დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , , ,

რა დრო იყო, ხალხი რომ პიჯაკებზე წინასწარ იმზადებდა ორდენებისთვის ნახვრეტებს…

რამდენი პოეტი, მწერალი, მხატვარი თუ მსახიობი შეეწირა ორდენებზე დარდსა და ოხვრას…

რამდენი გადაყვა…

რამდენი ვითომ ანტისაბჭოთა პოეტი შევარდნილა გრიგა აბაშიძესთან სახეწამოწითლებული, „ხალხთან მეგობრობის ორდენი“ რად მინდა? ლენინის ორდენი მომეცითო“….

როგორ უყვარდათ ვითომ „ანტისაბჭოელებსაც“ ლენინი – ბევრი პლატინითა და დიდი სამომავლო სახელ-სახრავით…

რამდენი თეატრი ასკდებოდა კედლებს, ვინ „მოიგებდა“ ლენინს?

ვის ფოიეში გადაინაცვლებდა „გარდამავალი წითელი დროშა“…

ზოგი ვერ „გაცდა“ შრომის წითელი დროშის ორდენს…

ამაზე გამახსენდა – დოდო ანთაძე  ორჯერ იყო შრომის წითელი დროშის ორდენოსანი…

ლენინი „არ აღირსეს“…

მესამედაც რომ ისევ ძველ ორდენზე წარადგინეს, აღშფოთებულა კაცი –

რა ვიშრომე ამისთანა, გამაგებინეთო?

რას ვიზამთ?

„ლენინს“ ცოტა მეტი შრომა და მარიფათი სჭირდებოდა…

მეტი გაქანება… და გასაქანი…

ლენინი იყო მაინც…

რამდენიმე თეატრს შრომა და ნიჭიც ეყო და – მარიფათიც…

დაიმსახურა…

ლენინის ორდენოსანი გახდა…

სხვათაშორის, სახელმწიფო ცირკზეც მიდიოდა დავა – წარგენილიც იყო ლენინის ორდენზე…

ცირკი პრივილეგირებული გახლდათ, მოგეხსენებათ, ახლობელ საბჭოეთში…

ჰქონდა ამ კლოუნადასაც თავისი ქვეტექსტი…

მაგრამ ლენინი მაინც „ვერ“ გადასცეს…

უხერხულად ჟღერდა – ლენინის ორდენოსანი სახელმწიფო ცირკი…

დარჩა ასე ულენინოდ ჩვენი ცირკი…

მაგრამ ვინც მიიღო, რა მერე?

დასრულდა საბჭოეთი და დასრულდა ისტერიული ბრძოლებიც „იქაური“ ორდენებისთვის, ახლანდელსა და ჩვენებურს რომ არც წონითა და წონადობითა მიაგავს და არც – ფერით…

ჩვენი თავისუფლებასავით გაღლეტილი რომაა…

მე იმ ძველ ორდენებზე სევდა შემომაწვა ახლა – ამდენ ნაბრძოლზე… ნაომარზე… ნაოფლარზე… თქვენ წარმოიდგინეთ და… ნასიხლარზეც…

სად გაქრა, ნეტა, ის „ლენინები“?

სად „დაიდო“ ბინა?

გადაინახეს?

დამალეს, როგორც სირცხვილი? რის რცხვენიათ, ნეტა????

თუ შენახულია სათუთად, თაროზე ისტორიისა და ეპოქისთვის – რა იცი, რაში გამომადგებაო…

მოკლედ, ვინ გაუყვება ახლა გზას დაკარგული ორდენების ძიებისთვის?

და ვის ცხელა დღეს ლენინისთვის?

მაგრამ მომაგონდა მაინც…

შემეცოდა ორდენიცა და ყველა ის არტისტი თუ არტისტების დასი, მისთვის ბრძოლებს რომ „შეეწირა“…

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…