაინტერესებული.  

დავით კაკაბაძემ ხელოვნების სიკვდილზე რეფლექსია ფუტურისტული ოპუსით დაიწყო – „დასაფლავება იმერეთში“.

სიმბოლური სათაურია.

და რაც მთავარია, თავად სურათიც – თუნდაც მეტასურათი – სიმბოლურია.

„დასაფლავება იმერეთში“ 1914 წელს დაიხატა.

ეს იყო პეტერბურგში.

ამიერიდან დავით კაკაბაძესაც ხელოვნების სიკვდილი და ამ სიკვდილის ინსცენირება აინტერესებს. მისთვის ხელოვნების ქმნილების „მკვდარი სხეული“ გამოთქვამს „ჭეშმარიტებას“.

სურათოვანი გამოსახულება მხატვრისთვის ერთგვარი სამედიცინო რუკა, თუნდაც რენტგენოგრამა იყო, ნიშან-სიმპტომებისგან კონსტრუირებული ველი; გამომჟღავნებული ობიექტი კი ოპტიკურის ის კერა, სადაც უნდა დაბადებულიყო „გაკეთებული სურათის“ ობიექტური რეალობა.

ობიექტივისტური, თუნდაც კლინიკური მზერის მაგია კაკაბაძეში გეომეტრიისადმი სიყვარულითაც იყო გამსჭვალული. და მაინც, ყველაფერი, რასაც იგი აღიქვამდა და „გაკეთებული სურათის“ სახით წარმოთქვამდა, არ ექვემდებარება გეომეტრიულ განმარტებას.

აღსაქმელის რთული მექანიკა არ იძლევა საშუალებას, გარკვეულ სიბრტყეზე დაფიქსირდეს და გაიყინოს ირეალური რეალობა.

მალევიჩი ადამიანსა და შემოქმედში გულწრფელობის წინააღმდეგ იბრძოდა.

და ამას კიდეც აღიარებდა.

არათუ აღიარებდა, თავიც მოჰქონდა – ჩვენ მხატვრები მაშინ ვართ, როცა საკუთარი თავის ფრუსტრაციას ვახდენთ – ანუ ასკეტურ პრაქტიკას მივმართავთო.

XX საუკუნის ავანგარდის დისკურსს, ისევ გროისს თუ დავესესხები, მართლაცდა ტაბუირების პრაქტიკა შეიძლება ეწოდოს. პირველ ეტაპზე ესაა ობიექტების გაუქმება და ჭვრეტის წმინდა საგნად ქცევა. მერე ეტაპზე კი ხსენებული პრაქტიკის თავისთავადობის რეფლექსიის კვალობაზე თვით ამ პრაქტიკის აკრძალვაც.

დავით კაკაბაძის დისკურსიც თვითტაბუირებაა – მის კონსტრუქციულ სურათებში  მონიშნულ ტაბუთა ბადე გვკარნახობს მასზე წავაფინოთ ის თეორიულ-პოსტკრიტიკული ბადე, რომელიც ენისა და ფერწერის მიმართებას უსასრულო მიმართებადაც წარმოგვიდგება და საშუალებას გვაძლევს, სამზერი სივრციდან შეუმჩნევლად გადავიდეთ სამეტყველო სივრცეში და – პირიქით…

კაკაბაძის იდეაფიქსი მაინც უხილავის ხილულობა ანუ ისეთი ობიექტივისებური ხატისქმნადობა იყო, რომლის მეტაფორადაც უპრიანი იქნება მოვიხმოთ „თვალი-ლიბრი“. ამგვარი იმპლიციტური „თვალი“ კაკაბაძის თითქმის ყველა ანტიმიმეზისურ ოპუსში გვეგულება. და ეს თვალი-ლიბრი ფუკოსავით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იმ ერთადერთ ტოპოსად სურათში, სადაც შესაძლებელი ხდება ენა, მეტყველება, ლაპარაკი; „მზერა არ ნიშნავს, ილაპარაკო“ (მორის ბლანშო);

და მაინც, უმზერდე მითუმეტეს ნიშნავს, ლაპარაკობდე, გამოთქვამდე, წინადადებას, პროპოზიციას მოასწავებდე.

ასეა თუ ისე, თვალი-ლიბრი კაკაბაძის სურათებშიც მთელი პერცეპტუალური ველის დაბანდების (თუ დაბრმავების) ის ტოპოსია, თავის გარშემო რომ ახდენს სიღრმივე სივრცის ორგანიზაციას;

ესაა ის ერთადერთი სიცარიელე, ხვრელი, თუნდაც „შავი კვადრატი“, სადაც ვლინდება ენა, სადაც შესაძლებელი ხდება ნარაციაანდა თხრობითი პლანის განვითარება.

უხილავის დასახელება ენის მეშვეობით სახილველი სივრცის ორგანიზებას ნიშნავს.

მგონი, მოდერნიზმის ქართული ფილიაციის მამათაგანსაც მოეხსენებოდა, რომ ხილული უკვე დასახელებულია.

სახელი საზღვარია, ოღონდ არა მხოლოდ ეპოქალური, არამედ ლოკალური დისკურსის საზღვარიც;

ხილულის საზღვარი.

ასეა – დასახელება ადგენს ხილულის საზღვარს.

და მოხილული არასოდეს გადავა დასახელებულ ანუ სახელით დასაზღვრულ ტოპოსს.

ხილული ასე იძენს ენის მეშვეობით არსებობის ერთადერთ მოდალობას – გამოსახულების მოდალობას, ერთგვარი ნახევრადგამჭვირვალე ფირის სახეს, რასაც მხატვრული კატარაქტაც შეიძლება, რომ ეწოდოს.

დავით კაკაბაძეც ასეთ „კატარაქტას“ შეეწირა.

უფრო ზუსტად, თავისი სციენტური მხატვრობა ასეთ კატარაქტას შესწირა.

სამაგიეროდ, მივიღეთ კაკაბაძის კულტურული ოპტიკა.

კულტურულ ოპტიკას კი ხელდასხმული მხატვრები ქმნიან…

დავით ანდრიაძე

დავით კაკაბაძის კატარაქტა

დავით ანდრიაძის თეორიულ ესსეში ახლებურადაა დანახული ქართული მოდერნიზმის ფუძემდებლის – დავით კაკაბაძის მხატვრულ-სციენტური მეთოდი, პერცეპტუალური ველის ის ფენომენოლოგიური საფუძველი, რომელსაც მკვლევარი „არტისტულ კატარაქტას“ უწოდებს და მას თვლის მხატვრის უნიკალური კულტურული ოპტიკის ქვაკუთხედად.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…